ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი ამოქმედდება - კვირის პალიტრა

ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი ამოქმედდება

შემოსავლების სამსახურმა მცირე ბიზნესს ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი შესთავაზა, რომლებიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება.პირველი მათგანით ისარგებლებენ ის მცირე მეწარმეები, რომლებიც არა იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებს უწევენ მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის უფროს ჯაბა ებანოიძის განმარტებით, "მათ არც სჭირდებათ იურიდიული პირებისთვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ანგარიშფაქტურის გამოწერა. გადასახადის ასეთი ფორმის არჩევის შემთხვევაში, ამ კატეგორიის მეწარმეებს მოეხსნებათ სალარო აპარატის გამოყენების აუცილებლობა, საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება და აღარ დაიქირავებენ ბუღალტერს". მათთვის გადასახადის განაკვეთი და დაბეგვრის ფორმა კანონპროექტის განხილვისას დადგინდება. მაგალითად, სილამაზის სალონი შესაძლოა დაიბეგროს სკამების რაოდენობით ან ტერიტორიული ფაქტორების გათვალისწინებით. ამ მოდელით სარგებლობას შეძლებენ სილამაზის მცირე სალონები, ავტომობილების მცირე სახელოსნოები, პურის მცირე საცხობები და სხვა.

გადასახადის მეორე მოდელიც იმ მეწარმეებზეა მორგებული, რომლებიც ვაჭრობენ და მათი მომხმარებლებიც ფიზიკური პირები არიან. არც მათ აქვთ შეხება იურიდიულ პირებთან და არ საჭიროებენ იურიდიული პირებისთვის ხარჯის დამადასტურებელი და სხვა საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერას. ასეთი კატეგორიის მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადი ამოქმედდება ბრუნვის 3%-ის მოცულობით. ვინც ამ მოდელს აირჩევს, ექნება სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, რადგან 3%-იანი გადასახადი სწორედ სალარო აპარატით აღნუსხული შემოსავლიდან დაანგარიშდება. არც ამ შემთხვევაში იქნება საჭირო საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, შესაბამისად, არც ბუღალტერის დაქირავება.

კიდევ ერთი შეღავათით ორივე კატეგორიის მეწარმეები ისარგებლებენ. კერძოდ, გაუქმდება 100 ათას ლარიანი ზღვარი დღგ-ის გადამხდელად აღრიცხვისთვის. მეწარმის შემოსავალი წელიწადში 100-ათასიან ზღვარსაც თუ გადააჭარბებს, მას შეუძლია, ფიქსირებული გადასახადის გადახდა განაგრძოს და დღგ-ის გადამხდელი არ გახდეს. აღნიშნულ ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი განიხილავს და საშემოდგომო სესიის დასრულებამდე დაჩქარებული წესით მიიღებს.

უკვე გაისმა პირველი შეფასებები. აუდიტორ ირაკლი შავიშვილის აზრით, შესაძლოა იურიდიულმა პირებმა საწერი კალამიც ვეღარ შეიძინონ - თბილისში აღარ დარჩება მაღაზია, რომელიც იურიდიულ პირს მოემსახურება, არავის მოუნდება, იყოს დღგ-ის გადამხდელი და კომპანიების მომსახურებაზე ყველა უარს იტყვის. თუმცა კანონპროექტის თანაავტორია "მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია", რომლის პრეზიდენტ გიორგი ისაკაძეს ეჭვი ეპარება, რომ მეწარმეების უმრავლესობამ დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირებაზე უარი თქვას. ის ფიქსირებული გადასახადის შემოღებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

მეწარმეს დაუტოვებენ არჩევანის უფლებასაც. იგი თავად გადაწყვეტს, ფიქსირებული გადასახადი გადაიხადოს თუ ჩვეულებრივ განაგრძოს ადმინისტრირება.