'შპს სახელმწიფოს" ბიზნესი აღარ სჭირდება?.. - კვირის პალიტრა

'შპს სახელმწიფოს" ბიზნესი აღარ სჭირდება?..

ბიზნესზე წნეხი საქართველოსთვის ახალი ხილი უკვე აღარ არის. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებს თანდათან ჭკუაში უჯდებათ კომერციასთან უშუალო შეხება, ბიზნესორგანიზაციების "შუამავლობის" გარეშე.ბოლო დროს არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც სახელმწიფო უწყებებს, ფაქტობრივად, ბიზნესის წარმოების უფლება ენიჭებათ. სამართლებრივად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ბუნებრივია, სახელმწიფო უწყების ხელშეწყობით სარგებლობს და ბაზარზე თავისი ნიშის მოსაპოვებლად მოქმედებას იწყებს. ცხადია, რომ ფინანსური ინტერესი ამგვარ "ბიზნესსაც" აქვს, მაგრამ რამდენად სამართლიან თამაშის წესებს იყენებს კონკურენტებთან ბრძოლისას კომპანია, რომელსაც სახელმწიფო მაკონტროლებელი უმაგრებს ზურგს? - ეს კითხვა ისევე ხშირად გაისმის, როგორც ცნობები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში განკერძოებული ინსტიტუციების შექმნის შესახებ.

ბოლო ასეთი ინფორმაცია "სამტრესტისთვის“ ღვინის კერძო კომპანიების დაფუძნების უფლების მინიჭებას ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს. ცოტა ხნის წინ ქვეყნის მეთაურმა "სამტრესტს" ხელმძღვანელი დაუწუნა და სოფლის მეურნეობის მინისტრს `უფრო კომპეტენტური- კადრის პოვნა დაავალა. თავად უწყებას კი, ცვლილებების თანახმად, უფლებები გაეზრდება და ღვინის კომპანიების კონტროლის გარდა, ბაზარზე მათი შევიწროების შესაძლებლობაც მიეცემა.

სიახლეს უკვე გამოეხმაურნენ ღვინის კომპანიები. ისინი შიშობენ, რომ ეს ბაზარზე ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს, მსოფლიოს მაგალითებიც დაიმოწმეს, სადაც არ არსებობს პრეცედენტი, მევენახეობა-მეღვინეობის მონიტორინგის დეპარტამენტი საკუთარ ღვინის კომპანიას ქმნიდეს. მაგრამ სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს "რკინის" არგუმენტი აქვს: ახალი კომპანიები ჯერ აუთვისებელ ბაზრებზე შევლენ, სადაც არც ერთი ქართული კომპანია არ მოქმედებს(?!)

რუსული ემბარგოს შემდეგ, ალბათ ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნების ბაზრები არ დარჩენილა, სადაც ქართული ღვინის კომპანიებს თავისი პროდუქციის გატანა და გაყიდვა არ ეცადოთ, მაგრამ გაყიდვები ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა 2006 წლამდე არსებულ მაჩვენებელს. სად და როგორ აპირებს "სამტრესტის" კერძო კომპანია ღვინის გატანასა და გაყიდვას, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ თუნდაც ახალი, აუთვისებელი ბაზრების დაკავება ღვინის მწარმოებლებისთვის მაინც კონკურენციის ზრდას ნიშნავს.

KvirisPalitra.Geსაქართველოს პარლამენტმა ასევე დააკანონა ცვლილებები, რომელიც კონტროლის პალატას საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) - "საჯარო აუდიტის ინსტიტუტის" შექმნის უფლებას ანიჭებს. ეს უკანასკნელი კომერციულ აუდიტს შესთავაზებს სამთავრობო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირებს, გაწევს ექსპერტულ, კვლევით-ანალიტიკურ მომსახურებას, შეუძლია თვითონაც ისარგებლოს სხვა აუდიტორული კომპანიების მომსახურებით. სხვაგვარად თუ ვიტყვით, კონტროლის პალატა ბიზნესის გაკონტროლების უფლებას ოფიციალურად იკანონებს.

ნიკო თევდორაშვილი (კომპანია "თიემჯი მარკეტინგის" ხელმძღვანელი): "გადაწყვეტილება, რომელიც ‘სამტრესტთან- დაკავშირებით მიიღეს, ძალიან ნაჩქარევია. არ არის გათვლილი თუნდაც ხარჯები, რაც საჭიროა საკუთარი ქარხნის შესაქმნელად, მისი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად, აგრეთვე მარკეტინგული ხარჯები, რაც საკმაოდ მოცულობითი იქნება. საინტერესოა, საიდან უნდა მოიტანოს ‘სამტრესტმა- სახსრები კერძო კომპანიის დასაფუძნებლად?

ვფიქრობ, "სამტრესტის" როლი უნდა დარჩეს ისევ მარეგულირებლის დონეზე და ხელი შეუწყოს ღვინის პოპულარიზებას მსოფლიო ბაზრებზე. ქვეყნის უნიკალურობის წარმოჩენა ხელს შეუწყობს ტურიზმის, მათ შორის ღვინის ტურიზმის განვითარებას.

იმ შემთხვევაში კი, როცა მეწარმეცა და მარეგულირებელიც თავად ‘სამტრესტი- იქნება, ის აუცილებლად გადაიქცევა სუბიექტურ ორგანოდ და არათანაბარი კონკურენტი იქნება სხვა მწარმოებლებისთვის. ასეთი სუბიექტების გაჩენა საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოუხერხებელია რამდენიმე ფაქტორის გამო. უდავო ჭეშმარიტებაა, რომ არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფო ისე კარგად ვერ მართავს საწარმოს, როგორც კერძო პირი. მეორეც, როცა შენ ხარ მარეგულირებელი, შენ აწესებ ბაზარზე თამაშის წესებს და შენვე აწარმოებ, ეწინააღმდეგები როგორც კანონს, ასევე ეთიკურ პრინციპებს.

თუ სახელმწიფო მაინცდამაინც კერძო კომპანიის შექნის იდეით არის შეპყრობილი, შექმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და ღიად განაცხადოს, რომ "სამტრესტი", როგორც ასეთი, ქვეყანაში აღარ იარსებებს. ღიად განაცხადოს, რომ მაკონსოლიდებელი და თამაშის წესების დამდგენი ორგანო ქვეყანაში არის "შპს სახელმწიფო", რომელიც უშვებს ღვინოს და არის კონკურენტი სხვა მწარმოებლებისა. გვინდა ეს თუ არა, სახელმწიფო უწყებებისგან საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა არათანაბარ პირობებში ჩააყენებს სხვა მწარმოებლებს. შესაბამისად, მთავრობა თავისი კომპანიების წასახალისებლად შეეცდება, ბარიერები გაუზარდოს სხვა მეწარმეებს, თავად კი გაიმარტივოს. ეს ნაცადი მეთოდია".

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ქვეყანაში ბოლო დროს ბიზნესისადმი სპეციფიკური მიდგომა ჩამოყალიბდა. გაცხადებული კურსი, რაც თითქოს ჩვენს ხელისუფლებას აქვს: დეკლარირებული ლიბერალური ბიზნესგარემო, ლიბერალური ეკონომიკა და სხვ., სამწუხაროდ, განცხადების დონეზე რჩება. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ხელისუფლება განსაკუთრებულად აქტიურად ერევა ბიზნესპროცესებში. თავად ხელისუფლება გახდა ეკონომიკაში კლიმატის შემქმნელი, პირობების მოკარნახე. მივიღეთ სურათი, როცა ეკონომიკაში საბაზრო ურთიერთობებს ბაზარი კი არ წყვეტს მოთხოვნა-მიწოდების ხარჯზე, რაც ყველაფრის საფუძველი უნდა იყოს, არამედ ამ პროცესებში სახელმწიფო უშუალოდ ერევა. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა სწორედ ის, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით ჩამოაყალიბოს კომერციული ტიპის ორგანიზაცია, მაგალითად, ამ შემთხვევაში აუდიტორული კომპანია. ბუნებრივია, ეს გამოიწვევს უხერხულობებს და სხვა მოთამაშეებთან შედარებით, პრეფერენცირებულ, ერთგვარად უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფოს ხელდასმით შეიქმნება.

ქვეყანაში ბოლო დროს სახელმწიფო საგადასახადო წნეხი მოჭარბებულად იგრძნობა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციები მაქსიმალურად ეცდებიან, თავი აარიდონ ნებისმიერ უხერხულობასა და გაუგებრობას სახელისუფლებო ორგანოებთან (კონტროლის პალატა იქნება ეს, შემოსავლების სამსახური თუ სხვა). ისინი არჩევანს გააკეთებენ იმ ორგანიზაციის სასარგებლოდ, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაფუძნებული, ან სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მიერ არის მითითებული. არ მგონია, საკანონმდებლო დონეზე ეს ვალდებულება ხელისუფლებამ დაუშვას. როგორც წესი, ასეთი ვალდებულებები კანონებში არ იწერება, მაგრამ კულუარებისა და ცალკე მოლაპარაკებების, შეთანხმების თემაა. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ შექმნილი ასეთი ტიპის ორგანიზაცია უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხოლო ჩვეულებრივი, კერძო აუდიტორული კომპანიები ამ ახლად შექმნილ ინსტიტუციას რეალურად კონკურენციას ვერ გაუწევენ.

ცხადია, ეს უწყება, ბაზარზე თავისი სტატუსიდან გამომდინარე, მაღალი მონოპოლისტური რისკის მატარებელი იქნება. სამწუხაროდ, ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის, სხვადასხვა სტრუქტურასა და სეგმენტშიც იგივე ხდება. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციაზე ორიენტირებულ პოლიტიკას.

დადებითი ტენდენციები, რომელიც 2004 წელს დაიწყო და სახელმწიფო აპარატისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დეცენტრალიზაციას გულისხმობდა, ახლა პირიქით, საპირისპირო მიმართულებით წარიმართა. მთელი ფუნქციების ცენტრალიზაცია სახელმწიფოს ხელში ხდება, მიმდინარეობს სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხდება კერძო სტრუქტურების "ჩაჩოჩების" ხარჯზე, სახელმწიფო უხეშად იჭრება მათ სამოქმედო არეალში, რითაც ბიზნესს თავისუფლად ოპერირების, საქმის სრულფასოვნად წარმართვის საშუალებას უსპობს".