ჰოლივუდის მწვერვალებიდან კამბოჯის ნაგავსაყრელამდე - კვირის პალიტრა

ჰოლივუდის მწვერვალებიდან კამბოჯის ნაგავსაყრელამდე

როდესაც შორიდან აკვირდები ნაცნობების ცხოვრებას, რომლებსაც სიმდიდრე, ძალაუფლება, ახლობლებისა და ნათესავების სიყვარული არ აკლიათ, უნებურად ფიქრდები ადამიანებზე, რომლებიც შეგნებულად დაბლა ეშვებიან სოციალურ კიბეზე, უარს ამბობენ უწინდებურ კომფორტზე და უფრო ბედნიერი ხდებიან…

ეს გახლავთ კინოსტუდია XX Century Fox-ის პრეზიდენტის, სკოტ ნისონის ისტორია (ყველა თანმდევი ატრიბუტიკით – ფეშენებელური ვილით, მილიონიანი ანგარიშებითა და ცნობილი მეგობრებით). მის დროს გადაიღეს ტიტანიკი, დამოუკიდებლობის დღე, X-Men, Star Wars და კიდევ ასობით ფილმი. კარიერის პიკზე, 45 წლის ასაკში, მან მოულოდნელად თავი დაანება კინობიზნესს, გაყიდა ქონება და სამუდამოდ გაქრა კინოს სამყაროდან.

„სიცოცხლის ბოლომდე შემეძლო კინოინდუსტრიაში მემუშავა. არ მგონია, რომ სხვა ჰოლივუდელ პროდიუსერებზე უფრო უბედური ვიყავი. ჩემი ცხოვრებისთვის გვერდიდან რომ შეგეხედათ, იტყოდით, რომ ბედის ნებიერა ვარ. საკუთარ თავზე მე ამას ვერ ვიტყოდი“.

კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში სკოტი თითქმის შემთხვევით აღმოჩნდა: 12 წლის განმავლობაში პირველი შვებულება აიღო, რათა აზიის ბუდისტური ტაძრები მოენახულებინა. კამბოჯა მხოლოდ ერთ-ერთი გაჩერება გახლდათ სხვადასხვა ქვეყნების ჩამონათვალიდან. ადგილობრივ კაფეში სკოტმა უსახლკარო ბავშვს ფული აჩუქა. მას კაფეს ერთ-ერთი სტუმარი გამოელაპარაკა: „თუ გსურთ, ბავშვებს ნამდვილად დაეხმაროთ, წადით ქალაქის ნაგავსაყრელზე“. ნისონი თავად ვერ ხსნის, რატომ, მაგრამ ამ რჩევას მიჰყვა.

 

11

 

„ნანახმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, – იხსენებს სკოტი, – ასზე მეტი უსახლკარო ბავშვი, რომლებიც ნაგავსაყრელში იქექებიან, რათა კიდევ ერთი დღე შიმშილით არ დაიხოცონ. აუტანელი სუნი… სხვების მსგავსად, მივიჩნევდი, რომ ასეთ ბავშვებს სოციალური ორგანიზაციები უნდა ეხმარებოდნენ – მაგრამ ამ მომენტში იქ მარტო ვიდექი, გვერდით არცერთი სოციალური ორგანიზაცია არ იყო. ან რაიმეს გააკეთებ, ან ისინი აქ დარჩებიან. შემეძლო, იქაურობა დამეტოვებინა და წარმომედგინა, რომ ეს არასოდეს მინახავს. მაგრამ პირველად ვიგრძენი, რომ აქ ყოფნა – ჩემი მოწოდებაა“.

„იმისათვის, რომ კამბოჯაში ბავშვი საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველჰყო, თვეში სულ რაღაც 40 დოლარია საჭირო, – ამბობს სკოტი, – მრცხვენოდა, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივი იყო“.

შინ დაბრუნებული, სკოტი დაფიქრდა, რომ ბავშვების დახმარება შესაძლოა მის მოწოდებად ქცეულიყო, შემდეგ კი დიდხანს განიხილავდა, თუ საიდან წარმოიშვა ასეთი აზრები. „შუახნის ასაკის კრიზისს ვაბრალებდი. ვხედავდი, თუ როგორი საშინელი შეიძლება ეს იყოს ჰოლივუდში“, – ამბობს სკოტი.

მთელი მომდევნო წლის განმავლობაში სკოტი თვეში 3 კვირას ჰოლივუდში ატარებდა, 1 კვირით კი პნომპენში მიფრინავდა. „რაღაც ნიშანს ველოდი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ერთხელ კი ჰოლივუდის ერთ-ერთმა საუკეთესო მსახიობმა დამირეკა. მომდევნო დღეს მოლაპარაკებები უნდა გვქონოდა, ეს ადამიანი კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა და მორთმეული სადილი არ მოეწონა. ყურმილში მიყვიროდა: „ჩემი ცხოვრება ასეთი რთული არ უნდა იყოს!“. ამ მომენტში ნაგავსაყრელთან ვიდექი და ვუყურებდი, როგორ კვდებოდნენ შიმშილისგან ბავშვები ჩემს თვალწინ ნელნელა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ყველაფერი უნდა მივყარო და კამბოჯაში გადავბარგდე“.

სკოტმა მთელი ქონება გაყიდა და გათვალა, რომ ეს თანხა საკმარისი იქნებოდა ასობით ბავშვისთვის 8 წლის განმავლობაში. მთელი ეს წლები ორგანიზაციის Cambodian Children’s Fund შეალია, რომლის მიზანი გახლავთ ბავშვების განათლებით, საცხოვრებლითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. სკოტ ნისონმა  სკოლა ააშენა, რომელიც კოლეჯში ჩაბარებისთვის ამზადებს. სკოლა უკვე 1500-მდე მოსწავლემ დაამთავრა. თავის კაფეში 100-მდე ბავშვი დაასაქმა, რომლებმაც პრაქტიკის გავლის შემდეგ სხვადასხვა დაწესებულებებში დაიწყეს მუშაობა. მის მიერ დაფუძნებულ კლინიკაში ექიმები უფასოდ უწევენ სამედიცინო დახმარებას ყველა მსურველს. ასევე, სკოტი ზრუნავს ადგილობრივი პოლიციის მომზადებაზე, რათა ის სათანადოდ გაუმკლავდეს კორუფციასა და დანაშაულებებს.

სკოტი არ მალავს, რომ უწინდებური კომფორტის მოკლება გაუჭირდა. „ხანდახან მენატრება ჩემი ძაღლი და მეგობრები, რომლებიც ლოს ანჯელესში დარჩნენ. კვირაობით მათთან ჩოგბურთს ვთამაშობდი, ახლა აქ ნაგავსაყრელთან მომყავს. მაგრამ არასოდეს მიფიქრია ლოს ანჯელესში დაბრუნებაზე. კორპორაციული სამყაროსგან გათავისუფლების გრძნობას, რომელიც განვიცადე – ვერაფერს შეადარებ.

9

 

სკოტი კამბოჯაში 10 წელზე მეტია ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში 2000-ზე მეტ ბავშვს დაეხმარა. უკვე მხოლოდ საკუთარი სახსრების იმედად არ არის – სპონსორებსა და მიმდევრებს ეძებს. „არასოდეს ვიყავი დაქორწინებული და არც სურვილი გამჩენია. ჰოლივუდში მარტოხელა მამაკაცად ყოფნა მშვენიერია. ლოს ანჯელესში, რა თქმა უნდა, უამრავი შესანიშნავი ქალია, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რომ რომელიმეზე დავქორწინდები. ახლა უკვე საკმარისზე მეტი ბავშვი მყავს, რომლებსაც უნდა ვიზრუნო. 10 წელიწადში კი ისინი იზრუნებენ ჩემზე, მე კი მათთვის ბაბუა ვიქნები“.