ქართული ფულის თავგადასავალი
ქართული ფულის თავგადასავალი
26 საუკუნე კოლხური თეთრიდან ეროვნულ ვალუტამდე

რადგან არსებობს მოსაზრება - ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელიწადს ისე გაატარებო, შესაბამისად, ყველა ცდილობს, სიტკბოსთან ერთად ხვავი და ბარაქა დაიბედოს. ამიტომაც არის, რომ ათასგვარი ნუგბარით დამშვენებულ სუფრას ფულის ბანკნოტსაც მიამატებენ ხოლმე. ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ ბედობა დღეს ხვავი, ბარაქა და დოვლათი დაგაბედოთ და ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს შემოგთავაზებთ.

როლანდ სპანდერაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტი): "მსოფლიოში პირველი მონეტა ქრისტეს წინარე VII საუკუნეში,
მცირე აზიის სახელმწიფო ლიდიაში მოიჭრა. ამის შემდეგ, მალევე მოჭრა საკუთარი მონეტა საბერძნეთის ერთ-ერთმა კუნძულმა ეგინამ. ქრისტეშობამდე VI საუკუნეში ჩვენმა სახელმწიფომაც მოჭრა პირველი მონეტა - კოლხური თეთრი. სწორედ აქედან იწყებს დასაბამს ქართული ფული, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს და ერთ-ერთი პირველია მსოფლიო მონეტებს შორის. კოლხური თეთრი ვერცხლისგან
იყო დამზადებული, ნომინალური სისტემით კი ბერძნული მონეტების თანაბარ, ანუ დრაქმის სისტემაში იყო მოჭრილი. შესაბამისად, კოლხური თეთრით ანგარიშსწორება სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ და მისი კონვერტაციაც თავისუფლად ხდებოდა.

პირველი ქართული მონეტის აღმოჩენის არეალი ვრცელია: ნაპოვნია ათენში, ტრაპიზონში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ნიმუში საქართველოშია აღმოჩენილი, განსაკუთრებით ვანის განძში, სადაც ათასზე მეტ კოლხურ თეთრს მიაკვლიეს. უფრო მეტად მიმოქცევაში იყო კოლხური თეთრის მცირე ნომინალი - ნახევარდრაქმიანი, რომელზეც უძველესი ქართული კულტი - ხარი იყო გამოსახული. ოთხდრაქმიანზე გამოსახული იყო დაღრენილი ლომის თავი, რევერსზე კი ფრთოსანი რაში. ამ მონეტის სულ სამი ორიგინალი არსებობს: ერთი ინახება ჰააგის მუზეუმში, მეორე ბრიტანეთის მუზეუმში და მესამე - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

- რა მსყიდველობითი უნარი ჰქონდა პირველ ქართულ ფულს?

- ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ანტიკური ბაზრის ფასები, რომლის თანახმადაც, ყველაზე ძვირი მონა ღირდა და მისი ფასი 50-60 დრაქმიდან იწყებოდა. ხარი 10 დრაქმა ღირდა, ამფორა ღვინო - 10-12 დრაქმა, ფეხსაცმელი 8 დრაქმა ღირდა, შავი მუშის დღიური გასამრჯელო კი 1 დრაქმა იყო. საკმაოდ ინტენსიურად იყო განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობები ბერძნულ სამყაროსთან შავი ზღვის მეშვეობით. ეს იმითაც გამოიხატა, რომ ქართულმა ქალაქმა დიოსკურიამ ქრისტეს წინარე I საუკუნეში საკუთარი ფული გამოუშვა. ეს დიოსკურიის, უძველესი სოხუმის საქალაქო მონეტები გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე ნომინალებით, ანუ ხურდა ფულის ეკვივალენტით მოიჭრა, საქალაქო მონეტების არსებობა დიოსკურიის მაღალ ეკონომიკურ განვითარებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, საქართველოში მიმოიქცეოდა როგორც ალექსანდრე მაკედონელის ოქროს საფასეები, ასევე რომის იმპერიის დინარები და პართიის სამეფოს ვერცხლის დრაქმები...

აღსანიშნავია დავითისა და თამარის პერიოდის ქართული მონეტები. ამ დროს ერთი ნიშანდობლივი გარემოება იკვეთება, რომელსაც ვერცხლის კრიზისი ჰქვია. საქართველოს მახლობლად მყოფი სახელმწიფოები, მცირე აზია და ბიზანტიის იმპერია ვერცხლის კრიზისმა მოიცვა. ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვიყავით და მიუხედავად ოქროს ხანისა, დავითიდან რუსუდანამდე, საქართველოში ვერცხლის მონეტა არ მოჭრილა. X საუკუნის გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ისტორიიდან გამორჩეულია დავით IV აღმაშენებლის მონეტა, რომლის ორიგინალი ლონდონის მუზეუმშია დაცული. ამ მონეტაზე დავითი მთელი თავისი სამეფო დიდებით არის გამოსახული, ხოლო რევერსზე წარწერაა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა". ვერცხლის კრიზისმა და სპილენძის მონეტების ხანგრძლივმა მიმოქცევამ დასაბამი მისცა არაწესიერი ჭედვის მონეტებს.

სპილენძისგან მონეტების დამზადება ტექნოლოგიურად უფრო რთულია, ვიდრე ვერცხლისგან ჭედვა. არადა, ეკონომიკის გაძლიერებამ და ვაჭრობის განვითარებამ დიდი ფულის მასის მოჭრის საჭიროება წარმოშვა. ამან ფულს ფორმა დაუკარგა, თუმცა იმ დროს სპილენძის წესიერი ჭედვის მონეტებიც იჭრებოდა. არაწესიერი ჭედვის მონეტებს ხშირად არ ჰქონდა ნომინალების აღმნიშვნელი წარწერები, თუმცა ვერცხლის ფულის, დირჰემის ღირებულებით იყო მოჭრილი. მაგალითად, თამარ მეფის დროს გამოშვებულ არაწესიერი ჭედვის მონეტაზე წარწერაა: "იქნა ჭედა ამის დირჰემისა".
დავით III კურაპალატის დროს მოჭრილი ვერცხლის მონეტის ავერსზე ვკითხულობთ: „ქრისტე შეიწყალე დავით“, რევერსზე კი გამოსახულია ჯვარი და ქართული წარწერა: „კურაპალატი“. ეს ერთ-ერთი იშვიათი ქართული მონეტაა, რომელიც ჩართული იყო საერთაშორისო მიმოქცევაში. სულ აღმოჩენილია ოთხი ცალი, ოთხივე საზღვარგარეთ. ერთ-ერთი ნაპოვნია 1859 წელს გერმანიის ქალაქ შვაანთან, მეორე 1878 წელს სანქტ-პეტერბურგში, მესამე - 1900-იან წლებში ესტონეთის ქალაქ ვილაში, მეოთხე კი შვედეთში. ეს მონეტა ადასტურებს X-XI საუკუნეებში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ევროპის ქვეყნებთან.

ერეკლე II-ის პერიოდში სამონეტო საქმე ძალიან მაღალ დონეზე ავიდა. მეფემ საკუთარი საბადოები აამოქმედა, სადაც პონტოელი ბერძნები ჩამოასახლა და ქართული ლითონის მოპოვება დაიწყო. ვერცხლის თუ სპილენძის ყოველი მონეტა, რომელიც მის დროს იყო მოჭრილი, საქართველოს სამხრეთში, ბორჩალოს მხარეში მოპოვებული ლითონისგან არის ნაჭედი. ერეკლეს მონეტებზე გამოსახული იყო თევზი, როგორც უძველესი ქრისტიანული სიმბოლო, ასევე ბაგრატიონთა იმდროინდელი სახელმწიფო გერბი. ერეკლე II-ის მეფობისას საქართველოში იჭრებოდა სირმა აბაზები. საქართველოს გარდა, ეს მონეტები მიმოიქცეოდა აზერბაიჯანში, სომხეთში და დაღესტანშიც. მიუხედავად იმისა, რომ 1801 წლიდან საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობა დამყარდა, ერეკლე II დროს მოჭრილი მონეტები მიმოქცევაში XIX საუკუნის 30-იან წლებამდე დარჩა, რაც მისმა სანდოობამ განაპირობა. გარდა იმისა, რომ მყარი ფულის ერთეული იყო, თავად ლითონი, რისგანაც მონეტები იყო მოჭრილი, 98%-იანი სისუფთავით გამოირჩეოდა. ერეკლეს მმართველობისას მოიჭრა "ერეკლეს ჩერვონეციც". სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მონეტა აღწერილია, როგორც მცირე უზუსტობის მქონე მონეტა, რადგან ავერსის თარიღი არ ემთხვევა რევერსისას. ფართო მიმოქცევაში არ ყოფილა და მხოლოდ ათამდე ორიგინალია დაცული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

დავით ბატონიშვილის სპილენძის მონეტის ავერსზე კი ფარშევანგია გამოსახული და თარიღი ჰიჯრით: 1215. რევერსზე წარწერაა: „ტფილისი“. 1801 წელს, ქართლ–კახეთის მეფე გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1783 წლის ტრაქტატი და ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა. წესით, გიორგი მეფის ვაჟი, დავითი უნდა გამეფებულიყო, მაგრამ რუსებმა არ დაანებეს. დავით ბატონიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ მეფე არ ყოფილა, მოჭრა მონეტა, რომელიც უიშვიათეს ქართულ მონეტად ითვლება. ცნობილია მისი ერთადერთი ეგზემპლარი. ეს მონეტა დაცულია ბერლინის მუზეუმში.

- პირველი ქართული ქაღალდის ბანკნოტები როდის შემოდის მიმოქცევაში?
- 1918 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველოს რესპუბლიკამ საკუთარი ვალუტის შექმნაზე ფიქრი დაიწყო. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ 1919 წელს დროებითი გადახდის საშუალება - ქართული ბონი დაბეჭდეს. ქართული ვალუტის ემისიის უფლება იმ დროს ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა გახლდათ, ამიტომ ქართულ ბონებზე დატანილია დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ფაქსიმილე. ქართულ ბონებზე გამოსახული იყო ქართული გერბი, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სიმბოლო. 1919 წლის 31 დეკემბერს დაარსდა საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური ბანკი, ეროვნული ბანკის სამართალმემკვიდრე, რომლის პირველი თავმჯდომარე გახლდათ ფინანსისტი და იურისტი იასონ ლორთქიფანიძე, ცნობილ მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის ძმა.

ქართული სახელმწიფო მუშაობდა ეროვნული ვალუტის შექმნაზეც, სახელიც მოფიქრებული ჰქონდათ, მას მარჩილი უნდა დარქმეოდა. ცნობილი მხატვარი ევგენი ლანსერე ხატავდა ერთ-ერთი ნომინალის ნიმუშს, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო მარჩილის გამოშვება არ დასცალდათ.
1995 წლის 2 ოქტომბერს მიმოქცევაში შემოდის ქართული ეროვნული ვალუტა ლარი, რომლის ესკიზის შექმნაზე სახელმწიფო კომისია დაახლოებით ორ წელიწადს მუშაობდა. ფულის სახელწოდება აღებულია "ვეფხისტყაოსნიდან", როგორც ზოგადად, ქონების კრებითი სახელი. რაც შეეხება ხურდა ფულს, თეთრებს, ამ სახელით XI საუკუნის ქართულ ფულს, ვერცხლის მონეტებს მოიხსენიებდნენ.

- კუპონებზე არაფერი გითქვამთ.

- კუპონები დროებითი გადახდის საშუალება იყო და არა ეროვნული ვალუტა. რა თქმა უნდა, ისიც ჩვენი ფულის ისტორიის ნაწილია. კუპონი მიმოქცევაში 1993 წელს გამოჩნდა, ის ინგლისში დაბეჭდეს. 1994 წელს, როცა საქართველოში ჰიპერინფლაცია განვითარდა, სახელმწიფომ კუპონის მილიონიანი ბანკნოტიც კი მოჭრა. ლარის შემოღებისას სახელმწიფო კურსი იყო 1 მილიონი კუპონი 1 ლართან. კუპონი მხოლოდ საქართველოს ფულის ისტორიის ნაწილი არ ყოფილა. მსგავსი ეტაპი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ გამოიარა. მილიონიანი კუპონები ჰქონდა უკრაინას, ბელორუსსა და თითქმის ყველას სახელმწიფოს ყოფილი საბჭოთა სივრციდან.

ძნელბედობის მიუხედავად, ქართული სახელმწიფო მუდმივად ჭრიდა ფულს. მაშინაც კი, როცა ქვეყანას დროებითი მმართველები მართავდნენ, თბილისში ამა თუ იმ დამპყრობლის მიერ სხვადასხვა ფულის ქართული ნაირსახეობა მაინც იჭრებოდა. მაგალითად, ირანული და მონღოლური მონეტების ქართული ასლები, რომელსაც დატანილი ჰქონდა წარწერა, რომ ის თბილისში იყო მოჭრილი. უფრო მეტიც, ზოგჯერ ქართველი მეფეები ამ მონეტებზე რელიგიურ სიმბოლოებს, ჯვრებს სახავდნენ. ცნობილია, რომ თბილისში პირველი მონეტა არაბებმა მოჭრეს. 1804 წელს კი რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში თბილისში ზარაფხანა გაიხსნა, სადაც ქართულ-რუსული, ე.წ. გარდამავალი პერიოდის ფული იჭრებოდა. უფრო ძველი ზარაფხანის ადგილი კი ჯერაც არ არის მიკვლეული. თბილისის გარდა ზარაფხანები არსებობდა დმანისში, ახალციხეში და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები