C’est la vie - წვრილმანებში შეფუთული ცხოვრების უდიდესი მომენტები - კვირის პალიტრა

C’est la vie - წვრილმანებში შეფუთული ცხოვრების უდიდესი მომენტები

ერთმა ნიუ იორკელმა ტაქსისტმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა:

"მისამართზე მივედი და საყვირს დავაჭირე. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ მეორედ დავაჭირე საყვირს. ვინაიდან ეს ჩემი ბოლო რეისი უნდა ყოფილიყო, წასვლაზე ვიფიქრე, მაგრამ ამის ნაცვლად, კარს მივადექი და დავაკაკუნე… "ერთი წუთით" - მიპასუხა მოხუცმა ქალმა.

მესმოდა, რომ რაღაცას მოათრევდნენ იტაკზე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კარი გაიღო. ჩემს წინაშე 90 წლის პატარა ქალი იდგა. ჩითის კაბასა და ვუალიან შლაპაში გამოწყობილი, 1940-იანი წლების კინოგმირებს ჰგავდა.

ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა. ბინა ისე გამოიყურებოდა, თითქოს აქ არავის უცხოვრია მრავალი წლის განმავლობაში. ავეჯი ზეწრებით იყო დაფარული, კედლებზე არც საათი ეკიდა, არც ნახატები, თაროები ცარიელი იყო. კუთხეში ფოტოებით სავსე ყუთი იდგა.

- ჩანთის წაღებაში ხომ ვერ დამეხმარებით? - მითხრა მან.

ჩემოდანი მანქანის საბარგულში მოვათავსე, შემდეგ ისევ დავბრუნდი ქალის დასახმარებლად. ხელი ჩამჭიდა და ნელ-ნელა მანქანისკენ გავემართეთ. სიკეთისთვის მადლობა გადამიხადა.

- ეს არაფერია, უბრალოდ, ვცდილობ, მგზავრებს ისე მოვექცე, როგორც მოვისურვებდი, რომ დედაჩემს მოქცეოდნენ. - ვუპასუხე ქალს.

- რა კარგი ბიჭი ხარ! - მითხრა მან, შემდეგ კი ფურცელზე დაწერილი მისამართი მომაწოდა და მკითხა:

- შეიძლება, ქალაქის ცენტრით რომ გავიაროთ?

- ეს ყველაზე მოკლე გზა არ გახლავთ, ქალბატონო, - სწრაფად გავეცი პასუხი.

- წინააღმდეგი არ ვარ, არ მეჩქარება. ჰოსპისში მივდივარ…

სარკეში ჩავიხედე. ქალს თვალები უბრწყინავდა.

- ჩემმა ოჯახმა დიდი ხანია აქაურობა დატოვა, - ჩუმი ხმით განაგრძობდა იგი. - ექიმი ამბობს, რომ სულ ცოტა დრო დამრჩა.

მრიცხველი მშვიდად გამოვრთე და ვკითხე, თუ რომელი მარშრუტით ნებავდა მგზავრობა.

მომდევნო ორი საათის განმავლობაში ქალაქი მოვიარეთ. ქალმა შენობა მაჩვენა, სადაც მელიფტედ მუშაობდა. შემდეგ უბანი გავიარეთ, სადაც ქმართან ერთად ცხოვრობდა ახალგაზრდობაში. ავეჯის საწყობი მაჩვენა, სადაც ერთ დროს საცეკვაო დარბაზი იყო და სადაც ერთ დროს ცეკვავდა. ხანდახან დამუხრუჭებას მთხოვდა კონკრეტულ შენობასთან ან ქუჩაზე და ჩუმად გაჰყურებდა წყვდიადს.

მოგვიანებით მოულოდნელად განაცხადა:

- დავიღალე, უმჯობესია წავიდეთ.

დანიშნულების ადგილამდე ხმა არ ამოგვიღია. ეს გახლდათ პატარა სანატორიუმის მსგავსი შენობა. მანქანას ორი სანიტარი მოუახლოვდა, ქალს ფრთხილად დაეხმარნენ გადმოსვლაში. ალბათ, ელოდებოდნენ. საბარგულიდან ჩემოდანი გადმოვიღე და შენობაში შევიტანე. ქალი უკვე ეტლში იჯდა.

- რამდენი მმართებს თქვენი?

- არაფერი.

- მაგრამ თქვენ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობთ.

- სხვა მგზავრებიც არიან, - მივუგე მე.

არც დავფიქრებულვარ, ისე დავიხარე და ჩავეხუტე ქალს, ისიც მთელი ძალით მომეხვია.

- მოხუცს ცოტაოდენი ბედნიერება მიანიჭე, - მითხრა მან, - მადლიერი ვარ.

ჩემს ზურგს უკან კარი მიიხურა. ეს გახლდათ ცხოვრების კიდევ ერთი წიგნის დახურვის ხმა… უკანა გზაზე მგზავრები არ ამიყვანია. უმისამართოდ გავემგზავრე, საკუთარ აზრებში ჩაფლული. ამ ქალს ვინმე გაბრაზებული მძღოლი რომ შეხვედროდა, ან ისეთი, ვისაც ცვლის დამთავრება ეჩქარებოდა? ან თუნდაც მე რომ მეთქვა უარი მის თხოვნაზე, ან საყვირზე ორჯერ დაჭერის შემდეგ დამეტოვებინა იქაურობა?…

ბოლოს კი ვიტყოდი, რომ ცხოვრებაში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ცხოვრება უდიდესი მომენტების გარშემო ტრიალებს, მაგრამ უდიდესი მომენტები ხშირად ლამაზად არის შეფუთული იმაში, რასაც სხვები წვრილმანებს უწოდებენ…"