"ასეთია ინვესტორის ბედი" - კვირის პალიტრა

"ასეთია ინვესტორის ბედი"

სად იკლებს და სად იმატებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეა იმ პირისა თუ კომპანიისთვის, ვინც ინვესტირებით ფულს შოულობს. საერთაშორისო ინვესტორებს დღევანდელი კრიზისების გამო საფიქრალი საკმაოდ აქვთ.

სად და რაში ჯობს ფულის დაბანდება? მაშინ, როცა მსოფლიო ბოლო წლებში უკვე მერამდენე კრიზისს ებრძვის და ბევრ ქვეყანაშიც ორიოდე წლის წინანდელი კარგი ვითარება უარესდება, ეს მართლაც რთული შეკითხვაა. როცა რომელიმე ქვეყანასა თუ კორპორაციაში დაბანდება განიხილება, საყურადღებო ხდება საინვესტიციო რეიტინგი. ის საინვესტიციო რისკის შეფასების საშუალებას იძლევა. ასეთ რეიტინგს ანიჭებენ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ინვესტირების ცნებასთან. შედარებით წვრილი მასშტაბის ინვესტორები ყურადღებით ეპყრობიან ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ შემუშავებულ რეიტინგებს. მსხვილი ინვესტორები (დიდი ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და სხვ.), რომლებსაც ანალიტიკოსების საკუთარი შტატი ჰყავთ, ძირითადი სარეიტინგო კომპანიების შედგენილ რეიტინგებსაც მიმართავენ და საკუთარ კვლევების შედეგებს ადარებენ.

გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჯერ ვერ დაუბრუნდნენ კრიზისამდელ მაჩვენებლებს. თუმცა მსოფლიოს ზოგ რეგიონში არის ერთგვარი გამოცოცხლება. გაეროს 2011 წლის მსოფლიო ინვესტიციების ანგარიშში ნავარაუდებია, რომ თუ რამე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შოკი არ მოხდება, კრიზისამდელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები უახლოეს ორ წელიწადში აღდგება. 2010 წელს პირველად მოხდა, რომ ამ ნაკადის თითქმის ნახევარი მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებზე მოვიდა. სულ ამ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $1,24 ტრილიონი შეადგინა, თუმცა მაინც 15%-ით ნაკლები იყო კრიზისამდელ მაჩვენებელზე. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის შეფასებით, 2011 წლის გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $1,4-1,6 ტრილიონამდე გაიზრდება, 2007 წლის პიკურ მაჩვენებელს კი 2013 წელს მიუახლოვდება. ეს ოპტიმისტური სცენარი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ არ მოხდება რამე სახის გლობალური ეკონომიკური რყევები.

მცირდება ინვესტირება ღარიბ ქვეყნებში. მაგალითად, აფრიკის კონტინენტის სუსტად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, რომელთაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი. აზიის სამხრეთით მდებარე ქვეყნებიც ინვესტორთა ნაკლებ ყურადღებას იქცევს. საერთაშორისო წარმოება ფართოვდება: 2010 წელს ტრანსნაციონალური კომპანიების წილმა მსოფლიო წარმოებაში $16 ტრილიონს - გლობალური მშპ-ის დაახლოებით მეოთხედს მიაღწია. ტრანსნაციონალური კომპანიების უცხოურ ფილიალებზე მსოფლიო ექსპორტის მესამედი მოვიდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ახალი წყარო ხდება სახელმწიფოს კუთვნილი ტრანსნაციონალური კომპანიები. სულ ასეთ 650-მდე კომპანიას ითვლიან, 8500 ფილიალით მთელ მსოფლიოში. მართალია, სახელმწიფო ტრანსნაციონალური კორპორაციების რაოდენობა ტრანსნაციონალური კომპანიების მთელი რიცხვის მხოლოდ 1%-ია, მაგრამ შარშან უცხოური ინვესტიციების 11% სწორედ მათზე მოდიოდა.

ინვესტიციების მიმზიდველობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის რეიტინგზე, წინა კვირაში კი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standart & Poosr's-მა ევროზონის ცხრა ქვეყანას შეუმცირა საკრედიტო რეიტინგები. საფრანგეთმა უმაღლესი "AAA" რეიტინგი დაკარგა, აგრეთვე ავსტრიამაც. სააგენტოში განმარტეს, რომ ევროპელი ლიდერების ინიციატივები შესაძლოა არაეფექტური აღმოჩნდეს და ევროზონის ეკონომიკების სისტემურ სტრესებს სრულად ვერ გაუმკლავდეს. ამიტომაც გადაწყდა რეიტინგების შემცირება. სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody‘ს-მა რეიტინგი შეუმცირა ბელგიას. რეიტინგების შემცირება ევროზონის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებსაც ემუქრებათ, მათ შორის გერმანიასაც. ამიტომაც, როცა ბევრი ქვეყნის რეიტინგი მცირდება, საყურადღებოა სარეიტინგო კომპანია Standart & Poosr's-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის "ბი პლუსიდან" "ბი-ბი მინუსამდე" გაზრდა... საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გამოთქვა დიდი იმედი, პრემიერ-მინისტრმა კი რეიტინგის მომატების გამო ინვესტიციების ასჯერ და ათასჯერ შესაძლო გაზრდა ახსენა.

კონკრეტულად სად და რამდენს დააბანდებენ წლეულს საქართველოში "ასჯერ და ათასჯერ მეტი თანხის" მომტანი პოტენციური ინვესტორები - მოგვიანებით გამოჩნდება. ჯერჯერობით ცნობილი გახდა თურქეთის მხრიდან საქართველოში $1 მილიარდამდე დაბანდების შესახებ, ენერგეტიკის სექტორში. პრემიერ ნიკა გილაურის განცხადებით, ბოლო ორ წელიწადში ახალი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით 40-მდე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. თერთმეტი ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს და წლეულს კიდევ ათზე მეტის მშენებლობა დაიწყება.

ინვესტიციების მოზიდვის მხრივ საქართველოსთვის ბოლო წლები საუკეთესო ნამდვილად არ აღმოჩნდა. 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია სულ $553 მლნ იყო, 16%-ით ნაკლები 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ცნობილია, რომ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში პიკს 2007 წელს მიაღწია და 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ამ მაჩვენებელს უახლოეს წლებში ალბათ მხოლოდ ოცნებებში თუ მივაღწევთ. შარშან მთავრობა $1 მილიარდამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ელოდებოდა, თუმცა სავარაუდოდ, ეს ციფრი არ შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ევრობანკი არა $1 მილიარდს, არამედ $750 მილიონს ვარაუდობდა, სავალუტო ფონდი კი $800-850 მილიონს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2011 წლის სამ კვარტალში სულ $643 მილიონი შემოვიდა. მეოთხე კვარტალში $357 მილიონის შემოსვლა კი ექსპერტებს შეუძლებლად მიაჩნიათ. სტატისტიკის სამსახური ზუსტ მაჩვენებელს 2012 წლის მარტში გამოაქვეყნებს.