სასიყვარულო სამკუთხედი: მერილინ მონრო, ივ მონტანი და სიმონა სინიორე - კვირის პალიტრა

სასიყვარულო სამკუთხედი: მერილინ მონრო, ივ მონტანი და სიმონა სინიორე

1962 წლის 5 აგვისტოს სიმონა სინიორე ფილმის "დღე და საათი" გადამღებ ჯგუფთან ერთად რესტორანში სადილობდა, როცა გარსონმა მიმართა: "უკაცრავად, მადამ, ტელეფონთან გთხოვენ". უცნაურია, ასეთ დროს ის ზარს არავისგან ელოდა. ყურმილი რომ აიღო, გულმოკლული ქმრის ხმა თავიდან ვერ იცნო. "დღეს მერილინ მონრო გარდაიცვალა", – ყურმილის მეორე ბოლოს დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა.

სიმონას ესმოდა, რომ ამ წამს ქმარს ვერაფრით ანუგეშებდა, მაგრამ მაინც მოიკრიბა ძალა და წარმოთქვა: "ნეტავი მას სცოდნოდა, რომ არ მძულს".

მაგიდასთან დაბრუნებულმა, ვისკის დიდი ულუფა შეუკვეთა. ერთ-ერთმა მეგობარმა გახუმრება სცადა: "დალევისთვის ცოტა ადრე ხომ არ არის?". მაგრამ მას უკვე არაფერი ესმოდა. ცდილობდა გაეხსენებინა, როდის გაჩნდა ის ქალი მის ცხოვრებაში პირველად.

მეხი მაშინ გავარდა, როცა სიმონა სინიორე "ოსკარის" პრემიაზე წარადგინეს ელიზაბეტ ტეილორთან, კეტრინ ჰეფბერნთან და ოდრი ჰეფბერთან ერთად. სიმონამ გაიმარჯვა. ქალი ბედნიერი იყო! დაჯილდოვების ცერემონიალზე ივი მღეროდა და ცოლს სიყვარულით სავსე თვალებს არ აშორებდა, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადამიანები ტაშს უკრავდნენ, შამპანური კი მდინარესავით მოედინებოდა.

და მხოლოდ ერთი ადამიანი უყურებდა ამ ყველაფერს დარბაზიდან შურის თვალით. ეს გახლდათ მერილინ მონრო. "მას "ოსკარიც" აქვს, ივიც ჰყავს და ჭკვიანია. მას ყველაფერი აქვს. და მე?!"- დაწერს მონრო თავის დღიურში. და დაიწყებს მოქმედებას. ეს ქალი მუდამ აღწევდა საწადელს.

თავიდან ორი ოჯახური წყვილი, ივი სიმონასთან და მერილინი ართურ მილერთან "შემთხვევით" დასახლდა მეზობლად, ბუნგალო ნომერ 21 და 22-ში ცნობილ სანსეტის ბულვარზე. ფილმში "მოდი დავკავდეთ სიყვარულით" მონაწილეობისთვის კონტრაქტზე ხელის მოწერისას, მონრომ მკაცრი პირობა დააყენა: "პარტნიორად მხოლოდ მონტანის ხილვა მსურს!".

"ჩემი მეორე ქმრის, ჯო დი მაჯიოს მერე, მარლონ ბრანდოსთან ერთად ივ მონტანი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცია, ვინც კი ოდესმე მინახავს" (მერილინ მონრო)

პროდიუსერებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მონტანი ასეთი ყურადღებით მოიხიბლა, გულუბრყვილო სიმონა კი გახარებული იყო პერსპექტივებით, რასაც ეს როლი უქადდა მის ქმარს…

როდესაც მონრო პირველად ეწვია მონტანებს "მეზობლურად", რათა სცენარი განეხილა, მთელი საღამო ხმა არ ამოუღია და თავისი საფირმო "ბავშვური" ღიმილით იღიმოდა და ივს თვალს არ აშორებდა. სულ მალე საღამოს ვიზიტები გახშირდა, რამდენიმე ხნის მერე სიმონა იტალიაში გაფრინდა გადაღებებზე. ნიუ იორკში საქმეებზე გაემგზავრა ართურ მილერიც. მერილინი და ივი მარტო დარჩნენ.

"მამაკაცს შეუძლია ორი, უკანასკნელ შემთხვევაში სამი სასიყვარულო რომანი ჰქონდეს განზე, სანამ ქორწინებაშია. მეტი – უკვე მოტყუებაა" (სიმონა სინიორე)

საყვარლები ემოციებს არ მალავდნენ, და უკვე რამდენიმე დღეში სასტუმროს მთელი პერსონალი მოვლენების საქმის კურსში იყო. და როდესაც უდროო დროს დაბრუნებულმა მილერმა წყვილს პირდაპირ ლოგინში წაუსწრო, რომანი ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

გულახდილმა ფოტოებმა და გაზეთების სკანდალურმა სათაურებმა ძალიან მალე მიაღწიეს სიმონამდე ოკეანის მიღმა. ქალისთვის ეს მოულოდნელი დარტყმა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. დიახ, ივ მონტანი იპოვის ძალას მონროსთან დასაშორებლად და პარიზში დასაბრუნებლად, მაგრამ მრავალი წლის მერე ის გულახდილად დაწერს: "და მაინც, ეს ყველაფერი მშვენიერი იყო, მაგრამ დასრულება – გარდაუვალი. ერთი წამითაც არ მიფიქრია, ცოლს დავშორებოდი. მაგრამ სიმონას კარი რომ მოეჯახუნებინა, მე…"

სიმონამ, რა თქმა უნდა, ქმარს აპატია და სიცოცხლის ბოლომდე ამ თემას არ შეხებია. ჟურნალისტების დაჟინებულ თხოვნას, გაეკეთებინა კომენტარი ქმრის ღალატზე, მუდამ მწარე ირონიით პასუხობდა: "თქვენ რას იზამდით, მერილინ მონრო თქვენს გვერდით რომ აღმოჩენილიყო?"

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სინიორე მეგობარს გამოუტყდა: "რომ იცოდე, როგორ მიყვარს ეს ბიჭი… მის გარეშე სიცოცლე – სიცარიელეა".