"ვოლიო ბენე" - როდესაც ადამიანს ისე ეპყრობი, რომ მასზე ახლობელი არავინ გყავს - კვირის პალიტრა

"ვოლიო ბენე" - როდესაც ადამიანს ისე ეპყრობი, რომ მასზე ახლობელი არავინ გყავს

ტონინო გუერა სიყვარულზე:

"სიკვდილამდე ორი დღით ადრე ფედერიკო ფელინიმ მითხრა: "როგორ მინდა, ისევ შემიყვარდეს!"

განცვიფრებული ვიყავი! ბოლო ზღვარზე, ადამიანს ისევ სურდა, განეცადა სიყვარული, ღრუბლებში ეფრინა, დამორჩილებულიყო იმას, ვისაც გინდა დაემორჩილო, სულში ესმინა საორკესტრო მუსიკისთვის… ის ქალზე არ საუბრობდა, მას უნდოდა ეთქვა, რომ სიყვარული - მისი ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური მომენტია.

როცა გიყვარს, უბრალოდ ადამიანი არ ხარ, არომატი ხდები. მიწაზე კი არ დადიხარ - დაფრინავ. შეყვარებულობის ეს მდგომარეობა არის ცხოვრებაში უმთავრესი. და არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ხარ შეყვარებული - ქალზე, სამსახურზე, სიცოცხლეზე თუ სამყაროზე.

სიყვარული - ეს არც სიხარულია და არც მწუხარება, არც ჯილდო და არც გამოცდა, ეს ყველაფერი მოგზაურობაა ჯადოსნურ და ზღაპრულ სამყაროში, ბილიკია საიდუმლომდე, რომელიც უნდა ამოხსნა. სიყვარული ყოველთვის მიდის, ყველაფერს აქვს დასასრული. მაგრამ ერთი მდგომარეობა მუდამ გარდაიქმნება მეორეში, და ეს ერთიც და მეორეც შესაძლოა ბევრად უფრო ძლიერი გრძნობა გახდეს, ვიდრე შეყვარებულობა.

დღეს ქორწინებები ხანგრძლივი არ არის, და ყოფილი შეყვარებულები მოკლებული არიან უდიდეს აღმოჩენას - რა შესანიშნავია, იარო ერთად სიკვდილამდე, ხელიხელჩაკიდებული. ბევრი მიიჩნევს, რომ ახალი ურთიერთობა უფრო ძლიერ შეგრძნებებს აჩუქებს. ეს ასე არ არის. იტალიურ ენაში არის სიტყვა, რომელიც არ ითარგმნება - "ვოლიო ბენე". სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს - გინდოდეს კარგად. არის "ამარე" - სიყვარული, და არის "ვოლიო ბენე" - როდესაც ადამიანს ისე ეპყრობი, რომ მასზე ახლობელი არავინ გყავს. "ამარე" ფიზიკურ სიამოვნებას ეფუძნება. დედამიწაზე ყველაზე ძლიერი გრძნობაა, როცა "ამარე" გადადის "ვოლიო ბენეში".

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი სამყაროში, ვიდრე "ვოლიო ბენე". ის მხოლოდ წლების შემდეგ მოდის, რომლებიც ერთად გაიარეთ, და ამ წლებმა ნდობა არ უნდა შთანთქას. ასეთი ხანგრძლივი კავშირის დაკარგვა უფრო ტრაგიკულია, ვიდრე სიყვარულის და მითუმეტეს ფიზიკური სიამოვნებისა. "ვოლიო ბენეს" დაკარგვა არის ნამდვილი, ღრმა მარტოობა, აბსოლუტური სიცარიელე.

უზარმაზარი "ვოლიო ბენე" იყო ჩემ უდიდეს მეგობარ ფედერიკო ფელინისა და ჯულიეტა მაზინას შორის. ფელინის მსოფლიო ქალები ეტრფოდა, მაგრამ მისი უკანასკნელი ჟესტი ჯულიეტასადმი სიყვარულის წმინდა ჰიმნი იყო - ფაქტობრივად პარალიზებული, ის კლინიკიდან გაიქცა, როცა შეიტყო, ჯულიეტა რომის საავადმყოფოში კვდებოდა. ხუთასი კილომეტრი განვლო და მის გვერდით დაწვა. და როცა ფელინი გარდაიცვალა, ჯულიეტაც მალევე მიჰყვა…"