ბგერის ბიზნესი ორი ფიზიკოსისთვის - კვირის პალიტრა

ბგერის ბიზნესი ორი ფიზიკოსისთვის

"სონის" დაბადების ისტორია

კომპანია Sony ერთ-ერთია იმათგან, რომელმაც ფრაზა Made in Japan-ს პრესტიჟი შესძინა, ხოლო იაპონია მსოფლიოს თვალში, ტექნოლოგიური განვითარების მხრივ, ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად აქცია. ფირმა ქვეყნისთვის მძიმე დროს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა, კომპანიის სათავეებთან კი ორი ფიზიკოსი - აკიო მორიტა და მასარო იბუკა იდგა.

აკიო მორიტა 1921 წლის 29 იანვარს დაიბადა ნაგოიაში, მისი მშობლები ბრინჯის არყის, საკეს გამომხდელები იყვნენ. ეს საგვარეულო საქმიანობა თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ბოლოს და ბოლოს, აკიოსაც მოუწევდა მისი გაძღოლა. მაგრამ მან, რასაკვირველია, მშობლების ნებართვით, სულ სხვა გზა აირჩია. გადაწყვიტა, საფუძვლიანად შეესწავლა ზუსტი მეცნიერებები - ფიზიკა და მათემატიკა. ამ მიზნით მორიტა ოსაკის საიმპერატორო უნივერსიტეტში შევიდა. სწავლის გასრულების შემდეგ ყმაწვილი ჯარში მსახურობდა, სადაც ოფიცრის წოდებაც მიიღო. სამხედრო სამსახურის შემდეგ მუშაობა "იაპონიის ზუსტი ხელსაწყოების კომპანიაში" დაიწყო. სწორედ იქ გაიცნო მასარო იბუკა.

მორიტაზე 13 წლით უფროსი იბუკა თხემით ტერფამდე ფიზიკოსი გახლდათ. იმთავითვე გამოირჩეოდა თანაკურსელებისგან, რომლებმაც მას "გენიოსი გამომგონებელი" შეარქვეს. იმხანად ის "იაპონიის ზუსტი ხელსაწყოების კომპანიის" გენერალური დირექტორი იყო. "სონის" მომავალმა დამფუძნებლებმა სწრაფად გამონახეს საერთო ენა - მათი ცხოვრების მთავარი აზრი ხომ ტექნიკით გატაცება იყო. მათ არ უფიქრიათ ტექნიკურ რევოლუციაზე, ისინი უბრალოდ, იმას აკეთებდნენ, რასაც მათთვის სიამოვნება და ფული მოჰქონდა... მაგრამ ფულის შოვნა მალე ძალიან გაძნელდა.

ომის დამთავრების შემდეგ კომპანიას აღარ ჰქონდა სამხედრო შეკვეთები, რითიც ბოლო წლების განმავლობაში "ცოცხლობდა". ყველა თანამშრომელმა სამუშაო ერთდროულად დაკარგა. იბუკა ბიზნესს გამოეთხოვა. თავი რომ გაეტანათ, მომავალმა ბიზნესპარტნიორებმა სხვადასხვა ადგილას დაიწყეს მუშაობა, თუმცა რამის გამოგონების, შექმნის სურვილი სწვავდათ.

35-კილოგრამიანი მაგნიტოფონი

1946 წლის 7 მაისს დაარსდა კომპანია "ტოკიო ცუსინი კოგო კაბუსიკი კაისა", $375-იანი საწესდებო კაპიტალით, რომლის ნაწილიც მორიტამ მშობლებისგან ისესხა. თავდაპირველად კომპანიაში ოცი თანამშრომელი იყო (ყველა იბუკას ძველი პროექტიდან) და საქმიანობაში არავითარი გამოგონებები არ ყოფილა. უბრალოდ, აწარმოებდნენ ვოლტმეტრებს, ბრინჯის შესაწვავ ღუმლებსა და მცირე ელექტროხელსაწყოებს.

კომპანიის პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა 1949 წლით თარიღდება, როცა მასარო იბუკამ ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტა დააპატენტა. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა მაგნიტოფონი G-Type, რომელიც კომპანიის მომავალ ნაწარმს დაედო საფუძვლად. მაგნიტოფონი ძალიან მძიმე იყო (35 კგ) და ძალიან ძვირი ღირდა ($900). სულ ოცი ასეთი მაგნიტოფონი გამოუშვეს, თუმცა მათ არავინ ყიდულობდა. აკიო მორიტას იდეა დაებადა, მან იაპონიის უზენაეს სასამართლოს მიმართა და შესთავაზა, სტენოგრაფისტები მაგნიტოფონებით ჩაენაცვლებინათ. გარიგება დაიდო - ოცივე მაგნიტოფონი სასამართლოში წავიდა. ორ წელიწადში კომპანიაში გაცილებით მსუბუქი, 13 კგ-იანი მაგნიტოფონი შეიქმნა.

1950-იანების დასაწყისში მორიტამ და იბუკამ ამერიკული კომპანია "ვესტერნ ილექტრიკისგან" ტრანზისტორების წარმოების ლიცენზია შეისყიდეს $25 ათასად. ეს გარდამტეხი მომენტი იყო კომპანიის ისტორიაში. 1954 წელს პირველი იაპონური ტრანზისტორი გამოვიდა, ამას მოჰყვა არასამხედრო დანიშნულების პირველი რადიომიმღები. მასზე მოთხოვნა დიდი იყო, მალე თანამოაზრეებმა გამოუშვეს ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი, რომლებსაც საფუძვლად სწორედ ტრანზისტორები ედო.

1956 წელს კომპანიაში მივიდა ფიზიკოსი, ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი რეიონ ესაკი, რომელმაც კომპანიის მომავალ წარმატებებში დაიდო წილი. 50-იან წლებში დამფუძნებლებმა აშშ-ის ბაზარზე გასვლაზე დაიწყეს ფიქრი. ამისთვის კომპანიის გრძელი სახელი ნამდვილად არ იყო შესაფერისი, ამიტომ სახელი შეუცვალეს და შონყ უწოდეს. როგორც ამბობენ, ეს სახელი ორი მიზეზით შეირჩა. პირველი იყო ის, რომ სონუს-ი ლათინურად ბგერას, ხმას ნიშნავს და კომპანიაც სწორედ ამ სფეროში აპირებდა მუშაობას. მეორე მიზეზი ის იყო, რომ იმ ხანად იაპონია სავსე იყო ამერიკელი ჯარისკაცებით, რომლებიც ერთმანეთს მიმართავდნენ სიტყვით შუნნყ (შვილო, შვილიკო). ვინაიდან კომპანიის მიზანი ამერიკული ბაზრის დაპყრობა გახლდათ, ეს ყველაფერი ფრიად ლოგიკური იყო.

ამერიკის "დაპყრობა"

ამერიკელებმა "სონი" ნაწარმი მაშინვე დააფასეს. ვიდეომაგნიტოფონები, რაციები, ტელევიზორები იქ დიდი მოწონებით სარგებლობდა. 1963 წელს "სონი" პირველი იაპონური კომპანია იყო, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა.

იმის შესაცნობად, თუ როგორ ცხოვრობდნენ ამერიკელები და მათი მოთხოვნილებებისთვის თავისი ბიზნესის მოსარგებად, 30 წლის აკიო მორიტა, ოჯახთან ერთად, აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ინგლისური სწრაფად ისწავლა, გულღიაობისა და გულითადობის წყალობით კი ამერიკელთა ნდობა და პატივისცემაც მალე დაიმსახურა. თანდათან "სონი" მსოფლიომ გაიცნო. დიდ ბრიტანეთში კომპანია Sony UK Ltd-ი 1968 წელს დააარსა, რომელმაც "ტრინიტრონის" კინესკოპიანი ფერადი ტელევიზორების გამოშვება დაიწყო. მალევე კომპანიამ ტექნიკის წარმოება გერმანიაშიც გაშალა.

70-იან წლებში, როცა მსოფლიო როკ-ნ-როლსა და ზოგადად, მუსიკაზე შეიშალა, არაერთმა ბიზნესმენმა აქცია ის შემოსავლის წყაროდ. მუსიკა "სონის" ბიზნესისთვისაც ძირითადი მასაზრდოებელი წყარო გახდა. პირველი პორტატული ფირსაკრავი, ე.წ. უოკმენი, სწორედ "სონიმ" გამოუშვა 1979 წელს, რითაც სამყაროს პორტატული მოწყობილობების ახალი ბაზარი გაუხსნა. მორიგი რევოლუციური ნაკეთობა, პირველი კომპაქტდისკი, "სონიმ" 1982 წელს "ფილიპსთან" ერთად წარმოადგინა. მისი მოცულობა საკმარისი იყო 74-წუთიანი მუსიკის ჩასაწერად. სწორედ ამდენ ხანს (73 წუთსა და 30 წამს) გრძელდება ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია - იაპონური გაყიდვის ჰიტი და აკიო მორიტას უსაყვარლესი ნაწარმოები.

"სონიმ" შეისყიდა ხმის ჩამწერი კომპანია CBS Rerords Inc-ი და მას Sony Music Entertainment-ი უწოდა. ეს 1988 წელს მოხდა. დღეს "სონი მიუზიკ ენტერტეინმენტი" ერთ-ერთი უდიდესია ხმის ჩაწერის მსოფლიო ბიზნესში. ერთი წლის შემდეგ "სონი" კინოინდუსტრიაშიც ჩაერთო, როცა სახელგანთქმული "კოლამბია პიკჩერზი" შეიძინა.

1990-იან წლებში "სონის" ტექნოლოგიური სიახლეები ერთმანეთს მისდევდა: DVD ფორმატის შემუშავებაში მონაწილეობა, Blu-Ray-ს შექმნა, ახალი ტელევიზორები, "სონი ვაიოს" უპოპულარულესი ნოუტბუქები, სათამაშო "პლეისტეიშენები", ციფრული ფოტოაპარატების სერია, მობილური ტელეფონების ხაზი კომპანია "ერიკსონთან" ერთად და სხვა უამრავი ნაკეთობა.

ბიზნესი "არაიაპონურად"

არსებობის პირველ წლებში "სონი" მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა იაპონური კომპანიებისგან, რამაც ისინი გვარიანად დააფიქრა და ამან ბიზნესის იაპონურ კონცეფციაზეც კი მოახდინა გავლენა. საქმე ის იყო, რომ "სონიში" თანამშრომლებს კონკურსით არჩევდნენ, თანაც არ ინტერესდებოდნენ არც მათი მოსწრებით სტუდენტობისას და არც თვით კომპანიაში მათი ნაცნობებით. ეს თვალში საცემად განსხვავდებოდა იაპონიაში ჩამოყალიბებული ტრადიციისგან, სადაც კომპანიათა 99%-ში ხელმძღვანელებად ის პირები აჰყავდათ, ვინც ასე თუ ისე იცნობდნენ ფირმის პრეზიდენტებს. "სონიმ" კი სამუშაოზე მიღების პროცედურა მიუკერძოებელი გახადა. როგორც ამბობენ, აკიო მორიტა წლების განმავლობაში პირადად ხვდებოდა კანდიდატებს გასაუბრებებზე. შემდგომში ეს პრაქტიკა მრავალმა იაპონურმა კომპანიამ გადაიღო...

მორიტა ჭეშმარიტი ბიზნესმენი გახლდათ, იბუკა კი ნამდვილი გამომგონებელი, რომელსაც ლაბორატორიაში მუშაობა ყველაფერს ერჩია. ფირმას აკიო ხელმძღვანელობდა და დიდი წარმატებითაც. მან წიგნებიც დაწერა - "არაფრისმაქნის სასკოლო წარმატებებში" ხაზგასმულია აზრი, რომელსაც მორიტა მთელი ცხოვრება გააფთრებით იცავდა: სკოლაში წარჩინებით სწავლა სულაც არ განაპირობებს ადამიანის მომავალ წარმატებას ცხოვრებაში, მით უმეტეს, ბიზნესში. მეორე წიგნი "დამზადებულია იაპონიაში" - კორპორაცია "სონის" ისტორია - 80-იან წლებში გამოვიდა და დღემდე გამოიცემა.

აკიო მორიტამ სიცოცხლის განმავლობაში უამრავი პრემია მიიღო. ის პირველი იაპონელია, რომელიც დააჯილდოეს დიდი ბრიტანეთის ხელოვნების ორდენით. ასევე დაიმსახურა საპატიო ლეგიონის ნაციონალური ორდენი, იაპონიის იმპერატორისგან მიიღო "წმინდა საგანძურის" პირველი ხარისხის ორდენი.

მორიტა განსაცვიფრებლად შრომისმოყვარე ადამიანი იყო და სხვებისგანაც ამავეს მოითხოვდა, თუმცა არც ჩვეულებრივ ადამიანურ გატაცებებზე ამბობდა უარს. ხშირად თამაშობდა ჩოგბურთს, უყვარდა მთაში თხილამურებით სრიალი და აკვალანგით ყვინთვა. დასავლეთში იგი უყვარდათ, რადგან სწორედ მორიტამ გაუკვალა "სონის" გზა ამერიკელთა და ევროპელთა გულებისკენ.

კომპანიის ხელმძღვანელთა შორის მკვეთრმა განსხვავებამ დიდწილად განაპირობა "სონის" წარმატებული მენეჯმენტი. არავინ იფიქროს, რომ იბუკა მხოლოდ ტექნიკური საკითხებით იყო დაკავებული. სწორედ მან შეადგინა კომპანიის ცნობილი წესდება, რომელსაც დღემდე ზედმიწევნით იცავენ. "არასდროს მივიღებთ შემოსავალს უპატიოსნო გზით. შევქმნით რთულ ხელსაწყოებს, რომლებიც სარგებლობას მოუტანს საზოგადოებას. სრულ დამოუკიდებლობას მივანიჭებთ საწარმოებს, რომლებიც ჩვენთან ითანამშრომლებენ და მათთან ურთიერთობას განვავითარებთ და გავამყარებთ. თანამშრომლებს მათი უნარისა და პირადი თვისებების მიხედვით შევარჩევთ. ჩვენს კომპანიაში არ იქნება ფორმალური თანამდებობები, თანამშრომლებს გადავუხდით მათი მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლების შესაბამის პრემიებს და ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ უზრუნველვყოთ მათი ღირსეული არსებობა"...

დღეს იშვიათია ადამიანი, ვისაც იაპონური საქონლის ხარისხში ეჭვი ეპარება. არადა, XX საუკუნის პირველ ნახევარში მიიჩნეოდა, რომ იაპონიაში არ შეეძლოთ კარგი პროდუქციის შექმნა. "სონის" შემქმნელები ცოცხლები აღარ არიან, მათ ბიზნესიმპერიაში კი დღეს თითქმის 168 ათასი ადამიანია დასაქმებული, "ფორბსის" 2011 წლის მონაცემებით, "სონი" გაყიდვებით ($77,22 მლრდ) 75-ე ადგილზეა მსოფლიოს ყველა კომპანიას შორის.

მოამზადა ნატა ენუქიძემ