ინვესტორი საერთაშორისო არბიტრაჟში ვეღარ იჩივლებს! - კვირის პალიტრა

ინვესტორი საერთაშორისო არბიტრაჟში ვეღარ იჩივლებს!

ხელშეწყობის ხმამაღალ დაპირებებს წინ უხმაუროდ შეზღუდვა უსწრებდა

პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამართული "თავისუფლების აქტის"პრეზენტაცია უმრავლესობამ უცხოელი ინვესტორებისთვის განკუთვნილ გზავნილად აღიქვა. ვინც ბიზნესსფეროში საქმიანობს და ეკონომიკასთან შეხება აქვს, მიხვდა, რომ ის ინვესტორებისთვის გარანტიების მისაცემად შეიქმნა. მაგრამ მანამდე უხმაუროდ შევიდა ცვლილებები ინვესტიციების მარეგულირებელ კანონში, რომლებმაც შესაძლოა სრულიად საპირისპირო შედეგი მოიტანოს. არადა, აგვისტოს ომისა და ფინანსური კრიზისის შემდეგ ინვესტორების რიცხვმა იკლო, ქვეყანას კი ინვესტიციები ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. გაზრდილი უმუშევრობა ხელისუფლებისთვის ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კი რეალურად მხოლოდ უცხოეთიდან შემოსულ კაპიტალს შეუძლია.

ინვესტორებისთვის მიცემული გარანტიების კონსტიტუციით გამყარების იდეაც ხელისუფლებაში ინვესტორთა წასახალისებლად გაჩნდა. "თავისუფლების აქტით"პრეზიდენტი მათ დაპირდა, რომ ქვეყნის საგადასახადო გარემო წლების განმავლობაში არ შეიცვლება და დაბანდებულ ფულს საფრთხე კარგა ხანს არ შეექმნება.

ეკონომიკური განვითარების მინისტრმაც ასამდე ქართველი ბიზნესმენისა და რამდენიმე უცხოური კომპანიის წარმომადგენელთა წინაშე განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალ სტრატეგიაზე იწყებს მუშაობას, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაც ასევე ინვესტორების ხელშეწყობა უნდა იყოს. ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ქვეყნის მთავარი ეკონომიკური დოკუმენტის დაწერაში მთვარობას უცხოელი ექსპერტები და პროფესიონალი ეკონომისტები დაეხმარებიან. მათ შორის ერთ-ერთი, ესპანელი კონსულტანტი ფრანსისკო ტრულენკი, "strateji&fokasis"გენერალური დირექტორი, ამჟამად თბილისში იმყოფება. მაგრამ უცხოელმა ექსპერტებმა, მათ შორის მინისტრის ესპანელმა მრჩეველმაც, ჯერ ალბათ არ იციან, რომ "თავისუფლების აქტის"პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე ძალაში შევიდა ცვლილებები კანონში "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ". კანონის მე-16 მუხლი უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფო ორგანოს შორის წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის წესს ეხება. 2009 წლის 17 ივლისამდე მეორე პუნქტში ეწერა, რომ დავის შემთხვევაში მხარეებს ორი ალტერნატიული გზა ჰქონდათ: დავას ან საქართველოს სასამართლოში განიხილავდნენ, ან საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში (International Center for the recolutien of Investment Disputes). თუ ინვესტორი ამ უკანასკნელში წასვლას არ მოისურვებდა, საშუალება ჰქონდა, ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში ეჩივლა. კანონის ეს მუხლი შევარდნაძის დროს, 1996 წელს მიიღეს. სამი თვის წინ კანონში ცვლილება შეიტანეს და ის გამოქვეყნებისთანავე, 10 აგვისტოს ამოქმედდა. ინვესტორს არჩევანი აღარ აქვს " სახელმწიფო ორგანოსთან დავის შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტის წესზე მხარეები ვერ შეთანხმდებიან, დავა საქართველოს სასამართლოში უნდა გადაწყდეს. საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლის უფლება ინვესტორს არ ექნება.

კანონში შეტანილი ცვლილებით სახელმწიფო პირდაპირ ეუბნება ინვესტორს " ჯერ მე შემითანხმდი და თუ ვერ მოვრიგდით, ქართული სასამართლო განიხილავს ამ საქმესო. ეჭვგარეშეა, რომ მოდავე მხარეს არბიტრაჟზე სახელმწიფო არასდროს დაეთანხმება; ანუ, უცხოელ ინვესტორს ეპატიჟება ქართულ სასამართლოში, რომელიც უცხოეთში რეიტინგით ვერ დაიკვეხნის.

იმავდროულად, კანონიდან მთლიანად ამოღებულია მე-15 მუხლი, რომელიც კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევისთვის ინვესტორისთვის გარანტიებს აწესებდა " აღნიშნულ მუხლში ცვლილებები, მისი ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში, ადრე განხორციელებულ ინვესტიციებზე არ ვრცელდებოდა. ამავე მუხლის მეორე პუნქტში კი ეწერა, რომ კანონმდებლობის შემდგომ შეცვლას მე-16 მუხლი არ დაექვემდებარებოდა. ახალ კანონში ინვესტორები ვეღარც ამ ჩანაწერს იპოვიან.

იურისტები ამ ცვლილებას კატასტროფულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ამის შესახებ ინვესტორებმა რომ იცოდნენ, საქართველოში ბიზნესშანსებს კიდევ უფრო გულდასმით აწონ-დაწონიდნენ. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებით მთავრობას სურს, ბიუჯეტის თანხები გადაარჩინოს, რისი გადახდაც საერთაშორისო სასამართლოებში წაგებული საქმეების სანაცვლოდ უწევს.

გიორგი ხმალაძე (აუდიტორული ფირმა "მედიატორის"ხელმძღვანელი): "ეს ცვლილება პირდაპირ იმოქმედებს ინვესტორების სურვილზე, საქართველოში კაპიტალი შემოიტანონ. ნებისმიერი ნორმალური ინვესტორი წინასწარ სწავლობს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს, წინასწარ იცის, რა უფლებები აქვს და მერე წყვეტს, შემოვიდეს თუ არა ქვეყანაში. უცხოელი ბიზნესმენი გაცილებით ფრთხილია, ვიდრე ადგილობრივი.

სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან საგადასახადო ტვირთი ნაკლებია. სამაგიეროდ, უარესი მდგომარეობაა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ინვესტორებს ჰგონიათ, რომ საერთაშირისო არბიტრაჟში წასვლის შანსი აქვთ, მაგრამ ჯერ არ იციან, რომ ეს უფლება ეზღუდებათ".

როინ მიგრიაული (იურისტი, ადვოკატი): ეს ცვლილება დადებითად იმოქმედებს საბიუჯეტო შემოსავლებზე, რადგან ბოლო დროს სახელმწიფოს უცხოეთის სასამართლოებში წაგებული საქმეების გამო საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდამ მოუწია. სავარაუდოდ, კანონში ეს ცვლილება იმიტომ შეიტანეს, ბიუჯეტიდან თანხების გადინება რომ შეეზღუდათ და სამომავლოდ კომპანიებისთვის უცხოეთის სასამართლოებში წასასვლელი გზა მოეჭრათ. ყველა ინვესტორი შემოსვლისას იღებს გარანტიებს, რომ მათ ბიზნესს არ შეეხებიან, მაგრამ პრობლემები მაინც ექმნებათ. არც ერთი ინვესტორი დაზღვეული არ არის, რომ ბიზნესსაქმიანობის დაწყების შემდეგ პრობლემები არ გაუჩნდება. ამიტომ არც ერთ ინვესტორს არ მოეწონება, როცა ამ შეზღუდვის შესახებ შეიტყობს".

ნონა ქვლივიძე