ახალი სალაროს აპარატის აღება "დასწრებაზეა?!" - კვირის პალიტრა

ახალი სალაროს აპარატის აღება "დასწრებაზეა?!"

2012 წელს მეწარმეები "მობილური სალაროებით" ხვდებიან

2012 წელს ჩვენი მეწარმეები სალაროს ახალი, GPRS სისტემის აპარატებით შეხვდებიან, თუმცა გამორიცხული არ არის, ბევრ მათგანს ამ აპარატების შესაძენად წინასაახალწლოდ რიგში დგომაც მოუხდეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი წლიდან GPRS-სისტემით აღჭურვილი სალაროს აპარატების ქონა ყველა იმ მეწარმისთვის, ვისაც სალაროს აპარატი აქვს, სავალდებულო იქნება. სალაროს აპარატები არ სჭირდებათ მხოლოდ მიკრობიზნესის სტატუსის გადამხდელებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონეებს აპარატები უფასოდ დაურიგდებათ, ხოლო დანარჩენებმა თავად უნდა შეიძინონ. სალარო აპარატის ღირებულება 290 ლარია. ძველი აპარატები ახლით 2011 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ჩანაცვლდეს. ბოლო დროს მის ასაღებად ლამის რამდენიმედღიანი რიგები დადგა. რადგან ბევრმა მეწარმემ ახალი აპარატის აღება ბოლო დღეებისთვის გადადო. შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები ქვეყნის მასშტაბით შაბათ-კვირასაც მუშაობდნენ და GPRS სისტემის საკონტროლო-სალარო აპარატების შეძენა დასვენების დღეებშიც იყო შესაძლებელი. სამსახურის ინფორმაციით, 23 დეკემბრისთვის რეგისტრირებული იყო 70 ათასი ახალი სალარო აპარატი.

რა ელით იმ მეწარმეებს, ვინც რამე მიზეზით სალაროს ახალი აპარატის აღებას ახალ წლამდე ვერ მოასწრებს? ფინანსური სანქცია დაემუქრებათ, როგორც სალაროს არმქონეთ თუ რამდენიმე დღით ვაჭრობა უნდა შეწყვიტონ, სანამ ახალი აპარატებს აიღებენ? როგორც შემოსავლების სამსახურში "ეკოპალიტრას" განუმარტეს, დღეისთვის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის. სამსახურში დააკვირდებიან, როგორი იქნება ახალი აპარატების აღების სტატისტიკა და იმ მეწარმე-სუბიექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც 1-ელი იანვრისთვის ახალი აპარატებით არ ექნებათ, გადაწყვეტილებას დამატებით მიიღებენ.

თავდაპირველად, როცა GPRS სისტემაზე გადასვლა გადაწყდა, ახალი აპარატების შემოტანა და დარიგება 1-ლი მარტისთვის იგეგმებოდა. ითქვა, რომ ამ აპარატებს ყველა მეწარმეს უფასოდ დაურიგებდნენ, მოგვიანებით გადაწყვიტეს, ახალი აპარატები უფასოდ მხოლოდ იმ მეწარმეებისთვის გადაეცათ, ვისი წლიური ბრუნვაც 250 ათას ლარს არ აღემატებოდა. შემდეგ ამ ზღვარმა 100 ათას ლარამდე ჩამოიწია. მთავრობის გათვლით, ქვეყანა აღრიცხვის ახალ, თანამედროვე სისტემაზე გადავა და რაკი ახალი აპარატები ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვერზე ავტომატურად აღრიცხავს, იმედოვნებენ, რომ ამ მიზეზით მეწარმეებს საგადასახადო ორგანოებთან ნაკლები უთანხმოება ექნებათ. აპარატების შემოსატანად გამოცხადებულ ტენდერში ბულგარულმა კომპანია "დეიზი ტექნოლოჯიმ" გაიმარჯვა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპანიას 100 ათასი ცალი სალაროს აპარატი ეტაპობრივად, 6 თვის განმავლობაში უნდა მოეწოდებინა. მათი საერთო ღირებულება $13,3 მლნ-ით განისაზღვრა. ისიც უნდა ითქვას, რომ აღრიცხვის მსგავსი სისტემა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დანერგილია, GPღშ სალაროს აპარატებით სარგებლობენ მეზობელ სომხეთშიც.

ბელა ჯ. (ინდმეწარმე): "თავის დროზე მთავრობამ გადაწყვიტა, ახალი აპარატები მეწარმეებისათვის უსასყიდლოდ გადაეცა, მერე კი ყველაფერი შეცვალა. ამჯერად სალაროს აპარატებს მხოლოდ მცირე მეწარმეებს აძლევენ უფასოდ. მე მაგალითად, ინდმეწარმის სტატუსი მომანიჭეს და სალაროს აპარატში 320 ლარი გადავიხადე. ეს უკვე მესამე აპარატი შევიძინე. მცირე მიზეზის გამო დაწერილ ჯარიმებს აღარც ვითვლი. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი მთავრობა ვერ იტანს ხალხს, რომელიც არ შიმშილობს და ყველას კანონიერი გზით აყაჩაღებს. ერთიანი ბაზის შექმნა, სადაც ყველა შემოსავალი აღირიცხება, კარგია, მაგრამ ჩვენი ინტერესებიც ხომ უნდა გაითვალისწინონ? თანაც, ზოგიერთი ჩემი ნაცნობი ჩივის, რომ ახალი აპარატები სათანადო სისწრაფით ვერ მუშაობს, რაც ჩქარი ვაჭრობისას პრობლემას ქმნის და ეს საგადასახადო ორგანოებს ახალი ჯარიმების გამოწერის საშუალებას აძლევს".

გიორგი ც. (მცირე მეწარმე): "უამრავი მეწარმე ვიცი, რომელიც ბოლო წუთამდე იცდიდა, იქნებ რამე შეიცვალოსო, ახლა კი დგანან რიგში და ელოდებიან, როდის მიიღებენ ახალ სალაროს აპარატს, თანაც, თავიანთ დაუდევრობას მთავრობას აბრალებენ. ამბობენ, ვინც 31 დეკემბრამდე არ შეიძენს, 1500 ლარით დაჯარიმდებაო. მე მცირე მეწარმის სტატუსი მომანიჭეს და აპარატი მხოლოდ მომსახურების ფასი, 15 ლარი დამიჯდა".

ნანა ს. (მეწარმე): "ჯერ გვპირდებოდნენ, აპარატებს უფასოდ დაგირიგებთო, მერე 250 ათასი ლარი ვისაც აქვს ბრუნვა, იმათთვის ფასიანიაო, ახლა კი ეს ზღვარი 100 ათას ლარამდე დასწიეს. ისე წამდაუწუმ ცვლიან ყველაფერს, გეგონება, ადამიანების კი არა, პირუტყვების ბედზე იყოს ლაპარაკი. ბანკის ვალი მაქვს აღებული და აპარატის შეძენა უსახსრობის გამო გადავდე, ახლა კი უნდა ვიჩქარო, რომ კიდევ ერთი ჯარიმის მსხვერპლი არ გავხდე".

თემურ კოპალეიშვილი (პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "თუ სალაროს აპარატების სათანადო რაოდენობა შემოტანილი არ არის, მაშინ სახელმწიფომ მეწარმე არ უნდა დაადანაშაულოს. ისიც კარგი იქნებოდა, აპარატები მეწარმეებს უფასოდ დარიგებოდათ. ცუდი მიდგომაა ზღვრის დაწესებაც. ბრუნვა ვისაც მეტი აქვს, მათთვის არსებობს საშემოსავლო და მოგების გადასახადები. თუ ყიდის სახელმწიფო, მაშინ ყველაზე გაყიდოს, ხოლო თუ ჩუქნის, ყველას აჩუქოს, იჯარით მისცეს ან მიაქირაოს. ათასი გზა არსებობს, როგორც ეს მოწინავე ქვეყნებში ხდება".

ხათუნა ჩიგოგიძე