ყველაზე მეტი მოთხოვნა დენზე, გაზსა და მარილზეა - კვირის პალიტრა

ყველაზე მეტი მოთხოვნა დენზე, გაზსა და მარილზეა

ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში უამინდობა გრძელდება. უჩვეულოდ უხვმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქსა და რეგიონებში გადაადგილების პრობლემები შექმნა. სხვადასხვა მიმართულებით გართულებულია სატვირთო გადაზიდვები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. თოვლმა სხვა ბიზნესსექტორებიც აზარალა - შეწყდა სამშენებლო სამუშაოები მშენებარე ობიექტებზე, ფაქტობრივად გაჩერდა დატარებით ვაჭრობა, შეიზღუდა დისტრიბუცია...

დიდთოვლობამ სანაცვლოდ მარილის გაყიდვას შეუწყო ხელი. საქალაქო სამსახურები და სახელმწიფოს კონტრაქტორი კომპანიები ქუჩებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე თუ ტექნიკურ მარილს ყრიდნენ, რიგითი მოქალაქეები საკვები მარილით ამუშავებდნენ სახლების მიმდებარე ტერიტორიას. სწორედ ამ მიზეზით, გასული კვირის განმავლობაში მაღალი იყო მოთხოვნა სასურსათო მარილზე და იმდენი გაიყიდა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში მისი დეფიციტიც შეიქმნა.

დიდთოვლობითა და მოყინული გზებით ბავშვებმაც კი იხეირეს და მცირე "ბიზნესიც" დაატრიალეს. მაგალითად, ლაგოდეხში გორაკიდან ქალაქის ცენტრამდე დაშვებას ბავშვები თურმე მსურველებს ერთი "სნიკერსის“ საფასურად სთავაზობდნენ...

ზარალი იქ, ზარალი აქ...

თუმცა დიდთოვლობამ, ცხადია, ხარჯი მეტი მოიტანა, ვიდრე დადებითი ეკონომიკური ეფექტი. ყინვისა და დიდთოვლობის გამო ხარჯი გაეზარდათ მოქალაქეებსაც. პირველ რიგში, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარების გამო. ჩვენს სინამდვილეში კი ეს პირდაპირპროპორციულად ზრდის დასუფთავების გადასახადსაც. გზებზე გადაადგილების გაძნელებამ მოქალაქეებს სატრანსპორტო ხარჯებიც გაუზარდა, რადგან ხშირად დანიშნულების ადგილზე დროულად მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად, კერძო ტაქსით სარგებლობენ.

თბილისის ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში პროდუქციის სიხალვათეც იყო. როგორც "ეკოპალიტრას" მაღაზიების მეპატრონეებმა უთხრეს, გზებზე გადაადგილების გართულების გამო, დისტრიბუტორები პროდუქციის ყველგან დატარებას ვერ ახერხებდნენ, ზოგსაც პროდუქცია დაგვიანებით მიეწოდებოდა. უამინდობა დაეტყო თბილისის აგრარულ ბაზრებსაც. თბილისის ცენტრალურ ბაზრებში აგრარული პროდუქციის დეფიციტი, ბაზრის მოვაჭრეების განმარტებით, იმიტომ შეიქნა, რომ გზები მოყინულია და მოსახლეობას სოფლიდან პროდუქცია ვერ ჩამოაქვს. თუ ჩამოტანის შეფერხებები გაგრძელდება, მაშინ ეს ფასებზეც აისახება.

ცივი ზამთრის ერთი ხეირი ის არის, რომ თოვლი და ყინვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებს სპობს. ბოლო წლებში, რბილი ზამთრების შემდეგ მინდვრის თაგვებს არაერთხელ გაუნადგურებიათ ხორბლის თუ მზესუმზირის ნათესები. გარდა ამისა, ზამთარში დადებული თოვლი საშემოდგომო ნათესებსაც იცავს გაყინვისგან, რადგან მიწაში სითბოს შენახვას უწყობს ხელს.

თუმცა მეტისმეტი არაფერი ვარგა - ყინვებმა დასავლეთ საქართველოში ციტრუსის ნარგავების ნაწილი დააზიანა. ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის. დაზიანების ხარისხის დასადგენად ჯერ გამოდარებაა საჭირო. ყინვების გაგრძელება კი ციტრუსს სულ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის.

დიდთოვლობის გამო ხარჯი მოემატათ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებს. რთული კლიმატური პირობებისა და ძლიერი თოვლის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 60 ათასზე მეტ აბონენტს ჰქონდა შეწყვეტილი, რადგან დაზიანდა როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. სარემონტო სამუშაოებს უამინდობა აფერხებდა, განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში. "ენერგოპრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველა აბონენტს აღუდგა, თუმცა კონკრეტულ თანხას, რომელიც დიდთოვლობით მიყენებულ ზარალს გამოხატავს, არ ასახელებენ.

ავთო დვალიშვილი ("ენერგოპრო ჯორჯიას" მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი): "ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ფინანსურ ზარალზე საუბარი მართებული არ იქნება, რადგან ის, რაც მოხდა, გათვალისწინებულია კომპანიის ხარჯებში. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც გადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობენ, საგანგებო, 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული, მაგრამ ვერც ამას დავარქმევთ ეკონომიკურ ზარალს. ის მასალები, რაც აღდგენითი სამუშაოებისთვის არის საჭირო, კომპანიას ყოველთვის აქვს გათვალისწინებული რეზერვში. თანაც ეს არ ყოფილა მასშტაბური გათიშვა, რადგან წლების წინ მსგავს სიტუაციაში მთლიანად რეგიონი ითიშებოდა. ახლა გათიშვა ლოკალური იყო. ეს იმის შედეგია, რომ "ენერგოპრო" უკვე წლებია მთლიანად ცვლის სადენებს ქვეყნის მასშტაბით, რასაც ავარიის შემთხვევები მინიმუმამდე დაჰყავს.

უამინდობას მსგავსი რისკები ყოველთვის ახლავს, ელექტროენერგიის მიწოდება განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც იზღუდება. ასე რომ, ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. რა თქმა უნდა, თვის ბოლოს გახარჯულ მასალებსა და სხვა ხარჯებს დავითვლით, მაგრამ ეს კომპანიის შიდა პროცესია და არ გვგონია, ამაზე საჯაროდ საუბარი მართებული იყოს".

სწორედ მაშინ, როცა ბუნებრივი აირის მოხმარება პიკს აღწევს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაზმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა თბილისის რამდენიმე რაიონს. როგორც გაირკვა, ორთაჭალჰესთან საშუალო წნევის მიწისქვეშა გაზსადენზე ავარია მოხდა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ამბობენ, რომ ზამთარში მცირე მასშტაბის ავარიები გაზსადენებზე ყოველთვის ხდება და ამაში უჩვეულო არაფერია.

ეკა სარია ("ყაზტრანგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი): "რა თქმა უნდა, ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა, ზოგ უბანში - განსაკუთრებულად და ამიტომ წნევის დასარეგულირებლად დამატებითი ბრიგადების გაგზავნა გახდა საჭირო. პატარ-პატარა ავარიები არის, მაგრამ ეს ზამთრის სეზონს ყოველთვის ახლავს, ფინანსურ ზარალზე ლაპარაკი გადაჭარბებულია".

"ზედ მარილიც მოაყარე"...

დიდთოვლობით გამოწვეული ხარჯები ჯერ არც თბილისის მერიაში დაუთვლიათ. როგორც ამბობენ, სრული მონაცემები მას შემდეგ ექნებათ, რაც უამინდობა გადაივლის და ჩატარებულ სამუშაოებსა და დახარჯულ სახსრებს შეაჯამებენ. თუმცა ის კი ცნობილია, რომ უხვი ნალექისა და ყინვების გამო ქალაქის მთავრობა იძულებული გახდა, დამატებითი თანხებისთვის სარეზერვო ფონდისთვის მიემართა.

"თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ამ სამსახურმა მთელი ტექნიკა გამოიყვანა. ქალაქის მასშტაბით 500 თანამშრომელი ასრულებს გაწმენდით სამუშაოებს. დედაქალაქის ქუჩებში დიდი რაოდენობით ტექნიკური მარილი დაიყარა, ტრანსპორტის გადაადგილების გასაადვილებლად. მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე მუშაობს. საგანგებო რეჟიმზეა გადასული სამაშველო სამსახური, თუ ვინმეს პრობლემა შეექმნება, ოპერატიულად დაეხმარებიან, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც დიდთოვლობის გამო სხეულის დაზიანებები მიიღეს და დაზღვევა არ აქვთ, სამედიცინო ხარჯებს მთლიანად მერია დაუფარავს სარეზერვო ფონდიდან", - განუცხადეს "ეკოპალიტრას" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. არადა, უამინდობისა და თოვლის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე იყო დარჩენილი სოფელი დიღომი. ავტობუსები სოფლის ასახვევში, ცენტრალურ გზაზე იყვნენ გაჩერებული და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. ცენტრალურ გზამდე ჩამოსასვლელად მოსახლეობა დაახლოებით 3 კილომეტრს გადიოდა ფეხით. წინა კვირის მიწურულისთვის დედაქალაქში 5,5 ათას ტონამდე ტექნიკური მარილი იყო დახარჯული.

ჯვრის უღელტეხილზე პრობლემები შეექმნათ სომხეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. მგზავრების დიდ ნაწილს ღამეების გათევა მანქანებში უწევდა, მათი ჯანმრთელობა გართულდა და ისინი ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უამინდობის გამო ყაზბეგში გაჩერებული იყო რამდენიმე ათეული სატვირთო ავტომობილიც, რომლებსაც საკვები პროდუქტი გადაჰქონდათ და იძულებული იყვნენ, მაცივარი 24 საათის განმავლობაში ჩართული ჰქონოდათ, რათა პროდუქცია არ გაფუჭებულიყო, ეს კი დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დროდადრო იზღუდებოდა საავტომობილო მოძრაობა კახეთისკენაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამისთვის წინასწარ ემზადებიან. "ტენდერში მონაწილეობენ კერძო კომპანიები, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ტექნიკა და მარაგი, ზამთარში გზების მოვლა-შენახვისთვის ტექნიკური მარილისა და ტექნიკის სახით. სწორედ ამ პირობით იმარჯვებენ ჩვენი კონტრაქტორი ფირმები. გზების მოვლა-შენახვა ლოტებად არის დაყოფილი. მაგალითად, ცალკეა დასავლეთის მიმართულება, კახეთის მიმართულება და სხვ. კონკრეტული კომპანია გზებს უვლის რომელიმე კონკრეტული მიმართულებით, ამიტომ ისინი მომზადებული არიან. წლევანდელი დიდთოვლობა თბილისისთვის არის უცხო, თორემ კობი-გუდაურის გზაზე და კახეთის მიმართულებით, გომბორის გზაზე ან რიკოთის უღელტეხილზე, ყოველ წელს ტარდება თოვლისგან გამწმენდი სამუშაოები. ამიტომ ტექნიკური მარილიც და ტექნიკაც ყოველ წელს საკმარისი რაოდენობით გვაქვს, ჩვენ საერთაშორისო გზებს ვემსახურებით. გაწმენდა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს და მაშინ ჩერდება, თუ ზვავსაშიშროებაა, ან ქარბუქისა და ნისლის გამო ხილვადობაა გართულებული", - უთხრეს "ეკოპალიტრას" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა გადამზიდავ კომპანიებს. როგორც კომპანია "ჯორჯიან ექსპრესს ტრანსში" გვითხრეს, მათი სატრანსპორტო საშუალებები ბულგარეთის ტერიტორიაზეა გაჩერებული.

მიხეილ ბრეგვაძე ("ჯორჯიან ექსპრესს ტრანსის" ფინანსური მენეჯერი): "მსგავსი შეფერხებები თითქმის ყოველ წელს არის, მაგრამ ყინვების გამო უკრაინის პორტი რომ დაიკეტა, ასეთი რამ არ გვახსოვს. უამინდობით მიყენებულ მატერიალურ ზარალს მხოლოდ გადაზიდვების დასრულების შემდეგ დავითვლით".

გასული კვირის განმავლობაში, ორჯერ შეფერხდა ტრანსპორტის გადაადგილება ფონიჭალა-რუსთავის გზაზე. ამ მონაკვეთზე ტექნიკურ მარილს ყრიდნენ, თუმცა გზა თოვლისგან გასუფთავებული არ იყო. "თბილისი-რუსთავის" მარშრუტის მძღოლები აცხადებენ, რომ კვირის განმავლობაში ორი დღე ფაქტობრივად არ უმუშავიათ და მნიშვნელოვნად იზარალეს კიდეც.

ვინ და რამდენით იზარალა უამინდობის გამო, ამის სრულად დათვლა-დაანგარიშება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გამოიდარებს. თუმცა საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ არის, დიდთოვლობასა და ყინვებს ევროპაშიც ებრძვიან. თებერვლის დასაწყისში ევროპაში მკვეთრად გაიზარდა გაზისა და ელექტროენერგიის საბითუმო ფასები. მიზეზი გაგრძელებული ანომალიური ყინვები და ევროპაში გაზის უმსხვილეს ექსპორტიორ "გაზპრომის“ მიერ მიწოდების შემცირებაა. რეკორდებს ხსნის ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარებაც...

რამდენიმე ფაქტი

- დიდთოვლობის გამო, ბელგრადის მთავრობამ დროებით გააუქმა გადასახადი მუნიციპალურ ავტოსადგომზე ავტომობილების პარკირებისთვის და ასევე მოხსნა შეზღუდვები და ჯარიმები ავტომობილის გაჩერებისთვის იმ ადგილებში, სადაც ეს მანამდე აკრძალული იყო. არადა მუნიციპალური ავტოსადგომებიდან მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სერბეთის დედაქალაქის ბიუჯეტისთვის.

- ძლიერი ყინვების გამო, საფრანგეთსა და იტალიაში ენერგომოხმარებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

- დიდთოვლობის გამო, ლონდონის "ჰითროუს" აეროპორტში ერთ დღეში 1200 რეისი გადაიდო.