ვინ აკონტროლებს საქართველოს სარეკლამო ბაზარს - კვირის პალიტრა

ვინ აკონტროლებს საქართველოს სარეკლამო ბაზარს

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანგარიშის თანახმად, საქართველოს სარეკლამო ბაზარს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ, რომლებმაც "მჭიდროდ შეკრული ქსელი" ჩამოაყალიბეს.კვლევის თანახმად, სატელევიზიო რეკლამის გაყიდვაში მონოპოლიურად "ჯენერალ მედია" დომინირებს, თბილისის გარე რეკლამაში -"აუტდორ.ჯი". ტელერეკლამაზე მთლიანი ბაზრის 78% მოდის, გარე რეკლამაზე კი 6%. დანარჩენს რადიო, ჟურნალ-გაზეთები და ინტერნეტი ინაწილებენ. შესაბამისად, ამ ბაზრის ყველაზე მსუყე ლუკმებს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ვიწრო წრე აკონტროლებს.

სარეკლამო ბაზრის სქემაზე მუშაობამ გამოავლინა, რომ ამ ბიზნესების მფლობელი კომპანიების უმეტესობა ოფშორულ ზონებში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ან პანამაშია რეგისტრირებული. ცნობისთვის: მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოდან, ბრიტანეთის ვირჯინიაში რეგისტრირებულმა კომპანიებმა $15 მილიონი გაიტანეს, პანამაში რეგისტრირებულმა ფირმამ კი შარშან $5 მილიონის კაპიტალი გაიტანა.

კვლევის თანახმად, 2010 წელს სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯულმა თანხამ 61,8 მილიონი ლარი ($40 მილიონზე მეტი) შეადგინა. მისი 78% ორ კერძო ნაციონალურ ტელეკომპანიაზე, "რუსთავი 2"-სა და "იმედზე" განაწილდა. 2010 წელს ტელესარეკლამო ბაზარზე ორი კომპანია დომინირებდა. ერთ-ერთია "ტაჩ მედია", რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ჰოლდინგური კომპანიის, "ჯორჯიან მედია პროდაკშნ გრუპის" ნაწილი იყო და სარეკლამო დროს "იმედზე" ყიდდა (მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი არველაძე ხელმძღვანელობს). კომპანიის 90%-ის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული "რაკ ჯორჯია ჰოლდინგია". მეორე დომინანტი ფირმა გაყიდვების სახლი "მედია ჰაუსი" იყო, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობდა. 2011 წლის დასაწყისში, "ტაჩ მედიასა" და "მედია ჰაუსის" შერწყმით "ჯენერალ მედია" ჩამოყალიბდა. ის ამჟამად სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით, გაყიდოს სარეკლამო დრო როგორც "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე, ასევე ტელეკომპანიებზე: "საქართველო", "მზე" "რეალ ტვ" და "პირველი სტერეო".

"ჯენერალ მედია" დე ფაქტო მონოპოლისტია. ამჟამად ის ქვეყნის სარეკლამო ნაკადების დაახლოებით ორ მესამედს აკონტროლებს", -წერია ანგარიშში. კომპანიის დირექტორი ირაკლი ბურძგლაა. ის ასევე ხელმძღვანელობს კომპანია "უნიმედიას", რომლის მფლობელები, 50%-50%-იანი წილით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "ჯორჯიან მედია პროდაკშნ გრუპი" არიან.

კვლევიდან ირკვევა, რომ ირაკლი ჩიქოვანი "მედია ჰაუსის" მეწილედ მას შემდეგაც დარჩა, რაც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. "მედია ჰაუსიდან" ჩიქოვანმა 2009 წელს 1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო იმ სექტორში, რომლის ზედამხედველობასაც კომისიის თავმჯდომარის რანგში, თავად ახორციელებდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ირაკლი ჩიქოვანი რჩება სამშენებლო კომპანია "ბედეგის" აქციონერად, ხოლო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ გიორგი გეგეშიძესთან ერთად ფლობს სამშენებლო კომპანია "მაგი სტილს." ეს უკანასკნელი ქუთაისში პარლამენტის ახალ შენობას აშენებს. კომისიის თავმჯდომარე ასევე ფლობს სარეკლამო სააგენტო "მაგი სტილი მედიას", რომელიც კლიენტებს გარე რეკლამის, სამაუწყებლო დიზაინისა და სატელევიზიო რეკლამის შექმნასა და განთავსებას სთავაზობს.

სარეკლამო ბაზარს დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანიც აკონტროლებს. სწორედ მისი კომპანია "აუტდორ.ჯი" ფლობს თბილისში გარე რეკლამებისა და პრესის ჯიხურების განთავსების უფლებას. "აუტდორ.ჯის" 20%-ს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენდირექტორ გიორგი გეგეშიძის შპს "სამკუთხედი" ფლობს, 70%-ს კი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული "ედ პროჯეკტსი". ამ უკანასკნელს ეკუთვნის შპს "მედია პორტის" 36%, კიდევ 20% ზემოხსენებული ირაკლი ბურძგლას საკუთრებაა, 10% მაია მეტრეველს ეკუთვნის, რომელიც "ჯენერალ მედიას" წარმომადგენელია. "ჯენერალ მედია" მხოლოდ იმ ტელეარხებთან თანამშრომლობს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან ან ახალ ამბებს არ აშუქებენ.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე (კვლევის ერთ-ერთი ავტორი): "ერთი შეხედვით ჩახლართული ეს სქემა ძალიან კარგად მუშაობს. მედიასივრცეში ფინანსური ნაკადები ისე ნაწილდება, რომ თანხები შემთხვევით არ მოხვდეს სრულიად დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში. სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი მოცულობა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში ხვდება. ეს ისეთი მექანიზმებით ხდება, როგორიც არის მაგალითად დაბალი სარეკლამო ტარიფები ნაციონალურ არხებზე. ტარიფები ხელოვნურად იმდენად არის შემცირებული, რომ რეკლამის დამკვეთს სტიმული აღარ აქვს, რეკლამა სხვა მედიასაშუალებებში განათავსოს. ზოგადი სურათი ამ მიმართულებით მეტად მწვავეა. რეკლამა არ მიედინება მედიასაშუალებებში, რომლებსაც აქვთ მწვავე საგამოძიებო ჟურნალისტიკა და კრიტიკული სტატიები ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე. მოვიპოვეთ კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ამ კვლევაში არ არის მოტანილი, მაგრამ გვაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეს არის რეკლამის დამკვეთების 15-მდე შეწყვეტილი კონტრაქტი ტელეკომპანიებთან "მაესტროსა" და "კავკასიასთან". არის შემთხვევები, როცა კონტრაქტი გაფორმდა ერთ დღეს და მეორე დღესვე შეწყდა. ეს არის მტკიცებულება, რომ სარეკლამო სივრცეში უცნაური მოვლენები ხდება. იყო შემთხვევა ჟურნალ "ლიბერალთან" დაკავშირებითაც. მათი მოლაპარაკებები რამდენიმე ფინანსურ ჯგუფსა და კერძო კომპანიასთან წარმატებით მიმდინარეობდა, სანამ ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდოდა. ამის შემდეგ დამკვეთებმა ურთიერთობა გაწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ჟურნალის შინაარსი მათში შეშფოთებას იწვევდა და არ სურდათ, პრობლემები ჰქონოდათ ხელისუფლებასთან. იმავეს ამბობენ რეგიონული გამოცემების წარმომადგენლები.

ეს ყველაფერი ხელს უწყობს რეკლამიდან შემოსული შემოსავლის თავმოყრას ერთი ჯგუფის ხელში, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მთლიანად მედიასაშუალებებს და არ აძლევს მათ განვითარების საშუალებას.

რაც შეეხება გარე რეკლამას, იქაც იგივე, მცირედით სახეშეცვლილი სანათესავო და სამეგობრო ჯგუფი აკონტროლებს ბაზარს -საგაზეთო ჯიხურებს, ტრანსპორტზე რეკლამის განთავსებას, ბილბორდებს, სარეკლამო სტენდებს, მონიტორებსა და მეტროში არსებულ სარეკლამო საშუალებებს. ეს რთულსა და სახიფათო ვითარებას ქმნის წინასაარჩევნოდ, როცა მთლიანად სარეკლამო სივრცე ერთი "დაჯგუფების" ხელშია მოქცეული".

ამონარიდი კვლევიდან

ბაზრის დომინანტი მოთამაშეები და კონკურენციის ნაკლებობა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" აღმოაჩინა, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს მეგობრებისა და ბიზნესპარტნიორებისგან შემდგარი მცირე, მაგრამ მჭიდროდ შეკრული ქსელი აკონტროლებს, რომელიც, შესაბამისად, დიდ გავლენას ახდენს საქართველოს მედიასექტორის განვითარებასა და მდგრადობაზე. სარეკლამო სექტორის დიდი ნაწილი გაუმჭვირვალეა. მთელ რიგი კომპანიები, როგორც ჩანს, ფორმალური ხელმძღვანელების მიერ იმართებიან... სარეკლამო სექტორის მფლობელობის სტრუქტურის ანალიზისას, "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" უამრავი ოფშორული ჰოლდინგური კომპანია აღმოაჩინა, რომელიც, მფლობელების ვინაობისა და ფინანსური ნაკადების დასაფარად, პანამასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ასევე საეჭვოდ მაღალი იყო ცალკეული კომპანიების მფლობელობის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების რაოდენობა. ის გარემოება, რომ მთელ რიგ კომპანიებს ამჟამინდელი მთავრობის მოხელეების ან ყოფილი მთავრობის/მმართველი პარტიის მაღალჩინოსანი წევრების ნათესავები ან ახლო მეგობრები აკონტროლებენ, ბადებს ეჭვებს როგორც ინტერესთა კონფლიქტთან, ისე კონკურენციასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც პოტენციურად საქართველოში კრეატიული ინდუსტრიისა და მედიასექტორის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორია. არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ დავით კეზერაშვილი, რომელიც 2006-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს აკონტროლებს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც კეზერაშვილის მეუღლის ძმა არის, სარეკლამო სექტორის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე გახდა. ქვეყანაში თავისუფალი და კონკურენტული სარეკლამო სექტორის არარსებობამ შესაძლოა ასევე გააუარესოს ისედაც არათანაბარი გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, თუ ოპოზიციურ და მმართველ პარტიებს პოლიტიკურ რეკლამაზე თანაბარი წვდომა და პირობები არ ექნებათ.

"ჯენერალ მედია" -რეკლამების გაყიდვის მონოპოლისტი სახლი

2011 წლის დასაწყისში, ბაზარზე ახალი კომპანია "ჯენერალ მედია" გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ "ტაჩ მედია" და "მედია ჰაუსი", როგორც იურიდიული პირები, ისევ არსებობენ, "ჯენერალ მედია" ამ ორი წამყვანი გაყიდვის სახლის აქტივობების დე ფაქტო შერწყმის შედეგია. როგორც "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განუცხადეს, ამ ორ არხს შორის არსებულმა კონკურენციამ რეკლამის ფასების იმგვარი დაცემა გამოიწვია, რომ არხების ფინანსურ მდგრადობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, ერთმანეთის წინააღმდეგ კონკურენცია შეეწყვიტათ და ერთსა და იმავე გაყიდვების სახლთან, "ჯენერალ მედიასთან" ეთანამშრომლათ. ამჟამად "ჯენერალ მედია" დე ფაქტო მონოპოლისტია და ნებისმიერი კომპანია, რომელსაც ნაციონალურ არხებზე რეკლამის განთავსება სურს, იძულებულია მასთან ითანამშრომლოს. დომინანტური მდგომარეობის წყალობით, "ჯენერალ მედია" ამჟამად ქვეყნის მთელი სარეკლამო ნაკადების დაახლოებით ორ მესამედს აკონტროლებს.

საგაზეთო ჯიხურები – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან "საქართველოს ფოსტამდე"

"აუტდორ.ჯის", "საქართველოს ლატარიის კომპანიისა" და "ედ პროჯეკტის" (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია, რომელიც ფლობს ისეთი წამყვანი სარეკლამო სააგენტოების აქციებს, როგორებიცაა "ეფ ვინდფორსი", "სტუდია მეტრო" და "მედია პორტი") აქციების ფლობის გარდა, დიმიტრი ჩიქოვანი ასევე ჩართულია საგაზეთო ჯიხურების ქსელის ბიზნესში, რომლებშიც გაზეთები და "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ლატარიის ბილეთები იყიდება.

2009 წელს თბილისის მერიამ ახლად შექმნილ კომპანია "უაიდ დისტრიბიუშენზე" გასცა ქალაქის მასშტაბით საგაზეთო ჯიხურების განთავსების ნებართვა, რომელთა კედლები სარეკლამო აბრებად გამოიყენება. ამ ნებართვის გაცემის პროცესი გაუმჭვირვალე იყო და გამომცემლებს შორის, რომლებიც შიშობდნენ, რომ ხელისუფლება პრესის გავრცელების სისტემის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, შეშფოთება გამოიწვია. საია-ს მიერ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გაირკვა, რომ "უაიდ დისტრიბიუშენი" დედაქალაქში 185 ჯიხურს აკონტროლებს. 2011 წლის სექტემბერში საგაზეთო ჯიხურების მფლობელობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა. ჯიხურების ოპერატორი კომპანია, რომელსაც ამჟამად შპს "ექსპრესი" ეწოდება, სს "ედ პროჯეკტსა" (70%) და სამ კერძო პირს ეკუთვნოდა (10-10%). მათ შორის იყო ნოდარ ჭარხალაშვილი, რომელიც სტუდია "მონიტორის" ინფორმაციით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრ სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლეა. 12 სექტემბერს ჯიხურების ოპერატორი კომპანიის ყველა აქცია სს "ედ პროჯეკტმა" შეიძინა და 28 სექტემბერს აქციების 70% ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჩუქრად გადასცა, რომელმაც მომდევნო დღეს ჯიხურების მართვის უფლება სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ "საქართველოს ფოსტას" გადაულოცა. სს "ედ პროჯეკტი" აქციების 30%-ით მინორიტარულ აქციონერად რჩება (მსგავსი ნაციონალიზაცია განიცადა "საქართველოს ლატარიის კომპანიამაც", რომელსაც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კიდევ ერთი ოფშორული კომპანია ფლობდა და რომელსაც საქართველოში დიმიტრი ჩიქოვანი წარმოადგენს. ამ კომპანიის აქციათა 70%-ს ამჟამად "საქართველოს ფოსტა" მართავს.). საია-ს ინფორმაციით, იმ სარეკლამო/საგაზეთო ჯიხურების გარდა, რომლებსაც მთავრობა და დიმიტრი ჩიქოვანი ფლობენ, "აუტდორ.ჯი" კიდევ 38 ჯიხურის მფლობელია. სტუდია "მონიტორის" ცნობით, რამდენიმე საგაზეთო ჯიხურს "მაგი სტილიც" მართავს".