ჰიბრიდული სიმინდი ბაზარზე საფურაჟე ხორბალს "დაეჯახა" - კვირის პალიტრა

ჰიბრიდული სიმინდი ბაზარზე საფურაჟე ხორბალს "დაეჯახა"

დაბალი კვებითი ღირებულების გამო სიმინდმა სხვა სეგმენტში გადაინაცვლა

სოფლის მეურნეობის არც ერთი კულტურა წლეულს ისეთი პოპულარული არ ყოფილა, როგორც სიმინდი. ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის თემამ თვით ყბადაღებული ყურძნის ჩაბარებაც კი დაჩრდილა. ზუსტად ჯერ არავინ იცის, ჰიბრიდული სიმინდის რა მოცულობის მოსავალი მოვიდა, თუმცა აშკარაა, რომ საპროგნოზო მაჩვენებლებზე გასვლა ვერ მოხერხდება. მართალია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ნებდება და ყველაფრის მიუხედავად, ფიქრობს, რომ 400 ათასი ტონა სიმინდის მოსავალი მივიღეთ, მაგრამ მგონი ბავშვმაც კი იცის, რომ დასავლეთ საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა, ფაქტობრივად, ჩავარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპტიმიზმი უსაზღვროა. 400 ათასიდან 100 ათასი ტონა სიმინდი თურმე ექსპორტზე უნდა გავიტანოთ, თანაც საუკეთესო ფასად, ტონა 400 დოლარად უნდა გავყიდოთ. მაშინ, როცა სიმინდის მსოფლიო ფასი ამის ნახევარია. იქით ირანი ელოდება თურმე ქართულ-ამერიკულ სიმინდს, აქეთ აზერბაიჯანი, რომელსაც წლეულს თავადაც სიმინდის ბარაქიანი მოსავალი აქვს. მართალია, ახლა ადგილობრივ ბაზარზე ტაროიანი სიმინდის ფასი კილოგრამზე 40 თეთრს არ აჭარბებს, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ ორ-სამ თვეში 0,90-1 ლარს მიაღწევს. ლაგოდეხსა და აბაშაში საგანგებოდ ამ პროექტისთვის აშენებული სიმინდის საშრობებიც სანახევროდ ცარიელია, მაგრამ არც ეს მიაჩნიათ ხელისუფლებაში დიდ პრობლემად. ექსპორტზე საცდელად ჯერ მხოლოდ 40 ტონა გავიდა, თუმცა მთავრობაში, სულ მცირე, 100 ათასი ტონის გატანას გეგმავენ.

KvirisPalitra.Geჰიბრიდულ სიმინდს რომ დაბალი კვებითი ღირებულება აქვს, არაერთი მოვაჭრე ფერმერი ადასტურებს. "საცდელად ცოტა დავფქვით და ჰიბრიდული სიმინდის ფქვილით ისეთი ხმელი და უგემური მჭადი გამოცხვა, რომ პირსაც ვერ დააკარებდი", - მითხრა ერთ-ერთმა ფერმერმა სამეგრელოდან, რომელმაც ჰიბრიდული სიმინდი მხოლოდ მცირე ფართობზე მოიყვანა საცდელად. იგივე დამიდასტურეს სასურსათო ბაზრის მოვაჭრეებმა: ჩვენ მუდმივი კლიენტები გვყავს და საკვებად უვარგისი პროდუქტის გაყიდვით მომხმარებელი რატომ დავკარგოთ, ამიტომაც ქართული სიმინდის ფქვილსა და ღერღილს ვყიდითო. ამის შემდეგ, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: მაშ სად ყიდიან ჰიბრიდულ სიმინდს ის ფერმერები, ვინც მცირე თუ დიდი მოსავალი მოიწია?

"ეკოპალიტრა" ლაგოდეხში რამდენიმე ფერმერს დაუკავშირდა. როგორც გვითხრეს, მოსავალს არ უჩივიან, მაგრამ საშრობში სიმინდის მიტანაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, რადგან სიმინდის გასაყიდი ფასი მის მოყვანაზე გაწეულ ხარჯებს ძლივს ფარავს და მოსავლის შენახვისთვის ცალკე ხარჯის გაწევა, ექსპორტის ბუნდოვანი პერსპექტივით, კახელ ფერმერებს დიდად არ ხიბლავთ. როგორც აღმოჩნდა, ფერმერები მოსავალს მცირე რაოდენობით, სახლიდან ყიდიან.

ჰიბრიდულ სიმინდს რომ გლეხებს ხელიდან არავინ სტაცებს, ამას მასმედიის საშუალებებში ბოლო დროს მომრავლებული ამგვარი განცხადებებიც ცხადყოფს: იყიდება სიმინდი, კილოგრამი 40 თეთრად. ერთ-ერთი ასეთი განცხადების ავტორს დავუკავშირდი. ის გორელი ფერმერი აღმოჩნდა, რომელსაც ჰიბრიდული სიმინდის საკმაოდ კარგი მოსავალი მოუწევია, დაახლოებით 200 ტონა, მაგრამ მუშტარი არ ჩანს. დროულად თუ არ გაიყიდა, სიმინდმა შესაძლოა სასაქონლო ღირებულება დაკარგოს. ვერც საშრობში წაიღებს შესანახად, რადგან გორიდან აბაშაში ან ლაგოდეხში მოსავლის ჩატანა და იქ დასაწყობება მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება.

დავით ლობჟანიძე (მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის დირექტორი): "უამინდობა ძალიან უშლის ხელს სიმინდის მოსავლის აღებას. კომბაინები მინდვრებში ვერ შედიან და მსხვილ და წვრილ ფერმერებს, სამწუხაროდ, ხელით უწევთ მოსავლის აღება. ეს კი დროსა და დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ცხადია, ამის გამო მოსავლის აღება ბევრად უფრო ნელა მიმდინარეობს და დღეს ძალიან ძნელია დადგენა, რამდენია ჰიბრიდული სიმინდის საშუალო მოსავლიანობა საქართველოში. სანამ სრულად არ დამთავრდება მოსავლის აღება, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თქმა, რა რაოდენობაზე შეიძლება გავიდეთ. ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ აღმოსავლეთში ბევრად კარგია მოსავალი, ვიდრე დასავლეთში.

ლაგოდეხისა და აბაშის სიმინდის საშრობებში ერთად დაახლოებით 8 ათას ტონამდე სიმინდია შეტანილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი წელიწადია, მაინც კარგი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, მარაგი 15-20 ათას ტონამდე მიაღწევს.

როცა საშრობში სიმინდი შესანახად მოაქვთ, ის მიდის იმ კონდიციამდე, რა მოთხოვნაც შემსყიდველებს აქვთ. ყველა ფერმერი თანხას ფარავს მას შემდეგ, რაც თავის მოსავალს გაყიდის. 1 კილოგრამის შენახვა 8 თეთრი ჯდება, რაშიც შედის გაშრობა, გადამუშავება, დასაწყობება და შენახვა ერთი თვის განმავლობაში. დამატებით ყოველ თვეზე კილოგრამზე 1 თეთრი ემატება. საგაისოდ ქართლსა და ქვემო ქართლშიც გაკეთდება ასეთივე საშრობები.

სიმინდის განსაზღვრული რაოდენობა უკვე გავიდა ირანში, ნაწილი გავა აზერბაიჯანში და შესაბამისად, ვფიქრობ, რეალიზაციის პრობლემა არ შეიქნება. დღეს შემოთავაზება შედარებით ნაკლებია, მაგრამ საშრობები საშუალებას იძლევა, დაველოდოთ მომგებიან ფასს ფერმერებისთვის, რომლებმაც ხარჯები გაწიეს. დღეს ნამდვილად არ ღირს $400 დოლარი 1 ტონა სიმინდი, მაგრამ არც ბევრად ნაკლებია. ვფიქრობთ, მისი ფასი ძალიან მალე ამ ნიშნულამდე მივა და ფერმერები სიმინდს გაყიდიან".

ლევან სილაგავა (ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი): "მსოფლიოში საზოგადოდ სიმინდზე მოთხოვნა დიდია. აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინას აქვს კარგი მოსავალი. ის სიმინდის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია და გასაყიდად მთელ მსოფლიოში გააქვს. რეგიონში ჩვენგან შესაძლოა გაიტანოს სომხეთმა და ირანმა, თურქეთსაც უკრაინიდან მოაქვს, აზერბაიჯანს თავად კარგი მოსავალი აქვს წლეულს. 100 ათასი ტონა არ არის იმდენად დიდი რაოდენობა, რომ მოთხოვნის არსებობის პირობებში, მისი ბაზრიდან გატანა გაჭირდეს. მაგრამ სიმინდი ცოტა რთული შესანახი კულტურაა, საექსპორტო მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდეს, განსაზღვრულ კონდიციამდე უნდა გაშრეს, სიმინდის საექსპორტო ფასს ბაზარი არეგულირებს. თებერვალში სიმინდის ფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, რა პროგნოზები კეთდება ნათესების მიხედვით, ახალი მოსავლის შესახებ. თუ პროგნოზი კარგია, მაშინ ფასი იკლებს, და პირიქით.

სიმინდის კონკურენტი საფურაჟე ხორბალია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მესაქონლეობაში საკვებად. ადგილობრივად მოწეული ხორბლის მნიშვნელოვანი ნაწილი საფურაჟეა, ამიტომ ადგილობრივ მოთხოვნას აკმაყოფილებს და იმპორტით არ შემოდის. ახლა საფურაჟე ხორბლისა და სიმინდის ფასი თითქმის თანაბარია. სიმინდი ძირითადად დასავლეთ საქართველოში მოჰყავდათ, ისიც სასურსათო მოხმარებისთვის".

ციფრების ენით

- წლევანდელი 7 ნოემბრის მონაცემებით, უკრაინაში 52,4 მლნ ტონა სიმინდის მარცვალი მოიწიეს, რაც თითქმის 30%-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე.

- უკრაინაში ტონა სიმინდის ფასი 1750 გრივნაა (დაახლობით 360 ლარი).

- აზერბაიჯანში წლეულს 2,4 მლნ ტონა მარცვლეულის, მათ შორის სიმინდის, აღებას ვარაუდობენ.

- აშშ-ს ყოველწლიურად საშუალოდ 40 მლნ ტონა სიმინდი გააქვს ექსპორტზე.