"რატომ უნდა ღირდეს ბევრად უფრო იაფი? საწვავის მოხმარება არ მცირდება" - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა ღირდეს ბევრად უფრო იაფი? საწვავის მოხმარება არ მცირდება"

ბოლო რამდენიმე წელიწადია, საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასი სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა. საშუალოდ ორ-სამ თვეში ერთხელ, ფასი მცირედით იცვლება - იკლებს ან იმატებს, რასაც იმპორტიორები და რეალიზატორები საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ. თუმცა 5-10 თეთრით ფასის კლება ან მატება საწვავის ფასების საერთო დინამიკას მნიშვნელოვნად არ ცვლის.

ეს პროდუქტი ყველას სჭირდება - ავტომობილის მფლობელსაც და მის არმქონესაც, მისი ღირებულება მგზავრობის საფასურში, აგრეთვე ყველა პროდუქტისა თუ მომსახურების ფასში აისახება. მოთხოვნაც მაღალია და კომპანიები, რომლებიც ბაზარს ამარაგებენ, ერთმანეთთან არ კონკურირებენ, რომ შედარებით დაბალ ფასად მეტი გაყიდონ. რეალიზატორებს თითქმის ერთნაირი "მეგობრული" ფასები აქვთ, ამ თვალსაზრისით არჩევანი დიდი არ არის. იმპორტიორები ამბობენ, რომ "ერთნაირი" ფასები ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასებით არის განპირობებული, რადგან ისინი საცალო ფასის შედგენისას სწორედ ე.წ. პლატსის ფასით ხელმძღვანელობენ. სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები და ზოგი ღიად, ზოგი კი კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით, ამ სფეროში არსებულ მონოპოლიაზე საუბრობს.

"ჩვენს შემთხვევაში მთავარია, საიდან შემოდის ნავთობპროდუქტი. ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია. იქაური ნავთობპროდუქტი, რა თქმა უნდა, უფრო იაფი უნდა იყოს, ვიდრე ევროპიდან იმპორტირებული. აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტები თავისი სტანდარტით ევროპულს არ შეესაბამება, ამიტომ ის არ შეიძლება იყოს მიბმული ევროპული პროდუქტის ფასზე. მე არც ვიცი, ევროპიდან იმპორტირებული თუ რამ იყიდება საქართველოს ბაზარზე. ევროპის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტი იმდენად ძვირი ღირს, გიჟი უნდა იყოს ვინმე, რომ იქიდან წამოიღოს და აქ უფრო იაფად გაყიდოს. შესაძლოა, სადმე მუშაობს რომელიმე ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ქარხანა, რომელიც ევროპის სტანდარტების შეუსაბამო პროდუქტს აწარმოებს და მას ადგილობრივ ბაზარზე ვერ ყიდიან, ამიტომ მოაქვთ და ასაღებენ საქართველოში. "ევრო 3"-ის სტანდარტის ბენზინიც კი ვერ მოხვდება იქ დისტრიბუციაში, რადგან ევროპის ბაზარი "ევრო 5"-იდან 2013 წლიდან "ევრო 6"-ზე გადადის. ამიტომ საიდან შემოაქვთ და საერთოდ შემოაქვთ თუ არა საქართველოში ევროპული საწვავი, ამას კვლევა სჭირდება.

აზერბაიჯანში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები ეკუთვნის სახელმწიფო კომპანია "სოკარს" და სხვას არ აქვს უფლება, საქართველოს ბაზარზე საწვავი შემოიტანოს. "სოკარი" ექსკლუზიურად მხოლოდ თვითონ ყიდის გაზსაც. ჩვენ აზერბაიჯანს როგორ უნდა მოვერიოთ აქედან, რომ მან შეცვალოს "სოკარის" სტრუქტურა. ევროპა უშვრება რამეს "გაზპრომს"? "სოკარიც" მონოპოლისტია, რადგან სხვა მოთამაშე ბაზარზე არ არის," - გვითხრა ერთ-ერთმა ქართველმა ექსპერტმა, რომელმაც კონფიდენციალობა არჩია.

საწვავის ბაზრის ანალიზი ცოტა ხნის წინ დაასრულა ასოციაციამ „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის“. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ ბექა კემულარიას თქმით, საქართველოში საწვავის ბაზარზე უსამართლოდ მაღალი ფასებია, ხოლო ოლიგოპოლიური ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში მონოპოლიად გადაიქცა.

ბექა კემულარია: "2006 წელს დაიკეტა აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტი მცირე და შედარებით დიდი ნავთობიმპორტიორი კომპანიებისთვის და ექსკლუზიური უფლება გადაეცა 2006 წლის 17 აგვისტოს რეგისტრირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“, რომლის 24,5%-ინი წილის მფლობელი იყო საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი, 24,5%-იანის - კომპანია „პეტრო ტრანსი“, ხოლო 51%-იანი წილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას“ ეკუთვნოდა.

წლეულს ივლისში ვანო ჩხარტიშვილმა თავისი წილი $5 მილიონად მიჰყიდა „პეტრო ტრანსს“, ხოლო ნოემბერში „პეტრო ტრანსმა“ თავისი 49%-იანი წილიდან 24,5% გაყიდა $5 მილიონად, ხოლო მეორე 24,5%-იანი წილი - $245 ათასად. დაარსებიდან ერთ წელიწადში კომპანია "სოკარი" საცალო რეალიზაციის ბაზარში ჩაერთო, რაც გასაკვირია, რადგან "სოკარი" არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანია, ხოლო აზერბაიჯანში საწვავს მისი შვილობილი „აზპეტროლი“ ყიდის. საქართველოს საწვავის ბაზრით კი აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია თავად დაინტერესდა და მას ბაზრის 80% უჭირავს. საწვავის ბაზრის მონოპოლისტად აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია მოგვევლინა, რაც საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის ან თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

საწვავის საცალო ბაზარზე წლების განმავლობაში წარმოდგენილი იყო ხუთი კომპანია: "ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი", "ეკო", "რომპეტროლი" და "სენტა". წლეულს ახალი კომპანია "გალფი" გამოჩნდა, რომელმაც "სენტა" და "ეკო" შეიძინა. „გალფის“ გამოჩენამდე, წლების განმავლობაში საცალო ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებდა კომპანია „ვისოლი“ და ბაზრის 35% ეკავა, ხოლო 65%-ს დანარჩენი ოთხი კომპანია ინაწილებდა. ბაზარზე „გალფის“ გამოჩენის შემდეგ, ისედაც არასახარბიელო ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. მაგალითად, ადრე მსოფლიო ბაზარზე საწვავის შემცირება რამდენიმე თვეში თუ აისახებოდა ჩვენს საცალო ფასებზე, ამჟამად კი შემცირების ნაცვლად ფასს ზრდიან. რეალურად, როცა მსოფლიოში საწვავის იაფდება, ჩვენთან უცვლელი რჩება, ხოლო როცა იმატებს, ჩვენთან იმ დღესვე აძვირებენ.

ხსენებულ ხუთ კომპანიას ბაზარზე ოლიგოპოლია ჰქონდა, კარტელური შეთანხმებით ისინი საფასო პოლიტიკას ათანხმებდნენ და ფასებით მანიპულირებდნენ. ბაზარზე "გალფის" გამოჩენის შემდეგ ვითარება შეიცვალა, მას 5–10 თეთრით სხვებზე დაბალი ფასები აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი ფასით "ვისოლი" გამოირჩევა. საქმე გვაქვს კიდევ ერთი საბაზრო ანომალიასთან - ყველაზე ნაკლები ფასი კომპანია "სოკარს" უნდა ჰქონდეს, რადგან სხვა დანარჩენი კომპანიები საწვავის ძირითად ნაწილს მისგან ყიდულობენ. როგორ შეიძლება, "სოკარისგან" ნაყიდ საწვავს "გალფი" უფრო იაფად ყიდდეს? ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ "გალფის" მხრიდან საწვავის საცალო ბაზრის მონოპოლიზება მიმდინარეობს, რასაც ამჯერადაც ხელისუფლება უწყობს ხელს".

ვანო მთვრალაშვილი (საქართველოს ნავთობიმპორტიორთა, მწარმოებელთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე): "საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ხდება როგორც ევროპიდან, ასევე აზერბაიჯანიდან. "სუპერისა" და "პრემიუმის" კატეგორიის საწვავი, რომელიც მთლიან შიდა მოხმარებაში დაახლოებით 25%-ს იკავებს, მხოლოდ ევროპიდან შემოდის. აზერბაიჯანიდან კი მხოლოდ რეგულარის ტიპის საწვავის იმპორტი ხორციელდება. ევროპიდან შემოაქვს რეგულარის ტიპის საწვავი "რომპეტროლს", რომელსაც თავისი გადამმუშავებელი ქარხანა აქვს რუმინეთში. როგორ ფიქრობთ, "რომპეტროლი", რომელიც სოლიდური კომპანიაა, ნავთობპროდუქტებს "სოკარისგან" ყიდულობს? რა თქმა უნდა, ბენზინის თვალსაზრისით, აზერბაიჯანულ პროდუქციას სოლიდური წილი უკავია ბაზარზე - 40-45%, დანარჩენი კი ევროპიდან შემოდის.

რა შუაშია "ევრო 5"-ის სტანდარტი? ამ თემაზე საუბრისას უნდა დავაკონკრეტოთ, რას ვგულისხმობთ. ეს საწვავის ფიზიკური, ეკოლოგიური მაჩვენებლებია. "ევრო 4" და "ევრო 5" ევროკავშირში მოქმედი სტანდარტია. საქართველოშიც შემოდის ასეთი მაღალი ხარისხის საწვავი ევროპიდან. იქ რეგულარის ტიპის საწვავის გაყიდვა აკრძალულია, მხოლოდ პრემიუმისა და სუპერის კატეგორია იყიდება. რეგულარს კი ჩვენს ბაზარზე დაახლოებით 75% აქვს მოხმარება, სიიაფის გამო. სხვათა შორის, საქართველოს აქვს მოქმედი სტანდარტი, რომელიც "ევრო 1"-ის პარამეტრებს აკმაყოფილებს. უფრო მაღალი სტანდარტი რომ დავაწესოთ, ამით შეიზღუდება საწვავის იმპორტი იმავე აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან...

- მაშინ ამიხსენით, რატომ არ არის რეალური ფასთა სხვაობა ევროპიდან იმპორტირებულ და აზერბაიჯანიდან შემოტანილ ნავთობპროდუქტებს შორის?

- აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დიზელის საწვავი ღირს 2,10 ლარი, ევროდიზელი კი 2,30 ლარი. 20 თეთრი სხვაობა არ არის? დიზელს ასე მარტივად ნუ უყურებთ. ამ პროდუქტს საწვავის მოხმარების სტრუქტურაში 50%-იანი წილი უკავია. რაც შეეხება ბენზინს, დღეს აზერბაიჯანულ და ევროპულ საწვავის ფასთა სხვაობა 5-7 თეთრია. ბოლო წლებში აზერბაიჯანული საწვავის მოხმარების წილი ბაზარზე სტაბილურად 30-35%-ია. თუ ხარისხი და ფასი არ აკმაყოფილებს მომხმარებელს, აგერ არის ევროპიდან იმპორტირებული და შეუძლია ის იყიდოს.

- უნდა ღირდეს თუ არა რეალურად ბევრად უფრო იაფი აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავი?

- რატომ უნდა ღირდეს ბევრად უფრო იაფი? მოგეხსენებათ, რომ თუ პროდუქტის მოხმარება დაიკლებს, მისი ფასიც შემცირდება. ამ კატეგორიის საწვავის მოხმარება კი არ მცირდება. ფასი ხომ მოთხოვნა-მიწოდებით დგება. ვისაც არ აკმაყოფილებს აზერბაიჯანული საწვავის ფასი, ევრორეგულარის მოხმარებაზე გადავიდეს. ყველა კომპანიას აქვს თავისი მარკეტინგული გათვლა, ხარჯები. ჩვენი ბაზარი ძალიან პატარაა, ამიტომ ჩვენი იმპორტიორების თანაბარ პირობებში ჩაყენება იმ კომპანიებთან, რომლებიც ევროპისა და ამერიკის დიდ ბაზრებზე ოპერირებენ, მსუბუქად რომ ვთქვათ, უსამართლობაა".

ამონარიდი კვლევიდან

(ასოციაცია „სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის“)

ბენზინის ფასის კალკულაცია

"საწვავის უსამართლოდ მაღალი ფასები სხვადასხვა კვლევით შეგვიძლია დაგიდასტუროთ. მაგალითად წარმოგიდგენთ რეგულარის ტიპის ბენზინის ფასის კალკულაციას. გასაიდუმლოებულია, რა ფასად ყიდის საწვავს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარი", საქართველოში მის მიერვე დაფუძნებულ კომპანია "სოკარზე". ფაქტია, საწვავის საერთაშორისო ფასებზე ბევრად იაფად. ევროპის ქვეყნები "ევრო 5"-ის სტანდარტის საწვავს იყენებენ, აზერბაიჯანული საწვავი "ევრო 1"-ის სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, მასში 50-ჯერ უფრო მაღალია გოგირდის შემცველობა, ვიდრე "ევრო 5"-ის სტანდარტის ბენზინში. შესაბამისად, 50-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს ჰაერს და აზიანებს გარემოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ალოგიკურია, ევროპული საწვავის შესასყიდი ფასი და აზერბაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავის ფასი ერთნაირი იყოს.

შესასყიდი ფასი (Platt'sს) აღებულია საერთაშორისო ფასის მიხედვით, რომელიც კალკულაციის შედგენის დღეს იყო 1 ტონაზე 880 დოლარი, ანუ 1460 ლარი. ამას დავუმატოთ ტრანსპორტირების ღირებულება 40 ლარი, აქციზის გადასახადი 250 ლარი. ხარჯი, მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არ აღემატება თვითღირებულების 10%-ს, რაც 150 ლარია, ხოლო მოგება - თვითღირებულების 5%-ს (75 ლარი). კალკულაციაში გასათვალისწინებელია დღგ ზემოთ ჩამოთვლილი თანხების ჯამიდან (1975 ლარიდან), რომლის 18% არის 355 ლარი. ამ თანხების ჯამი 2330 ლარს შეადგენს - 1 ტონა ბენზინის სარეალიზაციო ფასს.

საწვავის მოცულობა იცვლება ტემპერატურის მიხედვით, ამიტომ საბითუმოდ წონით მიხედვით ვაჭრობენ, ხოლო ავტოგასამართ სადგურებში გაყიდვა მოცულობით ხდება. 1 ტონა ანუ 1000 კგ ბენზინი 1370 ლიტრია. 1 ლიტრის სარეალიზაციო ფასი რომ გავიგოთ, მიღებული 1 ტონა საწვავის ფასი (2330 ლარი) გავყოთ 1370 ლიტრზე და მივიღებთ 1,70 ლარს. ბენზინი, რომელსაც 2,10 ლარად ყიდიან, საერთაშორისო ფასის მიხედვით 40 თეთრით უფრო იაფი უნდა ღირდეს. მომხმარებელს თითოეულ ლიტრზე ჯიბიდან 40 თეთრს აცლიან, რაც თვეში ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს. უფრო თუ დავაზუსტებთ, საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს დაახლოებით 60 მილიონ ლიტრ საწვავს, ანუ ყოველთვიურად 24 მილიონი ლარით გვძარცვავენ!!!"

ამონარიდი კვლევიდან

"პრემიუმ-ფასები" ევროკავშირის ქვეყნებში

"ევროპაში საწვავის მაღალი ფასი დიდწილად განპირობებულია მაღალი სახელმწიფო გადასახადებით და არა მოგების მაღალი მარჟით, ჩვენგან განსხვავებით. იქ გადასახადებიდან შესული ფული ბიუჯეტში შედის, ჩვენთან კი მიღებული შემოსავლით ვიწრო წრე ისქელებს ჯიბეებს.

ავიღოთ პრემიუმის ტიპის საწვავი, საქართველოში მის გასაყიდ ფასს - 2,25 ლარს, 18%-იანი დღგ და აქციზის გადასახადი (250 ლარი ტონაზე) რომ გამოვაკლოთ, 1,66 ლარს მივიღებთ. გერმანიაში პრემიუმის გასაყიდი ფასი 3,46 ლარის ეკვივალენტია, ხოლო აქციზისა და დღგ-ის გამოკლებით, რომლებიც ფასის 61%-ს შეადგენს, მივიღებთ 1,35 ლარს. გამოდის, გერმანიასთან შედარებით ჩვენთან საწვავი 31 თეთრით უფრო ძვირი ღირს.

ფინეთში პრემიუმის საცალო ფასი 3,48 ლარია, აქციზისა და დღგ-ისს გარეშე კი 1,36 ლარი; შვედეთში გასაყიდი ფასი 3,44 ლარია, ხოლო აქციზისა და დღგ-ის გარეშე - 1,31 ლარი; დიდ ბრიტანეთში 3,58 ლარი და 1,43 ლარია, საფრანგეთში - 3,56 ლარი და 1,42 ლარი, იტალიაში - 3,57 ლარი და 1,43 ლარი, ბელგიაში - 3,54 ლარი და 1,45 ლარი, პოლონეთში - 2,75 ლარი და 1,24 ლარი. გამოდის, საქართველოში ეს საწვავი ფინეთთან შედარებით 30 თეთრით ძვირი ღირს, შვედეთთან - 35 თეთრით, დიდ ბრიტანეთთან - 23 თეთრით, საფრანგეთთან - 24 თეთრით, იტალიასთან - 23 თეთრით, ბელგიასთან - 21 თეთრით, პოლონეთთან შედარებით კი - 42 თეთრით ძვირი. ცნობისთვის, ევროპაში არ იყიდება აზერბაიჯანული დაბალი ხარისხის საწვავი".