2011 წლის პარადოქსების კალეიდოსკოპი - კვირის პალიტრა

2011 წლის პარადოქსების კალეიდოსკოპი

"ეკონომიკური პალიტრა" გთავაზობთ ექსპერტთა მოსაზრებებს ეკონომიკური პარადოქსების შესახებ საქართველოში

არ ვიცი ვინ რას, მაგრამ მე წლის ორ ეკონომიკურ პარადოქსს დავასახელებდი - ჰიბრიდული სიმინდის მოსავალსა და ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმას. ცოტა ხნის წინ აბაშაში გამოვიარე და ადგილობრივმა შემომჩივლა: ვერ გამიგია, რისთვის ააშენეს აბაშაში ამხელა სიმინდის საშრობი, აქ ეგ ჰიბრიდული სიმინდი თითქმის არავის მოუყვანიაო. დენისა და ნაგვის გადასახადის ურთიერთკავშირს რაც შეეხება, ყველამ თავის ქვითარში ჩაიხედოს.

ნოდარ ჭიჭინაძე ("ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე): "ჩემთვის ეკონომიკური პარადოქსი იყო ტურიზმის დეპარტამენტის განცხადება, რომ წლის განმავლობაში საქართველოში 2 მილიონი ტურისტი შემოვიდა. იქვე მითითებული იყო, რომ თითო საშუალოდ 10 დღეს ჩერდებოდა და $1500 დოლარს ხარჯავდა, რაც საერთო ჯამში $3 მილიარდია. იქნებ ისიც დაემატებინათ, რომელ სექტორში მოხდა ამ თანხის გადადინება.

პარადოქსი არ არის, რომ ჩვენს ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ავტომობილებზე მოდის და საქართველოში ერთი ავტომობილიც არ იწარმოება? წლის პარადოქსია ნაგვის გადასახადის დენზე მიბმა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის, ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს. ერთ-ერთი პარადოქსია ლარის კურსის მკვეთრი ცვლილებები, როცა ეროვნული ბანკი აუქციონზე არ ერეოდა და დიდი კურსით ხდებოდა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება, რითაც საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ კურსის მკვეთრ ცვლილებაზე "ფული კეთდებოდა".

დემურ გიორხელიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ის, რომ ადამიანები, ფაქტობრივად, ეკონომიკურ საქმიანობას წყვეტენ ან მათ რჩებათ უმცირესი ნიშები თავისუფლად სამოქმედოდ, რაც არ იძლევა საშუალებას, ახალი ბიზნესი განავითარონ ან დაიწყონ - პარადოქსია, აბა რა არის. საბანკო სექტორი კვლავ არ აფინანსებს ბიზნესის დაწყებას, ე.წ. სტარტაპს და ბიზნესისთვის, განსაკუთრებით, არაპრივილეგირებული, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, სესხები სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება - ესეც ეკონომიკური პარადოქსია. მომავალი არჩევნების გამო ბიზნესსესხები, ფაქტობრივად, შეზღუდული იქნება. საქართველოში იმდენად მძიმე და კრიზისული ვითარებაა, რომ ევროპის ეკონომიკური კრიზისი ჩვენზე მძლავრად ვერ აისახა, რადგან ისედაც ძალიან გვიჭირს და დამატებით გაჭირვებამ დიდი ვერაფერი დაგვაკლო. ესეც კიდევ ერთი პარადოქსი".

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" პარტნიორი): "ელექტროენერგიისა და ნაგვის გადასახადის გაერთიანება მსოფლიოში პირველად მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამ ორ პროდუქტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი და ბმა არა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებზე. საქართველოში პირველად მოხდა საშემოსავლო გადასახადის დიფერენცირება ასაკის მიხედვით. 45-დან 60 წლამდე ადამიანები 2012 წლიდან 20%-იანი გადასახადისგან თავისუფლდებიან. თემა წინასაარჩევნოა და ამ შემთხვევაშიც მოკლებულია ყოველგვარ ეკონომიკურ არგუმენტაციას".

იოსებ არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მნიშვნელოვნად ჭარბობს საქართველოდან ღვინის ექსპორტს. არადა, თავს ვიწონებთ, რომ ჩვენი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა. ეს პარადოქსიც არის და ეკონომიკის თავის ტკივილიც. ასევე პარადოქსულია ევროს ინსტიტუციური კრიზისის ფონზე ქართული ლარის სტაბილურობა. გამოდის, რომ ლარმა და ევრომ როლები გაცვალეს. ლარი ევროს მიმართ ერთ წელიწადში 7,4%-ით გამყარდა, ასე რომ, ერთგვარი კალამბურიც დაიმსახურა: "ევრო ლართან რას მოვაო"...

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, წლევანდელი ბიუჯეტი ჯობია ყველა დანარჩენი წლების ბიუჯეტს იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი მისი კიდევ უფრო მეტი პროგრამულობისკენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ბიუჯეტი გვაქვს, ამისგან ის ჯერ კიდევ ძალიან შორს არის, რადგან ამ ბიუჯეტში ძალიან არის გაზრდილი არაკლასიფიცირებული ე.წ. გაუშიფრავი ხარჯები. მთელი ბიუჯეტის 16% გაუწერელი ხარჯებია და ჩვენ არ ვიცით, ხელისუფლება რას და როგორ დახარჯავს.

ახალი საგადასახადო კოდექსი ბევრად გაუმჯობესდა, მაგრამ მთავარი პრობლემები, რაც ჩვენს ბიზნესს აწუხებს: საგადასახადო ადმინისტრირების ნაწილის სიმკაცრე, სისხლის სამართლებრივი დევნა, წინასწარი პატიმრობა ეკონომიკური დანაშაულისთვის - კვლავ რჩება. არადა, ბევრ ქვეყანაში, თვით ტოტალიტარულ რუსეთშიც კი მიხვდნენ, რომ წინასწარი პატიმრობა ეკონომიკური დანაშაულისთვის ერთობ მანკიერი რამაა.

ერთგვარი ეკონომიკური პარადოქსია, რომ ინფლაცია იკლებს, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე კი ფასები იზრდება. თუ ინფლაცია მცირდება, წესით ფასებიც უნდა დასტაბილურდეს, მაგრამ საქართველო ხომ ზოგადად პარადოქსების ქვეყანაა და არა მხოლოდ ეკონომიკაში. დავასახელებდი ასეთ უცნაურობასაც, რომ ხელისუფლებამ ვერ ისწავლა ადამიანების საჭიროებების ასახვა ბიუჯეტში, კანონებში და სხვ."