შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება? - კვირის პალიტრა

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება?

"ერთი და იმავე ტვირთის სომხეთიდან საქართველოში წამოღება უფრო იაფია, ვიდრე საქართველოდან სომხეთში წაღება"

საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო სისტემის ნაწილია. ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით, ჩვენს ქვეყანას შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს მეზობელი ქვეყნები და ტვირთები გაატაროს, რაც ნიშნავს საგრძნობი შემოსავლის მიღებას. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები შეუძლებელია სატრანსპორტო გადაზიდვების გარეშე. ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარეობაა დღეს ამ სფეროში და მინიგამოკითხვაც მოვაწყვეთ. ცნობისთვის, ამ სფეროში სულ 20 ათასამდე სატვირთო ავტომობილი და მძღოლია დასაქმებული.

ნონა ბურდული (შპს "ინსტრა პლუსის" ფინანსური მენეჯერი): "ჩვენ საერთაშორისო გადაზიდვებზე ვმუშაობთ, ძირითადი პარტნიორი უკრაინაა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის გემის გადასახადია. ეს ამ ბიზნესით დაკავებული ყველა კომპანიისთვის მძიმე ტვირთია. ზოგჯერ გემის გადასახადი იმდენად დიდია, ნებისმიერი ორგანიზაცია შეიძლება ხერხემალში გადატეხოს. გადაგვიხდია $1500-1600, 2700-ცა და მეტიც, გააჩნია ტვირთის რაოდენობას. ამას ემატება სხვადასხვა სახის გადასახადები, რის გამოც ჩვენს მოგებას ყოველთვიურად სოლიდური თანხა აკლდება.

მაკა ჯაფარიძე ("ათელ ტრანსპორტ კომპანის" იურისტი): "ტვირთს ძირითადად თურქეთიდან საქართველოში ვეზიდებით. ვიხდით საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადს, მოგებისა და ქონების გადასახადსაც. საკმაო თანხის გადახდა გვიწევს. გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ ტვირთი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან, მაგალითად, სომხეთიდან მოდის, უფრო ნაკლებად იბეგრება, ვიდრე საქართველოდან გასული. რატომღაც, ერთი და იმავე ტვირთის წამოღება სომხეთიდან საქართველოში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აქედან დატვირთვა და წაღება. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ქვეყნებზეც. ბუნებრივია, ამით ქართული ბიზნესი ბრკოლდება და ზარალდება. უნდა გითხრათ, გადასახადი საკმაოდ მაღალია... ბუნებრივია, ქვეყანაში უკეთესი ბიზნესგარემო რომ იყოს და რეალური კონკურენცია არსებობდეს, ჩვენთვისაც უკეთესი იქნებოდა".

რევაზ უჩანეიშვილი (შპს "ჯორჯიან გლობალ ფორვარდინგის" პროექტების მენეჯერი): "ეს კომპანია მე და მამაჩემმა დავაფუძნეთ. ვთანამშრომლობთ უცხოურ ფირმებთანაც, ისინი ჩვენი აგენტები და პარტნიორები არიან. საერთაშორისო გადაზიდვებს ვასრულებთ როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზებით. კონკურენცია ძალიან დიდია, თუმცა სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ. თუ უცხოურ ფირმას საქართველოში ბიზნესის წამოწყება სურს, უნდა დარეგისტრირდეს, როგორც რეზიდენტი და ქართული კომპანიების მსგავსად დაიბეგროს. გამონაკლისს ამ მხრივ არც ჩვენი ფირმა წარმოადგენს".

ზაზა ავალიანი (სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი): "ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად საერთაშორისო გადაზიდვებს აკონტროლებს, შიდა გადაზიდვები არ გვეხება, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვა დაუბრკოლებლად შეიძლება. საერთაშორისო გადაზიდვებს დაახლოებით 2 ათასამდე სუბიექტი მისდევს. ძალიან ბევრია წვრილი ფირმა, რომელსაც ერთი ან ორი მანქანა ჰყავს და ძირითადად მოკლე რეისებზე მუშაობს. მოქმედებს რამდენიმე ათეული მსხვილი ფირმაც. რეისები სრულდება როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებშიც, მაგრამ ყველაზე ინტენსიური თანამშრომლობა თურქეთთან გვაქვს. შემდეგ მოდის გერმანია, იტალია, პოლონეთი, უკრაინა. ტვირთის გადაზიდვის ნებართვას მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ ფირმებს ვაძლევთ. ნებისმიერ იურიდიულ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს საქართველოში და ბიზნესი წამოიწყოს, მაგრამ უნდა გადაიხადოს ყველა ის გადასახადი, რომელიც კანონით მოეთხოვება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო გადაზიდვები ექსპორტის რანგში გადის და როგორც საექსპორტო საქონელი, შედარებით ნაკლებად იბეგრება".

ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სფეროში 20 ათასამდე სატვირთო ავტომობილი და ამდენივე მძღოლია დასაქმებული, ხოლო ფირმებში მომსახურე პერსონალის რაოდენობა ფირმის ზომითა და მანქანების რაოდენობით განისაზღვრება. 2009 წელს გადაზიდული ტვირთის 60% საავტომობილო ტრანსპორტზე მოდიოდა, სარკინიგზოზე - 35%, 2010 წელს სატვირთო გადაზიდვების 61% ავტომობილების მეშვეობით განხორციელდა, ხოლო 39% - რკინიგზით. ავიაციასა და საზღვაო ტრანსპორტს ტვირთზიდვაში ძალიან მცირე წილი უჭირავს, ისევე, როგორც მგზავრთა გადაყვანაში. ამას ისიც განაპირობებს, რომ ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემების რაოდენობა შეზღუდულია.

ხათუნა ჩიგოგიძე