კონსერვაციის გარეშე შეჩერებული მშენებლობების განახლება საშიშია - კვირის პალიტრა

კონსერვაციის გარეშე შეჩერებული მშენებლობების განახლება საშიშია

"რამდენიმე ისეთი შენობა აღადგინეს, მათ გახსენებაზე ტანში მზარავს"

პროექტ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მესამე ეტაპი თბილისის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს. თუ პირველ და მეორე ეტაპებზე ის განსაზღვრული არეალით, ძირითადად ძველი თბილისის რაიონებით იყო შემოფარგლული, ახლა შეზღუდვა აღარ არის. მშენებელს, რომელსაც დაწყებული მშენებლობის დასრულება სურს, შეუძლია მიმართოს თბილისის მერიას პროგრამაში მონაწილეობისთვის, ადგილმდებარეობას მნიშვნელობა აღარ აქვს. თბილისის მერია მზად არის, ნებისმიერ დასრულებულ სახლში (ე.წ. თეთრი კარკასი) 1 კვმ მეტრი ფართობი 400 დოლარად შეისყიდოს. ოღონდ ამ თანხას მშენებლები მხოლოდ ბინის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მიიღებენ.

როგორ მიმდინარეობს პროექტი ამჟამად? როგორც თბილისის მერიის პრესცენტრიდან გვაცნობეს, პირველ და მეორე ეტაპებზე ჩართულ 22 მენაშენეს კიდევ ათზე მეტი სამშენებლო კომპანია დაემატა. მესამე ეტაპში ჩართვის უფლება კომპანიებს 2012 წლის აპრილის ბოლომდე აქვთ, ამიტომ პროექტში მონაწილეობის მსურველთა განცხადებებს მერიაში კვლავაც იღებენ.

ირაკლი როსტომაშვილი (კომპანია "არსის" დამფუძნებელი): "მოგებაზე აღარაფერს ვამბობთ, ლაპარაკია ვალდებულებების შესრულებაზე, იმ ვალების გასტუმრებაზე, რომელიც სამშენებლო კომპანიებს ბანკებისა და კლიენტების მიმართ დაუგროვდათ. თუ ქვეყანა დაიქცა და კომპანიამ ბინები ვერ გაყიდა, 400 დოლარი არის თანხა, რომელიც საშუალებას მისცემს, ბანკის ვალი მაინც გაისტუმროს. ის მშენებლობასაც ჰყოფნის და ბანკის საპროცენტო განაკვეთის მომსახურებასაც. თუმცა სამშენებლო ფირმას არავინ უშლის, საცხოვრებელი ბინები უფრო ძვირად გაყიდოს. 400 დოლარი არის მინიმალური თანხა, რომელიც კომპანიას გაკოტრებისაგან დაიცავს. ამ პროექტის დაწყებამდე სამშენებლო კომპანიების უმეტესობა გაკოტრების პირას იყო. ფირმები, რომელიც ამ პროექტში ჩაერთნენ, გადარჩნენ. ათასობით ოჯახს ფული ჰქონდა გადახდილი, მათი ბინები არ შენდებოდა, იმედიც აღარ ჰქონდათ, რომ ბინას მიიღებდნენ. ამ ხალხმა კუთვნილი ბინები მიიღო.ადრე ბანკების უმეტესობა ფრთხილობდა და სესხის გაცემისაგან თავს იკავებდა, ახლა კი გარანტირებულ მყიდველად ქალაქის მერია გვევლინება, ამიტომ ბანკებიც აღარ შეშინდებიან და უფრო თამამად გასცემენ სესხებს სამშენებლო კომპანიებზე".

ანზორ საკანდელიძე (ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე): "ამ პროექტს ჩვენი ასოციაციაც იწონებს, რადგან მისი წყალობით სამშენებლო ბიზნესში ვითარება შეიცვალა. დაუმთავრებელი კორპუსების დასრულება კარგია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრგან არ არის შესრულებული აუცილებელი საკონსერვაციო სამუშაოები. ამიტომ ეს შენობები ინტენსიურად ზიანდება ატმოსფერული მოვლენების გამო, დღითიდღე მცირდება მათი მედეგობაც. თბილისში უამრავი ავარიული სახლია, მათი რაოდენობის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია. 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ისიც საკითხავია, ეს ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსები სეისმომედეგობის მხრივ რამდენად საიმედოა? ისე არ გამოვიდეს, რომ გაეცალოს ადამიანი საშიშ საცხოვრებელ სახლს და შევიდეს ბინაში, რომელიც ძველზე არანაკლებ საშიშია. ყველა შენობა, რომლის აღდგენასაც დაიწყებენ სამშენებლო კომპანიები, აუცილებლად უნდა შემოწმდეს. მრავალსართულიანი კორპუსი თუ არ არის აშენებული სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, გაცილებით დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ვიდრე ძველებური, ორსართულიანი სახლები. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ გარანტია, რომ ისინი უსაფრთხო შენობებში იცხოვრებენ.

საკონსერვაციო სამუშაოებს პროექტი უნდა ჰქონდეს და შემდეგ დაიწყოს შენობის კონსერვაცია. შენობა, რომელიც ამგვარი სამუშაოების გარეშე იყო მიტოვებული და მერე აღადგინეს, ადრე თუ გვიან დასანგრევადაა განწირული. ასეთ სახლში ცხოვრება არ შეიძლება. კონსერვაციის შედეგად შესაძლებელია რამდენიმე სართული მთლიანად მოიხსნას ან სახლი მთლიანად დასანგრევიც კი გახდეს. ჩვენმა მშენებლებმა კი რამდენიმე ისეთი შენობა აღადგინეს, რომ მათ გახსენებაზე ტანში მზარავს. კარგად ვიცი, რა მდგომარეობაში იყო ეს კორპუსები, მაგრამ მათი მშენებლობა მაინც დაასრულეს. არავინ იცის, ასეთი უპასუხისმგებლობა მომავალში რა შედეგს მოიტანს. შენობა, რომელიც შესაბამის ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, უნდა დაიშალოს და ხელახლა აშენდეს".

ხათუნა ჩიგოგიძე