ავტომობილების "მეფე" დიდი ბრიტანეთიდან - კვირის პალიტრა

ავტომობილების "მეფე" დიდი ბრიტანეთიდან

არისტოკრატული ფუფუნება, სახელად "როლს-როისი"

Rolls-Royce საავტომობილო სამყაროს ლეგენდაა. ამ მარკამ მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში ოცზე ცოტა მეტი მოდელი გამოუშვა, როცა სხვა ცნობილი ავტობრენდები საოცარი სისწრაფით ქმნიდნენ ახალ-ახალ მოდელებს. "როლს-როისი" არასდროს ისწრაფოდა რაოდენობისკენ, ხარისხის საზიანოდ. ეს საავტომობილო მარკა დღემდე, უპირველესად, პრესტიჟთან ასოცირდება და მისი მფლობელები გამუდმებით ცდილობენ, ყოველი მოდელი სრულყოფილი იყოს.

სწორედ იმიტომ, რომ ბრენდი ასე ცოტა მოდელს უშვებს, ყოველი მათგანი თავისი დროის ლეგენდად იქცევა და დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იყიდება. ამ ბრიტანული ავტომობილებით იწონებდნენ თავს მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები თუ შოუბიზნესის ვარსკვლავები. კომპანიის ფუძემდებლები იყვნენ ჩარლზ სტიუარტ როლსი და ფრედერიკ ჰენრი როისი. ისინი არ ყოფილან ბავშვობის მეგობრები, როგორც ეს ბიზნესში ხშირად ხდება. ის კი არა, საზოგადოების სრულიად განსხვავებული ფენების წარმომადგენლები გახლდნენ, თუმცა მათი გაერთიანების წყალობით XX საუკუნის უბრწყინვალესი ავტომობილი შეიქმნა.

"ბრიტანული ოცნება"

ფრედერიკ როისი 1863 წლის 27 მარტს დაიბადა ლინკოლნშირის საგრაფოს ქალაქ ალვატორში. მამამისი მეწისქვილე იყო, თუმცა მალე გაკოტრდა. სიღარიბემ ბიჭუნა აიძულა, 10 წლის ასაკში მუშაობა დაეწყო. არანაირ საქმეს არ თაკილობდა, გაზეთებისა და დეპეშების დატარება იქნებოდა თუ რკინიგზაზე მუშაობა. მიუხედავად ამისა, ფრედერიკს სწავლის სურვილი არ განელებია. ბიჭს მშვენივრად ესმოდა, რომ მისი მომავალი მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ განათლებას მიიღებდა. სწორედ ამიტომ მუშაობისგან თავისუფალ დროს ყმაწვილი შეისწავლიდა უცხო ენებს, მათემატიკას, ელექტროტექნიკის საფუძვლებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით იტაცებდა და ნამდვილ სიამოვნებასაც ანიჭებდა.

თავის გატაცებასთან დაკავშირებული პირველი სამსახური ფრედერიკმა ჰაირემ მაქსიმის კომპანიაში იპოვა. ფირმა მისივე სახელობის განთქმულ ტყვიამფრქვევებს უშვებდა. როისს თავისი სამუშაო ძალიან მოსწონდა, თუმცა მისი ოცნება საკუთარი კომპანიის შექმნა იყო. სანუკვარი მიზნის მისაღწევად ფრედერიკი მუშაობის პირველივე თვეებიდან ფულის ნაწილს ინახავდა - მომავალ ფირმას სასტარტო კაპიტალი ხომ სჭირდებოდა? და ასეთი კომპანიაც მოევლინა ქვეყანას: მეგობართან ერთად ფრედერიკმა მანჩესტერში დააფუძნა F.H. Royce & co. საქმეები ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მთელ ამ ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი 1903 წელს დადგა, როცა როისმა თავისი პირველი ავტომობილი, ფრანგული Decauville შეიძინა. მანქანა საშინელი ჯაბახანა აღმოჩნდა, მის არაერთ ტექნიკურ ხარვეზს ფრედერიკი წონასწორობიდან გამოჰყავდა, თანაც მასში ხომ ჭეშმარიტი ინჟინერი "თვლემდა". ერთხელაც როისმა გადაწყვიტა, თვითონვე შეექმნა თავისთვის ავტომობილი, მის გემოვნებას რომ უპასუხებდა და Decauville-ზე ბევრად უკეთესიც იქნებოდა.

ფრედერიკი რომ გენიალური ინჟინერი იყო, ერთი წლის შემდეგ დღის შუქს მოვლენილმა ახალმა ავტომობილმა დაადასტურა. ფრანგულ წინამორბედთან მისი შედარება არც კი შეიძლებოდა. როისის ქმნილებას პრესამ ხოტბა შეასხა, მას შესანიშნავი სავალი მახასიათებლები ჰქონდა, მაღალი საიმედოობით გამოირჩეოდა და რაც მთავარია, სავსებით ხელმისაწვდომიც გახლდათ - 295 გირვანქა სტერლინგი ღირდა. მართალია, იმხანად ეს დიდი ფული იყო, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც მომავალში "როლს-როისი" ეღირებოდა.

გენიალური შემქმნელი + გენიალური გამყიდველი

ჩარლზ როლსის ბედი სულ სხვაგვარად წარიმართა. ის მდიდარ და, რაც მთავარია, დიდგვაროვან ოჯახში დაიბადა. შესაბამისად, ბრწყინვალე განათლებაც მიიღო: თავდაპირველად იტონის პრესტიჟული კოლეჯი დაამთავრა, მოგვიანებით კი კემბრიჯის უნივერსიტეტი. როლსი სწავლისას საინჟინრო საქმით დაინტერესდა. ჯერ კიდევ კემბრიჯში სწავლისას მამამ ჩარლზს პირველი ავტომობილი Peugeot Phaeton-ი უყიდა. ბიჭმა მალე აითვისა მანქანა, მეტიც, რბოლებში მონაწილეობდა და მსოფლიოს ერთ-ერთი რეკორდიც კი დაამყარა სიჩქარეში.

ჩარლზს იმდენად უყვარდა ავტომობილები, რომ სწავლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება მათთვის მიეძღვნა - გაეხსნა გადაადგილების ამ საშუალებების გასაყიდი კომპანია.

კომპანია CS ROlls & co. 1902 წელს შეიქმნა. მისი მთავარი საქმიანობა მანქანების გაყიდვა იყო. ჩარლზმა შეძლო საქმეში ჩაერთო იმ დროისთვის ამ სფეროს ცნობილი წარმომადგენელი კლოდ ჯონსონი. ბიზნესი სწრაფად ვითარდებოდა და მალე როლსის კომპანია დიდ ბრიტანეთში ავტომობილების უმსხვილესი დისტრიბუტორი გახდა. მართალია, როლსი წარმატებით ყიდდა მანქანებს, მაგრამ მისი ფარული ოცნება ისეთი მანქანის შექმნა იყო, სახელს რომ გაუთქვამდა. რასაკვირველია, ამ საქმის დაწყებას ნულიდან არ აპირებდა. აუცილებელი იყო ეპოვა პატარა, მაგრამ ნიჭიერი ფირმა, რომელიც მისი პარტნიორი გახდებოდა. სწორედ ასეთი იყო მანჩესტერში მდებარე F.H. Royce & co.

1904 წელს როლსმა და როისმა ერთმანეთი გაიცნეს. საერთო ენა სწრაფად გამონახეს. არადა, როლსი მანჩესტერისკენ ფრიად სკეპტიკურად განწყობილი გაემგზავრა, თუმცა იქიდან თანამშრომლობის ხელშეკრულებით დაბრუნდა.

ერთად მუშაობით შექმნილი პირველი ავტომობილებიც მალე გამოჩნდა. მათ პრესისა და კრიტიკის მხრიდან ძალიან კარგი გამოხმაურება დაიმსახურეს, წლის ბოლოს კომპანია Rolls-Royce შეიქმნა.

პირველი ავტომობილები ელვის სისწრაფით იყიდებოდა - როისი, ინჟინრული თვალსაზრისით, მართლაც დიდებულ ავტომობილებს ქმნიდა, როლსს კი მათი გაყიდვა გამოსდიოდა ძალიან კარგად. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა დიდი სადისტრიბუციო ქსელი და მანქანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ადვილად ავრცელებდა.

ფირმა მხოლოდ დიდი ბრიტანეთით შემოსაზღვრას არ აპირებდა, "როლს-როისები" მალე ევროპის მასშტაბით იყიდებოდა, 1906 წელს კი კომპანიამ თავისი პროდუქცია ნიუ-იორკში წარმოადგინა. ბრიტანული "გზების მეფე" ამერიკამ დიდი ენთუზიაზმით მიიღო.

აუცილებლად უნდა ითქვას დამფუძნებელთა შორის უფლებამოსილების გადანაწილების შესახებ. როისი იყო შემქმნელი, გენიალური ინჟინერი, როლსს კი გაყიდვა ემარჯვებოდა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ და ალბათ სწორედ ეს იყო კომპანიის წარმატების საიდუმლო.

აშშ-ში გასვლა კომპანიისთვის სხვა მხრივაც წარმატებული აღმოჩნდა. ჩარლზ როლსს ახალი გატაცება გაუჩნდა - ამერიკაში მან ძმები რაიტები გაიცნო და მაშინვე შეიპყრო გაფრენის ჟინმა. როლსის გული ამჯერად ავიაციამ დაიპყრო. ნიჭიერმა ჩარლზმა ეს სფეროც სწრაფად აითვისა და ლა-მანშის სრუტეზე გადაფრენით სახელი გაითქვა. გატაცება ბიზნესში სწრაფად გადაიზარდა. კომპანიამ ავიაძრავების წარმოება დაიწყო და ეს დღემდე წარმატებით გრძელდება. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობამ დააძლევინა ფირმას მძიმე დროება, როცა პირველი მსოფლიო ომის დროს ძვირფას ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. თუმცა ავიაციამ კომპანიას აუნაზღაურებელი დანაკლისიც განაცდევინა. 1910 წელს, აეროპლანის კატასტროფისას, 33 წლის ასაკში, ჩარლზ როლსი დაიღუპა. ის პირველი ბრიტანელი იყო, რომელიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

"როლს-როისი" მთლიანად ფრედერიკ როისის საკუთრებაში გადავიდა, მასთან ერთად გადავიდა ყველა პრობლემაც.

ბრენდმა ნელ-ნელა პოპულარობა სპორტულ სარბიელზეც მოიპოვა, ავტორბოლებმა ევროპის გულის დაპყრობა დაიწყეს. "როლს-როისის" მანქანები გრანპრის ცნობილი გათამაშების მთავარი მონაწილეები და გამარჯვებულები ხდებოდნენ. სწორედ სპორტულ არენაზე წარმატებებისთვის მიანიჭეს ფრედერიკ როისს რაინდის წოდება.

1933 წელს როისი გარდაიცვალა. "როლს-როისის" ისტორია დამფუძნებლების გარეშე გაგრძელდა.

გერმანული "ნავსაყუდელი"

როლსმა და როისმა საფუძველი ჩაუყარეს მარკას, საქვეყნოდ ცნობილი გახადეს კომპანია, გამოკვეთეს მისი ძირითადი კონტურები. "როლს-როისის" ავტომობილები კი იქცა იმ სტატუსის მაჩვენებელ ნივთად, რომელიც თავისი მფლობელის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ეს ნამდვილი ინგლისური ავტომობილი ნაღები საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი. ბიზნესის, პოლიტიკის, შოუბიზნესის სამყარომ მალე აუღო ალღო ამ არისტოკრატულ მანქანას. ვარსკვლავები თავიანთი "როლს-როისების" გვერდით პოზირებდნენ, რითაც უფასო რეკლამას უკეთებდნენ მარკას. ამასთან, მისი შეძენა ზოგჯერ ცუდ გემოვნებაზეც მიანიშნებდა - იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის სოციალური სტატუსი მარკის "შესაფერი" არ იყო.

ყველა სიკეთესთან, ერთად "როლს-როისი" განსაცვიფრებელი ხარისხითაც გამოირჩევა. ხელით აწყობილი მანქანის ყოველი დეტალი სრულყოფილია.

1931 წელს "როლს-როისმა" შეისყიდა მდიდრული ავტომობილებით ცნობილი Bentley, რამაც ასორტიმენტის გაზრდის საშუალება მისცა...

დღეს კომპანიას ნამდვილად არ მისდის საქმეები ისე წარმატებულად, როგორც ადრე. 1971 წლის 4 თებერვალს ფირმა გაკოტრებულად გამოცხადდა, მაგრამ როგორც ნაციონალური ფასეულობა, ის მთავრობამ შეისყიდა და გადაარჩინა, რისთვისაც $230 მლნ დააბანდა. 1973 წელს ავტომობილების წარმოება ცალკე კომპანიად გამოიყო, მეორე კომპანია საავიაციო და საზღვაო ძრავებზე, ტურბინებსა და სხვა ენერგეტიკულ დანადგარებზე გადაერთო. მარგარეტ თეტჩერის დიდმა პრივატიზაციამ 1987 წელს ფირმები კვლავ კერძო საკუთრებად ქცია. მანქანების მწარმოებელ "როლს-როისზე" 1998 წელს მფლობელმა კონცერნმა "ვიკერსმა" უარი თქვა და მიუხედავად იმისა, რომ გერმანული "ფოლკსვაგენი" 430 მლნ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, "როლს-როისის" სავაჭრო მარკისა და ლოგოტიპის გამოყენების უფლება მაინც გერმანულ BMW-ს მიჰყიდა 340 მლნ გირვანქა სტერლინგად, როგორ ძველ საქმიან პარტნიორს. ხოლო თვით ავტომობილების მწარმოებელი ფირმა, აწ უკვე "ბენტლის" სახელით, "ფოლკსვაგენს" დარჩა. 2007 წელს გამოუშვეს 1009 "როლს-როისი", მანამდე წლის განმავლობაში 1 ათასი მანქანა არასოდეს დაუმზადებიათ...

მართალია, "როლს-როისის" ოქროს წლები წარსულს ჩაჰბარდა, ბრენდის საარაკო დიდება, ბრწყინვალება და პოპულარობა XX საუკუნესთან ერთად დასრულდა, მაგრამ საავტომობილო სამყაროში უმაღლეს ავტორიტეტს ის დღემდე ინარჩუნებს.

მოამზადა ნატა ენუქიძემ