"ბიუჯეტის შევსება თვითმიზანი არ უნდა იყოს" - კვირის პალიტრა

"ბიუჯეტის შევსება თვითმიზანი არ უნდა იყოს"

უმუშევრობასაც და სახელმწიფო ვალსაც მხოლოდ რეალური სექტორის განვითარება უშველის

ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 2003 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, განუხრელად იზრდებოდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ შემცირების ტენდენციით ხასიათდება. საკმაოდ მოცულობითია საბიუჯეტო ხარჯების დინამიკა და თუ შევადარებთ, ქვეყნის ბიუჯეტიდან ჩვენ უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე თუნდაც მეზობელი სომხეთი. თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ თვალსაზრისითაც შემცირების ტენდენცია აღინიშნება. ერთადერთი, რაც საქართველოში განუხრელად იზრდება, სახელმწიფო ვალია და ერთ სულზე გაანგარიშებით $1139,5-ს შეადგენს. 2003 წელს კი ეს მაჩვენებელი $494,5 იყო.

იოსებ არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): სახელმწიფოს მოქმედების ეფექტიანობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანია ქვეყანაში გადასახადების ამოღება, აგრეთვე ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ე.წ. საგადასახადო ტვირთია, რომელიც აჩვენებს ქვეყანაში აკრეფილი გადასახადების თანაფარდობას მშპ-თან. საქართველოს მაგალითზე ეს დაახლოებით 0,9%-ია, დანარჩენი კი გრანტებსა და სხვა შემოსავლებზე მოდის.

შეიძლება ითქვას, გადასახადების სიდიდე, მათი დინამიკა და ამოღების ფორმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფო სახსრების მოცულობას. შესაბამისად, იმ პროექტების დაფინანსების შესაძლებლობასაც, რომლებზეც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული - ინფრასტრუქტურული იქნება ეს თუ სოციალური. "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფოს ეს ძირითადი ფუნქცია ვერ ან არ სრულდებოდა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი გვქონდა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, რომ 2003 წელს გადასახადების ამოღების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გვისწრებდა სომხეთი და კიდევ უფრო - აზერბაიჯანი. შარშანდელი მონაცემებით, კი 2003 წელთან შედარებით დაახლოებით შვიდჯერ არის გაზრდილი სახელმწიფოს შემოსავალი. თუ შემოსავალი იზრდება, ბუნებრივია, ხარჯებიც იმატებს და ამ მიმართულებით დღეს მეტია შესაძლებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტმა ამა თუ იმ მიმართულებით საზოგადოების მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს - სექტორული თუ რეგიონული მასშტაბით. მაგალითად, ამჟამინდელი საპენსიო სახსრების მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება მთლიანად იმ საბიუჯეტო სახსრებს, რომელსაც ფლობდა ქვეყანა 2003 წელს.

მაგრამ ბიუჯეტის შევსება თვითმიზანი არ უნდა იყოს, ამან ეკონომიკის განვითარებას უნდა მისცეს სტიმული, ხოლო სახელმწიფო სექტორს - შესაძლებლობა - უკეთ შეასრულოს თავისი მოვალეობა. ის დახმარებები და კრედიტები, რომელსაც სახელმწიფო იღებს, არ არის გრძელვადიანი და ადრე თუ გვიან, გასასტუმრებელია.

ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფო ვალის მოცულობა იზრდება და ამ თვალსაზრისით ჩვენზე დაბალი მაჩვენებელი აქვს აზერბაიჯანს, ხოლო უფრო მაღალი - სომხეთს. გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა საქართველოსას ორჯერ აღემატება და ამის გამო მათი სახელმწიფო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო ვალი. 2003 წლის შემდეგ ჩვენთან მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ბოლო წლებში კი თანაფარდობა მცირედით გაიზარდა, ახლა კი ვარაუდობენ, რომ 2015 წლამდე ეს მაჩვენებელი აღარ გაიზრდება და პირიქით, შემცირების ტენდენცია იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. მოსახლეობის ერთ სულზე ვალის მოცულობა უფრო დიდია სომხეთში. მთავარია, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების დინამიკა და რა რესურსები გაგვაჩნია ამ ვალის დასაძლევად. რა თქმა უნდა, უკეთესია უვალოდ ცხოვრება, მაგრამ მოგეხსენებათ, თვით აშშ-ის სახელმწიფო ვალიც კი მთლიან შიდა პროდუქტს თითქმის გაუტოლდა. ჩვენი სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ის დაახლოებით 40%-ის ფარგლებშია. იმის გარანტია, რომ სახელმწიფო ვალი დამატებით პრობლემებს არ შეუქმნის ქვეყანას, რეალური სექტორის განვითარება უნდა იყოს, რადგან ის შედარებით მყარი შემოსავლებით ხასიათდება და რყევების მიმართ უფრო მდგრადია. დღეს მთავარია, დასაქმების პრობლემას ვძლიოთ. 1-1,5%-ით უმუშევრობის შემცირება ამ პრობლემას არ წყვეტს, დაახლოებით 1,5-ჯერ მაინც უნდა შემცირდეს უმუშევრობა, რომ რეალურ შედეგზე ვისაუბროთ.