რას გვიქადის 2012 წელი ეკონომიკაში - კვირის პალიტრა

რას გვიქადის 2012 წელი ეკონომიკაში

უმუშევრობის პრობლემა მწვავე იყო, არის და მომავალშიც ასეთად დარჩება

წლის შეჯამების დრო დადგა. 2011 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენების, წარმატებებისა და თუ წარუმატებლობების შეფასება ეკონომიკის ექსპერტებს ვთხოვეთ. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ქვეყნის საგარეო სარეიტინგო პოზიციები - ეს ძირითადად სტატისტიკური მაჩვენებლებია, რითაც ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს. სამწუხაროდ, ეს "წარმატებები" აგერ უკვე მერამდენე წელია, მოსახლეობის მძიმე სოციალურ ფონს ვერაფერს აკლებს. მოკლედ, ან ჩვენს ეკონომიკას ჯადო აქვს გაკეთებული, ან ციფრები, რბილად რომ ვთქვათ, შორს დგას არსებული რეალობისგან.

იოსებ არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "2011 წელს ქვეყანაში აღირიცხა ეკონომიკური ზრდა და პროგნოზებიც ამ მაჩვენებლის ზრდისკენ არის მიმართული. წლის ბოლოს, მესამე კვარტალში, ზრდა 7,5% იყო. დადებითად შეიძლება შეფასდეს ინფლაციის დათრგუნვა, რომელიც მაღალი იყო და 2%-იან ნიშნულს ჩამოსცდა. უმუშევრობის პრობლემა კი მწვავე იყო, არის და მომავალშიც ასეთად დარჩება. თავად ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით, საშუალო მსოფლიო დონეზე 30%-ით ნაკლებია. მსყიდველობითი უნარის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს (49%).

გაეროს განვითარების პროგრამების შეფასებებით, ეკონომიკური განვითარების დონის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ უკუსვლა განიცადა. წინა წლებში თუ მეასე ადგილზე ვიყავით, ახლა 111-ზე ვართ. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდა არ არის საკმარისი წინა წლებში წარმოქმნილი, დაგროვილი უარყოფითი მუხტის დასაძლევად. ხელშესახები შედეგის მისაღწევად ეკონომიკური ზრდის გაცილებით მაღალი ტემპი გვჭირდება.

2011 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველო ახალ საგადასახადო რეჟიმში ცხოვრობს და ნაკლოვანებების მიუხედავად, ეს კოდექსი მაინც ადრინდელზე უკეთესია.

ეკონომიკის ზრდა 2012 წელსაც შენარჩუნდება, ამაში მნიშვნელოვან როლს გადამმუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა შეიტანს. ვფიქრობ, პერსპექტივა ისეთია, რომ ჩვენი პროდუქცია, პირველ რიგში, ღვინო და მინერალური წყლები, რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება და ეს მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარებისთვის.

ინფლაცია დაგეგმილია 6%-ის დონეზე. რა თქმა უნდა, ეს აისახება სასურსათო კალათასა და ცხოვრების ღირებულების ინდექსზე. ვინაიდან ჩვენ დამოკიდებული ვართ მსოფლიო ბაზარზე და სასურსათო მოხმარების 70% იმპორტირებულია, მსოფლიოში რეცესიის ფონზე არ იქნება საფრთხე, რომ სურსათზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდოს".

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" პარტნიორი): "2011 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს შორის უნდა დავასახელოთ ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მშპ-ის ზრდის ტემპი, რომელიც დაგეგმილზე მეტია და 7%-ს აღემატება, რაც მსოფლიოში მიმდინარე კრიზისების ფონზე კარგი მაჩვენებელია. წლეულს გვქონდა საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) 40%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. აღნიშვნის ღირსია ინფლაციის დაბალი ნიშნული, რომელიც წლის ბოლოს 2%-ზე დაბალია, აქ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი მონეტარული პოლიტიკა. ამასთან, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასები, წინა წლისგან განსხვავებით, შემცირდა და საერთაშორისო გავლენა ამ თვალსაზრისით მინიმალური იყო. აღსანიშნავია ლარის კურსის სტაბილურობა მთელი წლის განმავლობაში, რაც ეროვნული ბანკის დამსახურების გარდა, აშშ დოლარისა და ევროს კურსის დაცემითაც არის განპირობებული.

2011 წელს, საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში კვლავ დაწინაურდა, წლის ბოლოს "ფიტჩმა" და "სტანდარდ ენდ პუერსმა" ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგი მოგვცეს.

ეს ნიშნავს უფრო მეტ ნდობასა და პერსპექტივას საქართველოს ეკონომიკისთვის და იაფ რესურსს - საფინანსო სექტორისთვის.

აღსანიშნავია რუსეთის WTO-ში გაწევრებასთან დაკავშირებული კომპრომისი, ანუ გამოჩნდა პერსპექტივა, რომ ქართული პროდუქცია ისევ შეიძლება გაიყიდოს რუსულ ბაზარზე, რაც ადგილობრივი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალია. გარდა ამისა, ეს იქნება შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორებისთვის, ლიბერალურ გარემოში აწარმოონ პროდუქცია და გავიდნენ ამ უმსხვილეს ბაზარზე. წლის მნიშვნელოვანი მოვლენაა ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ესეც შექმნის შესაძლებლობას ქართული კომპანიებისთვის, გაზარდონ გაყიდვა, ხოლო უცხოური, განსაკუთრებით აზიური ინვესტორებისთვის იქნება შანსი, საქართველოს საშუალებით გავიდნენ ევროპულ ბაზარზე.

მიუხედავად მაკროეკონომიკური პარამეტრების სასიკეთო მაჩვენებლებისა, მთავარ პრობლემად მაინც რჩება უმუშევრობა, რომელიც ოფიციალურად 16%-ია, რეალურად კი, ბევრად მაღალი. საქართველოს ეკონომიკა კვლავ ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივ მუშახელს საკმარისი სამუშაო ადგილებით. დაბალია კონკურენციის ხარისხი და ეკონომიკა ნაკლებად კონკურენტუნარიანია, რასაც გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი მოწმობს. ამ მხრივ 150 ქვეყანას შორის 88-ე ვართ. ბიზნესის ბევრ სექტორში შეზღუდულია კონკურენცია და მონოპოლიზაცია შეინიშნება - საწვავის ბაზარზე, შაქრის, მარილისა და სხვა პროდუქტების იმპორტში, საქალაქო ტრანსპორტში. მონოპოლიზებულია აუქციონები და ტენდერები. გაზრდილია საქართველოდან ინვესტიციების გადინება - 2011 წლის მონაცემებით, დაახლოებით $200 მლნ. ეს ნიშნავს, რომ დადებითი ტენდენციების მიუხედავად, საქართველოში კაპიტალი თავს დაცულად ვერ გრძნობს. ამის მიზეზი საკუთრების უფლებების დარღვევა, ბიზნესზე წნეხი და შეზღუდული კონკურენციაა. კვლავ მძიმეა მცირე ბიზნესის მდგომარეობა და მიუხედავად რამდენიმე ინიცირებული პროექტისა, ის რეალურად არ ვითარდება. უარყოფით მოვლენებს შორის აღსანიშნავია ებრაელი ბიზნესმენების, ფრენკელისა და ფუქსის საქმე, რომლმაც საგრძნობლად დააზარალა საქართველო-ისრაელის ურთიერთობები. აღსანიშნავია მაღალი საბანკო პროცენტები და ბანკთან ურთიერთობის ხარჯები. ბიზნესს ძალიან ძვირი უჯდება ბანკებთან ურთიერთობა, მაღალია განაკვეთი, ასევე მაღალია საკომისიო, დაზღვევისა და სხვა საოპერაციო ხარჯები. ეს ასახულია კიდეც სექტორებში, ბანკების მოგება $300 მლნ ლარს აჭარბებს, მაშინ როდესაც სხვა ბიზნესები მოგების მინიმალურ მაჩვენებლებზე მუშაობენ".

ნოდარ ხადური (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი): "2011 წელი მაინც კრიზისის შემდგომი პერიოდი იყო და ამიტომ შესაძლოა წარმატებად ჩაითვალოს, რომ მაღალი ინფლაციის მოთოკვა მოხერხდა და დღეს ის შედარებით კონტროლირებადია, ვიდრე 2011 წლის მაისში. ჩემთვის დიდი პოტენციალის მქონეა ევროკავშირის განცხადებები, რაც საქართველოს უფლებას აძლევს, დაიწყოს მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა ქვეყანა ინვესტორებისთვის საინტერესო გახდეს. ამასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკა განიცდის საინვესტიციო შიმშილს, საკმაოდ დიდია უმუშევრობა - 300 ათას კაცზე მეტია უმუშევარი, რაც ქმნის დიდ საფრთხეს ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. უცხოური ინვესტიციების გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. საერთაშორისო რეიტინგებზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის არის, რომ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას გასაღების ბაზარი ჰქონდეს. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპები შედარებით დაბალია, უმუშევრობა კი ძალიან მაღალი.

ქვეყანაში მოქმედი სოციალური დაცვის მექანიზმები არ არის სწორად მიმართული. ამას ადასტურებს წლის განმავლობაში დარიგებული სამი ვაუჩერი: დენის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის წარმოების. ვაუჩერს იღებს ყველა, მიუხედავად იმისა, სჭირდება ის თუ არა.

2012 წელი დიდი სამწლიანი ციკლის დასაწყისია. არჩევნები გველოდება 2012 წლის ოქტომბერში, 2013-ის ოქტომბერსა და და 2014 წელს (საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები). შესაბამისად, ყველაფერი ეს მნიშვნელოვან ინფლაციურ საფრთხეს შეიცავს. ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, მოსახლეობის სოციალურ დაცულობაზე იზრუნოს და არსებული რესურსი გამოიყენოს. მთავარია, ამ პოლიტიკურ პერიპეტიებში არ დაგვენგრეს ფასების ის მყიფე სტაბილურობა, რომელსაც წლის მეორე ნახევარში მივაღწიეთ. 2012 წლისგან არ ველოდები რამე რადიკალურ ცვლილებებს, ეს იქნება გაგრძელება 2011 წელს დაწყებული პროცესებისა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოახერხოს და არ აღმოჩნდეს ჩათრეული იმ სამწუხარო პროცესებში, რომელიც ევროკავშირის ზოგ ქვეყანაშია სავალო კრიზისთან დაკავშირებით შეიქმნა. სამწუხაროდ, ჩვენ დიდად ვართ დამოკიდებული საბერძნეთსა და იტალიაზე, რადგან ბევრი ჩვენი თანამემამულე იქიდან ფულს უგზავნის ახლობლებს საქართველოში. ამ სახით ქვეყანაში წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტი შემოდის და ეს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილია. დამდეგი წელიწადი იქნება რთული, იქნება ფაქტორები, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელი გახდება მაკროეკონომიკური თვალსაზრისით".