ბაზარი "თხილის გულს" ვერ იყოფს - კვირის პალიტრა

ბაზარი "თხილის გულს" ვერ იყოფს

მაღალ მოსავალს თხილის დაბალი ხარისხი აუფასურებს

მოსავლის მოწევის შემდეგ თხილის შესასყიდი ფასი საქართველოში რამდენჯერმე მკვეთრად შეიცვალა. შემოდგომის პირზე თხილით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამზე 2 ლარიდან დაიწყო, მალევე 3 ლარს მიაღწია, ხოლო მაღალი მოთხოვნისა და თურქეთში ცუდი მოსავლის მიზეზით ფასი შემოდგომით 4 ლარამდე ავიდა. ორიოდე კვირის წინ თხილი მოულოდნელად ისევ 3 ლარამდე გაიაფდა.

თხილზე შემცირებული ფასი ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდა. ბოლო მონაცემებით, კილოგრამი თხილის ფასი 3,20 ლარიდან კვლავ 4 ლარამდე გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში თხილზე მოთხოვნა ყოველ წელს იზრდება და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას წლეულს უხვმა მოსავალმაც შეუწყო ხელი, გლეხებს თხილზე ფასების მკვეთრი ვარდნა საეჭვოდ მიაჩნიათ და ექსპორტიორი კომპანიების მხრიდან კარტელურ გარიგებაზე საუბრობენ, ანუ თხილის ექპორტიორები ერთმანეთში თანხმდებიან მოსახლეობისგან თხილის შესასყიდ ფასზე და მას ხელოვნურად აგდებენ. გლეხი, რომლისთვისაც მოწეული თხილი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, იძულებულია, დოვლათი თუნდაც დაბალ ფასად გაყიდოს, მით უფრო, რომ სხვა არჩევანს აღარ უტოვებენ. თხილის იაფად შემსყიდველი კი ორმაგად მოგებული რჩება. "ეკოპალიტრა" შეეცადა ქართული თხილის ბაზრის თამაშის წესებში ჩაეხედა და გაერკვია, ვინ დგას სპეკულაციური გარიგებების უკან.

თხილზე ფასის მოულოდნელი ვარდნა გურიაშიც დაგვიდასტურეს და დააზუსტეს, რომ კილოგრამი თხილის ფასი 3,80 ლარიდან ერთბაშად 3,30 ლარამდე დაეცა. როგორც გურულები ამბობენ, დაბალი ფასი თხილზე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდა. გლეხები ამბობენ, რომ ასეთი რამ სეზონზე ხშირად ხდება. "ვისაც უჭირს, მაინც ყიდის თხილს დაბალ ფასად, ვისაც არა და ფასის აწევას ელოდება", - გვითხრა ჩოხატაურის მკვიდრმა ლიანა ხომერიკმა. დღეისთვის გურიაში თხილის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 4 ლარსაც კი აჭარბებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავალი ჯერ სრულად არ გაუყიდიათ. ახლა სწორედ ის დროა, როცა მოსახლეობისგან თხილის შეძენა ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს, რადგან წინასაახალწლოდ მოთხოვნა თხილზე უცხოურ ბაზრებზე მკვეთრად იზრდება. გლეხები შიშობენ, რომ მაღალი საბაზრო ფასი თხილზე დიდი ხნის განმავლობაში არ შენარჩუნდება და შესაძლოა ის რამდენიმე კომპანიამ თავის ინტერესებს მოარგოს.

სამეგრელოში მდებარე თხილის გადამმუშავებელი ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი ქართულ თხილზე ფასის ვარდნის მიზეზად მისი ცუდი ხარისხი დაასახელა. "წლეულს თხილის მოსავალი უხვი, მაგრამ უხარისხოა. თხილის დარჩევისა და დახარისხების შემდეგ ვერ ვაღწევთ პროდუქციის ისეთ ხარისხს, როგორიც საექსპორტო პროდუქციაზე არსებობს. მე უშუალოდ დარჩეული თხილის ხარისხის კონტროლი მევალება და ხშირად უკან, საამქროში ვაბრუნებთ პროდუქციას, რადგან სიდამპლის 2%-იან დასაშვებ მაჩვენებელს თხილის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს. ჩვენი პროდუქცია დიდი წვალებით 2,5%მდე ზღვარში ჯდება.

მსოფლიოში თხილზე მოთხოვნა არის, მაგრამ თუ ხარისხი ვერ დავაკმაყოფილეთ, თხილის გადამმუშავებელი ქარხნები მუშაობას შეწყვეტენ. დღეში საშუალოდ 3-4 ტონა მზა პროდუქციას ვაწარმოებთ, მაშინ როცა შარშან გამოსავალი დაახლოებით ორჯერ მეტი იყო. ჩვენი ქარხნიდან თხილი ძირითადად იტალიასა და გერმანიაში გადის. წლევანდელი თხილის ხარისხით ძალიან უკმაყოფილო არიან, რადგან ერთი შეხედვით საღ პროდუქციაშიც კი, ლპობის პროცესი ფარულად მიმდინარეობს. თუ ევროპულ ბაზრებს შესაბამისი ხარისხის პროდუქციას ვერ მივაწვდით, ქართულ თხილზე მოთხოვნა შეწყდება და ეს ფასზეც აისახება. თხილის გადამმუშავებელი ქარხნები მუშაობას აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში იწყებენ და სამუშაო სეზონი გაზაფხულამდე გრძელდება, მაგრამ თხილის უხარისხობის გამო მუშაობა ახლახან ცოტა ხნით შეწყდა", - გვითხრა თხილის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომელმა, რომელმაც გულახდილი საუბრის გამო საჯაროდ ვინაობის დასახელება არ ისურვა.

მამუკა თოდუა (თხილის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი): "ეს თავისუფალი ბაზარია, რომელიც მიბმულია თურქულ ფასებს. დაახლოებით 50 კომპანია აწარმოებს თხილის ექსპორტს საქართველოდან და როგორ უნდა მოხდეს კარტელური გარიგება? ასეთი რამ ორი-სამი კომპანიის პირობებშია შესაძლებელი. მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის მსგავსად, თხილიც ხან იაფდება და ხანაც ძვირდება. ფასების კატასტროფული კლება ნამდვილად არ ყოფილა. ახლა კი ისევ მოიმატა და საერთაშორისო ბაზრის ფასს შეესაბამება.

ამ ეტაპზე სამეგრელოში გავრცელებული თხილის ჯიშების შესასყიდი ფასი 3,8-4 ლარია, გურიის თხილზე კი ფასი 4 ლარს აჭარბებ. მომავალში ფასმა შესაძლოა ცოტა დაიწიოს ან მოიმატოს, ამის პროგნოზირება წინასწარ არავის შეუძლია. ეს ბუნებრივი პროცესია და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავთ, მით უფრო, რომ ჩვენი ფასები თურქულ ფასებსაა მიბმული. ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთში ფასმა მოიმატა, შესაბამისად, ქართული თხილიც მაშინვე გაძვირდა".

ბეგი სიორიძე (თხილის საექსპორტო კომპანიის დამფუძნებელი): "რასაც ლაპარაკობენ, უკაცრავად, მაგრამ სისულელეა. თხილის ფასს ბაზარი არეგულირებს. მოიმატა თურქული თხილის ფასმა, დაახლოებით 25 თეთრით კილოგრამზე, შესაბამისად, ჩვენთანაც მოიმატა ფასებმა. ფასის ზრდა წინასაშობაო პერიოდსაც უკავშირდება. ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამი თხილის ფასი 3,65 ლარამდე იყო ჩამოსული და ისიც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში. ფასი მაშინ იკლებს, როდესაც თხილის გადამმუშავებელ ქარხნებს საბრუნავი თანხა არ აქვთ და თხილის ახალ პარტიებს ვერ ყიდულობენ. ხდება ისე, რომ ქარხანა გადატვირთულია პროდუქციით და გაყიდული თხილის ფულიც არ არის გადმორიცხული. ამ დროს ქარხანა თავს იკავებს ნედლეულის შეძენისგან. გადამყიდველები სწორედ ამ ვითარებით სარგებლობენ - გლეხებისგან იაფად ყიდულობენ თხილს, შემდეგ ინახავენ და როცა ქარხნები ნედლეულის მიღებას განაახლებენ, გაზრდილ ფასად აბარებენ".