საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ემზადება - კვირის პალიტრა

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ემზადება

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წელს საქართველოში სრულად დამთავრდება. ამ პერიოდისთვის მთლიანად ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს გადაწყვეტილება 2006 წელს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა და ევროკავშირმა  მიიღეს. ტელევიზიის სრული დიგიტალიზაცია, ანუ ციფრულ ფორმატზე გადასვლა, საქართველოსთვის განვითარებისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

ციფრულ ტელევიზიას გავრცელების ერთი განსაკუთრებული პლატფორმა არა აქვს. მისი გავრცელების რამდენიმე სახე არსებობს: საეთერო, თანამგზავრული, საკაბელო და ინტერნეტზე დაფუძნებული (IP ტელევიზია). ამჟამად საქართველოში რამდენიმე ციფრული ტელევიზია არსებობს. ისინი ციფრულ სიგნალს კაბელის ან ინტერნეტის მეშვეობით გადასცემენ. გავრცელების ამ ფორმით სატელევიზიო სიგნალის ქვეყნის სრული მასშტაბით გადაცემა ხელმისაწვდომი არაა. საქართველო მთიანი ლანდშაფტით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ციფრული საკაბელო ტელეკომპანიებისთვის სიგნალის მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაცემა ძალიან რთულია. მეორე მხრივ კი,  ციფრული სატელიტური ტელევიზია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის სრულყოფილი პლატფორმაა. ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალის მიღება თანამგზავრის საშუალებით შეუძლია.

პირველი ციფრული სატელიტური ტელევიზია საქართველოში მაუწყებლობას 2012 წლის იანვარში დაიწყებს. მაგთიკომმა, საქართველოს წამყვანმა მობილურმა და სატელეკომუნიკაციო კომპანიამ და SES-მა, მსოფლოს უდიდესმა სატელიტურმა ოპერატორმა, რამდენიმე თვის წინ კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში ციფრული თანამგზავრული მაუწყებლობა დაიწყება. იანვრიდან ქართველ ტელემომხმარებლებს ოთხმოცდაათამდე  არხის ყურების საშუალება ექნებათ.  SES-ის სატელიტი საქართველოს სრულად ფარავს და სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.

ზოგადად სატელიტს რამდენიმე ფუნქცია აქვს. თუმცა მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სატელევიზიო სიგნალის გადაცემაა. პირველი ხელოვნური სატელიტი "სპუტნიკი 1" იყო, რომელიც 1957 წელს საბჭოთა კავშირიდან გაუშვეს. დღეს, "სპუტნიკი 1"-ის გაშვებიდან დაახლოებით 45 წლის შემდეგ, სატელიტური კავშირი გავრცელების კარგად დამკვიდრებული, ეფექტური და სანდო  ფორმაა მსოფლიოს მასშტაბით.

სატელიტური ტელევიზია, სატელიტის ერთ-ერთი ფუნქცია, სატელევიზიო სიგნალის გადაცემის ალტერნატიული ფორმაა. ის სხვა ფორმატებთან შედარებით მომხმარებელს ბევრად მეტ სიხშირეს სთავაზობს. საქართველოში პირველი ციფრული თანამგზავრული ტელევიზიის გაშვება ქვეყნის სრული სატელევიზიო დიგიტალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა ციფრული არხები ევროპის ქვეყნებს 2006 წელს გაუნაწილა. რადგან ციფრულ ტელევიზიას ანალოგიურთან შედარებით ნაკლები სიხშირე სჭირდება, ქვეყანაში არხების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველოს მაუწყებლობისთვის 72 არხი შეხვდა. მაგრამ საქართველოს კომუნკაციების ეროვნულმა კომისიამ მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შედეგად ციფრული არხების რაოდენობა 175-მდე გაზარდა. საქართველო ვალდებულია, ყველა არხი გაააქტიუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მათზე უფლებას დაკარგავს და აღნიშნულ სიხშირეებზე მაუწყებლობის უფლებას სხვა ქვეყნები მიიღებენ.

ზოგადად სატელიტს არხების გადაცემის ან მიღების შესაძლო რაოდენობის შეზღუდვა არ აქვს.

აღნიშნულის გარდა, სატელიტურ ტელევიზიას კიდევ რამდენიმე პრიორიტეტი აქვს. მათ შორისაა ხმის და გამოსახულების მაღალი ხარისხი, დაფარვის ვრცელი ზონა. თანამგზავრით გადაცემის მიღების სანდოობა ძალიან მაღალია. წლის განმავლობაში სიგნალის მიღების შესაძლებლობა 99.95 პროცენტზე მაღალია.

საქართველოში არხების დიდი რაოდენობა მათ შორის კონკურენციას გაზრდის, რაც მედიაში მაღალი სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ტელევიზიის აქტიური მომხმარებელია.  მაყურებლები სატელიტური ტელეგადაცემით მნიშვნელოვნად ისარგებლებენ, რადგან მისი ხმისა და გამოსახულების ხარისხი ანალოგიურ ან საკაბელო ციფრულ ტელევიზიასთან შედარებით ბევრად უკეთესია.

როდესაც ციფრული ტელევიზია საზოგადოებას პირველად წარუდგინეს, მათ უთხრეს, რომ მაყურებლები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით მნიშვნელოვნად ისარგებლებდნენ.  ხმის და გამოსახულების გაუმჯობესებული ხარისხის გარდა, მათ სრულიად ახალი სატელევიზიო სერვისით სარგებლობის საშუალება ექნებოდათ. ეს არის ინტერაქტიული სერვისი. ის ემყარება პრინციპს, რომ მაყურებელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სრული მომსახურების მენიუთი ციფრული დისტანციონის საშუალებით. სერვისი მაყურებლებს სხვადასხვა პროგრამის მართვის და მათ შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაციის ადვილად მიღების საშუალებას აძლევს. მომხმარებლებს შეუძლიათ არხები თემატურად აირჩიონ, შეაჩერონ და უკან გადაახვიონ  მიმდინარე ტელეპროგრამა და ა.შ

ეჭვგარეშეა, რომ ციფრული ტელევიზია უახლესი მომავლის ტელევიზიაა. სატელიტი  ციფრული სიგნალის მიღების ერთადერთი საშუალება არაა, მაგრამ სხვა საშუალებებთან შედარებით მას ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. სატელიტური სიგნალი ქვეყნის ნებისმიერ ადგილზეა ხელმისაწვდომი, რაც საკაბელო ოპერატორებისთვის შეუძლებელია. მაყურებლებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ მაღალი ხარისხის სატელევიზიო არხების ფართო არჩევანით და იგრძნონ მომავალი. სატელიტი ნებისმიერი ფორმატის ტელევიზიის გადასაცემად არის მზად.

R