ვაუჩერს "დათესავ", ვერაფერს მოიმკი - კვირის პალიტრა

ვაუჩერს "დათესავ", ვერაფერს მოიმკი

2011 წლის პირველი კვარტალი და დასასრული ერთმანეთს სახელისუფლებო ინიციატივებით დაემსგავსა. წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის 20-ლარიანი და სურსათის 30-ლარიანი ვაუჩერები დაარიგა, ხოლო წლის მიწურულს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგება დაიწყო. ბოლო იდეა "ქართული ღიმილის" ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად...

კარგა ხანია, ვაუჩერების თემა საქართველოს ხელისუფლებისთვის უცხო აღარ არის. შარშან, წლის დასაწყისში მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის მთავარ მიზეზად საქართველოს პრეზიდენტმა იმ დროისთვის მართლაც არნახულად მაღალი ინფლაცია და სურსათზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები დაასახელა, თუმცა აშკარა იყო, რომ ეს გზა დიდი ვერაფერი შეღავათი გახლდათ. არც ის არის საიდუმლო, რომ ვაუჩერების დარიგება ინფლაციას თუ გაამწვავებს, თორემ შემცირებას ნამდვილად არ უწყობს ხელს. ნაცნობი მდგომარეობაა ახლაც - პრეზიდენტს სურს, რაც შეიძლება მეტი მიწა დამუშავდეს და ამ მიზნით სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებს არიგებს. როგორც ტელევიზიით გასულ სარეკლამო რგოლშია ნათქვამი, გლეხები ამ 30-ლარიანი ვაუჩერით 5 ათასი კვ.მ. მიწის მოხვნას შეძლებენ.

ეს დაპირება ფრიად საეჭვოდ ჟღერს, რადგან 1 ჰექტარი (10 ათასი კვ.მ.) მიწის მოსახნავად ტრაქტორს დაახლოებით 40 ლიტრი დიზელის საწვავი ესაჭიროება. 1 ლიტრი საწვავის ფასი, ბოლო მონაცემებით, 2,10 ლარს აღემატება, შესაბამისად, მხოლოდ საწვავის ღირებულება, რაც 5000 კვადრატული მეტრის დახვნას სჭირდება, 42 ლარამდე აღწევს. ცხადია, არც ერთი ტრაქტორისტი მხოლოდ საწვავის ჩასხმით, უფასოდ არავის მოემსახურება. ასე რომ, 30-ლარიანი ვაუჩერი ბევრად ნაკლებ სამუშაოებს ეყოფა, ვიდრე ამას მთავრობა აცხადებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით. ისიც ითქვა, რომ ვაუჩერით სასუქის ყიდვაც შეიძლება. არადა, 1 ტომარა აზოტის გვარჯილა დაახლოებით 45 ლარი ღირს. 1 ჰექტარზე თუ მაგალითად, სიმინდია დათესილი, დაახლოებით ოთხი ტომარაა საჭირო...

ისევე, როგორც დენისა და სურსათის ვაუჩერების შემთხვევაში, მფლობელებს ამჟამად დარიგებული სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების გაჩუქების უფლებაც აქვთ. ესეც ხელსაყრელია სახელმწიფო მოხელეებისთვის, რათა ტელეკამერების წინ თავი მოიწონონ და რომელიმე ხელმოკლე ოჯახს 30-ლარიანი ვაუჩერი საზეიმო ვითარებაში გადასცენ, თან სხვასაც მოუწოდონ სოლიდარობისკენ. ეს შანსია, კიდევ ერთხელ ვნახოთ, როგორ უშურველად გასცემენ წყალობას ხელმოკლე ადამიანებზე დეპუტატები, გამგებლები თუ გუბერნატორები... ბოროტი ხმები ამბობენ - მთავრობაში ვაუჩერები და მსგავსი აქციები არჩევნების გამო უფრო ახსენდებათ, ვიდრე იმ პრობლემების გამო, რომელთა გადასაჭრელადაც ბიუჯეტიდან ვაუჩერები ფინანსდებაო, მაგრამ მადლიერ ხელმოკლე მოქალაქეებს ამის, რასაკვირველია, არ სჯერათ.

საზოგადოდ, ვაუჩერების თემა უკვე საკმაოდ "ასაკოვანია" და დღევანდელმა ხელისუფლებამ ის 2007 წლიდან გახადა აქტუალური. მაშინ საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებამ პენსიონერებისა და სხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის, გაზისა და მედიკამენტების ვაუჩერები დაარიგა. ქალაქებში ელექტროენერგიისა და გაზის 50-50-ლარიანი ვაუჩერები გასცეს, ხოლო რეგიონებში - ელექტროენერგიის 50-ლარიანი ვაუჩერი და ერთი ტომარა ფქვილი. 2007 წლის მიწურულს დედაქალაქელ პენსიონერებს მერიამ 25-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერები დაურიგა. ალბათ, ღირს იმ დროის გახსენება: 2007 წლის ნოემბერში პრეზიდენტი გადადგა და 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აქტიური კამპანია წამოიწყო.

როგორც "დაკვირვება" ცხადყოფს, ზოგჯერ ვაუჩერების დარიგებას რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა უსწრებს წინ. მაგალითად, წლეულს, ოქტომბრის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის განცხადების შემდეგ, თბილისის მერიამ სატრანსპორტო ბარათებზე დაახლოებით მილიონ თბილისელს 5 ლარი "ჩაურიცხა". ეს ინიციატივა ქალაქის ბიუჯეტს 5 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

2011 წელს მთავრობამ 50 მილიონზე მეტი უკვე დახარჯა სურსათისა და დენის ვაუჩერების პროექტებზე. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების 30-ლარიან ვაუჩერებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 3400 სოფელში 800 ათასამდე ვაუჩერი გაიცემა, შესაბამისად, ვაუჩერების ეს პროექტი ბიუჯეტს 24 მილიონი ლარი დაუჯდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დახმარებების აქციები წინა წლებშიც ეწყობოდა. „20 ლიტრი დიზელის საწვავი თითო ოჯახს“ და „ერთი ტომარა სასუქი თითო ოჯახს“ 2008 და 2010 წლებში განახორციელეს. მაშინ სასუქი და საწვავი 939 925 კომლს მისცეს და ბიუჯეტიდან ორივე შემთხვევაში 25-25 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კიდევ ერთი საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თავისი დაბადების დღეზე ბათუმში, სოციალურად დაუცველთა სასადილოში, პენსიონერებს გაუმხილა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამოქმედდება საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“, რომელიც ხანდაზმულებისთვის უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ითვალისწინებს. „დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ ყველას კბილები, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ და სულ იღიმებოდნენ... როცა ადამიანს კბილებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მუშაობის ხალისი ეკარგება, ღიმილის ხალისი ეკარგება, და საერთოდ, ცხოვრებაზე სხვა წარმოდგენა აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რამდენად ეფექტიანად განხორციელდება ან რა დაუჯდება ბიუჯეტს პრეზიდენტის ინიციატივა, ეს უკვე მომავლის საქმეა. უფასო ღიმილი თუ სიცილ-ხარხარი ოპონენტებისგან "კბილების ვაუჩერის" იდეის არ დაჰკლებია, თუმცა ქვეყნის პირველი პირი ამტკიცებს, რომ ეს არც ხუმრობაა და არც საახალწლო კეთილი სურვილი. პენსიონერებს ისღა დარჩენიათ, კბილები გასაკრიალებლად გაამზადონ - ღიმილით, ან უამისოდ.