იტალიური ვნებანი: ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი - კვირის პალიტრა

იტალიური ვნებანი: ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი

1950 წელი… ფრენკ სინატრა უკვე ცნობილი მსახიობი იყო, წარმატებულად იწყებდა კინოში კარიერას, სხვადასხვა რეიტინგებში პირველობას არ თმობდა და მის გამო ათასობით თაყვანისმცემელი ჭკუას კარგავდა. ავა გარდნერი, რომელსაც იმ დროს კინემატოგრაფი დიდად არ აინტერესებდა, სინატრას პოპულარობაში არ ჩამორჩებოდა. საკმაოდ მოთხოვნადი გახლდათ ჰოლივუდში, უამრავი ადამიანი მას მსოფლიოს ულამაზეს ქალად მიიჩნევდა და "ჰოლივუდის პირველ შავგრემანს" უწოდებდა, თაყვანისმცემლების რიგი კი ძვირად ღირებული საჩუქრებით, უსასრულო იყო.

ფრენკ სინატრასა და ავა გარდნერის პირველი შეხვედრა ფილმის "ჯენტლმენები ქერებს ამჯობინებენ" ჩვენებაზე შედგა. "უბრალოდ, თავი დავკარგე, თითქოს ჭიქაში რაღაც ჩამიყარა…". ავამ პირველივე საღამოს მოაჯადოვა ახალი თაყვანისმცემელი, თუმცა თავად არტისტით არ მონუსხულა. მეტიც, ავას მეგობრის, რუთ როზენტალის თქმით, ფრენკმა ავაზე არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ლამაზმანმა ის დაახასიათა როგორც "ქედმაღალი, პატივმოყვარე და მიმწოლი".

2

თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გარდნერის სინატრასადმი ასეთი დამოკიდებულება ცივი გათვლის შედეგი ყოფილიყო. ფრენკისგან განსხვავებით, ავა თავისუფალი ქალი გახლდათ და ამ მდგომარეობას მაქსიმალურად იყენებდა. მის ფავორიტებს შორის მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი - მილიონერი ჰოვარდ ჰიუზი ირიცხებოდა. მილიონერი ლამაზმანს ბრილიანტებითა და ყვავილებით ანებივრებდა და არაერთხელ უთხოვია ხელი. ავას ურთიერთობის გაფორმება არ სურდა, თუმცა გაფუჭებაც არ აწყობდა. თანაც, ეკრანის ძნელად დასაპყრობი დედოფლის იმიჯის შენარჩუნება ადვილი არ არის, თუ ყოველი შემხვედრი კაცის მკლავებში უმალ აღმოჩნდები.

ვერ ვუყურებთ ფრენკის საცოდაობას, - ამბობდნენ სინატრას მეგობრები, - ის ხან ტკიცინა დოლარივით ბზინავს - "ავა ჩემთან ერთად სადილს დათანხმდა", ხანაც კი ნაცემ ძაღლს ჰგავს - "ის მე სერიოზულად არ აღმიქვამს". ნენსი სინატრა ქმრის ღალატს დიდი ხანია, მიჩვეული იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი საშიშროება იგრძნო. საქმე იმაშიც კი არ იყო, რომ ქმრის დაკარგვის ეშინოდა, არამედ ფრენკის ავასადმი ვნება უკვე სიგიჟეს ემსგავსებოდა. სინატრა დაჟინებით მოითხოვდა განქორწინებას, მაგრამ ნენსი ბოლომდე ებღაუჭებოდა ქორწინებას და თანხმობას არ აძლევდა.

6

სანამ ავა თავისუფალი იყო, მასზე უფლებების წაყენება ნებისმიერს შეეძლო, და ის სინატრას ეჭვიანობას ეშმაკობით ამწვავებდა: ფილმის გადასაღებად ესპანეთში გაემგზავრა და მალევე გააბა რომანი ცნობილ ტორეროსთან. ამას რამდენიმე ხანმოკლე გატაცება მოჰყვა (ავას), სუიციდის რამდენიმე მცდელობა (ფრენკის) და ერთი განქორწინება (კვლავ ფრენკის). სანამ გარდნერი ოკეანის მიღმა რომანს რომანზე იცვლიდა, სინატრამ ხმის დაკარგვა მოასწრო, საძილე წამლებით გაჭყიპვა, ვენების გადაჭრა და ღუმელში თავის შეყოფაც კი.

ერთთვიანი მოლაპარაკებების შედეგად სინატრას ცოლმა განქორწინებას ხელი მოაწერა. გარდნერი შეყვარებულის ხვეწნა-მუდარის შემდეგ ამერიკაში დაბრუნდა და მისდა საბედნიეროდ დაქორწინებასაც დათანხმდა. მათ განქორწინების მეორე დღესვე მოინდომეს ხელის მოწერა, მაგრამ წყვილს გამოსაცდელი ვადა დაუნიშნეს - 2 თვე. ეს პერიოდი მათ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა - ყოველ წვრილმანზე ტემპერამენტიანი შეყვარებულები სკანდალს აწყობდნენ. სინატრა იარაღს სტაცებდა ხელს და მომავალი ცოლისა და შემდეგ თავის მოკვლით იმუქრებოდა, გარდნერი კი ეჭვიანობის შემოტევისას ნიშნობის ბეჭედს მოისროდა ფანჯარაში.

მიუხედავად ყველაფრისა, ისინი მაინც დაქორწინდნენ და თაფლობის თვე მაიამიში გაატარეს.

3

ახლობლებისა და მეგობრების მოლოდინის მიუხედავად, ქორწინების ოფიციალურმა რეგისტრაციამ ფრენკისა და ავას ურთიერთობა უფრო მშვიდი არ გახადა. ისინი განაგრძობდნენ ჩხუბს. სინატრა ცოლის დაქალებზეც კი ეჭვიანობდა და ზოგ მათგანს სახლიდანაც აგდებდა. ცეცხლში ნავთს კი ის ფაქტი ასხამდა, რომ ოჯახის მთავარი მარჩენალი ავა გახდა - ქმარზე მეტ ფულს შოულობდა და ამით სინატრას თავმოყვარეობა ელახებოდა. თვითშეფასების ასამაღლებლად, ფრენკმა კვლავ დაიწყო სხვა ქალებისკენ ყურება. მორიგი სკანდალის დროს მან ავას ერთ-ერთი საყვარელი სურათი დახია (სინატრას კაბინეტში ავას საუკეთესო ფოტოების კოლექცია ეკიდა, რომელსაც ის საღამოობით დიდ ხანს ათვალიერებდა), შემდეგ კი იატაკზე დახოხავდა ნაფლეთების შესაგროვებლად და შესაწებებლად.

4

ავას ბავშვი უნდოდა, მაგრამ ნაყოფი მოსცილდა. ამის შემდეგ ის უმძიმეს დეპრესიაში ჩაეფლო. სინატრას კარიერაში წარუმატებლობები კვლავ ხდებოდა უსიამოვნების მიზეზი და მის ჯანმრთელობაზე აისახებოდა. ფრენკი ცდილობდა მიეღო როლი ფილმში "ამიერიდან და უკუნითი უკუნსამდე" (რომელმაც საბოლოოდ ოსკარი მოუტანა), მაგრამ პროდიუსერები მას უნიჭოდ მიიჩნევდნენ და ყოველივე ახსნა-განმარტების გარეშე უარს ეუბნებოდნენ. ავა ხედავდა, თუ როგორ იტანჯება მისი საყვარელი მამაკაცი და ცხოვრებაში პირველად გადაწყვიტა, გამოეყენებინა თავისი მაღალი მდგომარეობა ჰოლივუდში - პროდიუსერს დაურეკა და სთხოვა, ფრენკისთვის როლი მიეცა.

სინატრა კვლავ წარმატებული გახდა. ცოლის ისტერიკებით დაღლილი, ნუგეშს სცენაზე და თაყვანისმცემლების მკლავებში პოულობდა, მერილინ მონროსთან რომანის შესახებ კი, რომელსაც ის ხუმრობით "უბრალოდ დაქალს" უწოდებდა, მთელი ამერიკა ჭორაობდა.

სასოწარკვეთილმა ავამ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და მის საყვარელ ესპანეთში გაემგზავრა. მორიგ ტორეადორთან გააბა რომანი და განქორწინებაზე საბუთები შეიტანა. ფრენკი განრისხებული იყო. ახლა ის აღმოჩნდა მეუღლის როლში, რომელსაც მეორე ნახევარის გაშვება არ სურს.

განქორწინება მხოლოდ 4 წლის შემდეგ შედგა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მეუღლეები პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ 60-იანების შუა წლებში დაშორდნენ, როცა ავას მძიმე დეპრესია ტანჯავდა და ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ყველაფრისგან დაიღალა: გადაღებებისგან, კაშკაშა წვეულებებისგან, მამაკაცებისგან, ფრენკისგან… უნდოდა ისე დამალულიყო, რომ ვერავის ვერასდროს ეპოვნა და "დანრჩენილი ცხოვრება" მშვიდად გაეტარებინა, თუმცა 40 წელს სულ ცოტათი იყო გადაცილებული. მაგრამ მან საბოლოოდ აღიარა: "ცხოვრებაში ფრენკივით არავინ მყვარებია".

ცხოვრებაში რაიმე აზრის საპოვნელად, მან კვლავ დაიწყო უსასრულო წვეულებებზე სიარული და ერთხელაც განაცხადა, რომ ტორეროს როლი სურ მოირგოს. გამოსვლა იმით დასრულდა, რომ ცხენმა მსახიობი გადმოაგდო, ხარმა კი რქით გაუსვა სახეზე. ტრავმის მკურნალობას დიდი ხანი დასჭირდა, და რთული მისახვედრი არ არის, თუ ვინ დაუდგა მხარში ამ რთულ სიტუაციაში. რეპორტიორები ხშირად უღებდნენ ავას და ფრენკს ფოტოებს, რომლებიც უკვე ოფიციალურად განქორწინდნენ, მაგრამ მაინც იზიდავდათ ერთმანეთი მაგნიტებივით. ორი წარუმატებელი ქორწინების მიუხედავად, სინატრა მისი ცხოვრების საუკეთესო ქალთან მაინც აგრძელებდა ურთიერთობას ბოლომდე.

როდესაც ავა მძიმედ ავად გახდა, ფრენკი უმალვე მასთან გაჩნდა. ალკოჰოლმა და მოწევამ საგრძნობლად დაუზიანა ჯანმრთელობა, 1986 წელს კი გულის შეტევა ორჯერ გადაიტანა, რის მერეც ნაწილობრივ პარალიზირებული გახდა. სინატრა ყველაზე ძვირად  ღირებულ წამლებს ყიდულობდა მისთვის, საუკეთესო ექიმებთან დაჰყავდა კერძო თვითმფრინავით… ხელით არწევდა და ყურში ნაზ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა, რომლების თქმაც ქორწინების დროს ვერ მოასწრო.

7

ავა 1990 წელს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრენკისთვის ეს თავზარდამცემი ტრაგედია გახდა. ქალიშვილმა სინატრა საძინებლის იატაკზე იპოვა - ისე გამეტებით ბღაოდა, რომ ხმა დაკარგა და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა. ავა გარდნერის დაკრძალვაზე, ხალხის ნაკადს შავი ლიმუზინი მიჰყვებოდა. მანქანიდან არავინ გადმოსულა, მაგრამ ყველამ იცოდა, თუ ვინ ზის მასში. სინატრა აცილებდა ქალს, რომელიც მისი ცხოვრების საბედისწერო სიყვარულად იქცა,  მის მუზას, რომელზეც ის ყოველ თავის სიმღერაში მღეროდა…