"წიგნიანი ლუდის" 250-წლიანი ბიზნესისტორია - კვირის პალიტრა

"წიგნიანი ლუდის" 250-წლიანი ბიზნესისტორია

"გინესი" ირლანდიელთა სიამაყეა

ლუდი "გინესი" ირლანდიელთა სიამაყეა. ორას წელიწადზე მეტი ხნის წინ დაბადებულმა ბრენდმა ადგილობრივთა გულები დაიპყრო და რაღაც უფრო მეტად იქცა, ვიდრე უბრალოდ ლუდია. ირლანდიელები არასოდეს უწოდებენ ამ სასმელს ლუდს და მხოლოდ და მხოლოდ "გინესად" მოიხსენიებენ. Guiness-ის ისტორია, იმავდროულად, ყველაზე ცნობილი წიგნის ისტორიაცაა. დიახ, სახელგანთქმული გინესის რეკორდების წიგნს პირდაპირი კავშირი აქვს ლუდის ბრენდთან, თუმცა წიგნი მაშინ შეიქმნა, როცა გინესების დინასტიის გავლენა ფირმაზე უკვე მინიმალური იყო. კომპანიის ფესვები კი შორეულ XVIII საუკუნემდე მიდის.

"გინესის" ისტორია პატარა ირლანდიურ სოფელ სელბრიჯიდან დაიწყო, სადაც ერთი შეძლებული არქიეპისკოპოსი არტურ პრაისი ცხოვრობდა. ის ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ყოველდღიური წვრილმანებით თავს რომ არ იწუხებენ, ამიტომ საქმეთა მმართველად არტურ გინესი დაიქირავა. დროთა განმავლობაში მათ შორის ისეთი მეგობრობა დამყარდა, რომ პრაისმა გინესის ვაჟი, არტურ უმცროსი მონათლა. ბიჭი მამას პრაისის მეურნეობის გაძღოლაში ეხმარებოდა. თავისუფალ დროს არტურ გინესი არქიეპისკოპოსის სარდაფში, სადაც ღვთის წყალობით, საამისოდ ყველაფერი იყო, ელს (ლუდის ნაირსახეობა) ხარშავდა. 1752 წელს პრაისი გარდაიცვალა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სწორედ ამ სამწუხარო ამბავმა დაუდო სათავე ლუდსახარში კომპანია Gუინნეს-ის ისტორიას. საქმე ის იყო, რომ არქიეპისკოპოსმა მამა-შვილს 100-100 გირვანქა სტერლინგი უანდერძა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მსხვილი თანხა გახლდათ.

გინესმა 1756 წელს ლეიქსლიპში ელის სახარში პატარა ქარხანა იქირავა. დამხმარედ კი უმცროსი ძმა, რიჩარდი აიყვანა. საქმე ისე კარგად წავიდა, რომ უკვე ოთხი წლის შემდეგ არტურმა დუბლინში გადასვლა გადაწყვიტა, ქალაქის გარეუბანში მან ნახევრად დანგრეული ლუდსახარში იპოვა, რომელიც ძალიან იაფად, წელიწადში 45 გირვანქა სტერლინგად ქირავდებოდა, მაგრამ... 9 ათასი წლით. 34 წლის არტურს შანსი ხელიდან არ გაუშვია. 9 ათასი წლით დაქირავების საბუთს კომპანია ახლაც ინახავს. გინესმა ტიტანური შრომა გასწია, რათა ქარხანა წესრიგში მოეყვანა, მაგრამ ჩიტი ბდღვნად ღირდა. საწარმოს სახელად ეწოდა "ლუდსახარში წმინდა ჯეიმსის კარიბჭესთან".

1759 წელს დაფუძნდა კომპანია Arthur Guinness Son & Co. არტურის ქარხანა კვლავაც ელს უშვებდა, 70-იან წლებში კი მან პორტერის (მუქი ინგლისური ლუდი) ჩამოსხმა დაიწყო. ის მალე გახდა საფირმო პროდუქტი და 1799 წელს ელის ჩამოსხმა შეწყდა. ასე დაწყო ისტორია კრემისფერქაფიანი მუქი ლუდისა, რომელმაც ფირმა ირლანდიის ერთ-ერთ სიმბოლოდ აქცია. ოთხი წლის შემდეგ გამდიდრებული არტურ გინესი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა და მემკვიდრეებს 25 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუტოვა (ახლანდელი კურსით 865 ათასი გირვანქა სტერლინგი).

გინესების დინასტია

მამის გარდაცვალების შემდეგ საქმე სამმა ძმამ - არტურ II, ბენჯამინმა და უილიამმა განაგრძეს. რასაკვირველია, მათ შორის მთავარი არტურ-უმცროსი გახლდათ, ის ბავშვობიდან გვერდით ედგა მამას. როცა კომპანიას სათავეში ჩაუდგა, არტური 35 წლის იყო. კომპანია წელიწადში 809 ათას გალონ ლუდს ჰყიდდა (1 გალონი დაახლოებით 4,55 ლიტრია). მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. უმცროსი არტურის დროს კომპანიის გაყიდვა ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა. როცა ნაპოლეონმა ევროპაში ომი გააჩაღა, რა თქმა უნდა, ლუდსახარშს სიძნელეები შეხვდა, გაყიდვები რამდენადმე შემცირდა, თუმცა "გინესს" მნიშვნელოვანი პრობლემები მაინც არ შეჰქმნია.

არტურ მეორე თითქმის ნახევარ საუკუნეს მართავდა კომპანიას და ლუდის ყოველწლიური გაყიდვა 4 მილიონ გალონამდე აიყვანა. თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ ლუდსახარშით არ შემოიფარგლებოდა. არტურ გინესი ირლანდიის ბანკის მმართველიც გახლდათ, ქვეყნის ფერმერთა საზოგადოების წევრიცა და დუბლინის სავაჭრო პალატის პრეზიდენტიც. ის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო და წარმატებას ბიზნესის სრულიად განსხვავებულ სფეროებშიც მიაღწია. არტურის ქონება გარდაცვალებისას დღევანდელი კურსით 9 მლნ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

არტურის ადგილი ბენჯამინ ლიმ დაიკავა და კომპანიას 13 წელიწადს ხელმძღვანელობდა. ამ ხნის განმავლობაში მან არა მარტო გაზარდა "გინესის" გაყიდვა, არამედ დუბლინის მერიც გახდა და მთავრობისგან დამსახურებისთვის ბარონეტის ტიტულიც მიიღო.

როცა პირველი ბარონეტი გინესი მიიცვალა, მისი ქონება 65 მლნ გირვანქას შეადგენდა (დღევანდელი კურსით). დინასტია მდიდრდებოდა და სოციალურ კიბეზეც მაღლა მიიწევდა. ბენჯამინის შემდეგ კომპანიას ცნობილი გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი ედვარდ სესილი ჩაუდგა სათავეში. სირცხვილი არც მას უჭამია, ლორდის ტიტულიც მიიღო, სიკვდილამდე კი უმდიდრეს ინგლისელთა სიაში მეორე ადგილი ეკავა. ედვარდ სესილის მმართველობის დროს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ის იყო, რომ "გინესი" სააქციო საზოგადოება გახდა. აქციათა საკონტროლო პაკეტი, რასაკვირველია, ოჯახს რჩებოდა.

ედვარდის მემკვიდრის დროს ლუდის აქტიური რეკლამირება დაიწყო: დრო იცვლებოდა. გაყიდვის მაღალი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად მომხმარებლისთვის თავი ხშირად უნდა შეეხსენებინათ. რუპერტი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი გახლდათ, რომელიც ფირმის მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი კომპანიას უკვე მოწვეული მენეჯერები მართავდნენ. დინასტიის წარმომადგენლები უშუალოდ საქმის წარმოებისგან შორს გადგნენ, რასაც ხარისხზე არ უმოქმედია.

1967 წელს გამგეობის თავმჯდომარე კვლავ გვარის წარმომადგენელი ბენჯამინი იყო, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის გამო მთლიანად ჩამოშორდა საქმეს და 1986 წელს მართვის მთელი სადავეები ერნესტ სონდერსს გადაულოცა.

სარეკლამო ისტორია

"გინესის" პირველი რეკლამა გამოსახავდა ტუკანს (კოდალისებრთა ოჯახი), რომელიც თავგამოდებით ცდილობდა ნისკარტზე დადგმული ლუდის კათხის გაჩერებას. ამას მოჰყვა კიდევ უფრო წარმატებული პლაკატების სერია - სირაქლემა ყელში გაჩხერილი ლუდის კათხით. ეს საინტერესო სვლა იყო. კომპანია ხაზს უსვამდა სარეკლამო გზავნილის უკიდურეს სისადავეს. როგორც ჩანს, სირაქლემამაც კი იცის, რაოდენ ძვირფასი პროდუქტია ლუდი "გინესი", სწორედ ამიტომაც გადაყლაპა ლუდით სავსე კათხა, სხვას რომ არ რგებოდა. ამ პლაკატზე იმ დროისთვის ცნობილი მხატვარი ჯონ ჰილროი მუშაობდა. მისი ყველაზე ცნობილი პლაკატი ის იყო, რომელზეც მამაკაცი სიმძიმეს მიათრევდა. სლოგანი ასე ჟღერდა: "გინესი - ძლიერებისთვის". მას შემდეგ, რაც ეს პლაკატი ბარებში გამოფინეს, მამაკაცები ლუდის შეკვეთის შემდეგ საკუთარი ძალის წარმოჩენასაც ცდილობდნენ. სარეკლამო იდეა შესანიშნავად მუშაობდა.

რეკლამებმა ბარებიდან თანდათან გადაინაცვლა იმ დროისთვის პოპულარულ ჟურნალ-გაზეთებში, რაც სრულიად სხვაგვარ მიდგომას მოითხოვდა. მკითხველი აუდიტორია გაცილებით განათლებული იყო, ამიტომაც კომპანიამ გადაწყვიტა, რეკლამებში კლასიკური ლიტერატურა ჩაერთო. კერძოდ, კი ნამდვილი პაროდიები შეექმნა ლუის კეროლის, ჯონ კიტსის, ედვარდ ლირის, ჯეფრი ჩოსერის, ჰენრი ლონგფელოსა და სხვა ცნობილი პოეტების პოპულარულ ლექსებზე. "გინესის" ეს სარეკლამო კამპანია უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. გარდა ამისა, ფირმა მუშაობდა რეკლამებზეც ახალგაზრდობისთვისაც და მათ სხვადასხვა საუნივერსიტეტო ჟურნალებში აქვეყნებდა. ეს სწორი სვლა აღმოჩნდა, რამაც კომპანიას კიდევ მრავალი კლიენტი შესძინა.

რეკორდების წიგნი

რეკორდების ცნობილ წიგნზე დიდსა თუ პატარას, ყველას სმენია. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მისი შექმნის იდეა კომპანიის მმართველ დირექტორს, სერ ჰიუ ბივერს გაუჩნდა, როცა ერთხელ ბარში შეიარა. მეგობრებთან მასლაათისას ჰყვებოდა, ცოტა ხნით ადრე, ნადირობისას, როგორ ვერ მოახვედრა ერთ პატარა ოქროსფერ ჩიტს, ჭაობის ფრინველებიდან. ბივერის თანამოსაუბრემ შენიშნა, რომ ეს ფრინველი ყველაზე სწრაფია მსოფლიოში და მას ჰიუ, უბრალოდ, ვერ გაარტყამდა. მას მეორე თანასუფრელი შეეკამათა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს ჭაობის ჩიტი სულაც არ იყო სწრაფი.

უეცრად ბივერს გონება გაუნათდა - დედამიწის ნებისმიერ წერტილში, კათხა ლუდზე შეკრებილნი გაცხარებით კამათობენ "ყველაზე ყველაზეს" შესახებ. მან გადაწყვიტა, შეედგინა წიგნი, სადაც შევიდოდა დადასტურებული ოფიციალური რეკორდი ნებისმიერ სფეროში. სულ მალე "გინესის" მმართველი დირექტორი უკვე ლონდონის ერთ-ერთი მსხვილი საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენლებს ელაპარაკებოდა. საუბრისას ბივერი და მისი ახალი კომპანიონები მალევე მიხვდნენ, რომ ახალი იდეა მათ კარგ შემოსავალს მოუტანდა. ასე მოევლინა ქვეყანას 1955 წელს გინესის რეკორდების წიგნი, რომელიც გაყიდვის მხრივ პირველია მსოფლიოში (რასაკვირველია, ბიბლიის შემდეგ). ამჟამად ის 100 ქვეყანაში 23 ენაზე გამოიცემა. 2001 წელს ლუდის მხარშველებმა წიგნზე უფლებები გაყიდეს, და მან დღემდე კიდევ ოთხი მესაკუთრის გამოცვლა მოასწრო.

"გინესი" დღეს

დღეს კომპანია "გინესი" ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ბრენდია. ირლანდიაში კი ის განსაკუთრებული სასმელია, რომელსაც აქ ქვეყნის ყველა მცხოვრები ეთაყვანება. კომპანია დღეს ამუშავებს პირველ დუბლინურ ლუდსახარშს "წმინდა ჯეიმსის კარიბჭესთან", აგრეთვე შეიძინა კიდევ უფრო ადრინდელი ლუდსახარში სოფელ ლეიკსლიპშიც. ალბათ, ესეც სწორი მარკეტინგული სვლა იყო - ბევრი ფირმა ვერ დაიკვეხნის 250-წლიანი ისტორიით.

ამჟამად ბრენდ "გინესს" კომპანია Diageo ფლობს, მსოფლიოში ალკოჰოლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და გამყიდველი, შტაბ-ბინით ლონდონში. 1986 წელს "გინესი" შეიძინა "დისტილერზ კომპანიმ", ხოლო 1997 წელს მისი და Grand Metropolitan plc-ის შერწყმით Diageo შეიქმნა. მისი საკუთრებაა აგრეთვე ვისკი "ჯონი უოკერი", არაყი "სმირნოფი", რომი "კაპიტანი მორგანი", ჯინი "გორდონზი", ტეკილა "დონ ხულიო" და მრავალი სხვა. მსოფლიოში ყველაზე დიდი გაყიდვის მქონე ათი ბრენდიდან ხუთი სწორედ Diageo-ს ეკუთვნის. ჟურნალ "ფორბსის" ბოლო რეიტინგში, რომელიც 2011 წლის მარტში გამოქვეყნდა, მსოფლიოს 2000 საჯარო კომპანიას შორის Diageo 276-ე ადგილზეა $47,32-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და 23,5 ათასი თანამშრომლით.

მოამზადა ნატა ენუქიძემ