დანიელ სვაროვსკის "ბრწყინვალე ბიზნესი" - კვირის პალიტრა

დანიელ სვაროვსკის "ბრწყინვალე ბიზნესი"

"თამაში რიოში ბრილიანტებით"

დანიელ სვაროვსკი ის ადამიანია, ვინც ზეპურ საზოგადოებას ბროლის კრისტალები შეაყვარა, ასე ძალიან რომ ჰგავს ბრილიანტებს. თანაც თავისი წინამორბედის, ჟორჟ ფრედერიკ სტრასისგან განსხვავებით, სვაროვსკის არასდროს დაუმალავს, რომ მისი ნაწარმი ბროლისგან მზადდებოდა და ბრილიანტის იმიტაცია გახლდათ. დღეს სვაროვსკის სახელი ავსტრიისთვის იმავეს ნიშნავს, რასაც მაგალითად, როკფელერის - აშშ-ისთვის.

დანიელ სვაროვსკი ქვეყნიერებას 1862 წლის 24 ოქტომბერს მოევლინა ჩრდილოეთ ბოჰემიის სოფელ გეორგენტალში (მაშინდელ ავსტრია-უნგრეთში). ეს მხარე განთქმული იყო ბროლის ოსტატებით. მისი ოჯახიც ამ საქმეს მისდევდა და მამამისს მინის პატარა საამქროც ჰქონდა, რითაც სვაროვსკებს თავი გაჰქონდათ. პატარა დანიელი, რა თქმა უნდა, მამას სახელოსნოში ეხმარებოდა, თუმცა გული მუსიკისკენ მიუწევდა და მევიოლინეობაზე ოცნებობდა. სამწუხაროდ, მევიოლინეობა არ გამოუვიდა და პარიზში გაემგზავრა სასწავლებლად. სწორედ იქ მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ბროლის მომავალი ოსტატის ცხოვრება შეცვალა.

პარიზში სვაროვსკი მოხვდა ელექტრობის მსოფლიო გამოფენაზე, სადაც ტექნოლოგიისა და მეცნიერების უამრავ იმდროინდელ მიღწევას გაეცნო. მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ელექტროდენის გამოყენების შესაძლებლობამ მინის დამუშავებაში.

გავიდა წლები. გამოფენიდან ათი წლის შემდეგ, 1891 წელს, სვაროვსკიმ შექმნა მსოფლიოში პირველი მინის გასაპრიალებელი (სახვეწი) მანქანა და მაშინვე დააპატენტა. დანიელი მიხვდა, რომ ძალები მეწარმეობაში უნდა მოესინჯა. ის მშობლიურ სოფელში აღარ დაბრუნებულა, ალბათ მიიჩნია, რომ იქ მრავალი კონკურენტი ეყოლებოდა, და ავსტრიულ პროვინცია ტიროლთან ახლოს პატარა სოფელ ვატენსს მიაშურა. სწორედ იქ გახსნა 1895 წელს პირველი ფაბრიკა შწაროვსკი.

თავდაპირველად კომპანიას D.S. & Co ეწოდებოდა, ანუ "დანიელ სვაროვსკი და კომპანია". სვაროვსკიმ დაიწყო ძვირფას თვლებს მიმსგავსებული კრისტალების დამზადება. მათზე მოთხოვნილება დიდი იყო, რადგან გაცილებით იაფი ღირდა და ყველას შეეძლო მისი ყიდვა. ის მოდური აქსესუარი გახდა.

XX ს-ის დასაწყისში კომპანია შეკვეთებს ვერ აუდიოდა და ფირმის სახელწოდებაც უბრალოდ შწაროვსკი-ით შეიცვალა.

ის, რაც თავის დროზე სხვამ გააყალბა და ისე გამოუშვა, სვაროვსკის ხელში ახალ, მოდურ ტენდენციად იქცა - დანიელმა თავიდანვე განაცხადა, რომ მისი ქმნილება სულაც არ იყო ბრილიანტი, თუმცა თითქმის ვერ გაარჩევდით მისგან.

ლეგენდის დაბადება

პროდუქციაზე დიდმა მოთხოვნამ კომპანიის გაფართოება განაპირობა. სვაროვსკიმ დამატებით 200 თანამშრომელი აიყვანა. მისი ნაწარმი ევროპამ აიტაცა, პარიზისა თუ პეტერბურგის ელიტამ დანახვისთანავე შეიყვარა "სვაროვსკის" სამკაულები. თანაც, ფასის წყალობით, მისი ყიდვა არა მარტო მდიდრებს შეეძლოთ.

კომპანიის მუშაობაში ჩაერთო დანიელის სამი ვაჟი, რამაც ბიზნესი ჭეშმარიტად ოჯახური გახადა. სვაროვსკები დიდ დროს უთმობდნენ სამუშაოს, ცდილობდნენ ბროლის დამუშავების სრულიად ახალი ტექნიკის შექმნას. მაგრამ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და საიუველირო ნაწარმისთვის ევროპაში აღარავის ეცალა, ამერიკის ბაზრამდე კი ჯერ კიდევ შორი გზა იდო.

სვაროვსკებმა შექმნეს კომპანიის შვილობილი საწარმო თყროლიტ-ი, რომელიც აწარმოებდა სხვადასხვა მასალას სახვეწი და დასაწახნაგებელი ჩარხებისთვის. ეს კომპანია დღემდე მოქმედებს... ძირითადი ფირმის გარდა, კიდევ ოთხი კომპანია შეიქმნა.

დადგა 20-იანი წლები და მდგომარეობა დასტაბილურდა. კომპანიამ, პირველ რიგში, ბროლის ახალი ტექნოლოგიით წარმოებას მიჰყო ხელი. "სვაროვსკის" ნაწარმს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავდა. კომპანიის კონკურენტები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდებოდნენ, დანიელის ფირმა კი უფრო და უფრო ბრწყინავდა და კაშკაშებდა. როცა "სვაროვსკის" ნაწარმს ყურადღება თვით კოკო შანელმა მიაქცია, მთელი მოდის სამყარო მისკენ შეტრიალდა.

კომპანიამ უდიდეს წარმატებას მრავალი პატენტისა და იმ საიდუმლო ფორმულის წყალობით მიაღწია, რომელიც დღემდე არავისთვის გაუმხელიათ. "სვაროვსკის" თვლების ბრილიანტისებური ელვარების საიდუმლო დღემდე აუხსნელია, ისინი სხვებზე მეტად კაშკაშებს და ბრილიანტებისგან ძნელი გასარჩევია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ასეთი ეფექტი ტყვიის დამატებით მიიღწევა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სვაროვსკები ბროლის დაწახნაგების მეთოდოლოგიას ისეთ დონეზე ფლობენ, როგორც სხვა არავინ მსოფლიოში.

ყოველივე ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სვაროვსკები მხოლოდ ფუფუნების საგნებს ამზადებენ. 1929 წელს გამოჩნდა ბრენდი შწარეფლეხ-ი, რომლითაც ოპტიკური ხელსაწყოები და ბინოკლები იყო ნიშანდებული.

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიას საქმიანობა არ შეუწყვეტია, რადგან სვაროვსკი ახალ ბაზარზე - აშშ-ში გავიდა. გაუგებარია, როგორ მოახერხა აშშ-ში გასაღების ორგანიზება ავსტრიულმა ფირმამ - ეს ქვეყანა ჰიტლერის მხარეს იბრძოდა. ომის დასრულების შემდეგ ცხოვრება ნელ-ნელა დგებოდა კალაპოტში, მოთხოვნა ფუფუნების საგნებზე ისევ ჩნდებოდა. იმხანად "სვაროვსკიმ" სახელი გაითქვა იმით, რომ მასობრივ პროდუქციასთან ერთად, ჭეშმარიტად ინდივიდუალურ ნაწარმს უშვებდა.

ფირმის სულისჩამდგმელი დანიელ სვაროვსკი 1956 წელს გარდაიცვალა, მაგრამ ოჯახური ბიზნესი იმდენად მყარად იდგა, რომ ბურჯის გამოცლა არ დასტყობია.

ფირმისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა დანიელის შვილიშვილის მანფრედის მიერ შექმნილი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მანამდე არნახული, ფერადი კრისტალების დამზადება. ეს ერთგვარი რევოლუცია იყო ამ საქმეში, და როგორც ყველა რევოლუციას, ამასაც ხალხის დიდი მასების აღტაცება მოჰყვა - მდიდრები პირდაპირ დახლებიდან იტაცებდნენ ფერად-ფერად ნაკეთობებს.

გადიოდა დრო და კომპანიის ასორტიმენტიც ივსებოდა. "სვაროვსკის" ახალ მიმართულებად იქცა ბროლი ჭაღებისთვის. 1976 წლიდან კომპანიაში საკოლექციო სუვენირების გამოშვება დაიწყეს. პირველი - ბროლის თაგუნა გახლდათ, რომელზეც არათუ მოთხოვნილება იზრდებოდა, არამედ "სვაროვსკის" კოლექციონერთა კლუბიც კი ჩამოყალიბდა. დღესდღეობით ამ კლუბში მსოფლიოს მასშტაბით 500 ათასი კაცია გაერთიანებული.

ბოჰემიური ბროლის "რაფსოდია"

მრავალი წელია, სხვა კომპანიები ცდილობენ ახსნან "სვაროვსკის" უნიკალური პროდუქციის საიდუმლო, მაგრამ ამაოდ. ალბათ ვერც ვერასდროს შეძლებენ ამას, რადგან ფრიმა საგულდაგულოდ მალავს თავისი წარმატების საიდუმლოს. მხოლოდ ის არის ცნობილი, რის წყალობით ბრწყინავს ასე "სვაროვსკის" კრისტალები. ამის მიზეზი ტყვიის ჟანგის დაახლოებით 32%-იანი შემადგენლობაა. ეს ნივთიერება, რასაკვირველია, "ჩვეულებრივ" კრისტალებშიც შედის, თუმცა არა უმეტეს 24%-ისა. დასასრულ, არავინ დავობს "სვაროვსკის" უნიკალურ მოხვეწის ტექნოლოგიაზე. აღსანიშნავია, რომ ფირმას ბროლის კრისტალის ზედაპირის დამუშავების არაერთი მეთოდი აქვს შემუშავებული. რაც უნდა იმკითხაონ კონკურენტებმა თუ უბრალოდ, ცნობისმოყვარეებმა, "სვაროვსკის" წარმოება - საიდუმლოა. ეს კომპანიის თანამშრომლებმაც კარგად იციან და სწორედ ამიტომ, ამა თუ იმ ნაწარმის დამზადების შემდეგ შემქმნელები მის შესახებ არსებულ დოკუმენტაციას ანადგურებენ - საკოლექციო სერიისთვის განკუთვნილი უნიკალური მოდელი არ უნდა განმეორდეს. ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც დაწახნაგებისას გამოიყენება - მხოლოდ თვით ფირმის დამზადებულია და ეს მისი დაფუძნების დღიდან ასეა.

დიდი ხნის განმავლობაში "სვაროვსკის" ლოგო ყვავილი (ედელვაისი) გახლდათ, თუმცა 1988 წლიდან ის გედის გამოსახულებამ შეცვალა, რომელიც სხვადასხვა ხალხისთვის ელეგანტურობასა და ჰარმონიასთან ასოცირდება. კომპანიის ასი წლის იუბილეზე ვატენსში "სვაროვსკის" უნიკალური მუზეუმი გაიხსნა. ეს არის ნამდვილი ბროლის გამოქვაბული, სადაც აღფრთოვანებული ექსკურსანტები დადიან. მუზეუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა (თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან იქ ყველაფერი ღირსშესანიშნავია), გახლავთ "სვაროვსკის" უზარმაზარი კრისტალი, რომელიც 62 კგ-ს იწონის, დიამეტრი კი 40 სმ-ია. ეს დიდებული ქმნილება გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც უდიდესი კრისტალი მსოფლიოში. მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე პაწია კრისტალიც - სულ რაღაც 0,8 მმ დიამეტრისა. 2004 წელს კომპანიამ დაამზადა 274 სმ დიამეტრის კრისტალი, წონით თითქმის 250 კგ.

დღესდღეობით ფირმა უშვებს ხარისხიან ბიჟუტერიაში გამოსაყენებელი კრისტალების 80%-ს. შტაბ-ბინა ძველებურად ავსტრიის პატარა სოფელ ვატენსში მდებარეობს. კომპანია დღემდე კერძოა და მას დანიელ სვაროვსკის შთამომავლები მართავენ. ბრენდი დღესაც უზადო იმიჯით სარგებლობს და "სვაროვსკის" რამე ქმნილების ფლობა კვლავაც საამაყო და პრესტიჟულია. თუმცა ფირმა არც რეკლამირებას თაკილობს. მაგალითად, ფილმ "ოპერის აჩრდილში" ბრენდი აქტიურად არის გარეკლამებული, იქ ჩანს კომპანიის მაღაზიაც (დღეს ფირმას მაღაზიების საკუთარი ქსელი აქვს).

2002 წელს კომპანიის სათავეში სვაროვსკების მეხუთე თაობა მოვიდა. კომპანიის წლიური შემოსავალი $2 მილიარდია. დღეს ფირმა დღეში 200 მილიონ კრისტალს აწახნაგებს. ის ბროლისგან აწარმოებს სკულპტურებსა და მინიატიურებს, სამშვენისებს, ბიჟუტერიას, სამოსს, ჭაღებს და სხვ. "სვაროვსკის" კომპონენტებს კრისტალებისა და მძივების სახით, თავის მხრივ, არაერთი სხვა ოსტატი, დიზაინერი და მხატვარი იყენებს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ