სატენდერო პირობების დარღვეები მხოლოდ 100 ლარად ფასდება - კვირის პალიტრა

სატენდერო პირობების დარღვეები მხოლოდ 100 ლარად ფასდება

თუ თქვენ ჯერ კიდევ გიწევთ ძველი, მაგრამ 80 თეთრამდე გაძვირებული სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებმა, რომლებიც მერიამ ერთი წლის წინ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა, უკვე მეორედ დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.პირველად პირობა მაშინ დაირღვა, როცა თბილისში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ერთბაშად 30 თეთრით გაძვირდა. სამაგიეროდ გვანუგეშებდნენ, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, კომფორტულად ვიმგზავრებდით, მაგრამ სამარშრუტო ხაზების უმეტესობაზე ჯერ კიდევ ძველი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობს, ჩვენ კი გაძვირებულ მგზავრობის საფასურს უკვე ნახევარი წელიწადია ვიხდით.

ჯაბა სამუშია (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატების წევრი): ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომელსაც მერიამ ოცი წლით გადასცა თბილისში სამარშრუტო საქალაქო ტრანსპორტის ბიზნესი, დებდნენ ვალდებულებას, რომ სამ ეტაპად შემოიყვანდნენ ტრანსპორტს. პირველი ეტაპი იყო ოქტომბერი, მეორე - დეკემბერი, შემდეგ კი უკვე 15 იანვარი. ამ ვადაში თბილისში სრულად უნდა შემოსულიყო 3048 ერთეული სამარშრუტო ტაქსი. აქედან დაახლოებით 2468 ერთეულს უნდა ემოძრავა უშუალოდ ხაზზე, ხოლო დანარჩენი იქნებოდა განსაზღვრული რეზერვი. ეს იყო პირობა, რომელიც ამ კომპანიებმა დადეს შარშან იანვარში, როცა ტენდერი მოეწყო და გამარჯვებული გამოვლინდა. ამისთვის ამ კომპანიებმა წარმოადგინეს დოკუმენტაცია, ვისგან უნდა შეესყიდათ ეს სამარშრუტო ტაქსები, ხელშეკრულებები და წერილობითი პირობა - რა ვალდებულებებს იღებდნენ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ხელშეკრულება ითვალისწინებს შესრულების ვადებს, პირობებს, აგრეთვე მათი დარღვევისა და შეუსრულებლობის გამო მხარეებისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში ერთმა მხარემ, თბილისის მერიამ, თავისი მოვალეობა შეასრულა, ოცი წლით გადასცა ამ კომპანიებს საქალაქო სამარშრუტო ტრანსპორტის ბიზნესი და დადგა ჯერი, ამ კომპანიებმაც შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. საბანკო გარანტია, "მარშრუტკების" რაოდენობა, გამოშვების წელი, შემოყვანის ვადები - ყველაფერი ეს ტენდერის მიმდინარეობისას მიიჩნეოდა გამარჯვებულის გამოსავლენი ფორმულის კომპონენტებად. ანუ მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ ვაფასებდით ტენდერის მონაწილეებს. პირობების საფუძველზე ყოველ მონაწილეს ენიჭებოდა კონკრეტული ქულა, რომელიც ჯამდებოდა ფორმულით და ვლინდებოდა გამარჯვებული. დადგინდა, რომ ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა ოთხ კომპანიას: შპს "თბილლაინი", შპს "კაპიტალ გრუპი", შპს "თბილკარი" და შპს "პაბლიკ კარი".

- მათ გარდა, კიდევ რამდენი კომპანია მონაწილეობდა ტენდერში?

- მათ გარდა კიდევ მონაწილეობდა სამი კომპანია, რომლებმაც ტენდერი წააგეს. ამ კომპანიებს წარმოადგენდნენ ის ადამიანები, ვინც მანამდე იყო სამარშრუტო ტაქსების ბიზნესში - ძველი მეპატრონეები, მძღოლები და სხვ. მათ შექმნეს სამი კომპანია, მეტის ორგანიზება ვერ მოახერხეს. ამ სამ კომპანიას გამარჯვებულმა კომპანიებმა აჯობეს წარმოდგენილი პირობებით.

ტენდერის შედეგად ათასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, დაახლოებით 3-4 ათასი მესაკუთრე ბაზრიდან გაქრა და მათი ადგილი ოთხმა კომპანიამ დაიკავა. წესით ეს კომპანიები ერთმანეთის კონკურენტი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ბევრი სამარშრუტო ხაზი ერთმანეთს კვეთს.

ძალიან მალე ამ ოთხმა კომპანიამ "თბილისის მიკროავტობუსი" შექმნა. დადასტურდა, რომ მონოპოლისტი ერთია, რომელიც ოთხ სხვადასხვა ფირმად იყო წარმოდგენილი.

მანამდე თბილისში დაახლოებით 2700 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობდა და თითო მანქანა დაახლოებით სამ ოჯახს ინახავდა. ახლანდელი მძღოლი დაქირავებით დასაქმებულია, რომელიც ხელფასის სახით იღებს რაღაც თანხას და იხდის განვადებას, რათა საბოლოო შესყიდვით გადაეცეს ავტომობილი. შვიდი წლის შემდეგ, სიმბოლურ 1 ლარად გადასცემენ ამ ავტომობილს. მაგრამ შვიდი წლის შემდეგ ეს მანქანა ვიღას სჭირდება, ხაზზე სამუშაოდ აუცილებლად ახალი ავტომობილი იქნება შემოსაყვანი.

- გამარჯვებულკომპანიებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის მერიამ პასუხი მოსთხოვა?

- 15 იანვარი დადგა და აღმოჩნდა, რომ არათუ საჭირო რაოდენობა - 2500 ახალი სამარშრუტო ტაქსია ქალაქში, არამედ ამის ნახევარიც არ არის შემოყვანილი. ამჟამად თბილისში 1200 ახალი "ფორდ ტრანზიტის" მიკროავტობუსი მოძრაობს. როგორც საკრებულოს წევრმა, ხელისუფლებას მოვუწოდე და გავახსენე, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს კონკრეტული საბანკო გარანტია აქვთ წარმოდგენილი და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ საბანკო გარანტიით აგებენ პასუხს. მაგალითად, ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია "თბილლაინი" წერილობით ადასტურებს, რომ მზად არის ზემოაღნიშნულ ლოტზე გამარჯვების შემთხვევაში, საკონკურსო პირობების შესრულების საბანკო გარანტიად წარმოადგინოს 1 300 000 აშშ დოლარი, ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, ეს კომპანიები ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ამ საბანკო გარანტიით აგებენ პასუხს.

მერია თვალს ხუჭავს დარღვევაზე და კიდევ ერთხელ ხელს აფარებს ამ კომპანიებს, რაც პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ლობირებასთან. მათ ამ დარღვევისთვის სიმბოლური 100 ლარი გადაახდევინეს მხოლოდ და კიდევ სამი თვის ვადა მისცეს. ერთ თვეში თუ არ შეასრულებენ პირობას და კიდევ ვერ შემოიყვანენ მიკროავტობუსების საჭირო რაოდენობას, კიდევ ერთხელ გაეზრდებათ ჯარიმა, მეორე თვესაც იგივე მოხდება და მესამე თვის გასვლის შემდეგ მერია იფიქრებს, გააუქმოს თუ არა ხელშეკრულება პირობის დამრღვევ კომპანიებთან. ანდა მერიის დიდმოხელეებს უბრალოდ ეშინიათ იმ ადამიანების, ვინც რეალურად ამ ბიზნესის უკან დგას. ამ ეტაპზე კონკრეტული გვარ-სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს უკვე არა კონკრეტული პოლიტიკოსის, არამედ გამოძიების საქმეა. კეთილი ინებონ და დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები, დგას თუ არა ამის უკან ე.წ. შავ ფული, რადგან ფირმები, რომელთაც კაპიტალი ჰქონდათ 100 ლარი, უცებ ვალდებულებას იღებენ, რომ განახორციელებენ თითქმის 100-მილიონიან ინვესტიციას. როდესაც ვკითხე, საიდან აპირებდნენ ამ ფულის მოტანას, მიპასუხეს, რომ ეს ფირმის საიდუმლოებააო(!).

- ახალი სამარშრუტო ტრანსპორტის შემოყვანის დაგვიანების მიზეზად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მომწოდებლის მხრიდან შეფერხებებს ასახელებენ...

- ეს კომპანიები პასუხობენ, რომ თურმე ფირმა, რომელთანაც ხელშეკრულება დადეს სამარშრუტო ტაქსების შემოყვანაზე, ამ შემთხვევაში თურქეთის "ფორდის" ქარხანა, გაჩერდა და ავტომობილების შემოყვანას პრობლემები შეექმნა. მაშინ მიპასუხონ, რამდენად დაჯარიმდა ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსად წერია, რომ რომელიმე ამ ფირმას ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული "ფორდის" ქარხანასთან. მე მაქვს ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ კომპანიებს აქვთ ურთიერთობა გამყიდველ "ჯითი მოტორსთან", რომელიც იღებს ვალდებულებას, "ფორდ ტრანზიტის" ავტომობილების განსაზღვრული რაოდენობა გადასცეს დამკვეთს. არსად არ ფიგურირებს თურქეთის "ფორდი". საინტერესოა, რატომ არ სთხოვს ეს ოთხი კომპანია პასუხს "ჯითი მოტორსს", ან ის თავის მხრივ თურქეთის "ფორდს". სახელმწიფო 100-ლარიან ჯარიმას უწესებს კომპანიებს ასეთი დარღვევისთვის მაშინ, როცა წვრილმანი ხულიგნობისთვის ადამიანებს წლობით სვამენ ციხეში. იქნებ აგვიხსნან, რა ხდება?

- 100 ლარი პირობის დამრღვევ კომპანიას იმ შემთხვევაში უნდა გადაეხადა, თუ მომწოდებელს საპატიო მიზეზი ექნებოდა შეფერხებისთვის, მაგალითად ფორსმაჟორული ვითარება...

- ფორსმაჟორის განმარტება კანონში წერია და ის ითვალისწინებს: ხანძარს, წყალდიდობას, მიწისძვრას, ქარიშხალს, მასობრივ ეპიდემიას, სტიქიას, კატაკლიზმებს, ტერორიზმს, ბლოკადას, ემბარგოს, სამოქალაქო არეულობას, ომს, გაფიცვას და ა.შ. თურქეთის "ფორდის" ქარხანას არც ერთი ჩამოთვლილი გარემოება არ შეხებია. ასე რომ ყოფილიყო, ქარხანას ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გაეკეთებინა. თანაც ჩამოთვლილი გარემოება უშუალოდ ამ ქარხანას უნდა შეხებოდა.

- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მიკროავტობუსთან დაკავშირებით პირობა ირღვევა...

- პირველად პირობა მაშინ დაარღვიეს, როცა მგზავრობის ტარიფი ისე გაზარდეს, რომ წინასწარ, არც კი გაუფრთხილებიათ ქალაქის ხელისუფლება. ფასი გაზარდეს და შემდეგ წარადგინეს მერიაში წერილი, რომ მგზავრობის გაძვირებას აპირებდნენ. ოთხივე გამარჯვებული კომპანიის საერთო წარმომადგენელი დავით ასანიძე 19 ივნისს ადასტურებდა, რომ ფასი არ გაიზრდებოდა, 15 ივლისს კი ფასი 80 თეთრამდე გაზარდეს. ამის გამოც მერიამ სატრანსპორტო კომპანიები სიმბოლური 100-100 ლარით დააჯარიმა. ამ კომპანიებს მეტი კაპიტალი არ აქვთ ოფიციალურად და როგორც ჩანს, ჯარიმაც ამით განისაზღვრება.

ალბათ, ამ კომპანიებს იმედი ჰქონდათ, რომ ტენდერში გამარჯვებისთანავე გაზრდიდნენ მგზავრობის საფასურს, ხოლო მიღებული შემოსავლებით შეძლებდნენ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანას. დაუყოვნებლივ სურდათ ფასის გაზრდა, მაგრამ პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო ხუთი თვე იძულებული იყვნენ, ტარიფი 50 თეთრამდე შეენარჩუნებინათ. ამასთან ერთად არც ამ ბიზნესის მართვის გამოცდილება აქვთ. მათი ჩანაფიქრი კი მგზავრობის საფასურის ერთ ლარამდე გაზრდა იყო. პირობა აქვთ დადებული, რომ 2012 წლამდე მგზავრობის ტარიფი არ გაიზრდებოდა. ახლა 2012 წელი დადგა, თანაც ურთულესი სამი თვე აქვთ წინ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამ სამ თვეში ფასის გაზრდაზე იფიქრონ. ერთადერთი, რაც მათი ჩანაფიქრის განხორციელებას ამ ეტაპზე ხელს უშლის, 2012 წლის არჩევნებია.