ევრო მარცხდება, დოლარი ვერ იმარჯვებს... - კვირის პალიტრა

ევრო მარცხდება, დოლარი ვერ იმარჯვებს...

რომელ ვალუტაში ჯობს დანაზოგის შენახვა

ევროპას ახალმა წელმა ძველი კრიზისი ვერ მოაშორა – კვლავ მწვავეა სავალო კრიზისი და ევროს მომავალი ბუნდოვანია. ანალიტიკოსების მოსაზრებები, რომ გასული წლის მიწურულს უკვე გამოჩნდებოდა პრობლემების მოგვარების გზები, მოსაზრებებად რჩება.

საბერძნეთში ისევ დეფოლტს ელიან. საერთაშორისო კრედიტორების დახმარებით, 2011 წლის დეკემბერში ეს ქვეყანა დეფოლტს უკვე გადაურჩა. ევროკავშირმა და სავალუტო ფონდმა მაშინ საბერძნეთს 8 მლრდ ევროს დახმარება მისცეს. თუმცა ეს ბოლომდე გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა და მორიგი ტრანშისთვის ქვეყნის მთავრობას კვლავაც მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას სთხოვენ. პრობლემებია ბელგიაში, ესპანეთში, სადაც უმუშევრობა შრომისუნარიანი მოსახლეობის 22%-ს აჭარბებს, იტალია მშპ-ის 0,5%-ით შემცირებას ელოდება. ერთი შეხედვით სიმშვიდეა გერმანიაში, რომლის ეკონომიკაც ძველებურად ძლიერია და დასაქმების დონე რეკორდულია, თუმცა წლეულს სირთულეებს აქაც ელიან.

ბრიტანელები კი, რომლებიც ევროზონას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ, მის დაშლას ელიან. გავლენიანი ბრიტანული ეკონომიკური და ანალიტიკური ცენტრის პროგნოზით, მიმდინარე წელი ევროზონისთვის უკიდურესად მძიმე იქნება და მისი დაშლის ტენდენცია კიდევ უფრო დაჩქარდება, ათი წლის შემდეგ ევრო აღარ იარსებებს, 2012 წელი კი ამ პროცესის დასაწყისი იქნება, მას შემდეგ, რაც ევროზონას საბერძნეთი და იტალია დატოვებენ. თვით საბერძნეთში ილუზიები არ აქვთ და იციან, რომ ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლა და ეროვნულ ვალუტაზე გადასვლა "სრული ფინანსური კოშმარი" იქნება. საინტერესო ის არის, რომ გერმანიაში სექტემბერში მოწყობილი გამოკითხვების თანახმად (TNS Emnid-ის მიერ), გერმანელთა ნახევარზე მეტს ევროს გაუქმება და ეროვნულ ვალუტაზე დაბრუნება სურდა. ევროზონის შესაძლო დაშლა დაასახელა 2012 წლის მთავარ გეოპოლიტიკურ რისკად და კოშმარად იაპონურმა საინვესტიციო ბანკმა "ნომურამ". გერმანია და საფრანგეთი ცდილობენ, ევროკავშირის ქვეყნები მათ მიერ შეთავაზებულ საბიუჯეტო დისციპლინაზე დაიყოლიონ და ევროზონა გადაარჩინონ.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ევროზონაში მიმდინარე კრიზისმა საქართველოზე? საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, სავალო კრიზისის საქართველოზე გავრცელების მთავარი შესაძლო ფაქტორი ევროპული ბანკებისგან დაფინანსებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაა.

ეკონომიკის ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ საფრანგეთი და გერმანია ევროს გაუქმებას არ დაუშვებენ. ევროზონის "მაჩანჩალა" ქვეყნების ევროს ზონიდან გაყვანას ხადური სათუოდ მიიჩნევს, რადგან "ევრო პოლიტიკური პროექტია და მის შესანარჩუნებლად გერმანია და საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებენ".

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძეც ევროს გაუქმებას არ მოელის. მისი თქმით, ევროპის ლიდერი სახელმწიფოები კრიზისიდან სწორ გამოსავალს არ ეძებენ და მეტი ცენტრალიზებისკენ იხრებიან. თუმცა გერმანია მზად არის, ფული დახარჯოს და ევრო შეინარჩუნოს. მისი თქმით, თუკი ევროპას ერთიანი ვალუტა სურს, ასეთი ვალუტა მსოფლიოში უკვე არსებობდა და ეს იყო ოქრო. "თუ ერთიანი ვალუტა სურთ, ოქრო უნდა დააბრუნონ და ოქროთი არაუზრუნველყოფილი ევროს ემისია შეუძლებელი გახადონ," - ამბობს შეშელიძე. რაც შეეხება საბერძნეთს, ან სხვა ქვეყნებს, სადაც კრიზისი მძვინვარებს, მაგრამ ევროპის ძლიერი ქვეყნები ცდილობენ მათი კრიზისიდან ამოყვანას, შეშელიძე მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანას მხოლოდ საკუთარი რესურსით უნდა შეეძლოს ვალების გასტუმრება და არა სხვის ხარჯზე ცხოვრება. "ვინც კოტრდება – უნდა გაკოტრდეს. რა პრობლემაა?" – კითხვას სვამს პაატა შეშელიძე.

როდესაც ევროს შესაძლო გაუქმებაზე, ან ამ ვალუტის გაუფასურებაზე კეთდება ვარაუდები, ცხადია ბევრს აინტერესებს, ღირს თუ არა დანაზოგების ევროში შენახვა. ნოდარ ხადურის თქმით, საქართველოში "უპირატესი" ვალუტა ყოველთვის დოლარი იყო, მაშინაც კი, როცა ევრო მყარდებოდა დოლარის მიმართ. შესაბამისად, დანაზოგის "ევროებში" შენახვაც ექსპერტს სარისკოდ მიაჩნდა. "არასოდეს არ მქონია ეჭვი, რომ ევრო-დოლარის კონკურენციაში ევრო დამარცხდებოდა", - ამბობს ხადური.

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ამ თემაზე კომენტარი გააკეთა "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა: "ევროს გაუქმებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ძნელია. ჩემი აზრით, როცა ვხედავთ, რომ ევრო უფასურდება და ლარი მყარდება, დეპოზიტის გაკეთება ლარში სჯობს და მე თვითონ ლარში მაქვს დეპოზიტი. ჩვენს მომხმარებლებს ვერანაირ რჩევას ვერ მივცემ, რომელ ვალუტაში სჯობს დანაზოგის შენახვა..."

ბოლო დღეებში დიდ საფრთხეზე ალაპარაკდნენ სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ში, სადაც ევროპის ცენტრალურ ბანკს ევროზონის გადასარჩენად გააქტიურებისკენ მოუწოდეს, რათა თავიდან აიცილოს ევროს "კატასტროფული" კოლაფსი. მართალია, სააგენტოში ასეთ ვარიანტს ყველაზე საბოლოო და ცუდ სცენარად განიხილავენ, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ ევროს კოლაფსი დამანგრეველ შედეგებს მოუტანს მსოფლიო ეკონომიკას.