კასპისა და გორის რაიონების სოფლებში მილიონობით მღრღნელია მოდებული - კვირის პალიტრა

კასპისა და გორის რაიონების სოფლებში მილიონობით მღრღნელია მოდებული

დღეს სოფლად საშემოდგომო ხვნა-თესვაა გაჩაღებული და ძირითადად ხორბალი ითესება. მარცვალმა მიწაში უნდა გამოიზამთროს და თოვლის ნადნობით გაღივებული, ადრეულ გაზაფხულზე ამოიწვეროს. შიდა ქართლის ბევრ სოფელში კი გლეხებს ჯერ გოჯი მიწაც არ დაუმუშავებიათ. მიზეზი მომრავლებული მინდვრის მღრღნელია, რომელმაც ჯერ ნათეს-ნარგავები გაანადგურა, ახლა კი სავარგულებს შეესია და ყოველ მტკაველზე გათხრილი სოროებით მიწა ცხაურს დაამსგავსა.

მღრღნელი იმდენად ბევრია, რომ გლეხები საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებიან და შველას სახელმწიფოსგან ითხოვენ. საშემოდგომო თესვაც უვარდებათ, რადგან ნიადაგში დაბუდებული თაგვი ყველაფერს მუსრს ავლებს. მინდორში რომ აღარაფერი ეგულება, მღრღნელი უკვე საცხოვრებელ სახლებს შეესია. გლეხები ამბობენ, რომ ურიცხვა თაგვმა ბეღლები დაუცარიელათ და ხის ავეჯიც კი დაღრღნა.

"ეკოპალიტრამ" კასპის რაიონის რამდენიმე სოფელი მოინახულა. იქაური გლეხები გვარწმუნებენ, რომ მსგავსი პრობლემა გორისა და შიდა ქართლის სხვა რაიონებშიც მწვავედ დგას.

გოგი ღვინაძე (კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს მკვიდრი): "60 წლის მოვიყარე და ასეთი რამ არ მახსოვს. იმდენი თაგვია, მოსავალი ვერ შეგვაქვს სახლში. მღრღნელი ყველაფერს ანადგურებს, მარცვლეული კულტურებიდან დაწყებული, ბოსტნეულით დამთავრებული. კომბოსტოს ნარგავები ერთიანად გააფუჭა, მიწაზე ჩამოვარდნილ კაკალსა და ვაშლს არ აჩერებს, სიმინდის ღეროზეც კი ადის და ტაროს ისე აფუჭებს. ბოსტნებში მწვანილის ნათესებიც კი გაანადგურა, აღარც სტაფილო გვაქვს, აღარც ჭარხალი და იძულებული ვართ, კომბოსტოს მოსავალიც ნაადრევად ავიღოთ, რამე მაინც რომ გადავარჩინოთ.

ხორბალს ვერ ვთესავთ, რადგან აზრი არ აქვს, თაგვი მარცვალს მიწაშივე შეჭამს. სახლის კარს ვერ ვაღებთ, რადგან შესაძლოა დღეში ორმოცდაათი თაგვიც კი შემოვიდეს. სავარგულებს გარდა, ყამირებსაც კი შეესია. სოფლის სტადიონი, რომელიც ბავშვებისთვის ერთადერთი გასართობი ადგილია, ისეა დათხრილი, რომ მიწაში ფეხი გივარდება. ვიფიქრე, მშივრად დარჩენას, ვიყიდი და ჩემს ნაკვეთში მღრღნელის საწინააღმდეგო შხამს შევიტან-მეთქი, მაგრამ მეზობელი ნაკვეთის პატრონმაც თუ იგივე არ გააკეთა, ამდენ თაგვს რა მოსპობს?

ხალხს შეშა რომ არ აქვს, ქარსაცავები დაჭრეს. იქ კი, სადაც მაღალი ხე არ არის, ყვავი და კაჭკაჭი ბუდეს არ იკეთებს. ყვავი და კაჭკაჭი მეტწილად თაგვით იკვებება, რომ გაწყდა, მღრღნელიც მომრავლდა. ამას ისიც ემატება, რომ რაც ტირიფონის არხი ოსურმა მხარემ გადაგვიკეტა, სავარგულებს ვეღარ ვრწყავთ. მიწაში წყალი სადაც დგას, თაგვი არ ჩერდება. ბუნებაც გაგვიწყრა, რიგიანი, თოვლიანი ზამთარი აღარ მოდის, რომ მიწაში წყალი ჩადგეს და თაგვმა იქ ვეღარ დაიბუდოს. მართლაც, ბუნებრივი კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ერთ ჰექტარზე ასეულ ათასობით მღრღნელია და თუ სახელმწიფომ დროულად არ მიიღო ზომები, თაგვი მთელ საქართველოს მოედება და ყველაფერს გადაჭამს".

აკაკი თიგიშვილი (კასპის რაიონის მკვიდრი): "დაახლოებით ერთ ჰექტარზე მეთესა ხორბალი. ჯერ იყო და, უამინდობისა და საჭირო ტექნიკის დაგვიანების გამო, ნათესების აღება დაგვიანდა და ხორბლის დიდი ნაწილი მიწაში ჩაიბნა. თაგვმა კი ისე გაანადგურა მოსავალი, ერთი მარცვალი ხორბალი არ შემიტანია სახლში. თაგვი ძირშივე ღრღნის ხორბლის ღეროს და მოცელილ თავთავზე ყველა მარცვალს ანადგურებს. შარშან იმ ნაკვეთში 32 ტომარა ხორბალი მოვიწიე, წლეულს ერთი მუჭიც ვერ გამოვიტანე. ხორბალს ვინ ჩივის, ნამჯაც ვერ გამოვიტანე, რადგან კომბაინივით მოუცელავს უამრავ თაგვს. არ ვიცი, მსხვილფეხს ზამთარში რა ვაჭამო. 20 ოქტომბრისთვის საშემოდგომო ხვნა-თესვა უკვე დასრულებული გვქონდა ხოლმე, ახლა კი ჯერ ერთი გუთნის პირიც არ გაგვივლია. რა აზრი აქვს, მაინც თაგვი შეჭამს, მანამ ამოვა. არადა, ამინდი თუ გაფუჭდა, ხვნა-თესვა დაგვიანდება. თუ ასე გაგრძელდა და გლეხმა მიწის დამუშავება და მოსავლის მოყვანა ვერ შეძლო, ალბათ შიმშილით დავიხოცებით".

გიორგი მელაძე (კასპის რაიონის სოფელ რენეს მკვიდრი): "ხომ ხედავთ, ჩემი ნაკვეთი გზის პირასაა და ახალ ავტობანს ესაზღვრება. აქამდე გვეგონა, რომ თაგვი მშიშარაა და ხმაურის ეშინია, მაგრამ ჩემი ნაკვეთი ისეა დათხრილი თაგვებისგან, აშკარაა ამ მღრღნელს მანქანების ხმაურიც არ აშინებს. აღარც ადამიანს უფრთხის, სიმინდს რომ ვფშვნით, ზედ გვახტებიან. რამდენი ავადმყოფობის გადამტანია ეს პარაზიტი, კარგად მოგეხსენებათ. ნიადაგი, განსაზღვრული პერიოდულობით, შხამქიმიკატებით უნდა მუშავდებოდეს, როგორც წლების წინ, კოლმეურნეობა როცა იყო. მაშინ ამ საქმეს რვა ბრიგადა აკეთებდა და მინდვრებსაც კი ვამუშავებდით მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ახლა ამის შესაძლებლობა საწყალ გლეხს არ აქვს, ეს მღრღნელი კი სწრაფად მრავლდება. 21 დღეში ერთხელ, ერთი თაგვი 4-6 წრუწუნას ყრის. გლეხი ამდენ თაგვს საკუთარი ძალებით ვერ მოსპობს და თუ ხელისუფლება არ დაგვეხმარა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს განადგურება ემუქრება".

"ეკოპალიტრა" სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. როგორც გაირკვა, სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ საკარანტინო მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს, მინდვრის თაგვი კი გლეხმა თავად უნდა მოსპოს.

ზურა ლიპარტია (სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი): "ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი კანონითაა ვალდებული, თავის სავარგულზე საჭირო ღონისძიებები გაატაროს, რათა მისი ნაკვეთიდან სხვის ნაკვეთებზე მავნებლები არ გავრცელდეს. მიუხედავად ამისა, სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან შეგვიძლია გამოვყოთ აუცილებელი პრეპარატი მღრღნელების მასობრივი გავრცელების წინააღმდეგ და მუნიციპალიტეტს გადავცეთ, რომელიც შემდეგ ამ წამალს მოსახლეობაში დაარიგებს. წესით, მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული, როგორ შეიტანოს ეს წამალი სავარგულებში: განსაზღვრული რაოდენობით ხორბალი და ზეთი უნდა შეურიონ წამალს და შეიტანონ იმ სოროებში, სადაც მღრღნელები ბინადრობენ. კოლმეურნეობებისა და მეურნეობების დროს ეს სამუშაოები ცენტრალიზებულად ტარდებოდა. ახლა კი არ არსებობს სამსახური, რომელიც ამას ფიზიკურად განახორციელებს. ჩვენ გვაქვს პრეპარატი და როდესაც მავნებლების ასეთი გავრცელებაა, გლეხებს მას უსასყიდლოდ გადავცემთ".