ბანკების მოგება "სამ ვეშაპზე" დგას - კვირის პალიტრა

ბანკების მოგება "სამ ვეშაპზე" დგას

გაზრდილი საოპერაციო ხარჯები; მაღალი განაკვეთები; გირაოთი უძრავი ქონების მასობრივად დაკარგვა...

წლევანდელი ათი თვის მონაცემებით, საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 234 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, რაც ბოლო წლების მაქსიმუმია. ეკონომისტთა ერთი ნაწილის მტკიცებით, ბანკების გაზრდილი მოგება მაღალი მარჟის შედეგია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები სულაც არ არის რისკების შესაბამისი. ბანკებს კი რეკორდული მოგება სავსებით დამსახურებულად მიაჩნიათ, რის ძირითად მიზეზადაც მომსახურების ხარისხის ზრდას ასახელებენ. ბანკების ასოციაციაში კატეგორიულად არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ დიდ მოგებას მაღალი საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს.

ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიას მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსი კომერციულ ბანკებს, სხვა სექტორებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. მისი თქმით, ბანკები სხვაგვარად იბეგრებიან მიკროსაფინანსო ბიზნესთან შედარებითაც კი.

მიხეილ თოქმაჯიშვილი (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "ბანკების მოგების ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათ მენეჯმენტზე და იმაზეც, როგორ მართავენ სესხებს. სესხების მართვასთან დაკავშირებული რისკები დღეს შედარებით შემცირებულია და ბანკს საშუალება ეძლევა, ამ სესხებიდან მიღებული შემოსავალი გაზარდოს. საკმაოდ მაღალია კრედიტებზე მოთხოვნაც. ვფიქრობ, ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ბანკების სტაბილური განვითარება და მათი შემოსავლების ზრდა.

საპროცენტო განაკვეთი მაღალია, მაგრამ ამასაც აქვს ახსნა. განაკვეთი ყოველთვის უნდა აჭარბებდეს ინფლაციის მაჩვენებელს, ის კი საქართველოში საკმაოდ მაღალია. მეორე ფაქტორი რისკიანობაა. სწორედ მაღალი რისკის გამო რჩება საპროცენტო განაკვეთი მაღალ ნიშნულზე. თავი რომ დაიზღვიონ და კატასტროფულ სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ, ბანკები ყოველთვის მაღალ საპროცენტო განაკვეთს ირჩევენ, რაც ბაზარზე მანევრირების საშუალებას აძლევთ. სწორედ ეს ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საპროცენტო განაკვეთებზეა ლაპარაკი".

თემურ ბერიძე (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურია ჩვენს ეკონომიკაში. ის 19 ბანკით არის წარმოდგენილი და ისინი ძირითად მოგებას კლასიკური სქემით იღებენ: გაცემულ სესხებსა და მიღებულ პროცენტებს შორის სხვაობითა და ფიზიკური თუ იურიდიული პირების მომსახურებით. რამ განაპირობა ბანკების შემოსავლების ზრდა? - დღეს უცხოური საფინანსო კაპიტალი სერიოზულად არის წარმოდგენილი ქართულ კომერციულ ბანკებში, რაც კომერციულ ბანკებს ფინანსების თამამად გამოყენებისა და მოგების გაზრდის საშუალებას აძლევს. მეორე გახლავთ გირაოთი კრედიტის გაცემა, როცა სხვაობა რეალურ ღირებულებასა და ამ სესხს შორის საკმაოდ დიდია. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას ბანკი კლიენტის ჩადებულ უძრავ ქონებას ყიდის. ბუნებრივია, კომერციული ბანკები ამ გზითაც საკმაო მოგებას იღებენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრმა დაკარგა უძრავი ქონება, რადგან საქართველოს მოქალაქეების გადახდისუნარიანობა ძალიან დაბალია. ბევრი რამ არის დამოკიდებული მოსახლეობის შემოსავალზე, მის გადახდისუნარიანობასა და ეკონომიკურ აქტივობაზე".

გია ხუხაშვილი (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "სავარაუდოდ, გაზრდილი მოგება განპირობებულია როგორც საპროცენტო განაკვეთით, ასევე საოპერაციო ხარჯებითაც. ვფიქრობ, ბოლო დროს ბანკებმა ძალიან გაზარდეს საოპერაციო ხარჯების ფასი და ეს მათთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ამას ემატება ფარული შემოსავლებიც: ერთია საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ მას მოჰყვება პაკეტი, რომელიც საპროცენტო განაკვეთს საგრძნობლად ამახინჯებს. დავუშვათ, ბანკის განაკვეთი 12%-ია, კლიენტს კი შესაძლოა ეს გაცილებით მეტი დაუჯდეს, იმიტომ რომ ძალიან გაზრდილია მომსახურების ხარჯები. არ შემიძლია არ შევეხო ბოლო დროს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლებიც საფუძველშივე არყევს ქართული საბანკო სისტემის სტაბილურობას. სამწუხაროდ, ჩვენს საბანკო სისტემაში ძალიან არაჯანსაღი პროცესი დაიწყო, რასაც ჩემი აზრით, სავალალო შედეგები მოჰყვება".

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლებიც საგადასახადოს გირავნობა/იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს ბანკის ანალოგიურ მოთხოვნასთან შედარებით. წინა ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი და ლობისტი, რომელიც ბანკს პირველი რიგის კრედიტორად აკანონებდა, საბანკო ასოციაცია იყო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან (სებ) ერთად. ეს წელიწად-ნახევრის წინ მოხდა და საბანკო სექტორის განვითარებასაც საგრძნობლად შეუწყო ხელი. ასოციაციაში არ ეთანხმებიან ბიზნესომბუდსმენის შეფასებას ბანკების პრივილეგირებულობასთან დაკავშირებით. ხოლო ახალ ცვლილებაზე ამბობენ, რომ ის რისკებს გაზრდის და ბანკები იძულებული გახდებიან, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი თუ უზრუნველყოფის ღირებულება გაზარდონ, რაც დაკრედიტებას შეამცირებს. ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ აქტიურად მუშაობენ ამ საკითხის დასარეგულირებლად და ხაზს უსვამენ, რომ ბოლო კვარტალში საბანკო სექტორმა სესხების გაცემა, პირიქით, საგრძნობლად გაზარდა...

ციფრების ენით

- საქართველოს საბანკო სექტორის შემოსავალი 2011 წლის ოქტომბერში 198 მლნ ლარით გაიზარდა და 1-ელი ნოემბრისთვის 1,7 მლრდ ლარს მიაღწია.

- ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 19,7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო წლის დასაწყისიდან - 234,7 მლნ ლარი.

- საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მოგების 63,6% საპროცენტო შემოსავლებია, რომლის 89,4% (947 მლნ ლარი) სესხებიდან არის მიღებული.

- მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები, საკომისიოებთან ერთად, 153,7 მლნ ლარია.

ხათუნა ჩიგოგიძე