ქართველები რუსეთის უმდიდრესთა რეიტინგში - კვირის პალიტრა

ქართველები რუსეთის უმდიდრესთა რეიტინგში

გავლენიანმა რუსულმა გამოცემა "ფინანსმა" 2011 წლის მილიარდერთა და მილიონერთა რეიტინგი გამოაქვეყნა. მათ შორის არიან დავით იაკობაშვილი, დავით პანიკაშვილი, პაატა გამგონეიშვილი, ვიაჩესლავ მირილაშვილი და ბორის (ბიძინა) ივანიშვილი. ხუთ ქართველ ბიზნესმენს შორის ყველაზე მდიდარი სწორედ ის გახლავთ, რეიტინგში 27-ე ადგილზეა და მისი ქონება $5 მილიარდად არის შეფასებული. ხუთეულიდან მეორე დავით იაკობაშვილია, რეიტინგში 134-ე ადგილითა და $830 მილიონით. მან დააფუძნა ჯგუფი "ვიმ-ბილ-დანი საკვები პროდუქტები". 140-ზეა 26 წლის ვიაჩესლავ მირილაშვილი $790 მილიონით, სოცქსელ "ვ კონკტაკტეს" ძირითადი თანამფლობელი. ის ცნობილი ბიზნესმენის, მიხეილ მირილაშვილის ვაჟია. რეიტინგში $570 მილიონით 192-ე ადგილი ერგო დავით პანიკაშვილს, ფარმდისტრიბუტორ "როსტას" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, ხოლო პაატა გამგონეიშვილი, ბანკ "სლავიანსკი კრედიტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, $290 მილიონით რეიტინგში 323-ე ადგილზეა. რეიტინგის სათავეში მოქცეულ ევგენი ლისინს $28,3 მილიარდი ერიცხება, რომან აბრამოვიჩი მეხუთეა $17,1 მილიარდით, "ლუკოილის" პრეზიდენტი ვაკიგ ალეკპეროვი მეათე ადგილს $10,9 მილიარდით იკავებს.