"ის შურს იძიებს ჩემი ბავშვის გარეშე დატოვებისთვის, რომელიც ასე გვიან მაჩუქა ღმერთმა და რომლის მოკვლაც შენ მაიძულე" - მარია კალასის წერილები არისტოტელე ონასისს
"ის შურს იძიებს ჩემი ბავშვის გარეშე დატოვებისთვის, რომელიც ასე გვიან მაჩუქა ღმერთმა და რომლის მოკვლაც შენ მაიძულე" - მარია კალასის წერილები არისტოტელე ონასისს
ეს გახლავთ სტრიქონები წერილებიდან, რომლებსაც მარია კალასი თავის შეყვარებულს, არისტოტელე ონასისს წერდა მას შემდეგ, რაც მან ამერიკის პრეზიდენტის ქვრივზე, ჯეკი კენედიზე იქორწინა. საოპერო დივა ცდილობდა დაეწყო ახალი ცხოვრება მის გარეშე, დაევიწყებინა ყველაფერი, ბევრს მუშაობდა, იშვიათად წერდა ფირფიტებს. მაგრამ გულის მოტყუებას ვერ ახერხებდა -  აზრები გამუდმებით აბრუნებდა საყვარელ ადამიანთან და მასთან გატარებულ დაუვიწყარ დღეებთან…

*****************************************************
შენ არ გჯეროდა, რომ შემიძლია სიყვარულის გამო მოვკვდე. იცოდე: მე მოვკვდი. სამყარო დაყრუვდა. ვეღარ ვმღერი. არა,
შენ ამას წაიკითხავ, მე გაიძულებ. ყველგან ჩემს გამქრალ ხმას გაიგონებ, ძილშიც კი, ჭკუიდან შეგშლის და დანებდები, რადგან მას ნებისმიერი ციხე-სიმაგრის აღება შეუძლია. ის ჩემს ნაცვლად იძიებს შურს. მას ათასობით, ათიათასობით ადამიანი ნებდებოდა.

მან უკან დაიხია შენი დათვის ყურის წინაშე, მაგრამ რევანშს აიღებს. არა, შენ ვერ
მოსწყდები. ბოლომდე შესვამ დარდისგან გაშეშებული ხმის აღსარებას, ხმის, რომელმაც უარი განაცხადა სახალხოდ გადაყლაპოს წყენა, რომელმაც წარმოუდგენლად ჩათვალა, რომ მიტოვებულია. ის ყოვლისშემძლე იყო, არი, ამიტომაც - ამაყი. არი, მან ვერ გადაიტანა შენი ალიყურით დამცირება. მან უკან დაიხია, მაგრამ იცოდე - მოსვენებას არ მოგცემს. შურს იძიებს ჩემს გამო,  საქვეყნოდ თავის მოჭრისთვის, მარტოობისთვის და ბავშვის გარეშე დატოვებისთვის, რომელიც ასე გვიან მაჩუქა ღმერთმა და რომლის მოკვლაც შენ, არი, შენ მაიძულე!…

*****************************************************
ახლა ჩემს თავს ვეკითხები: რატომ იყავი შენ ჩემთვის უფრო ძვირფასი, ვიდრე ის?! შენ, რომელსაც ჩემს სპექტაკლებზე დასწრებაც კი არ გსურდა, რომელიც დამცინოდა იმის გამო, რომ საკუთარი ჩანაწერების მოსმენა მიყვარდა! შენ, რომელსაც საერთოდ არ გაინტერესებდა ჩემი ცხოვრება, დაგეზარა ჩემი დებიუტის ჩანაწერის მოსმენა Arena di Verona-დან, როდესაც 25 ათასი მაყურებელი სამსაათნახევარის განმავლობაში, აღფრთოვანებისგან გაგიჟებული, ჩემთან ერთად ტაქტში სუნთქავდა…

მე ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ გემორჩილებოდი, როგორ მოხდა, რომ ჩემი განკარგვის ნება მოგეცი, მორჩილად ვიხსნიდი სპექტაკლის წინ ლინზებს - ლინზებს, რომლების გარეშეც ვერაფერს ვხედავდი! - ოღონდ შენი გული მომეგო? გახსოვს გარიჟრაჟი იახტაზე - იასამნისფერი გარიჟრაჟი, როდესაც პეშვებიდან მწკლარტე ბერძნულ ღვინოს მასმევდი? მაშინ მითხარი, რომ ამაზე უკეთესი წუთები არ გახსოვს. ღმერთო, რა საბრალო ხარ. იმაზე გაცილებით დიდი სიყვარული მქონია, ვიდრე შენ მე მომეცი. სამყაროში იყო ჩემი ხმა - ხმა, რომელსაც ყველა ღვთაებრივს უწოდებდა და რომელსაც შენ კევის ზანტად ღეჭვისას უსმენდი…

**********************************************************
არი, დედამიწაზე არაფერია იმ წამზე მშვენიერი, როდესაც სიმღერა უნდა დამეწყო -  ხალხის მწველი ვედრების წუთზე ხმის დაბადებისას. ვფიცავ, ეს ეგეოსის ზღვაში გიჟურ სიყვარულზე ბევრად მეტია, რადგან მათთვის, მათთვის, არი,  - სასურველი ვიყავი მაშინაც, როცა შენ უარი თქვი ჩემზე, და შენ რომ რაიმე წარმოდგენა გქონდეს უდიდეს ცნებაზე - "თეატრზე", მიხვდებოდი, რას ნიშნავს ერთ საღამოს 25 ათასი მაყურებელი ჭკუიდან შეშალო. ისინი ჩემს "ნორმაზე" გიჟდებოდნენ და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ საკუთარ თავზე ვმღერი. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ მის უბედურ ცხოვრებას ვიმეორებდი. არი, მე როგორც ის, კი არ ვცხოვრობდი, არამედ დიადს ვემსახურებოდი და მის მსგავსად შევწირე მსხვერპლად ყველაფერი. ვერ გიტან, არი. შენ მაიძულე ჩემში ჩასახული იმედი ჩამეკლა. ის რომ დაბადებულიყო, ჟაკლინთან არ წახვიდოდი. თუნდაც წასულიყავი, ჩვენ ორნი დავრჩებოდით…

**********************************************************

22

შენს გარდა ვერავინ გაიგებდა, თუ როგორი წარმოუდგენელი სიმარტოვეა მწვერვალზე. შესაძლოა, ჩემი მხოლოდ მამას ესმოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარ არის. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთად - დედამ დაუფიქრებლად მიატოვა ის და ჩვენთან ერთად ამერიკიდან საბერძნეთში დაბრუნდა. ახლა ამ პარიზულ ბინაში მარტო ვცხოვრობ,  ჩემი და კი ასეთ ბანალურ რამეებს მწერს: "დედა ბერდება". რა თქმა უნდა, ის ბერდება. მეც ვბერდები. სხვადასხვა სახლებში ვცხოვრობთ და ასეთ არაფრისმთქმელ წერილებს ვუგზავნით ერთმანეთს. უმჯობესი იქნებოდა, შენსავით ისინიც დამცინოდნენ. ყოველ შემთხვევაში, შენ გულგრილი მაინც არ იყავი.

არი, მე 12 წლიდან ცხენივით ვმუშაობდი მათ გამოსაკვებად და დედის უკიდეგანო ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად. ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მათ სურდათ. არც დედას და არც დას უკვე აღარ ახსოვთ, ომის დროს სამხედრო კომენდატურებში კონცერტებს როგორ ვმართავდი და ვფლანგავდი ხმას გაუგებარ რამეებზე, მათთვის ლუკმა პურის მოსაპოვებლად. 15 წლისას მთელი საბერძნეთი მიცნობდა, უკვე 17 წლის ასაკში მითხრეს, რომ ვარსკვლავი ვარ, შემდეგ კი მხოლოდ ვმუშაობდი, ვმუშაობდი, ვმუშაობდი - ამისათვის ყველაფერი გავიღე, არავინ მყვარებია, მხოლოდ მუსიკას ვემსახურებოდი… გამუდმებით ვფიქრობ: ყველაფერი ასე რთულად რატომ მქონდა მოსაპოვებელი? ჩემი სილამაზე. ჩემი ხმა. ჩემი ხანმოკლე ბედნიერება… რომ იცოდე, როგორ გამიჭირდა შენს მერე სიმღერას მივბრუნებოდი… კეთილი კრიტიკოსები ცდილობენ მხარი დამიჭირონ, ბოროტები გაჰკივიან, რომ ხმა დავკარგე შენს ლოგინში. მიმიფურთხებია. მიმიფურთხებია, არი, მე ისეთი ბედნიერი ვიყავი შენს გვერდით… არი, კალასი საკუთარ თავს მხოლოდ კალასით განსაზღვრავს. და  მე მშვენივრად მესმის, რომ ამ განსაზღვრებით დღევანდელი მე არარაობაა…

**********************************************************
ლეონარდ ბერნსტაინი:
64 წელს ფრანკო ძეფირელისთან და მარიასთან "ნორმაზე" ვმუშაობდით. მარიას დიდი პრობლემები ჰქონდა მაღალ ნოტებან, და მე ვეუბნებოდი, რომ მარტივად შეუძლია თავი აარიდოს კრიტიკას, თუ თავისი პარტიის ორი ტონით დაბლა ტრანსპონირებას მოახდენს. პუბლიკის დიდი ნაწილი მაინც ვერაფერს მიხვდებოდა. ვევედრებოდი, მოეხმო გონებისთვის, მაგრამ მან უარი განაცხადა. "არ შემიძლია, - მპასუხობდა ის,  - ყველაფერი უნდა ვიმღერო, თუნდაც ეს ჩემი კარიერის კრახს ნიშნავდეს.  კალასმა პარტიტურა ისე უნდა იმღეროს, როგორც არის დაწერილი."
ვერავინ შეაცვლევინა აზრი. შედეგად, ერთ-ერთ წარმოდგენაზე მესამე ოქტავის "დოზე" მისი ხმა ჩაწყდა. გრანდ-ოპერას დარბაზმა გაოცებისგან იგუგუნა. ორკესტრი გაჩერდა. დღემდე მახსოვს მუსიკოსების გაოგნებული და შეშინებული თვალები. მარია სცენაზე მიტკალივით თეთრი იდგა. წუთის განმავლობაში იატაკს მიაშტერდა, შემდეგ ამაყად ასწია თავი და მომცა ნიშანი, დამეწყო თავიდან. მეორედ იგივე პასაჟი იმღერა. ამჯერად ყველაფერი გამოუვიდა. მესმოდა, როგორ ტიროდნენ დარბაზში, მეც ვერ შევიკავე ცრემლები. როგორი ფანტასტიკური სიმამაცეა. ფანტასტიკური!

**********************************************************
ბრუნა, კალასის უკანასკნელი მოსამსახურე:
როდესაც სინიორ ონასისმა ღალატი მოინანია და სინიორასთან პატიების სათხოვნელად მოვიდა, მან არ მიიღო. სინიორ ონასისი ჩვენი ფანჯრების ქვეშ სტვენდა არიას ოპერიდან და კენჭებს ესროდა მინებს. სინიორა ფარდის უკან იდგა და ტიროდა. მაგრამ როცა მან კარებზე ზარი დარეკა, საკადრისი პასუხი მიიღო.

**********************************************************

ამონარიდი კალასის წერილიდან:

33

შენ დაგავიწყდა: იმ ფანჯრების ქვეშ, სადაც ახლა ჩემს სახელს გაჰყვირი, ფეხებს უბაკუნებდი და მოითხოვდი, რომ შენთვის თავი დამენებებინა.

შენ დაგავიწყდა: ერთადერთი მამაკაცი იყავი, ვისაც ვთხოვდი, ჩემზე დაქორწინებულიყო. შენ დაგავიწყდა, როგორ მტანჯავდი, როგორ გამოსცერი კბილებიდან თანხმობა და ეკლესიასთან მანქანაში დამცინავად მითხარი: "მიაღწიე მაინც შენსას?" გეგონა, რომ ასეთი დამცირების შემდეგ შენი ცოლი გავხდებოდი. გულწრფელად გაოცდი, მანქანიდან რომ გადმოვხტი და წავედი. შენ დაგავიწდა, არი. მე მარია კალასი ვარ. ნუთუ ფიქრობდი, რომ გაპატიებდი? 3 წელი შენი საყვარელი ვიყავი. 3 წელი უარს ამბობდი ჩემზე დაქორწინებაზე, რის მერეც დაუფიქრებლად შეირთე ცოლად ყოფილი პრეზიდენტის სულელი ქვრივი, რომელიც მხოლოდ სამოსის განხილვით იყო დაკავებული მიღებების დროს. ვიცოდი, რომ მასთან მოწყენილობით მოკვდებოდი. არ დამიჯერე, არი. ახლა კი უბედური ხარ. ძალიან მტკივა, მაგრამ არ მიგიღებ.

**********************************************************

44

ჩემო საბრალო, ელზამ მითხრა, რომ (როცა შვილის დაღუპვის შესახებ გაიგე) ერთ ღამეში გაჭაღარავდი. ახლა, შესაძლოა, მიხვდი, როგორ სასტიკად მომექეცი, როცა აბორტი გამაკეთებინე. თუმცა, მე თავად ვარ დამნაშავე. შემეძლო შევწინააღმდეგებოდი. ყველას, შენს გარდა. მაპატიე, შენი ნუგეში არ მეხერხება. ამბობდი, რომ ღმერთის არ გწამს. ახლა დიდად არც მე მწამს. ყმაწვილობაში მეგონა, რომ ჩემი ღმერთი მუსიკა იყო. შემდეგ კი რწმენა იმისა, რომ საკუთარ თავს არ უღალატო. მუსიკა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ბედნიერი ვყოფიილყავი. და მე საკუთარ თავს შენთან ვუღალატე. არაფერი მაქვს შენთვის სათქმელი. არაფერზე მაქვს სამღერი. ამიტომაც, ჩუმად ვარ. არი, ჩემო ბიჭუნა, მრავალი წელი არავინ მყავდა გვერდით, ვისთანაც დავიწუწუნებდი - გადავეჩვიე ნუგეშს. მხოლოდ ამ წერილების გაგზავნით შემიძლია განუგეშო. ალბათ, გესიამოვნებოდა იმის ცოდნა, თუ რამდენი წელი მახსოვდა ყოველი დღე… მაგრამ ამ წერილებს არ გამოგიგზავნი. დავწვავ. მარია კალასი არ უგზავნის აღსარებას მამაკაცს, რომელმაც მას უღალატა. მაშ, მოითმინე, არი. მე უკვე თითქმის ნახევარი წელია, ჩუმად ვარ, სიმღერის გაკვეთილებსაც კი არ ვატარებ. მოითმინე, ჩემო სიყვარულო. მარტოობასაც კი აქვს საზღვარი. მისი სახელი - სიკვდილია.

მარია კალასი. "წერილები სიჩუმიდან"
ავტორი მარია ვარდენგა
16 დეკემბერი 2019 10:10
ეს ქალი იმსახურებდა ბედნიერებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ონასის მხოლოდ ფულები უყვარდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ არ ყოფნიდა ინტელექტი.
იზო რიკაძე
13 დეკემბერი 2019 06:15
სიამოვნებით წავიკითხე, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ტრაგიკული ისტორიაა.
ირი ნე
12 დეკემბერი 2019 21:41
მარია კალასი,თითქოს ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული,მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი და ამავე დროს ძალიან უბედური.ნათელში იყოს მისი სული.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა