როგორ აღმოაჩინეს "გემრიელი ამერიკა" საბჭოთა ხალხისთვის - კვირის პალიტრა

როგორ აღმოაჩინეს "გემრიელი ამერიკა" საბჭოთა ხალხისთვის

ბაზრობებსა თუ სუპერმარკეტებში თვალში მუდამ მხვდება ამ ლოგოს მქონე პროდუქტი - მიქოიანის ძეხვი, მიქოიანის სოსისი, მიქოიანის მაიონეზი. "რა შუაშია სტალინის დროინდელი მინისტრი თანამედროვე პროდუქციასთან?" - გაკვირვებულს ეს კითხვა ამკვიატებია. ხოლო როცა ინტერნეტში ამ მასალას გავეცანი, ჩემი გაკვირვება გაოცებაში გაიზარდა.

1936 წლის ზაფხულში სსრკ-ის კვების მრეწველობის სახალხო კომისარი ანასტას მიქოიანი მეუღლესა და ხუთ ვაჟიშვილთან ერთად სოჭში შვებულებისთვის ემზადებოდა. მაგრამ სტალინისგან მოულოდნელობა ელოდა: "რა უნდა სოჭში? არ სჯობს, აშშ-ში წავიდეს და იქაური კვების მრეწველობა შეისწავლოს. ცოლი ვერ გაუგებს? ცოლიც თან წაიყვანოს, ბიჭუნებს კი ყირიმში დაასვენებენ". ფულს იმდენს დაჰპირდნენ, რამდენსაც მოისურვებდა - მოწონებული ტექნიკის საყიდლად. ათი კაცი თანმხლებად გააყოლეს. ასე ამოყო თავი მიქოიანმა მეუღლე აშხენთან ერთად სოჭის პლაჟის ნაცვლად ამერიკაში.

"წიგნი გემრიელ და ჯანსაღ საკვებზე"

მოგზაურობიდან სამი წლის თავზე მიქოიანის უშუალო მონაწილეობით გამოვიდა "წიგნი გემრიელ და ჯანსაღ საკვებზე", სადაც ჩანდა მოწიწება ამერიკული გამოცდილებისადმი და მისი საბჭოეთში გადმოტანის სურვილი. იყო ასეთი ციტატებიც: "სასარგებლოა კარგი ამერიკული ჩვევის გახსენება: პირველი საუზმისას სხვადასხვა ხილის მირთმევა". სტალინის სიტყვებიც იყო დამოწმებული, რომ საჭირო იყო რუსული რევოლუციური გაქანების შერწყმა ამერიკულ საქმიან თვისებებთან. წიგნი საბჭოეთში არაერთხელ გამოიცა, მაგრამ 1952 წლის გამოცემაში აღარ იყო ამერიკის ხსენება, 1954 წელს - სტალინის, 1974 წელს კი თვით მიქოიანისა. თითქოს ცნობილი ამერიკული მოგზაურობა არც ყოფილა, თითქოს მას არ ჩამოეტანოს და დაენერგოს საბჭოთა ადამიანების ცხოვრებაში უამრავი ამერიკული პროდუქტი თუ ტექნოლოგია, ფილედან - ნაყინამდე.

საბჭოთა ნაყინი არც არსებობდა. მიქოიანის დელეგაციამ ნაყინი აშშ-ში დააგემოვნა და რამდენიმე სახეობის დამზადების რეკომენდაცია გასცა. ეს იყო ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი პლომბირი, კრემ-ბრიულე, ესკიმო, ხილის... ქარხნული ნაყინი საბჭოთა კავშირში 1937 წლის 4 ნოემბერს გამოჩნდა. მანამდე ნაყინს კუსტარულად, ხელით ამზადებდნენ, აშშ-დან საჭირო დანადგარების ჩამოტანის შემდეგ ნაყინის პირველი ფაბრიკა აიგო. უნდა ითქვას, რომ ამ ნუგბარის ხარისხი მკაცრად კონტროლდებოდა. ნაყინების დამზადებისას უმთავრესი იყო ნატურალური პროდუქტი, მხოლოდ რძის ცხიმი და არავითარი კონსერვანტი!

სწორედ ანასტას მიქოიანი იცავდა ნაყინის ნამდვილ ამერიკულ ხარისხს მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, სანამ თავად ინარჩუნებდა გავლენას პოლიტიკურ ოლიმპზე. ნაყინის რეცეპტურასთან დაკავშირებით მცირე "ცუღლუტობაც" კი გამორიცხული იყო. 1966 წელს, ხელისუფლებაში ბრეჟნევის მოსვლის შემდეგ, რომელსაც მიქოიანი არ უყვარდა, ნაყინის დამზადების უფლება რეგიონებს გადასცეს და "მიქოიანისეული" ნაყინიც წარსულს ჩაჰბარდა. 1986 წელს ძველი სისტემა საბოლოოდ დაინგრა - ნაყინს ამზადებდნენ "ტექნიკური პირობებით" - ქიმიური არომატიზატორებით, სტაბილიზატორებითა და სხვა დანამატებით. ანუ სწორედ ისეთს, როგორსაც დღეს მივირთმევთ.

ლეგენდა "პროვანსალზე"

1936 წელს ჩიკაგოს სოფლის მეურნეობის გამოფენაზე მიქოიანი მაიონეზის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო. ის მაიონეზის ქარხანას ეწვია და ხელშეკრულება გააფორმა სსრკ-ში ამერიკული ტექნოლოგიით მაიონეზ "პროვანსალის" დამზადებაზე. ამ საბჭოთა-ამერიკულმა პროდუქტმა მრავალ ქარტეხილს გაუძლო, დიდ სამამულო ომსა თუ კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის ეპოქას, სტალინის, ხრუშჩოვის, ბრეჟნევის ერათა დასასრულს. ნახევარი საუკუნის განმავლობაში "პროვანსალი" საბჭოთა სუფრა-ნადიმების განუყოფელი ნაწილი შეიქნა, საახალწლო ან დაბადების დღის სუფრები იქნებოდა, ქელეხები, თუ წითელ არმიაში გაცილების ტრაპეზები.

KvirisPalitra.Geშამპანური მასებისთვის

განთქმული "საბჭოთა შამპანურის" გამოჩენას წინ საინტერესო ისტორია უძღოდა. დიდი ბელადი "წუხდა", რომ ‘საბჭოთა სტახანოველები და ინჟინრები, ასევე სხვა მშრომელები, უკვე ბლომად ფულს გამოიმუშავებენ. ერთხელაც შამპანურის ყიდვა რომ მოისურვონ (და სავსებით დამსახურებულადაც), შეძლებენ კი ამას? შამპანური ხომ მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოა! მერედა, რატომ უნდა იყოს ის საბჭოთა ადამიანისთვის ხელმიუწვდომელი?"

1936 წელს, მიქოიანის, ანუ კვების მრეწველობის თავკაცის ინიციატივით, ცკ-მა მიიღო დადგენილება, გამოეშვათ დიდი რაოდენობით "საბჭოთა შამპანური". ხუთ წელიწადში 12 მილიონი ბოთლი სასმლის დამზადება ტრადიციული საშუალებებით შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყდა, ეჟენ შარმის მიერ 1907 წელს გამოგონებული მეთოდი გამოეყენებინათ. ახლა უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ "შამპანურის", უფრო სწორად, შუშხუნა ღვინის, უდიდესი ნაწილის დავარგება არა ტრადიციულად, ბოთლებში ხდება, არამედ უზარმაზარ რეზერვუარებში მზადდება.

აშშ-ში ყოფნისას ოკლენდის "გაზიანი შამპანურის" ქარხნის მონახულებამ მიქოიანი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ გემრიელი და შედარებით იაფი სასმელი სწორედ ამ ტექნოლოგიით უნდა დამზადებულიყო. ახალი საქმის გაძღოლა დაევალა ჯერ კიდევ მეფის რუსეთში ცნობილ მეღვინე ანტონ ფლოროვ-ბაგრეევს, რომელმაც იტალიურ-ამერიკული მეთოდი საბჭოთა პირობებს მიუსადაგა. საჭირო დანადგარების პირველი კომპლექტი (როსტოვის ქარხნისთვის) ფრანგულ ფირმა ‘შოსეპს" დაუკვეთეს.

"საბჭოთა შამპანურის" მასობრივი გამოშვება 1937 წელს დაიწყო. მიქოიანის თქმით, სტალინს არ უყვარდა "მშრალი" და "ბრუტი", აი, "ნახევრად ტკბილსა" და "ტკბილს" კი სიამოვნებით მიირთმევდა. მალე საბჭოთა შამპანური ნამდვილი "სახალხო სასმელი" გახდა, ახალი წელი და ქორწილი უიმისოდ წარმოუდგენელი იყო. აბა, ის სხვა, ნამდვილი "ჩვენთან" უბრალოდ, არ არსებობდა.

პური უკეთესმა მეპურემ უნდა გამოაცხოს

საბჭოთა კავშირს, პურის დიად მომყვან-მწარმოებელს, თითქოს ამ მხრივ მაინც არაფერი სჭირდა ამერიკის მისაბაძი. არადა, თურმე სჭირდა და თანაც როგორ! მიქოიანი წერდა, რომ საცხობები მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, ანუ ქალაქელებს აწვდიდა გამომცხვარ პურს, სოფლად კი ოჯახებში აცხობდნენ. სრულიად საბჭოეთის ქარხნული პურით უზრუნველყოფა ლამის რევოლუციის ტოლფასი გახლდათ.

აშშ-ში პურის ქარხნები მთლიანად მექანიზებული იყო. ადამიანის ხელი პურს არ ეხებოდა, ყველაფერი ტექნიკით იმართებოდა. რაღა საჭირო იყო ველოსიპედის ხელახლა გამოგონება? საბჭოთა დელეგაციამაც ამერიკიდან ახალი ტექნოლოგიები ჩამოიტანა, მათ შორის, ფუნთუშების ცხობისა, რასაც მანამდე ხელით ამზადებდნენ. უფროს თაობას ემახსოვრება 80-იან წლებამდე მოღწეული 7-კაპიკიანი, უგემრიელესი ფუნთუშა "ქალაქური", მაგრამ, რასაკვირველია, მაშინ არაფერი იცოდა მის "ამერიკულ წარმოშობაზე".

ჩიკაგოში კომისარ ანასტასს კიდევ ერთი აღმოჩენა ელოდა. "ჯენერალ ელექტრიკ კომპანიში" სტუმრობისას გაოცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ ერთ-ერთი საწარმო ყოველწლიურად 100 ათასზე მეტ საოჯახო მაცივარს ამზადებდა. ის დიდი მოწონებით სარგებლობდა მოსახლეობაში. აშშ-დან დაბრუნებული მიქოიანი ცდილობდა სტალინის დარწმუნებას, რომელიმე ავტოქარხნის ბაზაზე საყოფაცხოვრებო მაცივრების წარმოება დაეწყოთ. სტალინი არ დათანხმდა, საბჭოეთის უმეტეს ტერიტორიაზე ზამთარი ისედაც ხანგრძლივი და მკაცრია და მაცივარი ნაკლებად სჭირდებათ, სამხრეთში კი ხალხი საკვებს ყინულში ან სარდაფებში ინახავსო. გადამწყვეტი კი აღმოჩნდა არგუმენტი, რომ ავტოქარხნები თავდაცვის დაკვეთებზე მუშაობდნენ და მათი მოცდენა არ ღირდა.

უნდა ითქვას, რომ 1933 წელს "ჯენერალ ელექტრიკის" მაცივარი ჰქონდა შინსახკომის კომისარ კიროვს. იმავე ფირმის მაცივარი ჰქონდა თავად მიქოიანსაც (30-იანი წლების დასაწყისში ის იმდენივე ღირდა, რამდენიც "ფორდის" ორი ავტომობილი). საბოლოოდ, ამერიკული მოდელის მიხედვით დამზადებული პირველი საბჭოთა მაცივარი 1939 წელს გამოჩნდა, მასობრივი წარმოება კი ათი წლის შემდეგ დაიწყო.

როგორ არ გაჩნდა "მაკდონალდსი" სსრკ-ში

1936 წელს, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას, მიქოიანის ყურადღება მიიპყრო ადგილობრივი "საზკვების" შესანიშნავმა პროდუქტმა, რომელსაც უშუალოდ ქუჩაში ამზადებდნენ. ანასტასი აღტაცებით შესცქეროდა გამყიდველს, რომელიც ორივე მხრიდან წვავდა კატლეტს, დამწნილებულ კიტრთან ერთად გაჭრილ ფუნთუშაში დებდა და ტომატს ამატებდა. მიქოიანმა მაშინვე შეუკვეთა კატლეტის დასამზადებელი 25 მანქანა, რომლებსაც დღეში 2 მილიონი "საბჭოთა ჰამბურგერის" დამზადება შეეძლო. სახალხო კომისარმა შეიძინა ჰამბურგერის გასაცხელებელი მოწყობილობები და ფუნთუშების დასამზადებელი ქარხანაც.

ჰამბურგერს გაზიანი სასმელის გარეშე რა გემო აქვს? კვების კომისარი გაზიანი სასმლების მაღალხარისხიანი ექსტრაქტის შეძენითაც დაინტერესდა, შეისწავლა "კოკა-კოლას" დამზადების პროცესი, თუმცა საკმარისი თანხის უქონლობის გამო ეს საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ჰამბურგერები სსრკ-ში 1937 წელს გამოჩნდა, "კოკა-კოლას" რეცეპტის გაყიდვა კი ამერიკელებმა არ ისურვეს, მხოლოდ ექსტრაქტს სთავაზობდნენ. მიქოიანი ამაოდ ოცნებობდა, რომ საბჭოთა მოქალაქეს ცალ ხელში ჰამბურგერი სჭეროდა, მეორეში კი "კოკა-კოლას" სანუკვარი ბოთლი... შეგახსენებთ, რომ პირველი "მაკდონალდსი" აშშ-ში მხოლოდ 1940 წლის 15 მაისს გაიხსნა.

ვისას ვჭამდით და ვსვამდით?

სტალინის ‘საყვარელმა სახკომმა" საბჭოთა ხალხს არა მარტო ნაყინი, ჰამბურგერი, შამპანური, მაიონეზი და ფუნთუშები აგემა, არამედ შეისყიდა ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის საკონსერვო, ასევე ხილის წვენების ჩამომსხმელი ქარხნები (პროდუქციის რეცეპტურასთან ერთად). სწორედ მიქოიანმა შეისყიდა ორცხობილის, ბისკვიტის, კანფეტებისა და შოკოლადის ფაბრიკები. ამერიკის წყალობით მოხვდა საბჭოეთში მოხარშული ძეხვი, სიმინდის ფანტელი, კეტჩუპი, შესქელებული და მშრალი რძე, ჩაისა და ყავის შესაფუთი დანადგარები. სსრკ-ში გაჩნდა ჭარხლიდან შაქრის დამამზადებელი ამერიკული ქარხნები, ძროხების საწველი აპარატები, პროდუქტის სწრაფი გაყინვის ტექნოლოგია, "მშრალი ყინული" და საყოფაცხოვრებო მაცივარი...

ამერიკაში გატარებული ორი თვე საბჭოთა დელეგაციისთვის ერთობ ნაყოფიერი აღმოჩნდა. არასრული უმაღლესი განათლების მქონე მიქოიანს ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მისცემდა იმდენს, რამდენიც სოჭში დასვენების ნაცვლად ამერიკაში მოგზაურობამ მისცა.

...ამიერიდან თქვენც აღარ აიჩეჩთ მხრებს გაოცებით: "რა შუაშია თანამედროვე მაიონეზი და მიქოიანი?"

მოამზადა ნატა ენუქიძემ