პრივატიზებული ქონების ჩამორთმევა, ზოგადად, სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება - კვირის პალიტრა

პრივატიზებული ქონების ჩამორთმევა, ზოგადად, სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება

ჩამოართმევენ თუ არა კანონდარღვევით პრივატიზებულ ქონებას ამჟამინდელ მეპატრონეებს? - ეს კითხვა პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში სულ უფრო ხშირად გაისმის. კონკრეტული კანონპროექტი ამის შესახებ ჯერ არავის უნახავს, მაგრამ ყურმოკვრით ყველას სმენია, რომ მთავრობა ახალ ინიციატივას ამზადებს, რომლის თანახმად, პრივატიზებული ქონების ჩამორთმევის პროცედურა მარტივდება.

როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და ჯერ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს საკითხი სამთავრობო წრეებში ინტენსიურად განიხილება. არსებითად, საუბარია იმაზე, რომ თავის დროზე კანონდარღვევით წარმართული პრივატიზაციის გამო ქონება ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდეს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი ამჟამინდელი მფლობელი კეთილსინდისიერი მყიდველია. თუ ეს ინიციატივა დაკანონდება, სავარაუდოდ, პრივატიზაციით შეძენილი ქონების ყველა დოკუმენტი გადაიხედება.

დიდ საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია საქართველოში ხშირად კანონდარღვევით მიმდინარეობდა, მაგრამ ამაში ყველაზე მეტად არა ქონების მყიდველი, არამედ მისი გამყიდველი - საჯარო მოხელეები სცოდავდნენ. გაუგებარია, კანონიერების აღდგენა და ჩადენილი ცოდვების გამოსყიდვა რატომ უნდა მოხდეს მოქალაქეების, მეწარმეების დაზარალების ხარჯზე, მათ კი, ვინც სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა, პასუხისმგებლობა არ დაეკისროს.

საინტერესოა, რომ ერთადერთი, ვისაც ამ ინიციატივის შესახებ არაფერი სმენია, თავად ხელისუფლების წევრები და მმართველი გუნდის წარმომადგენლები არიან. "ნამდვილად არ ველოდებით მთავრობისგან ისეთ ინიციატივას, რაც საკუთრების უფლებას შეეხება და კონკურენციის თავისუფლებას შეზღუდავს. არაფერი ისეთი, რაც ევროპულ გზას დაუპირისპირდება, არ მოხდება. მაგრამ თუ კრიმინალია ჩადენილი... კრიმინალი ყველა ქვეყანაში ისჯება", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას უმრავლესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა.

KvirisPalitra.Geთუმცა საზოგადოებას კარგად ემახსოვრება, როგორ ებრძოდა ხელისუფლება კრიმინალს საკუთრების უფლების ხელყოფის გზით, როდესაც ევროპაში მოპარული ავტომობილები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებულიც კი იყო, მათ მაშინდელ მეპატრონეებს, კეთილსინდისიერ მყიდველებს ჩამოართვეს და თავდაპირველ მფლობელებს დაუბრუნეს. მაშინ ეს ქმედება საბაჟო სისტემაში მიმდინარე რეფორმითა და კორუფციასთან ბრძოლით გაამართლეს. საბაბი ხელახალი პრივატიზაციისთვისაც მოიძებნება, მთავარია "დიადი ბიუჯეტის" შევსების სურვილი იყოს.

დავით ნარმანია (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, ასეთი რამის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის. ხელისუფლების მსგავს ქმედებას ინვესტორები კრიტიკული თვალით შეხედავენ. ეს უარყოფითად აისახება როგორც ზოგადად ქვეყნის იმიჯზე, ასევე ბიზნესგარემოზე. ასეთი რამ ბაზარზე უხერხულობას შექმნის და შესაძლოა ცალკეული კატეგორიის ქონებაზე ხელოვნურად მაღალი ფასები მივიღოთ. ერთადერთი "ხეირი", რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, ბიუჯეტში დამატებითი თანხების მიღება იქნება. ამიტომ ხელისუფლებას თუ უღირს, რომ ბიუჯეტში მეტი შემოსავალი მიიღოს, სამაგიეროდ კი ბიზნესგარემო და ბიზნესის მდგომარეობა გაუარესდეს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გადაწყვიტოს ასეთი რამ".

პაატა სალია (ადვოკატი): "პრივატიზების შესახებ კანონი ითვალისწინებს პრივატიზების კანონიერების გადახედვას, მისი ხანდაზმულობის ვადა კი სამი წლით არის განსაზღვრული. ახალი ინიციატივის შესახებ მეც შევიტყვე, მაგრამ კონკრეტული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, სანამ კანონპროექტს არ ვნახავ, რადგან არ ვიცით, ზუსტად რა იგულისხმება პრივატიზების შედეგების გადახედვაში. როგორც ჩანს, საუბარია განსაზღვრულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, არსებობს განსაზღვრული პოლიტიკური ნება, რომლის მიხედვითაც, პრივატიზაციის შედეგების გადახედვა სურთ. ჩემი აზრით, ეს არის ყოვლად მიუღებელი და უკანონო. ამ შემთხვევაში გამოვა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ახლა კეთილსინდისიერად ფლობს ქონებას, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეს ქონება ჩამოერთმევათ. ეს დარტყმის ქვეშ აყენებს ჩვენს სამოქალაქო კოდექსს, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ არსებობს საჯარო რეესტრის ჩანაწერის პრეზუმფცია. შესაძლოა პირველმა მყიდველმა მართლაც კანონდარღვევით შეიძინა ქონება, მაგრამ ამჟამინდელი მეპატრონე უდანაშაულოა. კანონმდებლობაშიც ხანდაზმულობის ვადა სწორედ ამ მიზეზით არის დაწესებული, რომ არ ხდებოდეს განუსაზღვრელი დროით ამ ქონების შეძენის კანონიერების შემოწმება. ვინაიდან კანონმდებელმა თავის დროზე ეს ვადა სამი წლით განსაზღვრა, ეს სავსებით საკმარისი იყო სახელმწიფო უწყებებისთვის, რათა მოეკვლიათ, თუ პრივატიზებისას უკანონო რამ იყო ჩადენილი.  რაც შეეხება კანონს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ, რა თქმა უნდა, თუ ვინმემ პრივატიზებისას ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, ეს სცდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ფარგლებს და სისხლის სამართლის კანონმდებლობის გადასაწყვეტი საკითხია. აქ უკვე სხვა ხანდაზმულობა ვრცელდება, მაგრამ პირდაპირ არ არის მიბმული პრივატიზების შედეგების გაუქმებასთან. ამ შემთხვევაში შესაძლოა დაისაჯოს კონკრეტული ჩინოვნიკი, კონკრეტული პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.

ინიციატივა, რომელზეც ბოლო დროს ლაპარაკობენ, ზოგადად სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რადგან არ შეიძლება მივიღოთ ახალი კანონი, მივანიჭოთ უკუქცევითი ძალა, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, ვინც ქონება კეთილსინდისიერად შეიძინა. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, პროკურატურას შესწევს სამართლებრივი ძალა, კონკრეტული პირები მისცეს პასუხისგებაში. ამდენად, ვერ ვხედავ სამართლებრივი თვალსაზრისით ასეთი კანონის ხელახლა მიღების ან მასში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას.

ეს დარტყმის ქვეშ დააყენებს ნებისმიერი არსებული თუ პოტენციური ინვესტორის უსაფრთხოებას. არ შეიძლება, ინვესტორს ათი წლის წინ შეძენილ ქონებაზე უთხრა: მოდი ერთი, გადავხედავ, რამდენად კანონიერად გაქვს შეძენილიო. რომელი ინვესტორი შემოვა ჩვენს ქვეყანაში ამის შემდეგ? ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, გაუგებარია, როცა, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვა გვინდა და მეორე მხრივ, კანონმდებლობაში ყოველ წუთს შეგვაქვს ცვლილებები. ინვესტორი იქ მიდის, სადაც სტაბილური გარემოა".