ქართველების დასაქმება თურქეთშიც გაძნელდა - კვირის პალიტრა

ქართველების დასაქმება თურქეთშიც გაძნელდა

მეზობელ ქვეყანაში ერთწლიან სამუშაო ვიზას $130 და ერთთვიანი პროცედურა დასჭირდება

სამუშაოს მძებნელთაგან თურქეთში ამიერიდან მხოლოდ ძიძებსა და მომვლელებს გაუმართლებთ. 1-ელი თებერვლიდან ძალაში შევიდა ცვლილებები თურქეთში ყოფნისა და მოგზაურობის წესებში, რომელთა მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქე თურქეთში უვიზოდ სამ თვეზე მეტხანს ვერ დარჩება. 90 დღის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია, დატოვოს ქვეყანა და უკან მხოლოდ 90 დღის შემდეგ დაბრუნდეს.

თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს აქამდე, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით შეეძლოთ დარჩენა. სამი თვის გასვლის შემდეგ ისინი ფორმალურად კვეთდნენ საქართველო-თურქეთის საზღვარს და მეორე დღესვე უკან ბრუნდებოდნენ. 2012 წლის 1-ელი თებერვლიდან კი პირი, რომელიც სამი თვის გასვლის შემდეგ თურქეთის ტერიტორიას, სულ ცოტა, სამი თვით არ დატოვებს, დეპორტაციას დაექვემდებარება. ბათუმში თურქეთის კონსულ ენგინ არიქანის თქმით კი, სამ თვეზე მეტი ხნით თურქეთში გაჩერების უფლება ექნებათ მხოლოდ მათ, ვინც სამუშაო ვიზას ან ბინადრობის უფლებას მიიღებს. „ვფიქრობ, გაიზრდება იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც სამუშაო ვიზას ითხოვენ. ბოლო დრომდე ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა.

ადამიანები ტურისტული ვიზით ჩადიოდნენ თურქეთში, მაგრამ შემდეგ მუშაობას იწყებდნენ. ამის გამო პრობლემები ექმნებოდათ და მათი დეპორტაციაც ხდებოდა. ვისაც თურქეთში მუშაობა სურს, ოფიციალური რეგისტრაცია უნდა გაიაროს“, - განმარტავს კონსული. უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლას თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ფარუქ ჩელიქიც ურჩევს. მინისტრის თქმით, მას, ვისაც ექვსთვიანი ან უფრო ხანგრძლივი ვიზა აქვს, შრომითი შეთავაზება შეუძლია შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში მიიღოს, ხოლო განსაკუთრებული შეღავათით ძიძები და მომვლელები ისარგებლებენ. „ჩვენ არ გვყავს საკმარისი კადრები, რომლებიც მომვლელებად, ძიძებად და აღმზრდელებად დასაქმდებიან. ამ სამუშაოს ძირითადად უცხოელები ასრულებენ. უმჯობესი იქნება, თუკი ისინი არ დაელოდებიან 90-დღიანი ვადის გასვლას და დასაქმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს თებერვალშივე მოაწესრიგებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ მათგანს თურქეთის დატოვება მოუწევს“, – აცხადებს ჩელიქი.

დეტალური ინფორმაციისთვის "ეკოპალიტრა" თბილისში თურქეთის საკონსულოს დაუკავშირდა. როგორც მეზობელი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებაში განგვიმარტეს, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამუშაო ვიზის მოსაპოვებლად $130-ის გადახდა მოუწევთ. თუმცა მანამდე მთელი რიგი პროცედურების გავლაა საჭირო, რასაც დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. საკონსულოში განმარტეს, რომ თურქეთში დასაქმების მსურველებმა უნდა მიმართონ ანკარაში შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, შეავსონ სპეციალური ანკეტა, რომლის შემდეგაც საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭებათ. სამუშაოსთან დაკავშირებით დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, თურქეთში დასაქმების მსურველები ოფიციალურად აიღებენ ბინადრობის უფლებასაც. თუმცა ნებართვა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. ერთი წლის შემდეგ იმავე პროცედურების გავლა და ახალი სამუშაო ვიზისთვის კვლავ $130-ის გადახდა იქნება სავალდებულო.

სამწუხაროდ, არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი ქართველი მუშაობს დღეს თურქეთის ტერიტორიაზე, რადგან არაფორმალურ ბაზარზე დასაქმებული ადამიანების აღრიცხვა ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა ზოგიერთი მონაცემით, საქართველოს დასავლეთ რეგიონებიდან თურქეთში სამუშაო მიგრანტთა რაოდენობა 100 ათასამდე ადამიანს შეადგენდა. თურქეთში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, დასაქმების მსურველთა რიცხვი იქ სეზონურად იზრდება. ქართველები თურქეთში, ძირითადად, ზაფხულში ჩაის ან თხილის მოსაკრეფად ჩადიან. თუმცა, ისეთი შემთხვევებიც ხშირი იყო, როცა წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ადგილზე ჩასული ქართველები სამსახურს მაინც ვერ შოულობდნენ, ან მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, გაუსაძლის სამუშაო პირობებზე უწევდათ დათანხმება.

თურქეთში წასულთაგან ბევრია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა ძიძობა და მომვლელობა ძნელად წარმოსადგენია. ისინი უცხო ქვეყანაში იმიტომ წავიდნენ, რომ საქართველოში სამუშაო არ ჰქონდათ. ცხადია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც აქ სამსახურს არავინ შესთავაზებთ.

ირაკლი ლექვინაძე ("ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" დირექტორი): "დასაქმების მსურველებისთვის შეზღუდვები, რომელიც შემოიღო თურქეთის მთავრობამ, რა თქმა უნდა, მათი იქ ყოფნისა და მუშაობის პირობების გაუარესებაა. ქართველები თურქეთში ისედაც ყველაზე არაკომფორტულად გრძნობენ თავს იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც კი ჩვენი ემიგრანტები სამუშაოდ არიან წასული. გარდა ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან გახშირდა ქართველების მიერ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაული... საბოლოოდ, თურქეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. სამი-ოთხი წლის წინ თურქეთიდან ფულადი გზავნილები სამეულსა და ოთხეულში შედიოდა, 2011 წელს მეშვიდე ადგილზე იყო და, 2010 წელთან შედარებით, 18%-ით იყო შემცირებული. ლაპარაკია დაახლოებით $28 მილიონზე, მაშინ, როცა 2010 წლის მაჩვენებელი $34 მილიონია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეზღუდვების შემდეგ, ციფრი კიდევ უფრო შემცირდება. თურქეთში წამსვლელთა რიცხვის ზრდა ლიბერალური ურთიერთობების შედეგი იყო, აგრეთვე მიმოსვლის გეოგრაფიული სიადვილისაც. რაც უფრო გართულდება ქართველებისთვის თურქეთში მუშაობის პირობები, მით უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება იქ წასვლის სურვილი და ალტერნატიულ ქვეყანას დაუწყებენ ძებნას, სადაც უფრო ადვილად შეძლებენ მუშაობის დაწყებას. არის ქვეყნები, მაგალითად საბერძნეთი, უკრაინა, ყაზახეთი, სადაც საკმაოდ მზარდია მიგრანტების სტატისტიკა, ჩანს, სად იზრდება ქართველი მიგრანტების რიცხვი და სად არის შემცირებული. ყაზახეთი ამ მხრივ ერთ-ერთი მზარდი ქვეყანაა. საბერძნეთსა და იტალიიდან, კრიზისის მიუხედავად, გზავნილები 40%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

რაც შეეხება ბიზნესს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პირობებში, არ მგონია იმპორტიორებს რამე შეეხოთ და დამატებითი რეგულაციები შემოვიდეს. ჩვენს მეზობელ ქვეყანას იაფი მუშახელის საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს. მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნებიდან, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ძალიან ბევრია თურქეთში დასაქმების მსურველი.

სავიზო სიახლე საქართველოში ბევრისთვის დაუკავშირდება გართულებებს. მაგალითად, რეგიონებიდან - გურიიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან, აჭარიდან - ძალიან პოპულარული იყო სეზონურად თურქეთში თხილის ან ჩაის პლანტაციებში მუშაობა. ეს მიმართულება შეიზღუდება და ადამიანები დაკარგავენ შესაძლებლობას, ვალუტა შემოიტანონ ქვეყანაში. თვითდასაქმების ეს გზა მათთვის მოჭრილი იქნება და ეს ხალხი უმუშევრების არმიას შეემატება".

ციფრების ენით

- აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის 2011 წლის მონაცემებით, საქართველოს ყოველწლიურად, ყოველი 1000 ადამიანიდან ოთხი ტოვებს. მიგრაციის ტემპით საქართველო მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის ერთ-ერთ მოწინავე, 31-ე ადგილზეა.