სასაკლაოები მოვაჭრეებს "ტყავს აძრობენ"
05-12-2011
მას შემდეგ, რაც პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლა აუცილებელი გახდა, ხორცის ფასი საქართველოს ბაზარზე სტაბილურად მაღალია.როგორც ხორცით მოვაჭრეები ამბობენ, ამ პირობებში, ახალ ხორცზე მაღალი ფასის გამო, გაყიდვა შემცირდა. მოთხოვნა იმპორტირებულ, გაყინულ ხორცზე გაიზარდა, თუმცა ბოლო დროს ისიც გაძვირდა, კილოგრამზე დაახლოებით 1-2 ლარით.

სასურსათო ბაზრების დახლებზე ახალი ხორცის ფასი 12-14 ლარის ფარგლებში მერყეობს, ცალკეულ მაღაზიებში საქონლის ხორცის ფასი კილოგრამზე 18 ლარსაც კი აღწევს. მომხმარებლის უკმაყოფილებას მოვაჭრეები იმით პასუხობენ, რომ ხორცის გასაყიდი ფასი მათგან
დამოუკიდებელი მიზეზით გაძვირდა და ამაში ნატახტარისა და თელეთის სასაკლაოებს ადანაშაულებენ. ხორცის რეალიზატორები იმასაც ამბობენ, რომ მომსახურების საფასურის გარდა, სასაკლაოები მათ ტყავსაც კი ართმევენ.

გასაგები მიზეზების გამო, მოვაჭრეები საჯაროდ ვინაობის დასახელებას ერიდებიან, პირად საუბრებში კი დეტალურად აღწერენ იმ გზასა და ხარჯებს, რომელიც ხორცმა დახლზე მოხვედრამდე უნდა
გაიაროს.

"თითო პირუტყვის მიყვანა და სასაკლაოზე დაკვლა არავის უღირს, ამიტომ გლეხები იძულებული არიან, საქონელი ვაჭრებს ცოცხლად მიჰყიდონ. დიდ სოფლებში ამისთვის ბაზრობებიც ეწყობა, სადაც კვირაობით მივდივართ და ცოცხალ საქონელს ვყიდულობთ. სადაც ბაზარი არ არის, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დავდივართ და ვკითხულობთ, ხომ არავის ჰყავს გასაყიდი პირუტყვი. სხვა რა ვქნათ, ეს ჩვენი საარსებო წყაროა.

უწინაც ასე ვყიდულობდით საქონელს, მაგრამ ადგილზე ვკლავდით და გამზადებული ხორცი გასაყიდად თბილისში მოგვქონდა. ახლა კი ხარჯი საგრძნობლად გაგვეზარდა. ჯერ ერთი, რომ ცოცხალი პირუტყვი სატვირთო მანქანით უნდა ჩავიყვანოთ სასაკლაოზე, დაკვლისთვის კილოგრამზე 1 ლარი გადავიხადოთ. თითქოს არ არის დიდი თანხა, მაგრამ ძირითადად 100 კგ და მეტი წონის პირუტყვს ვკლავთ და თუ გადაიანგარიშებთ, საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებთ.
ამ თემაზე იმდენჯერ დაიწერა და ითქვა, მათ შორის თქვენს გაზეთშიც, რომ სასაკლაოზეც ბევრი რამ შეიცვალა. აქამდე საწარმოში თუ ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა, ახლა სურვილის შემთხვევაში დაკვლასაც გვასწრებენ, რათა დავრწმუნდეთ, რომ დაკლული ნამდვილად ჩვენი პირუტყვია. ეს კი გამოსწორდა, მაგრამ ტყავს ისევ მუქთად იტოვებენ და ზოგჯერ საქონლის შინაგან ორგანოებს მოზრდილი ნაწილიც ჩამოჭრილი აქვს. ესეც ზარალია ჩვენთვის. გარდა ამისა, ხორცს იმავე სატრანსპორტო საშუალებით ხომ ვერ ჩამოვიტანთ თბილისამდე, რომლითაც ცოცხალი პირუტყვი გადავიყვანეთ, ამიტომ სხვა ავტომობილის ქირაობა გვიწევს. ასე რომ, ასეთ პირობებში რა გასაკვირია, ხორცის ასეთი მაღალი ფასი", - გვითხრა ერთ-ერთმა ხორცით მოვაჭრემ.
კახა მაზანაშვილი (კომპანია "იბერმითის" დირექტორის მოადგილე): "რა თქმა უნდა, თავ-ფეხი და ყველა შინაგანი ორგანო მეპატრონეს რჩება, გადასახადი ერთი ლარია კილოგრამზე. ჩვენთან მხოლოდ ტყავი რჩება.

- სად აბარებთ შემდეგ ამ ტყავს?
- ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ტყავის გადამმუშავებელ ქარხანასთან რუსთავში და იქ იგზავნება. მხოლოდ ის ვიცი, რომ ქართული ტყავისგან ქურქები არ მზადდება. ქართული საქონლის ტყავისგან შეიძლება დამზადდეს, ქამარი, ფეხსაცმელი და სხვ.

- როდესაც სასაკლაოს გარეშე იკვლებოდა პირუტყვი, ტყავიც მის მფლობელს რჩებოდა, ახლა კი იზარალა, რადგან თქვენ, ფაქტობრივად, მუქთად გრჩებათ. საინტერესოა, თქვენ რა ფასად აბარებთ საწარმოში ნედლ ტყავს?

- მუქთად რატომ? ტყავი რომ ქარხანას რჩება. ეს მომსახურებაში შედის, ფასი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მისი ღირებულება კილოგრამობით განისაზღვრება.

- დაახლოებით მაინც არ იცით, რა ფასად აბარებს ტყავს თქვენი საწარმო?

- თუ არ ვცდები, 90 თეთრი უნდა იყოს ერთ კილოგრამზე..."
ჩვენ ნედლი ტყავის ჩაბარების ფასებით დავინტერესდით და რუსთავში ტყავის გადამმუშავებელ საწარმოს დავუკავშირდით. როგორც აგვიხსნეს, I-II ხარისხის ნედლი ტყავის ფასი კილოგრამზე 1,30 ლარის ფარგლებში მერყეობს. ვაჭრები ამბობენ, რომ ერთი მოზრდილი პირუტყვის დაკვლის შემთხვევაში მისი ტყავის წონა 15-20 კილოგრამია, ტყავის ჩასაბარებელ ფასზე გადამრავლებით კი შემოსავალი, რომელსაც მოვაჭრეები ვერ იღებენ, თვალსაჩინო ხდება. ვთქვათ, 100 კგ-იანი პირუტყვის დაკვლისას სასაკლაოს მომსახურებისთვის 100 ლარი და ტყავის თანხა რჩება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოგების 10 ან 20%-იანი მარჟა მრავალი ბიზნესისთვის ჩვეულებრივი ნორმაა, შეიძლება მიახლოებით ვივარაუდოთ, რომ სასაკლაოები ერთლარიანი გადასახადით ხარჯებს ფარავენ, ხოლო მოგების ძირითადი ნაწილი მათთვის ტყავს მოაქვს.
zura
10 დეკემბერი 2011 20:02
uxamsi araferi damiceria
zura
10 დეკემბერი 2011 19:58
კარგია ასეტი რამ რომ ქვეყნდება და იცერება, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა გამოგეკვლიატ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ხალხს რომ ნამდვილად ტყავი გაძვრა ამ ქვეყანასჰი, მემგონი ამასჰი ეცჰვიც არავის ეპარება ამ ქვეყანასჰი რომ იარსებო, ერტი მისჰა ანდაც ერტი ვანო სჰენც უნდა გყავდეს ახლობელი
nana k
07 დეკემბერი 2011 01:17
ხორცით მლოვაჭრენი კი მოსახლეობას ატყავებენ და თავისას მაინც იღებენ. გატყავებული კი მყუდველები რჩებიან. სასაკლაოებიც კმაყოფილნი არიან და ვაჭრებიც!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?