მიშლენების საგვარეულო ბიზნესი - კვირის პალიტრა

მიშლენების საგვარეულო ბიზნესი

როგორ გამოიგონეს შესაცვლელი საბურავი

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უნახავს კომპანია Michelin-ის ცნობილი ლოგოტიპი - საბურავებისგან აწყობილი კაცუნა ბიბენდუმი. XXI საუკუნის დასაწყისში ავტორიტეტულმა სარეკლამო ჟურნალებმა ბიბენდუმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლოგოტიპად აღიარეს. მაგრამ ფრანგული კომპანია "მიშლენი" მხოლოდ თავისი ლოგოთი არ არის სახელგანთქმული. ის ცნობილია მრავალი ინოვაციის დანერგვით, რომელთა შორისაა შესაცვლელი და რადიალური საბურავები.

KvirisPalitra.Ge"მიშლენი" ოჯახური ბიზნესია, რომელსაც ჯერ კიდევ კომპანიის დამფუძნებელ, ძმებ ანდრე და ედუარდ მიშლენების დაბადებამდე ჩაეყარა საფუძველი. მათი ბაბუა არისტიდი სხვადასხვა ლითონკონსტრუქციის მწარმოებელი ქარხნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ ქარხანას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა და 1886 წელს 33 წლის ანდრე მიშლენი პარიზიდან მშობლიურ ქალაქ კლერმონ-ფერანში დაბრუნდა, რათა ფაბრიკას ჩასდგომოდა სათავეში.

ანდრე უნიჭიერესი ადამიანი იყო, თანაც ძალიან განათლებული. მან ეკოლ სენტრალი (ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური სასწავლებელი) ინჟინრის სპეციალობით დაამთავრა, ამასთან, არქიტექტურული განათლებაც ჰქონდა. მალე ძმას მხარში ამოუდგა სამხატვრო აკადემიადამთავრებული ედუარდი.

1888 წლისთვის ძმებმა ფაბრიკაში მდგომარეობა, ასე თუ ისე, გამოასწორეს და მას სახელად Gompagnie Generali des Etabbissements Michelin-ი უწოდეს. სწორედ ეს წელიწადი მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საბურავების მწარმოებელი კომპანიის დაარსების ოფიციალურ თარიღად.

თავდაპირველად ფაბრიკა რას აღარ უშვებდა, იქნებოდა ეს სამუხრუჭე ხუნდები Silent-ი, სხვადასხვა სარქველი, წყალგაყვანილობისა თუ გაზის მილები, ქამრები და სხვა მრავალი.

ნამდვილი წარმატება კომპანიას მაშინ ეწვია, როცა მისმა დამფუძნებლებმა ყურადღება მიაპყრეს ახალ სატრანსპორტო საშუალებას - ველოსიპედს, რომელიც ნელ-ნელა პოპულარული ხდებოდა. ჩვეულებრივ, ველოსიპედს მოუხსნელ საბურავებს უყენებდნენ. ის უშუალოდ ბორბალს ეკვროდა და არ იხსნებოდა. "მიშლენმა" კი ამ საქმეში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და ველოსიპედის პირველი მოსახსნელი ბორბალი შექმნა.

კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა ველომრბოლელ შარლ ტერონის გამარჯვებამ "პარიზი-ბრესტი-პარიზის" რბოლაში - ტერონის ველოსიპედი სწორედ "მიშლენის" საბურავებით იყო აღჭურვილი. ამას მოჰყვა კომპანიის ისტორიული რბოლა, რომლის დროსაც ტრასაზე "პარიზი-კლერმონ-ფერანი" მიმობნეული იყო აურაცხელი ლურსმანი. რასაკვირველია, რბოლაში მონაწილე ყველა ველოსიპედს "მიშლენის" მოსახსნელი საბურავები "ამშვენებდა". ამ რბოლის შემდეგ კომპანიაზე მთელი ველოსამყარო ალაპარაკდა.

ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ამ ამბის შემდეგ "მიშლენი" მხოლოდ საბურავების გამოშვებაზე გადავიდა. XIX საუკუნის ბოლოს კომპანიაში წარმოადგინეს Eclair-ის ეტლი, რომელსაც უცხენოდ გადაადგილება შეეძლო, ანუ იყო ავტომობილის წინამორბედი. აღსანიშნავია, რომ ეტლი აღჭურვილი იყო პნევმატური ბორბლებით, რაც ჯონ ბოიდ დანლოპის გამოგონება გახლდათ.

1894 წელს მოეწყო პირველი ავტოგარბენი. მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც იმ დროს შეეძლო მანქანას განევითარებინა, იყო 21 კმ/სთ, ანუ ველოსიპედის სიჩქარეზე 4 კმ-ით მეტი.

თუმცა ეს გარბენი საკმარისი აღმოჩნდა, რათა ძმები მიმხვდარიყვნენ, გადაადგილების რომელ საშუალებაზე "იდგა" საბურავების მომავალი.

მიშლენებმა მთელი სერიოზულობით მოჰკიდეს ხელი ავტომანქანის საბურავების წარმოებას, თავიანთი პროდუქციისთვის საუკეთესო რეკლამად მათ სწორედ ასეთი ავტოგარბენები მიაჩნდათ, რომლებიც თანდათან რბოლებში გადაიზარდა.

ბიბენდუმი

ბიზნესის სამყაროში ყველაზე ცნობილ ლოგოტიპს უკავშირდება ლამაზი ლეგენდა, რომელიც ძალიან ჰგავს სიმართლეს. ერთხელ ედუარდ მიშლენმა ერთ-ერთ გამოფენაზე ერთმანეთზე გორად შედგმული საბურავები ნახა. ის მხატვარიც გახლდათ და წარმოსახვამ იქვე "მიახატა" თავი, ხელები და ფეხები. ედვარდმა აღტაცებით აღმოაჩინა, რომ შესანიშნავი ლოგოტიპი-კაცუნა შეიქმნებოდა. ძმებს ბევრი არ უფიქრიათ და იმ დროისთვის ცნობილ კარიკატურისტ ო’გალოპს მიმართეს. მანაც ბიბენდუმის პირველი ვარიანტი შექმნა, უფრო სწორად, არაფერიც არ შეუქმნია, რადგან მსგავსი რამ უკვე დახატული ჰქონდა და შესთავაზა კიდეც ერთ-ერთ ლუდის მხარშველს მიუნხენში. მიშლენების საბედნიეროდ, მიუნხენელმა მელუდემ მხატვარს უარი უთხრა. ასე გაჩნდა ბიბენდუმის პირველი გამოსახულება ლუდის კათხით. ახალი ლოგოტიპის მთელი არსი ის იყო, რომ კათხა ვითომდაც ლურსმნებით იყო სავსე, რომელსაც ეს პერსონაჟი ადვილად ყლაპავდა, ისევე ადვილად, როგორც "მიშლენის" საბურავები სძლევდნენ გზებზე ნებისმიერ დაბრკოლებას. ორიგინალზე მხატვარმა დააწერა: "Nune est bibendum!" - "ახლა კი უნდა დავლიოთ"! - იმპერატორ ავგუსტუსის ფლოტის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ჰორაციუსის ერთ-ერთი ოდის დასაწყისი.

ასოციაცია ცუდი არ გახლდათ, მაგრამ მაინც, ალკოჰოლი და ავტომობილი ერთმანეთს არ უკავშირდებოდა. ამიტომ მოგვიანებით კომპანიაში უარი თქვეს ლუდის კათხაზე, ბიბენდუმი კი ლეგენდურ პერსონაჟად იქცა, რომელსაც ყველგან ნახავთ - ავტოგასამართ სადგურებზე, სარბოლო ტრასებზე, ავტოჟურნალებში და სხვ.

1890-იან წლებში კომპანია ძირითადად ველოსიპედისა და ეკიპაჟების საბურავების მიმწოდებელი იყო. თუმც მიშლენები კარგად ხვდებოდნენ, რომ მალე ეკიპაჟები წარსულს ჩაჰბარდებოდა. ისინი ხედავდნენ ავტომობილის პერსპექტივას და ცდილობდნენ, თავიანთი პნევმატური საბურავები მანქანისთვის "მოერგოთ".

რბოლებში მრავალგზის მონაწილეობამ ცხადყო, რომ "მიშლენის" საბურავები ჯერ კიდევ არ იყო მზად ავტომობილებისთვის, რადგან მათი მანქანები ბოლოში მიჩანჩალებდნენ. რაღაც უნდა მოეფიქრებინათ და მოიფიქრეს კიდეც. ძმებმა მთელ საფრანგეთში გააკრეს განცხადებები, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ ათ წელიწადში ყველა ავტომობილი გასაბერ ბორბლებზე გადავიდოდა... თუმცა ეს გაცილებით მალე - ხუთ წელიწადში მოხდა.

XIX საუკუნის მიწურულს ძმებ მიშლენების კომპანიის ბრუნვა 6 მლნ ფრანკს შეადგენდა. ეს უკვე აღარ იყო დიდი ნოვატორული ოჯახური ბიზნესი, კომპანია საერთაშორისო მასშტაბის საქმედ იქცა. მსოფლიო დიდებას კომპანიამ დიდწილად შესანიშნავი რეკლამის წყალობით მიაღწია, სარეკლამო "სახე" კი ბიბენდუმი გახლდათ. 1906 წელს გაიხსნა "მიშლენის" პირველი ქარხანა საფრანგეთში, ბიბენდუმი კი მსოფლიომ გაიცნო, განსაკუთრებით ორი წლის შემდეგ, როცა ქარხანა აშშ-შიც ამოქმედდა.

გზამკვლევები

XX საუკუნის დასაწყისიდან "მიშლენი" ავტომანქანით მოგზაურობას უწევდა პოპულარიზებას და ამ მიზნით სპეციალური ყვითელი გზამკვლევი "მიშლენის გიდი" გამოუშვა. კატალოგში მითითებული იყო ყველა ავტოგასამართი სადგური, სასტუმრო, რესტორანი და ავტომობილისტისთვის საინტერესო სხვა ადგილები. თავდაპირველად, "გიდი" უფასო იყო, რადგან მაინცდამაინც დიდი მოთხოვნილებით არ სარგებლობდა. თუმცა მაშინ არც ავტომფლობელების რიცხვი გახლდათ დიდი. მაგრამ დროთა განმავლობაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა და "გიდსაც" ფასი დაედო. XX საუკუნის შუა წლებში კი კომპანიამ გამოუშვა წითელი გიდი, რომელშიც შევიდა ევროპის საუკეთესო სასტუმროები და რესტორნები. მათ კომპანიის მოუსყიდველი ექსპერტები იკვლევდნენ. სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებმა არასდროს იცოდნენ, როდის ეწვეოდნენ "მიშლენის" სპეციალისტები, რადგან ყველა ეს ღონისძიება ანონიმურად მიმდინარეობდა.

სიახლე რეკლამაში

"მიშლენი" პირველი კომპანია იყო, რომელმაც 1901 წელს დაიწყო ბეჭდურ გამოცემებში გვერდების ყიდვა რეკლამის განსათავსებლად. ამას მოჰყვა სხვადასხვა ბროშურა და კატალოგი, რაც მთელ ევროპაში ვრცელდებოდა. მათი გვერდებიდან კომპანიის სახე, მხიარული ბიბენდუმი ამა თუ იმ სიახლის შესახებ აუწყებდა მკითხველს.

"მიშლენი" სწრაფად იპყრობდა ევროპას, პრობლემები მხოლოდ დიდ ბრიტანეთში შეექმნა, სადაც ხელისუფლება კომპანია Dunlop-ს უჭერდა მხარს, თუმცა ბიბენდუმის მომხიბვლელობას ისიც კი ვერ გაუმკლავდა. ნამდვილი პრობლემების წინაშე კომპანია მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოჩნდა, მაგრამ მაშინ კრიზისმა სრულიად ევროპის მრეწველობა მოიცვა.

XX საუკუნის შუა წლებში "მიშლენმა" კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო Michelin-X-ის საბურავებით. იგი უახლესი ტექნოლოგიით შეიქმნა და, წინა მოდელებისგან განსხვავებით, ორჯერ მეტ ხანს ემსახურებოდა მფლობელს. ეს რადიალური საბურავები იყო, ხოლო ერთადერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ კომპანია გაზრდილ მოთხოვნილებას ვერ აუდიოდა. ასე გრძელდებოდა ათ წელიწადს და ამ ხნის განმავლობაში "მიშლენიც" ახალ-ახალ ქარხნებს აგებდა.

აწმყო და მომავალი

არსებობის განმავლობაში "მიშლენმა" სახელი გაითქვა, როგორც ავტომობილების, ველოსიპედისა და თვითმფრინავის ბორბლების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა. მისი პოპულარობა განაპირობა ინოვაციებმა, რომლებმაც სამყარო გადაატრიალა. ამას გარდა, "მიშლენმა" ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პოპულარული სარეკლამო პერსონაჟი, რომელიც 100 წელიწადზე მეტია, კომპანიის სიმბოლოა.

ერთადერთი ადგილი, სადაც კომპანიამ ფეხი ვერ მოიკიდა, "ფორმულა-1"-ის რბოლებია - ამ სამყაროში "ბრიჯსტოუნი" და "გუდიარი" ბატონობს. "ფორმულას" "მიშლენი" 2005 წელს გამოეთიშა, თუმცა მონაწილეობს სხვა ავტორბოლებში. მეტიც, საკუთარი ელექტრომობილების რბოლასაც აწყობს. დღეს კომპანიას მიშლენების მესამე თაობა უნდა ხელმძღვანელობდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ედვარდ მიშლენ-უმცროსი 1999 წელს საკუთარი იახტით ჩაიძირა. საბედნიეროდ, მას დარჩა შვილები, რომლებიც მომავალში სათავეში ჩაუდგებიან კომპანიას. დღესდღეობით კი ამ საქმეს ედუარდის ბიძაშვილი, მიშელ როლიე ხელმძღვანელობს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ