სიმინდი კიდევ უფრო გაძვირდება?! - კვირის პალიტრა

სიმინდი კიდევ უფრო გაძვირდება?!

გლეხები ჰიბრიდული სიმინდის მოსავლით უკმაყოფილო არიან

ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შემოტანით გამოწვეული აჟიოტაჟი საქართველოში დღესაც არ ჩამცხრალა. ოპონენტები კვლავაც მწვავედ აკრიტიკებენ იდეის ავტორებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. სამწუხაროდ, არ გამართლდა პროგნოზი, რომ ჰიბრიდული სიმინდი ჩვეულებრივ სიმინდთან შედარებით ორჯერ მეტ მოსავალს მოგვცემდა. არასწორი მოვლის, ცუდი ამინდის თუ სხვა მიზეზთა გამო, ჰიბრიდული სიმინდი ნავარაუდევზე ნაკლები მოვიდა. მეტიც, ზოგიერთ ადგილას სიმინდის დათესვა მთლად საზარალო აღმოჩნდა, ძირითადად ასეთი ფაქტები ზღვისპირეთში მოხდა: იქაური გლეხების თქმით, ყანებში წყალი ჩადგა და სიმინდი გაფუჭდა.

ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლებას მაინც აქვს იმედი, რომ ეს პროექტი მომავალში უფრო წარმატებული იქნება და მოსახლეობაც უფრო მეტად დაინტერესდება ამერიკული სიმინდით. ამ ეტაპზე კი სიმინდის ფასი საქართველოში საკმაოდ მაღალია. 1 კგ სიმინდის ფქვილი 2-2,5 ლარი ღირს, ხოლო ერთი ფუთი, ანუ 16 კგ მარცვალი - 28-30 ლარი. ეს მაშინ, როცა წლის ამ დროს სიმინდი ყოველთვის იაფდებოდა. ფერმერების ერთი ნაწილი სიმინდის გაძვირებას უამინდობით ხსნის, სხვები კი გაძვირების ახსნას საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი ვითარებით ცდილობენ.

მალხაზ კუპრაძე (ხარაგაულის რაიონის მკვიდრი): "ჩემს სოფელში, ღორეშაში, ჰიბრიდული სიმინდის თესლი ლამის ძალით გაავრცელეს. ყველას, ვინც ჰიბრიდული სიმინდი დათესა, ბანკიდან სესხი გაუფორმეს და საჭირო თანხა გამოუყვეს. მოსავლით ყველა უკმაყოფილოა, სიმინდის მარცვლები ხომ დალეულია, მაგრამ ჩალაც რომ არ ვარგა? უმეტეს შემთხვევაში სიმაღლით 80 სმ-საც ვერ აჭარბებს. ხარაგაული მცირემიწიანი რაიონია, მაგრამ ადგილობრივი ჯიშები აქ ყოველთვის კარგად ხარობდა. არ ვიცი, შეიძლება ჰიბრიდულ სიმინდს სულ სხვანაირი მოვლა სჭირდება, მაგრამ ვინც დათესა, უმეტესობამ მოსავალი ვერ მიიღო. ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთმა იყიდა ჰიბრიდული სიმინდის თესლი, მაგრამ არ დათესა, რადგან ვერ ენდო.

თამილა გურაშვილი (დედოფლისწყაროს რაიონის მკვიდრი): "ჩვენი მხარე ისტორიულად ხორბლის სამშობლოდ არის მიჩნეული, მაგრამ ზოგიერთ სოფელში სიმინდი მაინც მოჰყავთ. ხალხში ამბობენ, რომ რამდენიმე სოფლის გამგებელს ჰიბრიდული სიმინდის გავრცელება საგანგებოდ დაავალეს. სოფელ ზემო მაჩხაანსა და არბოშიკში გლეხები ერთხმად ამბობენ, რომ ნაკვეთებს ვერ რწყავდნენ და მოსავალიც ვერ მიიღეს. სიმინდს კი ბევრი წყალი უნდა, მით უმეტეს, ჩვენს მხარეში წლეულს გვალვები იყო. ჰიბრიდულმა სიმინდმა ვერ იხარა სამთაწყაროსა და ქვემო ქედშიც. მოსავალი მიიღეს მხოლოდ ერთეულებმა, რომლებმაც ალაზნიდან გადმოქაჩეს წყალი, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. ახლა კი, რაც დაეხარჯათ, იმ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებენ. შეიძლება ითქვას, რომ ჰიბრიდული სიმინდის მოსავალმა ჩვენს რაიონში არ გაამართლა. ახლა იმის იმედად არიან, რომ დავალიანება ჩამოეწერებათ. დეკემბრამდე უნდა დაეფარათ სესხი, რომელიც მთავრობამ გამოუყო, მაგრამ მოსავალი ვერ მიიღეს და როგორ დაფარავენ?"

დალი დოლიძე (ჩოხატაურის რაიონის სოფელ ახალშენის მკვიდრი): "გურიაში ჰიბრიდული სიმინდის თესლი კი ჩამოარიგეს, მაგრამ ჩვენს სოფელში უმეტესობამ არ აიღო. მხოლოდ იმ ოჯახებმა მიიღეს ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი, ვინც ნაკვეთს საგანგებოდ მოუარა. ჩემმა ოჯახმა ჩვეულებრივი, თეთრი სიმინდი დათესა, ამინდიც კარგი იყო და მოსავალიც ნორმალური ავიღეთ".

ელენე დვალი (სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი): "ჰიბრიდულ სიმინდზე მოთხოვნა დიდია. სხვათა შორის, გაანალიზებით გაირკვა, რომ ამ სიმინდის ხარისხობრივი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამას გარდა, ჰიბრიდული სიმინდის საშუალო მოსავლიანობამ წლეულს 5,5-6 ტონა შეადგინა ერთ ჰექტარზე, გასულ წლებში კი სიმინდის საშუალო მოსავლიანობა 2-2,5 ტონა იყო. ჩაბარების მხრივ გლეხებს არავითარი პრობლემა არ შექმნიათ. ამჟამადაც გრძელდება მარცვლის მიღება, როგორც აბაშის, ისე ლაგოდეხის მარცვალსაცავებში, სადაც საათში 30 ტონა მარცვლეულის დამუშავება, გაშრობა და გაწმენდა შეიძლება. ამ მარცვალსაცავებში 50 ათას ატონამდე მარცვლის შენახვაა შესაძლებელი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბრიდან სიმინდის მარცვლის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება: სავარაუდოდ, ერთი ტონა მარცვალი $400 ეღირება. ახლა გაცილებით იაფი, $320 ღირს. საერთოდ, საქართველოში სიმინდის ფასი საერთაშორისო ბაზრის გავლენით ყალიბდება".

სამინისტრო წლევანდელ მოსავალს 400 ათას ტონად აფასებს, რაც ორი მარცვალსაცავის სიმძლავრეზე გაცილებით მეტია. რაც შეეხება ექსპორტზე გასატან 100 ათასი ტონა სიმინდს, მის ფასად $400 ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სახელდებოდა. შედეგი ის არის, რომ სიმინდის (ოფიციალური ცნობით) დიდი მოსავლის მიუხედავად, მისი ფასი სეზონურადაც არ შემცირებულა...

ხათუნა ჩიგოგიძე