ბოდიში, თქვენ გელით პენსია? - კვირის პალიტრა

ბოდიში, თქვენ გელით პენსია?

სახელდახელო "სისტემას" შეცვლის პირიც არ უჩანს

ახალგაზრდულ წრეებში დღეს ხშირად ისმება შეკითხვა - გვექნება თუ არა ეკონომიკურად სტაბილური სიბერე და რამდენად შეუწყობს ხელს ამ სტაბილურობას პენსია? ფაქტია, რომ დღევანდელი პენსია საარსებო მინიმუმს ჩამორჩება. ეკონომისტების შეფასებით, სამწუხაროდ, არ არსებობს საკანონმდებლო და სისტემური საფუძველი, რომელიც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილ სიბერეს მოუტანდა თუნდაც იმ თაობას, რომელსაც ათ წელიწადში დაუდგება საპენსიო ასაკი.

შოთა მურღულია (სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის უფროსი): "საქართველოს კანონმდებლობაში არსად წერია, რომ ეკონომიკურად გარანტირებული სიბერე გვექნება. ჩვენი მომავალი უფრო იმაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურად რამდენად სტაბილური ვითარება შეიქმნება მაშინ, როცა საპენსიო ასაკი მოგვიწევს. ამ ეტაპზე, საპენსიო ასაკისთვის ჩვენ არაფერს ვაგროვებთ. არ არსებობს კონკრეტული გადასახადი, რომელიც იძლევა გარანტიას, რომ ნამდვილად გვექნება პენსია და თუ გვექნება, რამდენი? არსებული ვითარების მიხედვით, ახალი თაობა გადაუხდის წინა თობას, მაგრამ რის მიხედვით და რამდენს? სოციალური გადასახადის გაუქმებამ ის რეალური გადასახადი გააუქმა, რომელიც სოციალურ სისტემას ეხმარებოდა. ახლა კი ვიხდით გადასახადებს, მაგრამ სიბერის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის არანაირი გრძელვადიანი ანგარიშვალდებულება არ ფორმირდება.

გაურკვეველია, რა ჰქვია პენსიას, რომელიც დღეს არსებობს, რის მიხედვით დგინდება და საიდან გამომდინარეობს ის? რატომ არის ყველასთვის ერთნაირი? კანონში ამ ფორმულის შესახებ არაფერი წერია. პენსია ჩვენთან აღიქმება, როგორც სავალდებულოდ გასაცემელი ხარჯი, რათა მის გაუცემლობას პოლიტიკური მღელვარება არ მოჰყვეს.

პენსიონერებს ყოველდღიური საქმე აღარ აქვთ, მაგრამ სურთ, იყვნენ აქტიური, ისინი ყველაზე აქტიური ამომრჩევლები არიან. შესაბამისად, მათი გაბრაზება არავის აძლევს ხელს. ყოველი არჩევნების წინ საპენსიო დანამატი ან საპენსიო თემის წამოწევა მათი გულის მოსაგებად ხდება. ყველა ხელისუფლებამ "იცის", რომ ამ ადამიანების განაწყენება არ შეიძლება, როცა არჩევნები მოდის, უნდა მოაკლონ ყველაფერს და პენსიებს ცოტა მოუმატონ.

- ეს ხდება საქართველოში, რომელიც ოფიციალურად ევროსტრუქტურებისკენ მიისწრაფვის...

- ევროსტრუქტურებში გაწევრებისთვის მდგრადი განვითარების სტრატეგია უნდა გქონდეს. უნდა დააბალანსო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სფერო, რაც სტრატეგიის შექმნასა და მის ეტაპობრივად განხორციელებას მოითხოვს. თუ ქვეყანა განვითარდება, საზოგადოებას აუცილებლად გაუჩნდება უკმაყოფილება, - რატომ ვიხდი გადასახადებს, თუ სახელმწიფოსგან ეს არ დამიფასდება? აუცილებლად მოითხოვს გარკვევას, როგორ იცხოვრებს სიბერისას. ამჟამად კი მოქმედებს მიდგომა - ახლა გადაიხადე გადასახადები და შენს თავს მიხედე, შემდეგ კი რაღაც იქნება.

როგორი ფინანსური მდგომარეობა გველის საპენსიო ასაკში? ამის თქმა მხოლოდ სპეციალური ფორმულის საფუძველზე შეიძლება, ის კი არ არსებობს. მსგავსი სისტემები 15 წელიწადში შედის ძალაში. მაგრამ თუ სხვაგან არ გაქვს გრძელვადიანი ხედვა, ვერც ამ სფეროში გექნება, რადგან მთავარი პრობლემა საპენსიო სისტემის გაუმართაობა კი არ არის, არამედ ის, რომ ჩვენ საერთოდ არ გვაქვს გრძელვადიანი გათვლები. ვამბობთ - ისე დინამიკურად ვითარდება ყველაფერი, ვინ იცის, რა იქნება ათი წლის შემდეგ, მივყვეთ და გზადაგზა გამოჩნდება, რა უნდა ვაკეთოთო. ეს არ არის ევროპული მოდელი. საპენსიო სისტემის ხვალვე გარდაქმნას ვერავინ დაგვპირდება, მაგრამ ის მაინც უნდა ითქვას, რა შეიძლება იყოს 15 წლის შემდეგ.

- ევროპელი მოქალაქეები როგორი საპენსიო სისტემით სარგებლობენ?

- განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო სისტემას რამდენიმე მოდელი აქვს. მკვიდრდება კერძო საპენსიო სისტემებიც, როცა სახელმწიფოსგან წახალისებით, მოქალაქე თავისი სიბერის ეკონომიკურ გარანტიას თვითონვე ქმნის.

არსებობს საწარმოო პენსია, როცა პენსიის ვალდებულებას საწარმო კისრულობს. იქ სამუშაო კოლექტივი შედარებით ნაკლებ გადასახადს უხდის სახელმწიფოს. ანდა მოქალაქე ჩვეულებრივად იხდის გადასახადებს (სოციალურ შენატანებს) და როცა პენსიაში გავა, სპეციალური ფორმულით დაითვლება, რამდენი უნდა იყოს მისი პენსია სიცოცხლის ბოლომდე. მოქალაქემ იცის, რომ თუ ბევრი შემოსავალი ჰქონდა და დიდი სოციალური გადასახადები გადაიხადა, პენსიაც მეტი ექნება, ვიდრე იმას, ვინც ნაკლებს იხდიდა. შესაბამისად, პენსია განისაზღვრება წლების, დამსახურების, საქმიანობის, საგადასახადო შენატანის მიხედვით. შესაძლოა სამ წელიწადს ვიმუშაო და იმხელა სოციალური გადასახადი გადავიხადო, რომ სხვამ იგივე 30 წელიწადშიც ვერ შეძლოს. თუ მეტი ეკონომიკური ეფექტი მომქონდა სახელმწიფოსთვის, პენსიაც მეტი მექნება. დასავლეთის ქვეყნებში ფორმულას 10-15 წლით ადრე ცვლიან და არა ისე, რომ ხვალ საპენსიო ასაკს აღწევდე და დღეს პირობები შეგიცვალონ. ამით გეძლევა საპენსიო სისტემის არჩევის უფლება, შენი მომავლის უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთ სისტემაზე გადასვლის მცდელობაც კი არ შეინიშნება.