ბიზნესი შინიდან გაუსვლელად - კვირის პალიტრა

ბიზნესი შინიდან გაუსვლელად

მაღაზიის გახსნას ყველა ვერ გასწვდება, სამაგიეროდ ყველას შეუძლია გახსნას ინტერნეტმაღაზია და მუშტარი ნებისმიერი ქვეყნიდან მიიზიდოს. შესაბამისად, მსოფლიოში განუხრელად იზრდება ინტერნეტვაჭრობის მასშტაბები და იმ მცირე მეწარმეების რაოდენობა, რომლებიც ბიზნესს უშუალოდ ინტერნეტსავაჭრო საიტებზე იწყებენ. ზოგიერთი მათგანი, ექსპერტების შეფასებით, ცნობილ ბრენდებსაც უწევს კონკურენციას.

რა განსხვავებაა "ნამდვილ" და ინტერნეტმაღაზიას შორის? ინტერნეტმაღაზია კვირაში ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მისი მფლობელი ფულს მაშინაც კი აკეთებს, როცა სძინავს. წაშლილია გეოგრაფიული საზღვრებიც. "ამქვეყნიურ" მაღაზიას კი მუშაობის საათები განსაზღვრული აქვს, რაც ზღუდავს გაყიდვასა და მომხმარებლის რაოდენობას, განსაკუთრებით, თუ ის დიდ ქალაქში არ მდებარეობს. რომელიმე ცნობილი ფრანგული ბრენდის მაღაზიაში სავაჭროდ პარიზს ან სხვა ქალაქს უნდა მიაშუროთ, სადაც ბრენდს მაღაზია აქვს გახსნილი, მაგრამ თუ ინტერნეტმაღაზიაც აქვს, სადმე წასვლა საჭირო აღარ არის.

მაკა ყუფარაძე (ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კურსის მაგისტრი, ბიზნესკონსულტანტი): "ვებსაიტით გაყიდვისას საჭირო არ არის იმდენი პერსონალი, რამდენიც ჩვეულებრივი ვაჭრობის შემთხვევაში; არც მაღაზიის ქირას იხდი და შესაბამისად, "ინტერნეტდახლების" შენახვაც გაცილებით იაფია. ასეთი დანაზოგი საშუალებას იძლევა, კონკურენტული ფასებით ივაჭრო და მყიდველი ყველაზე "ბასრი" არგუმენტით -ფასდაკლებით მიიზიდო. ინტერნეტვაჭრობა არ მოითხოვს სადმე წასვლას, არ აქვს საზღვრები და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება ნებისმიერი ნივთის მიღება. ადვილია სასურველი ნივთის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც. წესისამებრ, ონლაინგაყიდვის კომპანიები ამომწურავ ინფორმაციას გათანავსებენ. შედარებით ხელსაყრელი მომსახურება და ფასები კონკურენციას ზრდის და კლიენტი მოგებული რჩება. ის აღარ ყიდულობს ბრმად, არამედ საუკეთესოს ირჩევს.

მსოფლიოს ფინანსური კრიზისი რომ დაიწყო, ექსპერტები ონლაინგაყიდვის შემცირებას ელოდნენ, თუმცა საპირისპირო შედეგი მიიღეს. კრიზისისას ადამიანები ცდილობენ დაზოგონ არა მარტო ნივთის ღირებულებაზე, არამედ სატრანსპორტო ხარჯებზეც. ამიტომ მომხმარებლებს ევროპის ინტერნეტმაღაზიების დიდმა ნაწილმა უფასო მიწოდებაც კი შესთავაზა. შესაბამისად, ვაჭრობის მოცულობა იზრდება. 2007 წელს მხოლოდ აშშ-ში ინტერნეტგაყიდვამ $175 მილიარდი შეადგინა. ინგლისში 2013 წლისთვის ელოდებიან, რომ ონლაინგაყიდვის მოცულობა 30 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს. ეს ჩვეულებრივ სავაჭრო ქსელებს დიდ კონკურენციას უქმნის. ამიტომაც გახსნეს ინტერნეტმაღაზიები ისეთმა დიდმა ქსელებმაც, როგორებიცაა "ნექსტი", "ზარა" და სხვ. მათ დაასკვნეს, რომ XXI საუკუნეში ვაჭრობის ეს ფორმა აუცილებელია, სხვაგვარად, მცირე ბიზნესის მხრიდან კონკურენცია იმდენად დიდია, რომ ბრენდებმა შესაძლოა ვეღარც გაუძლონ, თუკი მხოლოდ ფიზიკური მაღაზიებით შემოიფარგლებიან.

-"სხვა რა სარგებლობა მოაქვს" ინტერნეტვაჭრობას?

-ის ხელს უწყობს მცირე ბიზნესის, აგრეთვე, იმ ადამიანების ბიზნესის განვითარებას, რომელთაც სხვაგვარად მსგავსი შანსი არ ექნებოდათ. საქმიანობის ამ ფორმით დაწყება ადვილია მათთვის, ვინც ხელსაქმეს მისდევს, ან რამე პროდუქციას აწარმოებს. მათი ნამუშევრის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა ინტერნეტვაჭრობის დახმარებით გამარტივებულია. მცირე მეწარმეების სიმრავლე კი ნებისმიერი ქვეყნისთვის ხელსაყრელია.

ფინანსური კრიზისის დაწყებისას ინგლისში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის დიდი ინვესტიციები ჩაიდო და ეკონომიკის ამინდს დღეს სწორედ მცირე ბიზნესი განსაზღვრავს. გაძლიერებული მცირე მეწარმე სამუშაო ადგილებს ქმნის.

საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მცირე ბიზნესის ინტერნეტვაჭრობით წარმართვა მომგებიანია. რამდენიმე წლის წინ ხელსაქმით დავინტერესდი. ინგლისში ცხოვრება ძალიან დატვირთულია და სტრესული, ასეთი ჰობი კი განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა. იუველირობამ გამიტაცა. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ბევრი ლამაზი ნივთი დამეგროვებინა. გადავწყვიტე, ის ფართო საზოგადოებისთვისაც წარმედგინა და დამატებითი შემოსავლის წყაროდაც მექცია. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ბიზნესგანვითარების მენეჯერად ვმუშაობდი, ამ საქმიანობის წამოწყება ძნელი სულაც არ აღმოჩნდა. ეს მარტივად კეთდება. ცნობილ სავაჭრო საიტებზე შექმნი საკუთარ ონლაინმაღაზიებს (ანუ დახლებს) და ვაჭრობას იწყებ. სულ რაღაც 50 გირვანქა ჩავდე ამ საქმეში, დღეს კი ჩემს ჰობის მნიშვნელოვანი მოგება მოაქვს. ამის გაკეთება სხვებსაც შეუძლიათ.

-გაყიდული ნივთის გაგზავნა ხარჯებს ხომ მოითხოვს?

-იმ ქვეყნებში, სადაც ფოსტა კარგად მუშაობს, გაგზავნა არც პრობლემაა და არც დიდ თანხებს უკავშირდება. თუკი საფოსტო სამსახურებს გაურიგდებით, დიდი რაოდენობით შეკვეთებზე ფასდაკლებებს მიიღებთ. ინტერნეტვაჭრობისას ანგარიშსწორებისთვის აუცილებელია საბანკო ბარათები. შესაბამისად, მისი განვითარება საბანკო სექტორის ბრუნვასაც ზრდის... ასე იქმნება ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორთა ჯაჭვი.

ფინანსური კრიზისი იმითაც გართულდა, რომ შემოსავლების შემცირების შიშით ხალხმა ნივთების ხელგაშლილად შეძენა შეწყვიტა. გაყიდვის კლებამ ბიზნესის ჩავარდნა გამოიწვია და გაამწვავა მდგომარეობა საბანკო სექტორში. გამწვავებული კრიზისის შესამსუბუქებლად, ინგლისში დღგ-ის განაკვეთი 17,5%-იდან 15%-მდე დაწიეს, რათა ხალხისთვის ფულის დახარჯვისკენ ებიძგებინათ. ეკონომიკის გადასარჩენად, სახელმწიფოს ბანკების გადარჩენაც მოუხდა. ასეთ ვითარებაში მცირე ბიზნესის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შესაბამისად, თუ ბევრი ქართული ონლაინმაღაზია გამოჩნდება, ეს არა მხოლოდ მათი მეპატრონეებისთვის იქნება სასარგებლო.