ბიუჯეტი "თავისუფალია" - კვირის პალიტრა

ბიუჯეტი "თავისუფალია"

"სისტემა იმაზეა აწყობილი, როდის რომელი ხელისუფალი რას გადაწყვეტს და საბიუჯეტო თანხებიც ისე დაიხარჯება"

"სხვა ხარჯები" - როგორც წესი, ამგვარი კლასიფიკაციით სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტებში საკმაოდ მსუყე ლუკმაა აღნიშნული. შესაბამისად, ცოტა ვინმემ თუ იცის, შემდეგ თანხა რისთვის იხარჯება. გამონაკლისი არც მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტია, სადაც ‘სხვა ხარჯებისთვის" მილიარდ ლარამდეა გაწერილი და არც თბილისის ბიუჯეტი, რომლის 53% აგრეთვე ბუნდოვანი ‘სხვა ხარჯებისა" და არაფინანსური აქტივობებისთვის დაიხარჯება.

საკრებულოს წევრმა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, თბილისის მომავალი წლის 648-მილიონიან ბიუჯეტს კორუფციულად საშიში უწოდა. საკრებულოს ოპოზიციური ფრთა ქალაქის მთავრობისგან ბიუჯეტის დაზუსტებასა და უფრო მეტ დაკონკრეტებას მოითხოვს, რათა, სულ ცოტა, ის მაინც გახდეს ცნობილი, რა თანხა დაიხარჯება დედაქალაქის სალაროდან კონკრეტული სოციალური თუ ჯანდაცვის პროექტებისთვის.

თინა ხიდაშელი (თბილისის საკრებულოს წევრი): "ბიუჯეტში უამრავი ე.წ. ფარული მუხლია, რომელიც არ იძლევა წარმოდგენას, რა პრინციპით დაიხარჯება ბიუჯეტი და რა პრინციპით უნდა გააკონტროლო ხარჯვა. ჩემთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის, თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, არასამთავრობოებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის, მთავარი ამოცანა ის არის, რომ ქალაქის ბიუჯეტი, ისევე როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და მისგან სარგებელი მიიღოს ყველამ, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. შესაბამისად, უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რა ტიპის ბიუჯეტია და რას უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, ქალაქის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულოში განსახილველად წარმოადგინეს, ამ თვალსაზრისით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ბიუჯეტის მუხლები სულ რამდენიმე პარამეტრისგან შედგება. აქ არის დებულებები სახელფასო ხარჯის, საქონლისა და მომსახურებისთვის (საკანცელარიო ნივთები, ავეჯი და სხვ.), ამას მოსდევს ‘სხვა ხარჯები" და ე.წ. კაპიტალური ხარჯები, რასაც ახლა არაფინანსური აქტივობები ჰქვია. სოციალურ პროგრამებზე კი ბიუჯეტში არაფერია გაწერილი. თქვენ, როგორც მოქალაქეს, არ გეცოდინებათ, მაგალითად, ჯანდაცვის სექტორში რომელი პროგრამა რა თანხით ფინანსდება. წარმოდგენა არ გვაქვს ჩვენც, საკრებულოს წევრებსაც, როცა ბიუჯეტს ოფიციალურ სხდომაზე შემოიტანენ, რა შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტულ სამედიცინო პროგრამასთან დაკავშირებით. მთელი ეს სისტემა იმაზეა აწყობილი, როდის, რომელი ხელისუფალი რას გადაწყვეტს, რომ საბიუჯეტო თანხებიც ამ მიმართულებით დაიხარჯოს. წინასაარჩევნოდ თუ დასჭირდათ, რომ კონკრეტული მიმართულებით მეტი ფული უნდა დახარჯონ, იქით მიმართავენ ხარჯებს. ეს სქემა ყველაზე კარგად "სოციალურ ხარჯებში" მუშაობს. უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც სოციალური ხარჯები განკუთვნილი იყო არა რეალური საჭიროებების, არამედ არჩევნებისას დამსახურებების მიხედვით: ვინ უფრო მეტი ხმა მოაგროვა და სხვ. არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ამის განმეორების შესაძლებლობა. ეს ბიუჯეტი კი, რომელიც ახლა შემოიტანეს, ამის ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა.

- ბოლო წლების განმავლობაში მერია გვარწმუნებს, რომ ქალაქის ბიუჯეტი მოქალაქეებთან ერთად იგეგმება. ამ პროგრამას "ერთად დავგეგმოთ ბიუჯეტი" უწოდეს...

- როდესაც ვამბობ, რომ ეს ძირითადად "საარჩევნო ბიუჯეტია" და არა რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებული, თქვენი კითხვის შინაარსი ამას ყველაზე კარგად ასახავს. როცა ბიუჯეტი 11 ნოემბერს უკვე ხელმოწერილი წარმოადგინეს საკრებულოში განსახილველად, ნაცმოძრაობის აქტივისტები განსაკუთრებული მოწადინებით დადიოდნენ ოჯახ-ოჯახ და ე.წ. კვლევას აწყობდნენ მოსახლეობის დამოკიდებულებისას საბიუჯეტო პროცესთან: რა მოსწონთ, რა არა და რის შეცვლას ისურვებდნენ. ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ სინამდვილეში არავის აინტერესებს ხალხის აზრი და მათი პრობლემები. დარწმუნებული ვარ, თბილისში ვერავის ნახავთ, ვინც იტყვის, რომ სწორედ ის უნდა, რაც დღეს ბიუჯეტში წერია. რა შეიძლება იმაზე უფრო მეტად უნდოდეთ თბილისელებს, ვიდრე დასაქმება და სოციალური პროგრამებია. ამ ბიუჯეტში კი სოციალურ პროგრამები, შარშანდელ ბიუჯეტთან შედარებით, შემცირებულია (6 მილიონი ლარით).

- საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გიპასუხათ, რომ საკმარისად კარგად არ იცნობთ ბიუჯეტის კლასიფიკაციას და თქვენი შეფასება ნაადრევია...

- ბიუჯეტი ხომ ძირითადად რიცხვებია. თუ მისი წაკითხვა იცი, ყველაზე ადვილი დოკუმენტია რამის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად. თავად ეს რიცხვები, შესრულების ანგარიშები მეტყველებს ყველაფერზე. ბიუჯეტი რომ დეტალურად არ არის გაწერილი, ეს შემდეგ ქმნის ისეთ პრობლემებს, როგორიც წლევანდელი ცხრა თვის მონაცემებით ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში გვაქვს.

მერიაში დაგროვილია უამრავი განცხადება, სადაც მოქალაქეები ქირურგიული ოპერაციების დაფინანსებას ითხოვენ. მათ უარს იმ მიზეზით ეუბნებიან, რომ ბიუჯეტში ფული აღარ აქვთ. რეალურად კი ჯანდაცვის ბიუჯეტი, ცხრა თვის მონაცემებით, შესრულებული არ არის. ცხრა მილიონი ლარი დააკლეს ჯანდაცვის პროგრამებს და რისთვის გამოიყენეს, არავინ იცის. ამ პრინციპით ნებისმიერ დროს გეტყვიან, რომ ფული აღარ აქვთ და სხვა მიზნით გამოიყენებენ. ვერც შეედავები, რადგან არ იცი, კონკრეტულად რომელი პროგრამა რა თანხით იყო დაფინანსებული და რამდენი დაიხარჯა.

მაგალითად, წლეულს თბილისის მერიამ 207 ავტომობილი შეიძინა, სამაგიეროდ, ათი მილიონი დააკლო სოციალური პროგრამების დაფინანსებას. რამდენიმე დღის წინ კი დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილას სიურპრიზად დაგვიდგეს რაღაც "საოცრება" ველოსიპედი. მოგწონს თუ არა - რა მნიშვნელობა აქვს, ამგვარი ღონისძიებებისთვის ფული არ ენანებათ.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იმასაც ამბობდა, რომ ‘სხვა ხარჯებში" სახურავებისა და ლიფტების შეკეთების დაფინანსებაც არის თურმე განსაზღვრული, რაც აბსურდია, რადგან ამხანაგობებისთვის ცალკე საბიუჯეტო მუხლია. ასე რომ, სინამდვილეში რა არის ის ‘სხვა ხარჯები" და არაფინანსური აქტივობები, რაც ჯამში ქალაქის ბიუჯეტის 53%-ია, სამწუხაროდ პოსტ ფაქტუმ, მისი შესრულების ანგარიშში გამოჩნდება".