"წყლის ტარიფის გაზრდა სახელმწიფოსთან შეთანხმებული იყო”
"წყლის ტარიფის გაზრდა სახელმწიფოსთან შეთანხმებული იყო”
სახელმწიფოს მხრიდან კერძო კომპანიისთვის ვალდებულებების პატიებას ბოლო არ უჩანს

თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას ცოტა ხნის წინ წყლის გაზრდილი გადასახადი მიუვიდა. ტარიფი არ გაზრდილა, სამაგიეროდ გაიზარდა ქვითარში მითითებული სულადობა და წყლის გადასახადიც მეტი გამოვიდა. არის შემთხვევები, როცა სამი თვის განმავლობაში, კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა ორჯერ შეიცვალა. მისამართზე, სადაც ორი ადამიანი ცხოვრობს, კომპანია "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერი" ოთხი სულის გადასახადს გზავნის... თუმცა მთავარი სიურპრიზი აბონენტებს ჯერ კიდევ წინ ელით.

თბილისელების ნაწილმა კომპანია
"ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერისგან" წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ წლეულს წყლის ინდივიდუალური მრიცხველები დამონტაჟდება, რისთვისაც აბონენტებს 100 ლარის გადახდა მოუწევთ. თუმცა კომპანია თურმე დიდსულოვნად ითვალისწინებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას
და გადასახადს რამდენიმე თვეზე გადაანაწილებს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერმა" ხელშეკრულება დაუდო რამდენიმე კომპანიას და ერთი აბონენტის გამრიცხველიანების გასამრჯელოდ 70 ლარი დაადგინა. სად წავა დანარჩენი 30 ლარი, რამაც მთელი თბილისის აბონენტებზე გადაანგარიშებით შესაძლოა 15 მილიონიც შეადგინოს, ძნელი მისახვედრი არ არის. როგორც სანდო წყარომ გვითხრა, "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერის" კონტრაქტორი კომპანიები ასეთი ფასის გამო იძულებული არიან, მინიმალურ მოგებაზე იმუშაონ, რადგან როგორც ამბობენ - ძალა აღმართს ხნავს.

მოსახლეობის ხარჯზე და ხელისუფლების ხელშეწყობით, წყალმომარაგება საკმაოდ სარფიან ბიზნესად იქცა. მართალია, ჩვენი ქვეყნის მეთაურს უყვარს ხშირად შეხსენება, რომ კორუფცია დამარცხებულია, მაგრამ მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში ისეთი კორუფციული "ფაფა დუღს", რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. უკვე წლებია, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" "თბილისის წყლის" გასხვისებასა და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს იკვლევს. აღსანიშნავია, რომ ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოსა და წყალმომარაგების მფლობელი კომპანიის ურთიერთვალდებულებებს ასახავს, გასაიდუმლოებულია, თუმცა "მწვანე ალტერნატივამ" რამდენიმე ოფიციალური ხელშეკრულების მოპოვება მაინც შეძლო. საინტერესოა ისიც, რომ ხელშეკრულება და მასში გაწერილი პირობები დროდადრო იცვლებოდა - ძირითადად, კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ.

2007 წლის ივლისში სახელმწიფომ გადაწყვიტა გაესხვისებინა ე.წ. სტრატეგიული ობიექტი, თბილისის წყალმომარაგების სისტემა. 22 ოქტომბერს გამარჯვებულად დასახელდა შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანია "მულტიპლექს სოლუშენსი". საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტების თანახმად, „მალტიპლექს ენერჯი ლიმიტედი“ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2007 წლის 16 აგვისტოს(!) დაფუძნდა. 2009 წლის 16 ივნისს კომპანიამ სახელწოდება გამოიცვალა და „ჯორჯიან გლობალ იუტილიტიზ ლიმიტედი" ეწოდა. კომპანიის აქციების მფლობელები არიან: Multiplexs Holdings Group Limted-ი (850 აქცია) და Sirius Private Equity Fund-ი (150 აქცია). კომპანიას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ გოჩა მეგრელიძე, ოლეგ შეიკო და მიხაილ ტუზოვი. მეწილეებს შორის სახელდებიან ლევან კაჭარავა, "სილკ როუდ გრუპის" ერთ-ერთი მეპატრონე; გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ეკონომიკის მინისტრი იყო და ევგენი დოდი, "ინტერ რაოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. სხვათა შორის, არსებობდა და დღემდე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ბიზნესს რუსული კომპანია "რაო ეესის" ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ანდრეი რაპოპორტი აკონტროლებს, რის შესახებაც ხნის წინ რუსულენოვანი "ფორბსი" წერდა. საინტერესო კი ის არის, ამ ერთ "შვეიცარიულ" კომპანიაში ქართულ-რუსული ბიზნესინტერესების იდილიური თანხვედრა როგორ ხერხდება.

შვეიცარიულად წარმოდგენილი კომპანია თავდაპირველად პირობას დებდა, რომ საპრივატიზაციო ობიექტებში $85,662 მილიონს გადაიხდიდა, $350 მილიონს დააბანდებდა და 2008-2009 წლებში უცვლელად შეინარჩუნებდა წყლის ტარიფს; "მალტიპლექს სოლუშენსს" უნდა უზრუნველეყო დედაქალაქის მოსახლეობის 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება, წყლის დაბალი ტარიფი და მაღალი ხარისხი. საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებებს 2007 წლის ნოემბერში, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და მიმდინარე მასობრივი საპროტესტი აქციების ფონზე, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომამდე ერთი დღით ადრე მოაწერა ხელი. პრეზიდენტის ამავე განკარგულებით, Multiplex Enrgy Limited-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა ასევე შპს „რუსთავწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი $10 მილიონად, ყოველგვარი პირობების გარეშე და შპს „საქწყალკანალისა“ და შპს „მცხეთაწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები $662 ათასად. ხელშეკრულების სრული ტექსტი, ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლითვე მიჩნეული იყო მყიდველის კომერციულ საიდუმლოდ. როგორ იცვლებოდა და მცირდებოდა, როგორც საპრივატიზაციო, ისე საინვესტიციო თანხა და საბანკო გარანტიები, ამას მოყვანილ ცხრილში იხილავთ.

ნინო გუჯარაიძე (ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" აღმასრულებელი დირექტორი): "კომპანია "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერმა" გადასახადების ამოღების გამარტივების მიზნით, სამოქალაქო რეესტრის მონაცემებს მიაბა აბონენტების ვინაობა. საწყის ეტაპზე პრობლემები აუცილებლად იქნება, რადგან მომხმარებელზე გადავიდა ვალდებულება, რომ ასეთი ხარვეზები გამოასწოროს, მივიდეს საჯარო რეესტრში და ამონაწერში ცვლილებები შეიტანოს.
დღიდან გაყიდვისა ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად იყო დახურული. ხელშეკრულება, სადაც განსაზღვრული იყო კომპანიის ვალდებულებები, შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში. წყლის ტარიფების გარდა, ხელშეკრულებაში გაწერილი იყო მრიცხველთან დაკავშირებული ვალდებულებები. შემდგომში კი ხელშეკრულებაში პერიოდულად შედიოდა ცვლილებები ხელმომწერ მხარესთან - სახელმწიფოსთან შეთანხმებით და ამას ასაიდუმლოებდნენ. საზოგადოებას ინფორმაცია ისე მიეწოდება, თითქოს, მაგალითად, სახელმწიფომ არ იცოდა წყლის ტარიფის ზრდის შესახებ და კომპანიამ ეს თვითნებურად გააკეთა.

კარგი მაგალითია წყლის ტარიფის 3,15 ლარამდე გაზრდა. ხელშეკრულების თანახმად, 2010-2013 წლებში წყლის ტარიფი უნდა ყოფილიყო 2,95 ლარი და მისი გაზრდის უფლება (3,30 ლარამდე) კომპანიას მხოლოდ 2014 წელს ჰქონდა. მაშინ ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სეწმეკ) დაბრალდა. გახსოვთ ალბათ, როგორ მივიდა თბილისის მერი გიგი უგულავა მთავრობის სხდომაზე, ემოციურად გამოვიდა, დაგმო წყლის გადასახადის ზრდა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის შეღავათების დაწესება მოითხოვა. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ძალიან დიდი ფარსი აღმოჩნდა. ხელშეკრულებას წყლის ტარიფის 3,15 ლარამდე გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წლის 22 თებერვალს მოეწერა ხელი და თბილისის მერია თავად იყო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე...
თავდაპირველად დასახელებული ინვესტიციების რაოდენობაც შემცირდა, ხელშეკრულებაში გაცილებით მცირე რაოდენობაა შეტანილი, ვიდრე საწარმოების გაყიდვისას თავდაპირველად გამოაცხადეს. ადვილი შესაძლებელია, ეს თანხები კიდევ უფრო შემცირებული იყოს იმ შეთანხმებით, რომელიც ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის ცნობილი და ხელმისაწვდომი, თუმცა ვიცით, რომ ასეთი დოკუმენტი არის.

მრიცხველების პრობლემა მთლიანად "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერს" დაჰბრალდა, რომ მოსახლეობას თვითნებურად ახდევინებდნენ ფულს. შემდეგ გაირკვა, რომ არსებობდა სეწმეკ-ის დადგენილება ამის შესახებ, სწორედ მან დაავალდებულა კომპანიას ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება და მან განსაზღვრა საფასური, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. პრობლემა ის იყო, რომ სეწმეკ-მა, კოლეგიურმა ორგანომ, რომელმაც გადაწყვეტილებები საზოგადოების მაქსიმალური მონაწილეობით უნდა მიიღოს, საკითხი ისე გადაწყვიტა, ამის შესახებ არავის გაუგია. შედეგად რისხვა მთლიანად კომპანიას დაატყდა თავს. რაღაც მომენტში მასაც მოჰბეზრდა და სეწმეკ-ს შეუტრიალდა, თუმცა მოსახლეობისთვის რეალურად აღარაფერი შეცვლილა.
თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ევალებოდა კოლექტიური მრიცხველების დაყენება და ეს ვადა უკვე იწურება. ეს პირობა ვერ შეასრულა, სამაგიეროდ სეწმეკ-მა დაავალა ინდივიდუალურის დაყენება, უკვე მომხმარებლის ხარჯზე. ფაქტობრივად, მარეგულირებელმა კომპანიას მისცა ძალიან კარგი შესაძლებლობა, არ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, ამისთვის არც ინვესტიციები გაწიოს. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის პირობებში კოლექტიური მრიცხველის არსებობას, ფაქტობრივად, აზრი ეკარგება. ამას ეჭვიც აღარ ჰქვია, რომ სახელმწიფო კერძო კომპანიას ლობირებს. უკვე დღესავით ნათელია, რომ ძალიან ლოიალური დამოკიდებულებაა კომპანიის მიმართ. თუნდაც, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გადავადება კომპანიისთვის ძალიან მარტივად ხდება. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისთვის, ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საბანკო გარანტია, მაგრამ სახელმწიფომ ამ საბანკო გარანტიის გამოყენებაზე უარი თქვა და დათანხმდა კომპანიის ვალდებულების უბრალოდ შემცირებას ან გადავადებას. ეს ყველაფერი ხდება მოქალაქეთა ხარჯზე. წყალმომარაგების სისტემის გაყიდვის მიზანი იყო წყალმომარაგების, სერვისის, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომი ტარიფის შენარჩუნება. მაშინ რატომღა გაიყიდა ეს კომპანია? მომხმარებლისა და კომპანიის ინტერესებს შორის სახელმწიფო უკანასკნელის მხარეს ირჩევს".
P.შ. დასასრულისთვის, როგორც წესი, "გემრიელ ლუკმას" იტოვებენ ხოლმე. მეგონა, ეს ის ამბავი იქნებოდა, როცა "ჯორჯიან გლობალ იუტილიტიზ ლიმიტედის" შვილობილმა "რუსთავწყალკანალმა" რუსთაველებს წყლის დავალიანება იმ წლებისთვის დაარიცხა, როცა ქალაქში წყალმომარაგება არ იყო. ანდა, როგორ დატრიალდა 75 მილიონი ხელისუფლებასა და კერძო კომპანიას შორის: ვიდრე სახელმწიფო "წყალკანალს" გაყიდდა, თავად გამოუყო 75 მილიონი ლარი სისტემის რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ეს სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა. სამაგიეროდ, სულ მალე სახელმწიფომ ზუსტად ამ ფასად, 75 მილიონად გაყიდა "წყალკანალი" და ეს ფული კომპანიისგან უკან "მიიღო"...

თუმცა საბოლოოდ "პირველობა" მცხეთის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის კორუფციულ სქემას მივანიჭე. მსოფლიო ბანკი, მუნიციპალური ფონდის განვითარების ფარგლებში, სხვადასხვა პროექტს აფინანსებს. მცხეთის მუნიციპალიტეტმა პრიორიტეტად "მცხეთის წყლის" წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა, რომელიც „ჯორჯიან გლობალ იუტილიტიზ ლიმიტედის" შვილობილი და შესაბამისად, კერძო კომპანიაა და თავად აქვს ნაკისრი ამ ვალდებულებების შესრულება ინვესტიციების დაბანდების გზით. სხვათა შორის, კონფიდენციალურმა წყარომ ისიც მითხრა, რომ მთლიანად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდის ხარჯზე ხდება, ამ ფულს კი შემდეგ ბიუჯეტი, ანუ ხალხის ჯიბე ისტუმრებს.

კომენტარი თემაზე

"მე სასამართლო წავაგე - ეს ხელშეკრულება საიდუმლოდ დარჩა"

თინა ხიდაშელი (რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი): "ვინ დგას ახლა ამ კომპანიის უკან, ამის პასუხი არ მაქვს. მაგრამ თავის დროზე კომპანიის პრივატიზაციის პროცესს თბილისის მერთან დაახლოებული პირი, ბ-ნი ქელბაქიანი კურირებდა. ფაქტია, რომ კომპანიამ დაარღვია თავდაპირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორის, ხელშეკრულებაში პირდაპირ ეწერა, რომ წყლის მრიცხველები უნდა დადგმულიყო უფასოდ და აბონენტების გამრიცხველიანებას დამატებითი ფინანსური ვალდებულება არ უნდა გამოეწვია. თანაც ის უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 1-ელ იანვრამდე. ამავე ვადაში უნდა დასრულებულიყო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, რადგან მისი გაუმართაობის გამო სასმელი წყლის დანაკარგი 70%-ს შეადგენდა. ეს პირობაც დაირღვა.

წყლის ტარიფი არ უნდა გაზრდილიყო 2013 წლამდე. ეს დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდებოდა. თბილისის მერია და ეკონომიკის სამინისტრო ამ ხელშეკრულების ხელმომწერი არიან და აქედან გამომდინარე, ამ დანაშაულის თანამონაწილენიც, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც პატივს სცემს საკუთარ მოქალაქეებს, სულ მცირე, პასუხს მოსთხოვდა კერძო კომპანიას პირობების არაერთგზის დარღვევისთვის... თუმცა ვის უნდა მოსთხოვოს მთავრობამ პასუხი, ძნელი სათქმელი, რადგან თავის დროზე თავად გიგი უგულავა მჭიდროდ იყო დაკავშირებული "თბილისის წყლის" პრივატიზების პროცესთან. ჩვენი ინფორმაციით, 2009 წელს ხელშეკრულებაში კიდევ ერთხელ შევიდა ცვლილებები, რომელსაც ისინი ასაიდუმლოებენ. მე სასამართლო წავაგე იმის თაობაზე, რომ ეს ხელშეკრულება საჯარო ყოფილიყო - იმ საბაბით, რომ თურმე კომერციული საიდუმლოება ყოფილა, რა ხარისხის წყალს ვსვამთ. ვფიქრობ, ამ გასაიდუმლოებულ დოკუმენტში აბსოლუტურად კაბალურ პირობებზე მოუწერა ხელი თბილისის მერიამ "ჯორჯიან უოტერ ენდ პაუერს", თავისი ინტერესების დაკმაყოფილების სანაცვლოდ".
giorgi
08 თებერვალი 2012 13:58
რას გაიგებ, ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანასი ვცხოვრობთ აქ კი ყველაფერი ხალხის კისერზეა, მონებად ვიქეცით
giorgi
05 თებერვალი 2012 13:00
ვინმეს შეუძლია მიპასუხოს, წყლის გადასახადი ახლადდაყენებული მრიცხველების მიხედვითაა თუ ისევ სულადობით? ან მრიცხველების დაყენების საფასურს რა მოუვა? ხელშეკრულება ხომ გვაქვს ხელმოწერილი! ვერაფერი გავიგე...

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა