მსოფლიოს 10 ყველაზე საუცხოო ნაძვის ხე - კვირის პალიტრა

მსოფლიოს 10 ყველაზე საუცხოო ნაძვის ხე

ყოველ წელს დიზაინერები ან უბრალო ენთუზიასტები ნაძვის ხის ახალ-ახალ ვარიანტებს ქმნიან. ზოგს ცარიელი საკონსერვო ქილები შთააგონებს მთავარი საახალწლო ატრიბუტის შექმნას, ზოგსაც ბრილიანტები, ან სულაც კარტოფილი.ამ თვალსაზრისით არც ეს ახალი წელი ყოფილა გამონაკლისი. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ორიგინალური ნაძვის ხეები კვლავ გამოფინეს.

ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრის წინ მდგარ ნაძვის ხეს კენწეროზე სამმეტრიანი, სვაროვსკის კრისტალებით მოოჭვილი ვარსკვლავი ამშვენებს. ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში წყალზე მოტივტივე ნაძვის ხე აქვთ. მეხიკოში კი ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვის ხე დაამზადეს, რომლის სიმაღლე 110 მეტრია. ყველაზე ორიგინალური იტალიაში, ინჯინოში მთაზე მოხატული ნაძვის ხე გამოვიდა. შვეიცარიაში კი უამრავი ტურისტი ჩადის ყველაზე "გლამურული" ნაძვის ხის სანახავად, რომლის ტოტებსაც სვაროვსკის 7 ათასი ქვა ამშვენებს. თუმცა ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხეების ათეულში სხვადასხვა დროს შექმნილი საახალწლო შედევრები შევიდა.

ფილიპინებზე, საოკეანო პარკ მანილაში, წყალქვეშ ჩაყვინთვის მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ოკეანის ფსკერზე მორთული საახალწლო ნაძვის ხე ენახათ. უჩვეულო წყალქვეშა საახალწლო სანახაობას სანტა კლაუსი და ქალთევზებიც ახლდნენ.

ამერიკელმა დევიდ ბარშოუმ ოთხ მეგობართან ერთად გადაწყვიტა, ნაძვის ხე გაზირებული სასმლის ლითონის ცარიელი ქილებისგან შეექმნა. ენთუზიასტ მეგობრებს ამ "შედევრის" შესაქმნელად ოთხი დღე და 400 ქილა დასჭირდათ. შორიდან ნაირფერად განათებული ნაძვის ხე ნამდვილს ჰგავს და მხოლოდ მიახლოებისას ხდება შესამჩნევი, რაოდენ უცნაურად არის აწყობილი.

ნაძვის ხე "ყირამალა", მართალია, ჩვენში ჯერ "ახალი ხილია", მაგრამ მის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გვხვდება. მაგალითად, აღმოსავლეთი ევროპის ხალხში ის წმინდა სამებას განასახიერებდა. დღეს კი ასეთ უჩვეულო დეკორს შეხვდებით როგორც დაწესებულებებში, ისე საცხოვრებელ სახლებში. ასეთ არჩევანს ხშირად ისინი აკეთებენ, ვისთვისაც იუმორის გრძნობა უცხო არ არის.

კარტოფილის ნაძვის ხე პერუელმა სტუდენტებმა გააკეთეს. ორიგინალური საახალწლო "კარტოფილის ხის" შექმნაზე 100 კილოგრამი 400 სახეობის კარტოფილი გამოიყენეს. სხვათა შორის, პერუს ანდებში, ზღვის დონიდან 4 ათას მეტრზე, 2 ათასამდე სახეობის კარტოფილი მოჰყავთ.

ყველაზე ორიგინალური საახალწლო ნაძვის ხეების რეიტინგს, 2008 წელს დუბლინში შექმნილი ოცმეტრიანი შუქმნათი დიოდებისგან დამზადებული ნაძვი ამშვენებს. ის 100 ათასი სხვადასხვა ზომის ნათურისგან იყო დამზადებული და თითქმის 5 ტონას იწონიდა. ეს ელეგანტური და ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით მეტად ეკონომიური ნაძვის ხე, კომპანია Blachere Ilumination-ის პროდუქტია, რომელიც თავის მხრივ, დეკორატიული სანათების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია მსოფლიოში. სწორედ ეს კომპანია აწყობს შუქფერადოვან შოუებს ეიფელის კოშკსა და ელისეს მინდვრებზე.

2010 წელს სვაროვსკის კრისტალებით შექმნილი ნაძვის ხის ნახვა ტაივანში, სავაჭრო ცენტრ Siam Paragon Shopping Mall-ში იყო შესაძლებელი. 2006-ში კი, ვენეციაში სან-მარკოს მოედანს მურანოს შუშისგან დამზადებული ნაძვის ხე ამშვენებდა. მურანო ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი დიდი კუნძულია, რომელიც განთქმულია ძვირფასი შუშის წარმოებით. ვენეციური შუშა კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მასალაა.

ძვირი დაჯდა ბრილიანტის ნაძვის ხე 2007 წელს სინგაპურში, რომელიც სავაჭრო ცენტრ Takashimaya-ში შექმნეს. ბრილიანტების საერთო წონა, რომელიც ნაძვის ხეს ამშვენებდა, 913 კარატი იყო. ნაძვის ხე კი $1,5 მილიონად შეფასდა... ყველაზე გემრიელი შოკოლადის ნაძვის ხე ფრანგმა მხატვარმა პატრიკ როჯერმა შექმნა. ეს საშობაო ინსტალაციის ნაწილი იყო, რომელშიც ასევე შედიოდნენ სანტა კლაუსი, ირმები, ჯუჯები, და ეს ყველაფერი საუკეთესო ხარისხის შოკოლადისგან იყო დამზადებული.

"ყველაზე იაფად" გადასამუშავებლად გამზადებული პლასტმასის ცარიელი ბოთლებისგან გაკეთებული ნაძვის ხე შეფასდა. ასეთი ორიგინალური ნაძვის ხის დამზადების მიზანი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს გათავისუფლებაზე ზრუნვა იყო.