ევროპას რეცესია "შეუბრუნებს" - კვირის პალიტრა

ევროპას რეცესია "შეუბრუნებს"

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროპაში რეცესიის განმეორებით ფაზას ელის

ევროპაში სავალო კრიზისი გრძელდება, ერთგვარი სიახლე კი ის არის, რომ პესიმისტურთან ერთად, კეთდება დამაიმედებელი პროგნოზებიც. საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ფრანსუა ბარუენმა განაცხადა, რომ ეკონომიკური შენელება, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში შეიმჩნეოდა, დაძლეულია და ვარაუდობს, რომ ევროკავშირს კრიზისიდან გამოსვლა ბევრად სწრაფად შეუძლია, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ.

თუმცა ევროზონის სამხრეთით "ინფექციის" კერა რჩება. საბერძნეთს დეფოლტი ელოდება, თუ დახმარებას მარტამდე ვერ მიიღებს. ესპანეთში რეცესიაა პირველად ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა. თანაც მადრიდი არაპოპულარულ მეთოდებს იყენებს საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად. პორტუგალიას, სადაც ეკონომიკური ვარდნა არ შეჩერებულა, შესაძლოა დასჭირდეს ახალი კრედიტი ევროკავშირისგან ან სსფ-სგან... პრობლემები მხოლოდ ევროზონის პერიფერიებში არ არის, იტალიას უზარმაზარი ვალები აქვს, საფრანგეთმა კი უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი დაკარგა.

ეკონომიკური "სირტაკი"

ევროპის კრიზისის ეპიცენტრში, საბერძნეთში, „მორიგი გადამწყვეტი ეტაპია“. "უახლოეს დღეებში საბერძნეთმა შესაძლოა მოახერხოს მოლაპარაკება კერძო სექტორთან ძველი ობლიგაციების ახალზე გადაცვლის შესახებ", - განაცხადა წინა კვირაში ევროჯგუფის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა. ეს საბერძნეთს საშუალებას მისცემს, სახელმწიფო ვალი 100 მილიარდი ევროთი შეამციროს. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრ ევანგელოს ვენიზელოსის სიტყვებით, ბანკებთან, სადაზღვევოებთან, საპენსიო და საინვესტიციო ფონდებთან ობლიგაციების გადაცვლასა და ვალის ნაწილის ჩამოწერაზე მხოლოდ ფორმალური ნაწილი დარჩა გარიგების დასრულებამდე. ხოლო თუ ამ პროგრამაში სადაზღვევო და საპენსიო ფონდები მონაწილეობას არ მიიღებენ, ქვეყანას ფისკალური და ფინანსური კატასტროფა ელოდება. "ეს კი ნიშნავს გაკოტრებას. ეროვნულ ეკონომიკას აღარ დარჩება შანსი, დააფინანსოს ჯანდაცვის ხარჯები და პენსიები, რომ აღარაფერი ვთქვათ დეფიციტის დაფარვაზე“, - განმარტავს მინისტრი.

კერძო სექტორთან წარმატებით მოლაპარაკების შემთხვევაში საბერძნეთი შეძლებს, ევროკავშირისგან მიიღოს მორიგი დახმარება 130 მილიარდი ევროს ფარგლებში და ობლიგაციებზე მიმდინარე ხარჯები დაფაროს. ამჟამად საერთაშორისო კრედიტორებთან (ევროკავშირთან, ევროპის ცენტრალურ ბანკთან და სსფ-სთან) მოლაპარაკებებზე განიხილავენ საბერძნეთში "ქამრების შემოჭერის" ახალ ზომებს - 4,5 მილიარდი ევროს ფარგლებში. ეს ზომები შევა მემორანდუმში, რომელსაც ევროზონის ფინანსთა მინისტრები ევროჯგუფის მორიგ სხდომაზე 6 თებერვალს წარადგენენ. საბერძნეთმა თითქმის მოახერხა კერძო კრედიტორების დათანხმება ნახევარი ვალის ჩამოწერაზე და ამ დროს საფრთხის წინაშე დადგა მისი დამოკიდებულება ევროკავშირთან. გერმანიის წინადადება - საბერძნეთის ბიუჯეტი ევროკავშირმა გააკონტროლოს - ბერძნებმა აღშფოთებით უარყვეს.

რა მოელის ევროზონას

სავალო კრიზისით გამოწვეული რეცესია ევროზონაში თანდათანობით უნდა დასრულდეს 2012 წლის ბოლოსთვის, - მიაჩნიათ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standard & Poors (S&P)-ის ექსპერტებს. ანალიტიკოსების ვარაუდით, ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2012 წელს წინა წლის დონეზე დარჩება, 2013 წელს კი 1%-ით გაიზრდება. მოვლენების ასეთი განვითარების ალბათობა დაახლოებით 60%-ია. S&P-ის ალტერნატიული პროგნოზით, განვითარდება განმეორებითი რეცესია და ის გავლენას მოახდენს ესპანეთზე, პორტუგალიასა და იტალიაზე.

რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობას ევროზონაში, სააგენტოს ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ფაქტორებზე, რომლებზეც რეცესიის მასშტაბებია დამოკიდებული, როგორიცაა განვითარებად ბაზრებზე მოთხოვნის დინამიკა, მომხმარებლის რეაქცია მზარდი უმუშევრობის ფონზე, ზომები, რომელთაც უნდა მიმართონ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებებმა ინვესტორების ნდობის აღსადგენად.

ამჟამად ევროზონა სრულმასშტაბიან კრიზისს განიცდის. საბერძნეთის დაუსრულებელმა ვალებმა, რომლებსაც ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა ხალხს, ქვეყანა დეფოლტის ზღვარზე მიიყვანა. სირთულეებია ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ევროზონის სხვა ქვეყნებში. ამ ყველაფერმა შესამჩნევად შეაფერხა ეკონომიკური აქტივობა და ერთიანი ევროპული ვალუტის მიმართ ნდობა დაარღვია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ევროპა წლეულს რეცესიის განმეორებით ფაზაში შევა. ევროზონის მშპ 0,5%-ით შემცირდება, იმავდროულად, იტალიისა და ესპანეთის რეცესია კიდევ ორ წელიწადს გაგრძელდება.

გერმანული ლოკომოტივი

ევროკავშირის ქვეყნების ბოლო სამიტზე ბრიუსელში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელია მკაცრად გაკონტროლდეს საბერძნეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაცვა, რაც ფინანსური დახმარების წინაპირობებია. „რადგანაც ათენი არ ატარებს აუცილებელ რეფორმებს, ამიტომ საჭიროა უფრო აქტიური ჩარევა“, - მიიჩნევს მერკელი. ევროკავშირში ფინანსური დისციპლინის გამკაცრებას თანხმდებიან. 27 წევრი ქვეყნიდან 25-მა მოაწერა ხელი გერმანიის შემოთავაზებულ საგადასახადო-საბიუჯეტო შეთანხმებას. უარი დიდმა ბრიტანეთმა და ჩეხეთმა განაცხადეს. ევროზონის დასახმარებლად მერკელი ჩინეთსაც კი ესტუმრა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გამართა მოლაპარაკებები. თუმცა პრემიერი ვენ ცზიაბაო არ დათანხმდა ჩინეთის მიერ ევროპის სტაბილიზაციის ფონდში ინვესტირებას და ევროპას ურჩია, თავად "გააძლიეროს ბრძოლა" კრიზისიდან თავის დასაღწევად. საინტერესოა, რომ ევროკომისიამ 300 მილიონი ევრო გამოყო აფრიკული ქვეყნების მხარდასაჭერად. ამ თანხას ახლო აღმოსავლეთის ხუთი ქვეყანა მიიღებს. ყველაზე მეტი - 139 მილიონი ევრო - მაროკოს ერგება, ეგვიპტეს - 100 მილიონ ევრო, დარჩენილი თანხა განსაზღვრულია იორდანიის, ალჟირისა და ლიბანისთვის. ასე რომ, თავად დასახმარებელი ევროპა სხვის დახმარებას "არ იშლის". ესეც ართულებს პროგნოზს, რეალურად რამდენად ღრმა კრიზისია ევროპაში და როდის მოხერხდება მისი გადალახვა.

ციფრების ენით

- ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. „ევროსტატის" მონაცემებით, უმუშევარობის დონემ 2011 წელს 10,4% შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ესპანეთშია - 22,9%.

- S&P’s-მა უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი ფინანსური სტაბილურობის ევროპულ ფონდსაც (EFSF) შეუმცირა ერთი საფეხურით - „AAA"-დან „AA+"-მდე.