"გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არა ეკონომიკური განვითარება" - კვირის პალიტრა

"გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არა ეკონომიკური განვითარება"

ეროვნული ბანკისა და "საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება. თუმცა ეს მოსახლეობაზე, პრაქტიკულად, არ აისახება. ჩვენ დავინტერესდით რა არის ამ შეუსაბამობის მიზეზი...

ლევან კალანდაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "უმთავრესი გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა 2011-ში იდგა, წლის დასაწყისში ინფლაციის მაღალი, 15%-იანი მაჩვენებელი იყო. ხელისუფლებამ მოახერხა ინფლაციური ზრდის შენელება, მაგრამ ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ გვაძლევს. შენელება ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების ხარჯზე არ მომხდარა, ეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგი იყო. ანუ, ეროვნულმა ბანკმა ხელოვნურად უზრუნველყო ქვეყანაში ლარის კურსის სტაბილურობა და ინფლაციის "დაჭერა". თუმცა ეს მოვლენა მაინც დადებითად უნდა მივიჩნიოთ.

კვლავაც მძიმე პრობლემად რჩება უმუშევრობა. პრაქტიკულად, ვერ ჩამოვაყალიბეთ და ვერ განვახორციელეთ პოლიტიკა, რომელიც გაზრდიდა დასაქმებულთა რიცხვს. უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რეალურად კი ის კიდევ უფრო მეტია. ასევე დიდ პრობლემად რჩება მკვეთრად უარყოფითი საგადამხდელო ბალანსი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად, დაახლოებით 70%-ით, დამოკიდებულია უცხოურ ეკონომიკებზე, რასაც ყოველთვის თან სდევს ინფლაციის, ფასების ზრდის, საზოგადოების გაღარიბების მაღალი რისკი.

გაუაზრებელმა და არასწორმა პოლიტიკამ, კომპლექსური ხედვების არარსებობამ, საბოლოოდ მიგვიყვანა ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით ფრაგმენტულ პროგრამებამდე. მაგალითად, დიდი ზარ-ზეიმით დავიწყეთ სიმინდის პროგრამა, ბევრმა დაიჯერა კიდეც, რომ სიმინდი ააყვავებს და ააშენებს საქართველოს და საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი ზარალი ნახა. უწინ გვარწმუნებდნენ, რომ მოცვი ააყვავებდა საქართველოს, ცოტა უფრო ადრე გვაჯერებდნენ, რომ ნიანგების ფერმასა და ლოკოკინების ბიზნესში იყო საქართველოს გადარჩენის საიდუმლო. უკვე ერთგვარი ტრადიციაც კი ჩამოყალიბდა, რომ ჩვენი ქმედებები და პოლიტიკა ერთიან კონტექსტში კი არ არის ჩამჯდარი, არამედ ემოციურ ფაქტორებს ეფუძნება, ფასადურია და შედეგზე ორიენტირებული არ არის. ჩვენ ვიხდით ძალიან დიდ ფულს, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. შესაბამისად, ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ გვაქვს მთავარი- ეკონომიკური განვითარება.

2012 წელი საკმაოდ რთული იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ამ ეკონომიკურ სირთულეს პოლიტიკურად მაღალი ტემპერატურა განსაზღვრავს. ბევრი ხარჯი გაიწევა პიარისთვის, ფასადური ღონისძიებებისთვის, მხოლოდ ერთჯერადი ეფექტით. ამის გამო, 2012 წლის ბოლოსთვის შესაძლოა ბიუჯეტში დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდეთ.