ახალი "მენიუ" სამომხმარებლო კალათისთვის - კვირის პალიტრა

ახალი "მენიუ" სამომხმარებლო კალათისთვის

"ინგლისელთა კალათაში გოლფის თამაშია, ხოლო თურქების კალათაში - მექის მოლოცვა"

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს განახლებული სამომხმარებლო კალათა ხვდება. მისი მეშვეობით ადგენენ სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს. საქართველოში სამომხმარებლო კალათა ბოლოს 2010 წელს გადაიხედა. "საქსტატის" ცნობით, ადრე სამომხმარებლო კალათა სამი წელიწადში ერთხელ იცვლებოდა, ახლა ეს ვადა ერთ წლამდე მცირდება. ფასების დასადგენად საქართველოს ხუთი დიდი ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი) მონაცემები გამოიყენეს.

სამომხმარებლო კალათა სხვადასხვა ქვეყანაში იმ საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, რომელსაც იქაური მომხმარებელი ყიდულობს. ჩვენს 2010 წლის სამომხმარებლო კალათაში 266 კომპონენტი იყო და ტრადიციულად, ყველაზე დიდი წილი სურსათმა და უალკოჰოლო სასმელებმა დაიკავა. ეს კი დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

თენგიზ ცეკვავა (საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე): "დასაწყისისთვის დავაზუსტოთ, რომ მინიმალური სასურსათო კალათა დაბალი შემოსავლის მქონე პირებისთვის იქმნება, ხოლო სამომხმარებლო კალათა ასახავს საშუალო მომხმარებლის ხარჯებს. თითოეულ კომპონენტს მინიჭებული აქვს წონა, რომელიც ადრე შინამეურნეობების გამოკითხვების საფუძველზე, საშუალო მომხმარებლის დანახარჯების მიხედვით დგინდებოდა. "ევროსტატის" რეკომენდაციით გადაწყდა აღრიცხვა არა შინამეურნეობების კვლევის, არამედ მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით.

სხვა საკითხია, რომელი პროდუქტის ფასზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია. მაგალითად, მანქანების სამჯერ გაძვირება სულაც არ ნიშნავს ინფლაციის ასევე მომატებას, მაგრამ პურის გაძვირება უკვე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. ახალი სასურსათო კალათა იმაზეა ორიენტირებული, რისთვის ხარჯავს საშუალო მომხმარებელი ყველაზე მეტ ფულს.

კალათის განახლებაში, პირველ ყოვლისა, ამა თუ იმ პროდუქტისა და მომსახურების წონის შეცვლა იგულისხმება. სულ 12 ჯგუფია (სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები, ტანსაცმელი, ჯანდაცვა, განათლება, ტრანსპორტი და სხვ.), და ყოველ მათგანს სამომხმარებლო კალათაში თავისი წონა აქვს. მათი გადაანგარიშება უახლესი ინფორმაციის საფუძველზე ხდება. თუ ადრე კალათაში 266 პროდუქტი და მომსახურება იყო, მათმა რაოდენობამ რამდენიმე ერთეულით მოიმატა.

- როგორ ადგენენ სამომხმარებლო კალათის შემადგენლობას სხვა ქვეყნებში?

- შეიძლება ვთქვათ, პრინციპი საერთოა და 12 ჯგუფსაც ყველა ქვეყანა იყენებს. ეს საერთაშორისო ნორმებით მიღებული ჯგუფებია, თუმცა ზოგ სახელმწიფოს სამომხმარებლო კალათაში მეტი პროდუქტი აქვს ჩადებული, ზოგს - უფრო ნაკლები. მაგალითად, თურქეთის სამომხმარებლო კალათაში წააწყდებით ასეთ "პროდუქტს" - მექაში გამგზავრება და ამ ქალაქის მოლოცვა. თურქებისთვის ეს არის ერთ-ერთი მსხვილი ხარჯი და ამ პუნქტსაც თავისი წონა აქვს. ბუნებრივია, ასეთი რამ ჩვენს სამომხმარებლო კალათაში არ შეგვხვდება. ყველა ქვეყანაში, თავისი კულტურისა და ტრადიციებიდან გამომდინარე, აქვთ სამომხმარებლო კალათაში ჩადებული ესა თუ ის საქონელი და მომსახურება. მაგალითად, ინგლისში, ვრცელ სამომხმარებლო კალათაში გათვალისწინებულია გოლფის თამაშის საფასური... ამ ქვეყნის სამომხმარებლო კალათაში გართობასა და დასვენებას გაცილებით დიდი წონა აქვს ჩვენთან შედარებით, ლათინურ ამერიკაში ბანანის მოხმარების წონაა დიდი, აშშ-ში სხვა ქვეყნებზე "მძიმეა" ბინის ქირის ხვედრითი წონა.

ქართულ სამომხმარებლო კალათაში 12 ძირითადად ჯგუფი რჩება, თუმცა 2010 წლის კალათაში "იდო" აუდიოკასეტა, ახლა ეს პუნქტი აღარ არის საჭირო, რადგან აუდიოკასეტებზე მოთხოვნილება ნაკლებია. ახლა შეტანილია კომპაქტდისკი, მაგრამ შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ ისიც ამოვარდეს. 2012 წლის სამომხმარებლო კალათაში მოიმატა კომპიუტერების წონამ, რადგან კომპიუტერს უკვე ბევრი ყიდულობს.

სამომხმარებლო კალათის სწორად შედგენა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, ფასების ცვლილების დროული ასახვა სიგნალია ეროვნული ბანკისთვის, რათა სწორი პოლიტიკა გაატაროს. რაც უფრო ზუსტი იქნება ეს მონაცემი, მით უფრო ადრე დაიჭერს თადარიგს ეროვნული ბანკი, რათა არასასურველი რყევების არიდებას შეეცადოს.

ხათუნა ჩიგოგიძე