შეუძლია თუ არა მილიარდერს ხალხის დასაქმება და როგორ - კვირის პალიტრა

შეუძლია თუ არა მილიარდერს ხალხის დასაქმება და როგორ

იმ ადამიანების შთამბეჭდავი და მრავალრიცხოვანი სიების გამოქვეყნებას, ვინც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდიდან ფულად დახმარებას იღებდა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.მკითხველები მოსაზრებებს ამ თემაზე მთელი კვირის განმავლობაში გვიზიარებდნენ საიტზე www.kvirispalitra.ge. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბიზნესმენის მიერ საქველმოქმედოდ გაღებული ფულის დიდი ნაწილი არაეფექტურად გაიხარჯა და უკეთესი იქნებოდა ამ ფულის რეალურ ეკონომიკაში დაბანდება და ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობის შემცირება.

შეუძლია თუ არა მილიარდერს დაასაქმოს ხალხი და როგორ? - ასეთი კითხვით ეკონომიკის ექსპერტებს მივმართეთ.

KvirisPalitra.Geდავით ნარმანია (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "დასაქმების ორი გზა არსებობს. მილიარდერს შეუძლია ხალხი დაასაქმოს სხვადასხვა პროგრამისა თუ ღონისძიების დაფინანსებით და ამ გზით დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი. მათ შორის, მაგალითად, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების ამაღლების პროგრამების დაფინანსებით. ამ გზას თუ არ აირჩევს, უმუშევრობის შემცირებას შეუძლია ხელი შეუწყოს კონკრეტულ ეკონომიკურ აქტივობებში ინვესტიციების დაბანდებით. დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ეს ორი ყველაზე რეალური და გამოცდილი გზა არსებობს".

დემურ გიორხელიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "სამუშაო ადგილები შეიძლება შექმნას კერძო პირმა. თუ მილიარდერს აქვს ბიზნესი კონკრეტულ ქვეყანაში, ფლობს და ამუშავებს საწარმოებს, ბუნებრივია, სამუშაო ადგილებსაც ქმნის. სხვაგვარად როგორ უნდა დაასაქმოს ადამიანები? ასეა მთელ მსოფლიოში და ასე უნდა იყოს საქართველოში".

KvirisPalitra.Geგია ხუხაშვილი (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "დასაქმება დამოკიდებულია ეკონომიკურ ხედვასა და ვითარებაზე, რაც ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს. პირადი ქონება არ უნდა იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში დასაქმების განმსაზღვრელი. გასაგებია, რომ კითხვის კონტექსტში ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება. მისი მთავარი აქტივი ამ შემთხვევაში მხოლოდ მისი კაპიტალი კი არ არის, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ამ კაპიტალის დაგროვებას პრეისტორია აქვს და საფუძვლად უდევს ივანიშვილის ფილოსოფია ეკონომიკური ურთიერთობებისადმი. მთავარი ფასეულობა და კაპიტალი ის ხედვაა, რომლითაც ქართული ეკონომიკა ამუშავდება და ყველას ექნება ღირსეული შემოსავლები. პრიორიტეტი უნდა იყოს არა სოციალური პროექტები, არამედ დასაქმების პროექტები. ამ ადამიანმა საკმარისი თქვა იმისთვის, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მხოლოდ მატერიალური კაპიტალი კი არ დაუგროვებია, არამედ აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინტელექტუალური კაპიტალი და ზუსტად ეს არის გარანტი, რომ მომავალში სამუშაო ადგილებს შექმნის. მან საქმით დაამტკიცა, რომ შეუძლია ძალიან სერიოზული ეკონომიკური სისტემები აამუშაოს და ახლა გვეუბნება, რომ თავის გამოცდილებას საქართველოს მოახმარს. მერწმუნეთ, ეს გამოცდილება მის მილიარდებზე ნაკლები აქტივი ნამდვილად არ არის".

ნოდარ ჭიჭინაძე (ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): "ამ კითხვის პასუხი იქიდან გამომდინარეობს, თუ ვინ იგულისხმება მილიარდერში - ბიზნესმენი თუ მილიარდერი, რომელიც პოლიტიკაში მიდის? თუ ის ბიზნესშია, ერთადერთი გზა ხალხის დასასაქმებლად კონკრეტულ საწარმოებში ინვესტირებაა. აქამდე არც ერთ ქართველს მილიარდერს ან თუნდაც მილიონერს საქართველოში წარმოება არ გაუხსნია და ეკონომიკის რეალურ სექტორში ფული არ დაუბანდებია. პირველ რიგში, დიდ ფულს არ აბანდებდნენ პოლიტიკური რისკის გამო. იმის გამო, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტერორი აეცილებინათ თავიდან, რადგან ასეთ პირობებში აქტივების დაკარგვის რისკი საკმაოდ მაღალია. მოგეხსენებათ, საქართველოში პოლიტიკური ნებით ნებისმიერი ბიზნესის დისკრედიტება შეიძლება და ნებისმიერ ბიზნესს შეგიძლია შეუქმნა საფრთხე.

თუ მილიარდერი პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, მაშინ უმუშევრობის დასაძლევად მან შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გაატაროს. ასეთ შემთხვევაში უფრო საფუძვლიანი და ფუნდამენტური მიდგომაა საჭირო".

KvirisPalitra.Geირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ადამიანი რომ მილიარდერი და დიდი კაპიტალის მფლობელია, არ ნიშნავს, რომ მან მასობრივად ხალხის დასაქმებაზე უნდა იზრუნოს. ყველაზე მეტი, რის გაკეთებაც შეუძლია, თავის კომპანიებში კვალიფიციური კადრების მაქსიმალურად მოზიდვაა. დასაქმებულთა რიცხვის ხელოვნურად გაზრდა, რაკიღა დიდი კაპიტალი აქვს, ყოველთვის არაეფექტურია და ცუდად მთავრდება. ამის ბევრი მაგალითი იყო ჩვენთანაც და ქვეყნის გარეთაც. გავიხსენოთ თუნდაც მთავრობის ინიცირებული ე.წ. დასაქმების პროგრამები, რასაც არანაირი შედეგი არ მოუცია. ხალხი მხოლოდ იმიტომ დაასაქმო, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ვინაიდან ბევრი კაპიტალი გაქვს და ყველა აიყვანო სამუშაოდ, იმსახურებს ამას თუ არა - ეს უფრო სოციალისტურ იდეას ჰგავს და ასე ცივილიზებულ ქვეყნებში არ იქცევიან. ხალხის დასაქმება ეკონომიკური ეფექტის მომცემი უნდა იყოს და ფასადურ პროექტს არ უნდა დაემსგავსოს".

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "მილიარდერი არ ნიშნავს იმას, რომ ის სამუშაო ადგილებს ქმნის. მეწარმე უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, ბიზნესი უნდა ქმნიდეს დასაქმების პოტენციალს. თუ მილიარდერს, როგორც ცალკე აღებულ კატეგორიას განვიხილავთ, ის მხოლოდ მაშინ ასაქმებს ხალხს, როცა ავითარებს წარმოებას, აფართოებს ბიზნესს. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი მილიარდერია, მაგრამ ის რეალურად ადამიანებს ვერ ასაქმებს. საქართველოში არაერთი წვრილი, საშუალო თუ მსხვილი მეწარმეა, ვინც დასაქმების თვალსაზრისით გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე თუნდაც ერთი მილიარდერი. თუ მილიარდერი ეკონომიკურ საქმიანობას მისდევს, მაშინ შესაძლოა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ხალხის დასაქმება შეუძლია, მაგრამ თუ მას მილიარდებად შეფასებული აქტივები აქვს, ის დასაქმების გარანტი ვერ იქნება".