"ფოტობაბუის" ღიმილი ფასიანია - კვირის პალიტრა

"ფოტობაბუის" ღიმილი ფასიანია

თოვლის ბაბუასთან ერთად გასეირნება 2 ლარი, ფოტოს გადაღება კი 1 ლარი ღირს -ახალი წლის დღეებში ამ და სხვა მომსახურებას სთავაზობენ სანტა კლაუსებისა და თოვლის პაპების ფორმებში გამოწყობილი ადამიანები პარლამენტის წინ, ნაძვის ხის სანახავად მისულ პატარებს.

ჩოხა-ახალუხი, თეთრი წვერი, ციგა ან პატარა სავარძელი და ღიმილი -სულ ესაა, რაც "ფოტობაბუას" მოეთხოვება. სურათის გადაღების მსურველი კი მართლაც ბევრია. სხვაგან სად ნახავ ასე გამოწყობილ თოვლის პაპასა და სანტა კლაუსს და ერთი ლარიც მათი ღიმილისთვის რა სალაპარაკოა. საბოლოოდ, ფოტოს მფლობელიც კმაყოფილია და ბაბუაც, რომელიც შინ სავსე ხურჯინით თუ არა, ჯიბეგამოფხეკილი ნამდვილად არ წავა.

სანტა კლაუსთან სახელდახელოდ მოწყობილი მარხილით გასეირნება კი 2 ლარი ღირს. მართალია, სასეირნო მარშრუტი ძალიან მოკლეა და პარლამენტისწინა მოედნის შემოვლას გულისხმობს, მაგრამ კიდევ როდის ექნება მსურველს შანსი, ირმების ნაცვლად, კვადროციკლზე გამობმული მარხილით ისეირნოს?

მერაბ ნიქაბაძე (თოვლის ბაბუა): "გადაიღეთ ჩემთან სურათი, მართლა ბაბუა კი არა, ახალგაზრდა ვარ! სანამ თოვლის ბაბუა გავხდებოდი, მოჭიდავე ვიყავი, 18 წელი მოსკოვის ცირკში ვმუშაობდი, შემდეგ 15 წელი -თბილისის ცირკში. დამსახურებული მსახიობი ვარ და გინესის რეკორდსმენი. ამ მთავრობას რა ვუთხარი, მე აქ რომ გამომიყვანა. ორი წლის წინ გულის ოპერაცია გავიკეთე და წამლის ფული რომ არ მაქვს, აქ გამოვედი, რომ ცოტა რამ შემოსავალი მივიღო. რამ მომაფიქრებინა და გაჭირვებამ!

-ბევრია მსურველი, თოვლის ბაბუასთან გადაიღოს სურათი?

-გული მწყდება, რომ ვერ ცნობენ, რომელია ნამდვილი ქართველი თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსებთან გარბიან სურათის გადასაღებად. ხომ ხედავთ, ჩემს მეზობლად რიგი დგას, მე კი მუშაობა არ მაქვს.

-ჩოხა-ახალუხი, ნაბადი და სხვა აქსესუარები გქონდათ თუ საგანგებოდ იქირავეთ?

-ეს ყველაფერი იმ დროიდან მაქვს, თბილისის ცირკში რომ გამოვდიოდი. ახლა ესენი ძვირია, რომ მეყიდა, ალბათ 2 ათასი ლარი მაინც დამჭირდებოდა. სანტა კლაუსები კი ჩაიცვამენ იაფფასიან ფორმას და ხალხი მაინც მათთან გარბის.

-როგორ ფიქრობთ, რა შემოსავალი დაგრჩებათ ამ საახალწლო ფოტოსესიიდან?

-ბევრი არაფერი, მხოლოდ იმდენი, რომ ერთი თვის სამყოფი წამლები ვიყიდო".

სანტა კლაუსთან ფოტოს გადაღების ტრადიცია ბევრ ქვეყანაში არსებობს. ახალი წლის დღეებში, სუპერმარკეტებსა და მსხვილ სავაჭრო ობიექტებში სანტასთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება უფასოა და ამ სერვისს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია თავად აფინანსებს. ქუჩებსა და საახალწლო ბაზრობებზე კი სანტა კლაუსის ღიმილი საშუალოდ 1-2 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

აღსანიშნავია, უფროსები ხშირად არც კი ეკითხებიან პატარებს, მოსწონთ თუ არა ეს წვერიანი ცოცხალი დეკორაცია...