ყველაზე საახალწლო პროფესიები - კვირის პალიტრა

ყველაზე საახალწლო პროფესიები

კასკადიორი თოვლის პაპა კორპუსის სახურავიდან...

გაგიკვირდებათ და თურმე ტაივანში მათხოვრის პროფესიას მსურველები სპეციალურ სკოლაში ეუფლებიან. ეს სკოლა ტაივანში დაახლოებით ნახევარი წლის წინ გაიხსნა და ამჟამად იქ 50-მდე სტუდენტი სწავლობს. სასწავლო კურსი ფასიანია და $320 ღირს. სკოლაში მკაცრი წესები მოქმედებს. მაგალითად, მოწაფეებს ეკრძალებათ მოწყალების სათხოვნელად გასვლა, სანამ სხეულის ენას სრულად არ დაეუფლებიან - ხმის ტემბრის მართვას, შესაფერის მიმიკებს და სხვ. კურსდამთავრებულებს სკოლა "დასაქმების" გარანტიას აძლევს და თან ისეთ ადგილებში, სადაც სტაბილური შემოსავლით იქნებიან უზრუნველყოფილი. ტაივანში მათხოვრებს თურმე უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე საშუალოსტატისტიკურ მოსამსახურეებს...

ყველაზე საახალწლო პროფესიების რეიტინგში, რომელიც საერთაშორისო ე.წ. ივენტ-სააგენტოებმა შეადგინეს, მათხოვრის საქმიანობა ბოლო ადგილზე მოხვდა. დღესასწაულებზე მოწყალებითაც შეიძლება ფულის შოვნა, მაგრამ ამ დროს ყველაზე ანაზღაურებადი ხელობა თოვლის ბაბუობაა. მოთხოვნის თვალსაზრისით მას მცირედით ჩამორჩება ე.წ. თოვლის ბებო. საკმაოდ დიდ შემოსავალი აქვთ წლის ამ დროს წამყვანებს, ოფიციანტებს, პრომოუტერებს, გამყიდველ-კონსულტანტებს, ძიძებს, შინაური ცხოველების მომვლელებს, ანიმატორებს, მსახიობებსა და დიზაინერებს.

ირაკლი წიკლაური (მეწარმე): "დაახლოებით ათი წელიწადია, ბაზარზე ვართ. იდეა ძნელად ნამდვილად არ მოსულა, ეს მომსახურება მანამდეც არსებობდა, მაგრამ დიდი მოთხოვნა არ იყო. შემდეგ კი თეატრალური გამოცდილების, ჩვენი, როგორც მსახიობების შესაძლებლობიდან გამომდინარე და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა თოვლის პაპისა და სანტა კლაუსის გამოძახებების სერვისი და მას შემდეგ საკმაოდ წარმატებულად ვმუშაობთ.

- პროფესიონალი მსახიობები გყავთ დასაქმებული?

- ყველა ჩვენი თანამშრომელი პროფესიონალი მსახიობია. ახალი წლის დღეებში, ღამეში სულ მცირე ხუთი, ყველაზე მეტი კი ათი თოვლის ბაბუა მუშაობს.

- საინტერესოა, როგორ იცვლებოდა ათი წლის განმავლობაში მომსახურების საფასური.

- ათ წელიწადში სტანდარტული ტარიფი 30 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. თუმცა მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია დროსა და ხანგრძლივობაზე. თოვლის პაპის ან სანტა კლაუსის გამოძახება 23-დან 01 საათამდე 50 ლარი ღირს, ხოლო თუ 23-მდე ან 01-ის შემდეგ იძახებენ, ტარიფი შედარებით ნაკლებია. სტანდარტულ სერვისში შედის 15-წუთიანი გასართობი პროგრამა: ცეკვები, სიმღერები, თამაშები, გართობა, საახალწლო განწყობის ამაღლებაზე ზრუნვა. ჩვენ ასევე ყოველ წელს ვმართავთ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმს და თოვლის ბაბუა მომხმარებელს საჩუქრად საახალწლო ზეიმის ბილეთსაც გადასცემს.

- თოვლის ბაბუაც გყავთ და სანტა კლაუსიც. რომელზე უფრო დიდია მოთხოვნა?

- სანტას გამოძახება უფრო ხშირია, რადგან ბავშვებში უფრო პოპულარულია. ჩოხა-ახალუხიან, ნაბდიან, ყაბალახიან და ქამარ-ხანჯლიან ქართულ თოვლის ბაბუებს, რატომღაც სანტა კლაუსებს ამჯობინებენ.

- თოვლის პაპა ან სანტა კლაუსი მარტო მიდის გამოძახებაზე თუ რომელიმე ზღაპრის გმირი ან "თოვლის ბებო" ახლავს?

- "სნეგურაჩკა" იგულისხმეთ ალბათ... თუ მოთხოვნა არის, მასაც ვაგზავნით. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური იზრდება და ერთი გამოძახება 80 ლარი ღირს. გვაქვს ასევე სანტა კლაუსის გამოძახება ბინაში ფანჯრიდან შესვლით. ჩამოეშვება სახურავიდან თოკით და ასე შევა სახლში.

- ამას როგორ ახერხებთ, ამისთვის მხოლოდ მსახიობობა ხომ არ კმარა?

- პროფესიონალი კასკადიორები გვყავს, მაგრამ ეს მომსახურება, სულ ცოტა, 200 ლარი ღირს.

- ხშირია ასეთი შეკვეთები?

- სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა არ არის განებივრებული მაღალი შემოსავლით, ამიტომ ძირითადად სტანდარტულ სერვისს ირჩევენ.

ყოველ ახალ წელს ორი-სამი გამოძახება თუ გვაქვს, როცა სანტა კლაუსის ფანჯრიდან გადაძვრომას გვიკვეთენ. მაგალითად წლეულს, მხოლოდ ერთი ასეთი შეკვეთა გვაქვს ჯერჯერობით. ჩვენი სანტა კლაუსი ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან უნდა დაეშვას და მეექვსე სართულზე შეძვრეს.

- ზრდასრული ადამიანები იძახებენ თოვლის ბაბუას?

- რამდენიმე დღის წინ გვქონდა გამოძახება თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ლექტორებმა თოვლის ბაბუა გამოიძახეს. წინა ახალ წელს იყო შემთხვევა, ახალგაზრდა ქალბატონები აღნიშნავდნენ დღესასწაულს და განწყობის ასამაღლებლად თოვლის ბაბუა გამოიძახეს. თან დააყოლეს: ახალგაზრდა და სიმპათიური შეგვირჩიეთო.

- ხომ მშვიდობით დაგიბრუნდათ იმ წვეულებიდან თანამშრომელი თოვლის ბაბუა?

- ჯერაც არ დაბრუნებულა... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

- თოვლის ბებოზე თუ ყოფილა მსგავსი მოთხოვნა?

- დიახ, მაგრამ ჩვენ არ გავუშვით... დასამახსოვრებელი შემთხვევებიც გვქონია. მაგალითად, შეყვარებულისთვის ახალი წლის მისალოცად, 31-ში ღამით ახალგაზრდა მამაკაცმა წაიყვანა თოვლის ბაბუა და გრანდიოზული, ძვირად ღირებული საჩუქარი მისცა შეყვარებული გოგონასთვის გადასაცემად. ჩვენი თოვლის ბაბუა ის-ის იყო გამობრუნდა გოგონასგან, რომ გრანდიოზულმა საჩუქარმა ფანჯრიდან "ისკუპა".

- რამდენ ხანს გრძელდება თოვლის ბაბუის სამუშაო რეჟიმი და რამდენი გამოძახება გაქვთ საშუალოდ ერთ სეზონზე?

- თოვლის ბაბუების სამუშაო 25 დეკემბერს იწყება და 14 იანვრამდე გრძელდება. გამოძახებების პიკი, რა თქმა უნდა, 31 დეკემბერს არის. ყოველ სეზონზე, ახალი წლის დღესასწაულებზე საშუალოდ 100-200 გამოძახება გროვდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს შემოსავლიანი ბიზნესია, უბრალოდ, ამას საახალწლოდ ფულის შოვნა ჰქვია.